ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
1 ნოემბერი, 2018


შევხვდებით უზურპუსზე

მე სალომე ვარ, 21 წლის გავხდები 13 ნოემბერს. სიარული არ შემიძლია, ეტლში ვზივარ. კი, შეზღუდული ვარ, რადგან მე-3 სართულზე, ჩემს ბინაში, ლიფტი არ ამოდის, საერთოდ არ აქვს შენობას მსგავსი ფუფუნება, არც პანდუსებია და ფრენა ჯერ არ შემიძლია. თუ დედა კარგადაა,  ცდილობს, მეზობლის ბიჭებს დახმარება სთხოვოს და სასეირნოდ გამიყვანოს, ეს მისი სურვილია და ამიტომ ხათრს არ ვუტეხ, თორემ ჩემთვის ეს გასეირნებები ნამდვილი სასჯელია, თავი ყელზე საბელგამობმული პატარა ფინია მგონია.
  სახლის სიახლოვეს ვსეირნობთ, შორს ვერ წავალთ, მანქანა არ გვყავს, ჩვენი ქალაქის ტრანსპორტი ადაპტირებული არაა, სიარული კი, როგორც უკვე გითხარით, არ შემიძლია. მხოლოდ გზის მარჯვენა მხარეს ვსეირნობთ, მარცხნივ არასდროს გადავსულვართ, დედას მანქანების ეშინია, გადასასველელ ხიდზე კი მარტოც ვერ ადის, ჩემ აყვანაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მე თითქმის შევეგუე ჩემს მდგომარეობას, დედა, ალბათ, ვერასდროს შეეგუება. როცა ადამიანს რომელიმე ორგანოს ფუნქცია დაქვეითებული გაქვს, სანაცვლოდ სხვა ინსტინქტები ძლიერდება. აი, მაგალითად, როცა ვსეირნობთ და ვინმე დაჟინებით მომაშტერდება ან სინანულით გადააქნევს თავს, ღმერთო, ყველას არიდეო, ვერ ვხედავ ჩემს ზურგს უკან მდგარ დედას, მაგრამ ვგრძნობ, როგორ ჩამოსდის გაყვითლებულ ლოყებზე ცრემლი.
  მე და დედა მარტო ვცხოვრობთ. მამამ მაშინ მიგვატოვა, მე რომ 5 წელი შემისრულდა და საბოლოოდ დაკარგა ჩემი გამოჯანმრთელების იმედი.
-ხომ ხედავ, შანსი არა აქვს, ცოდვისთვის გვყავს, წავიყვანოთ, იქ უკეთ მოუვლიან, ჩვენც გვექნება საშუალება, მივიდეთ და ვნახოთ.
-ეს ჩემი შვილია და მასზე უარს არ ვიტყვი.
-გთხოვ, დამიჯერე, ჩვენ სხვა შვილებიც გვეყოლება, ნორმალური ბავშვები გაგვიჩნდება.
-სალომეც ნორმალურია, უბრალოდ, ვერ დადის.
-შენ რა გგონია, მე არ მიყვარს და არ განვიცდი? არაფერი ეშველება, მე კი ამის ატანა აღარ შემიძლია, ვკვდები მისი ცოდვით. თუ ხვალვე არ წაიყვან, მე წავალ!
ასეთი იყო მამა, რომელიც დამამახსოვრდა, მეორე დღეს ის წავიდა და აღარ დაბრუნებულა.
  ელექტრო ეტლი არ მაქვს, ძალიან ძვირია. ამით, რაც ჩვენმა გამგებელმა მაჩუქა, მარტო ვერ დავდივარ და რადგან არ მინდა დედას შეწუხება, გადავწყვიტე, ნაკლებად ვიმოძრაო, ახლა, არ გვინდა რა დეპრესიებსა და ბრძოლებზე საუბარი. არც დეპრესია მაქვს და არც საბრძოლველი მაქვს რაიმე. რისთვის ვიბრძოლო? არსებობისათვის? არა, გმადლობთ, ის, რაც მალე დასრულდება, უკეთესია. სამსახურის შოვნა ჩემთვის ძალიან გაჭირდებადა, თუ მაინც გამიმართლა და ვიშოვე, მაშინ დამხმარე უნდა ავიყვანო, ვინც სამსახურში მატარებს. აქ კიდევ ერთი პრობლემა წამოიჭრება: თუ დავიწყებ სამსახურს, რომლის ხელფასიც დამხმარეს უნდა გავუყო და დამრჩება რამე, რაც ეღირება იმ დამცირებად, რაც ახალ გარემოში უნდა გადავიტანო?
  არა, არა, ვიცი, რომ ამ მხრივ მდგომარეობა უკეთესადაა, ახლა ხალხს აღარ ჰგონია, რომ გადამდები ინფექცია მაქვს და კილომეტრობით არ გამირბიან, მაგრამ ისინი არ კარგავენ შესაძლებლობას, თავი შეზღუდულად მაგრძნობინონ. არ მინდა განსაკუთრებული ყურადღება, სინამდვილეში ჩვეულებრივი ვარ,  იმ განსხვავებით, რომ ვერ დავდივარ, ეს ჩემს გონებრივ შესაძლებლობებს არ თრგუნავს, ასე რომ, საშინელებაა, როცა ცრემლიანი თვალებით მაშტერდებით.
  ბავშვობისას ქუჩაში გამოსვლა მძულდა. ყველა მეორე ჩერდებოდა და დედას ეკითხებოდა, რა სჭირს? ადგება? რაო, ექიმმა? ვიცოდი, რომ ვერასდროს გავივლიდი, მაგრამ ამის ყოველ წამში მოსმენა მაინც არ იყო სასიამოვნო.
  ერთხელ, ნაყინის რიგში ჩავდექით და გამყიდველმა შეგვნიშნა, გამოვიდა, რიგი დაარღვია და ნაყინი გამომიტანა საჩუქრად. ჩემთან ერთად ათობით ბავშვი იდგა და ნაყინის გამყიდველმა მე გამომარჩია, როგორც ყველაზე საცოდავი არსება და მოწყალება გასცა. მას შემდეგ ნაყინი აღარ მიჭამია, ეს ერთგვარი პროტესტი იყო საზოგადოების მიმართ, მე მათ გვერდით მინდოდა, ისინი კი კვარცხლბეკს მთავაზობდნენ, რომ სცენაზე ავეყვანეთ და უკეთ დამკვირვებოდნენ, როგორც უცხო პლანეტიდან მოსულ განსხვავებულ ჯიშს.
  წასასვლელი რადგან არსად მაქვს, სახლში ვარ და ვკითხულობ. ფანჯარას ახლოსაც არ ვეკარები, არ მინდა ვხედავდე სამყაროს, რომლის ნაწილიც ვერასდროს გავხდები. ვზივარ ოთახის შუაგულში, ფანჯარასთან ზურგით და ვკითხულობ. როცა ცხოვრება გართმევს მასში მონაწილეობის უფლებას, შენ იქმნი საკუთარ პლანეტას, შენი ადამიანებით, ფერებითა და გრძნობებით. ჩემი პლანეტა „უზურპუსია“.  უზურპუსზე მზე იასამნისფერია, ქვიშა ცისფერი, ადამიანებს სითბოსფერი თვალები აქვთ.
  ხანდახან, როცა ძალიან ვიღლები, უზურპუსს ვაფარებ თავს. შემიძლია, მასზე სულ დავრჩე და დედამიწას აღარ დავუბრუნდე, მაგრამ დედა მეცოდება. არა და, სხვა სამყაროში გადასვლა საკმაოდ მარტივია, თვალები უნდა დახუჭო და მელნისფერი წრე წარმოიდგინო, მერე ამ მელნისფერ ბურთში პატარა ვარდისფერი ვარსკვლავები მოძებნო, შენი მზერით ამ ვარსკვლავებში შეძვრე და სხვა სამყაროში გადახვიდე. გადახვიდე და მშვიდად გაუმეორო საკუთარ თავს: მე დავდივარ, მე სიარული შემიძლია. და შენ ფეხზე წამოდგომას და გავლას შესძლებ.
  ჩემნაირები, ვისაც არაფერი გააჩნია, ხშირად ეგოისტები ხდებიან,- რისი უფლებაც ბუნებამ წაართვა, მისი ძალით დასაკუთრება უნდათ. რატომ მე და არა სხვას, ხშირად გამჩენია ასეთი აზრი, რა შევცოდე ჯერ არ დაბადებულმა ემბრიონმა ასეთი,- ხანდახან ეჭვები მწიწკნის. ვიცი, რომ არც იმ სხვას დაუშავებია არაფერი, ისიც ვიცი, რომ ყველას ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი, ვიღაცას სიარული არ შეუძლია, სხვას სიყვარულის უნარი არ აქვს, ვიღაცას კიდევ დააბედეს, მთელი ცხოვრება უბედური იყავიო. მე აქ ვარ, სახლი მაქვს, დედა მყავს, რომელსაც ვუყვარვარ და ვჭირდები, რომელიც ჩემზე ზრუნავს, რომელიც ცხელ სადილს მიმზადებს, არიან ისეთებიც, რომელთაც წყლის მიმწოდებელიც არ ჰყავთ. ვისაც ზამთრობით გაყინულ ქუჩაში უწევს ღამის გათენება; არიან ისეთებიც, ოჯახიანები, ნორმალურები, მეგობრები რომ გვერდიდან არ შორდებიან და, მაინც, სიმარტოვე გუდავთ, უთქმელი სიტყვები ეჩხირებათ ყელში. ვიცი, მაგრამ ძნელია, ყოველთვის ასეთი ჰუმანური იყო, რთულია, საკუთარ თავს შენზე უფრო უარესს ადარებდე, უფრო ხშირად პირიქით ხდება, აი, მიჰყავხარ ასაკშეპარულ დედას ქუჩაში, გული ეღლება, უმძიმს შენი ტარება და ვიღაც ქუსლებზე შემხტარი, არც თუ ისე შესახედავი გოგო, მიდის და ხელკავით მამაკაცი მიჰყვება, მიდიან მტკიცე ნაბიჯით, გაამაყებულნი, ცოტათი გაბერილნი საკუთარი ამპარტავნებით და შენ ამ დროს ფიქრობ: ჰა, ღმერთო, ღმერთო, გადასწი ერთი ეგ ღრუბელი და გადმოგვხედე, ვითომ და ეს, აი, ეს გოგო, ჩემზე მეტი რითია? რა აქვს მას ისეთი, რაც მე არ მაქვს? რატომ, ღმერთო?  მერე საღამოს დაძინებისას გახსენდება შენი სიტყვები და ღმერთს პატიებას სთხოვ: მაპატიე, ღმერთო, იქნება იმ გოგონას, რომელსაც შევნატროდი, ის არ აქვს, რაც მე. ვინ იცის, რა იმალება მისი ღიმილის მიღმა, მე სხეული მტკივა, იქნება მას სული ასტკივებია და ამ ტკივილებს ვეღარ უძლებს ან ისიც ჩემს მდგომარეობაში რომ იყოს, ვითომ რამე შემემატებოდა? არც არაფერი, უგუნური ვარ. 
    ჰოდა, როგორც უკვე გითხარით, ჩემნაირები ეგოისტები ხდებიან და გამონაკლისი არც მე ვარ.
  წლის ბოლო იყო და დედას სამსახურში გვიანობამდე უწევდა ყოფნა. საღამოს დაღლილი ბრუნდებოდა და თითქმის ვერ იცლიდა ჩემთვის. დრო ნელა გადიოდა, ზამთრის ღამეებმა ძილი წამართვა. ვერც კითხვას ვუდებდი გულს, არც ფიქრის თავი მქონდა. ცოტა გართობა გადავწყვიტე - ერთ უძილო ღამეს კომპიუტერი ჩავრთე და რამდენიმე, შემთხვევით ამორჩეულ ბიჭს მივწერე. ზოგი არ ამყვა, ზოგი სრული იდიოტი აღმოჩნდა, ზოგმა ფოტო მომთხოვა, გიორგი დევდარიანთან კი ყველაფერი განსხვავებულად წარიმართა:
„რა გქვია?“
„სალომეა.“
„სალომეა ლამაზი სახელია.“
„სილამაზე ეგზომ უცნაური რამეა, ჩემო გიორგი. ის ყველგანაა, მაგრამ ჩვენ მას მხოლოდ იქ ვამჩნევთ, სადაც გვინდა.“
„სილამაზის დანახვაზე ადამიანი არასდროს ამბობს უარს. თუ კი არის, მას ამჩნევს კიდევაც.“
„არაა, არაა, მაგალითად, ქართველი დედამთილი ვერასოდეს ამჩნევს რძლის სილამაზეს, ვერც 20 წლის წინ დაქორწინებული კაცი ხედავს საკუთარი ცოლის ზღვისფერ თვალებს, ვერც სვანი ბავშვი აღიქვამს მთების სიდიადეს, ვერც ჯანმრთელი ადამიანი ამჩნევს, რომ ლამაზია, როდესაც დილით მზის ამოსვლას უყურებს....“
„და რა არის, შენი აზრით, ყველაზე ლამაზი?“
„წითელ მთებს შორის ჩამალული იასამნისფერი მზე.“
„სად შეიძლება მაგ სილამაზის ნახვა, სალომეა? აქამდე მე სულ მეგონა, რომ მზე ოქროსფერი იყო.“
„მაგ საოცრებას ყოველ საღამოს საკუთარი სახლიდან ვუყურებ.“
„ოჰ, მაშინ ბედნიერება იქნება შენთან ერთად დაღამება, ის მაინც რომ ვიცოდე, დედამიწის რომელ გრძედსა და განედზე მდებარეობს შენი სამყოფელი?“
„დედამიწელი არ ვარ.“
„ჰოი, საოცრებავ, თავად ანგელოზი მესაუბრება ზეციდან? აბა, რატომ მოხვედი, ჩემი წაყვანა ხომ არ განგიზრახავს?“
„სამწუხაროდ, ცა ძალიან შორი და უკიდეგანოა და მასზე მე ხელი არ მიმიწვდება.“
„მით უარესი ჩემთვის, ესე იგი მიწიდან მესაუბრები, ვფიცავ მაღლა ცას და დაბლა დედამიწას, არაფერი შემიცოდავს,  ჯოჯოხეთისთვის ნუ გამწირავ.“
„ამ წუთას სცოდე!“
„რაში მდგომარეობს ჩემი ცოდვა?“
„არავინ არს სახიერ თვინიერ ღვთისა!“
„მონანიებისთვის დრო მაინც მომეცი.“
„ახლა გაგიმართლა, მაგრამ სხვა დროს ნუღარ გადადებ, იქნება, მეორე შესაძლებლობა აღარ მოგეცეს.“
„ეგ ვიცი, მაგრამ რთული შესასრულებელია.“
„ამიტომაცაა ცოდნა საშიში.“
„საშიში უცოდინრობაა.“
„თუ არ იცი, ესე იგი არც სცოდავ, რომ იცი და არ ასრულებ, აი, ეგაა საშიში.“
„არის შენს სიტყვებში ჭეშმარიტება, დღეიდან დავივსებ ყურთა ჩემთა და დავიგმინავ თვალთა ჩემთა, რათა არა რაი გავიგო და არა რაი ვიხილო, რამეთუ ახალი იგი შესაძლებელ არს, საფრთხე იქმნას ხორცისა და სულისა ჩემისა.“
„ენა დაგავიწყდა - პირველად იყო სიტყვა.“
„აღვიღო დანაი და მოვიკვეთო ენაი ჩემი, რათა არა რაი თქუას პირმან ჩემმან, რამეთუ კაცი ვერა ცხონდეს ავის სიტყუითა.“
„არცა რაი ფიქრი შენი იყოს უდები.“
„და გავითხარო მე მიწაი იგი და ჩავწვე და მივიყარო მიწაი შავი და ცივი, რათა არცა მასმიოს რაიმეი, არცა ვთქუა, არცა ვიხილო და არცა ფიქრმან ჩემმან დაამძიმოს სული ჩემი უბადრუკი.“
„ჯოჯოხეთისა ცეცხლში დაიწვას ძე იგი, რომელმან შეიმოკლოს დღენი თვისნი, რამეთუ სიცოცხლე, ვითარცა ხატებასა და მსგავსებასა თვისსა, მოგანიჭა უფალმან.“
„კეთილ არს სიტყვანი შენნი, სალომეა.“
„მზის შემდეგ ამოსვლამდე გემშვიდობები, გიო.“
„ნუ დამტოვებ, სალომეა, ჰაერი ცოტავდება და ვიხრჩობი.“
    აღარ მიმიწერია, დავწექი და ფიქრებს მივეცი უფლება, ჩემზე ებატონა.
  დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვწერდით ერთმანეთს. საინტერესო, სახალისო და მოულოდნელობებით სავსე იყო ჩვენი ურთიერთობა. ისე შევეჩვიე გიოს, ღამღამობით უზურპუსზეც კი მიმყავდა.
  დავწვებოდი, თვალებს მაგრად დავხუჭავდი, ჩემი ვარდისფერი ვარსკვლავების დამხარებით უზურპუსზე ვხვდებოდი და ფეხშიშველები, წითელი ზღვის ცისფერ ქვიშაზე მივაბიჯებდით, გიორგის ჩემი ხელი მოემწყვდია მუჭში და მე არ ვეკითხებოდი, სად მივყავდი, რადგან მისი მჯეროდა.
  დრო სწრაფად გადიოდა. ვსაუბრობდით ბილწსიტყვაობის შემოტანაზე თანამედროვე მწერლების შემოქმედებაში, ქალაქის დამახინჯებულ არქიტექტურაზე, პოლიტიკურ ვაჭრობაზე, იმაზე რუსეთი უფრო დიდი მტერია საქართველოსთვის თავისი ტყვია მფრქვევებით, ასობით დაღუპული ქართველითა და წართმეული ტერიტორიებით თუ ამერიკა თავისი უფლებადამცველი ორგანიზაციებით, რომელთა უმრავლესობისთვის, ძირითადი ფუნქცია ქართული ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლაა, ქორწინებაზე, მოდად ქცულ განქორწინებაზე, რელიგიაზე, თავისი გაძველბიჭებული სასულიერო პირებით, ფანატიკოსებად ქცეულ მრევლზე, მოდურ მემარხულეებზე, სამარხვო ყველსა და კარაქს რომ მიირთმევენ, ძამას ხეობის მამებზე, რომელთა შესახებ დღეს ჩვენი მედია და სოციალური ქსელების ზე აქტიური მომხმარებლები სდუმან, რა თქმა უნდა, განგებ, მონასტრებზე, პატრიარქზე, რომლის მხრებზეც დგას დღეს საქართველო, ფილმებზე, რომელსაც ინდივიდუალობა დაეკარგა, მუსიკასა და უგემოვნო მსმენელზე, საზოგადოებაზე, მანქანიდან ნაგვის ქუჩაში გადმოყრას რომ ვერ გადაეჩვია, გოგოებზე, რომ ჰგონიათ ქალაქელობა სტატუსია და ადამიანებს ტანსაცმლის ბრენდების მიხედვით ახარისხებენ, იმ „ძაან“ ტიპებზე, სიგარეტის ყიდვა რომ არ იციან და სულ შენსას ეწევიან, დაკარგულ თაობაზე, რომ ვერ გაუგია, რაა კაი ბიჭობა - ნარკომანობა, ქურდობა, იარაღით სირბილი, განათლება, გაუნათლებლობა თუ რაღაც სხვა, რასაც ვერ მიაგნეს და ახლის ძიება რაღა დროს, სადაცაა ჩავა მზე...
    საინტერესო და რომანტიკული იყო ეს იდუმალება. ძალიან ბევრი და ძალიან ცოტა ვიცოდით ერთმანეთის შესახებ, ორივეს გვხიბლავდა ჩვენი საიდუმლო. 
    ბოლო დროს გიორგი საერთო გეგმებზე ხშირად საუბრობდა. მპირდებოდა მთის კალთაზე პატარა სახლს აგიშენებ, საქანელას დავკიდებ, ჩვენ სახლს არ ექნება ღობე, რადგან მინდა, მთელი დედამიწა გაჩუქო, თავისი მთებით, მდინარეებითა და ზღვებითო. რაც უფრო ბევრს საუბრობდა გიორგი, მით უფრო სწრაფად ვეშვებოდი მიწაზე და ერთ დღესაც, მივხვდი, ყველაფერი უნდა დამესრულებინა:
„გიო, ძალიან მინდა მთის კალთაზე პატარა სახლი, მაგრამ მე მთაზე ასვლა არ შემიძლია.“
„რატომ, ჩემო იდუმალო ქალბატონო?“
„მთაზე ასვლა არ შემიძლია, ფეხები მტკივა.“
„არ იდარდო, პატარავ, ჩემს ნაზ არსებას ხელში ავიყვან და ისე ვატარებ კლდეებზე.“
„არა, გიო, ვერ გამიგე. მე ვერ დავდივარ.“
„ასეც ვიცოდი! ფრთები გაქვს და დაფრინავ ხომ? პატარა, თეთრი, ფუმფულა ფრთები.“
„გიო, მე ეტლში ვზივარ“
„რა? რატომ??“
„ეგრეთ წოდებული სამშობიარო ტრავმა. დაბადებიდან ასე ვარ.“
    დუმილი ჩამოდგა ჩვენ შორის. ის არ ჰგავდა მოვარდნილ ტალღებს, ის ნელა და მტკივნეულად მკლავდა. თითქოს ოთახში ვიყავი გამოკეტილი და კარის ღრიჭოდან წყალი ჟონავდა. ჯერ ფეხის გულები დამისველდა, მერე ნელ-ნელა ზევით აიწია წყლის დონემ, მუხლამდე შემწვდა სისველე, წვეთ-წვეთად შემოდიოდა წყალი ოთახში, მისი ზედაპირი ირხეოდა და მერე მიწაზე გასრიალებული ქვეწარმავალივით, მოიწევდა ჩემი მკერდისკენ.  ვიდექი ნახევრამდე წყლით ავსებულ ოთახში და ველოდებოდი გარდაუვალ სიკვდილს. წყალი კი ჩემს ყელს მოძალადე მამაკაცის ვნებიშეპყრობილი ხელივით ეპოტინებოდა, სხეული მტკიოდა, ნიკაპს არასასურველი კაცის კოცნასავით შერჩა სისველე, თავი უკან გადავწიე, ბაგე მოვარიდე. მაგრამ მე ვიყავი უმწო, კედელთან მიყენებული ქალწული და წინააღმდეგობის ძალა აღარ შემწევდა, კივილისგან ჩანწყდარიყო ჩემი ხმა და ახლა უხმო და ფორმადაკარგული, შემოხეული კაბით ვიდექი და ვუცდიდი განაჩენს. წყალი, დამჯაბნიდა, ის მოაღწევდა ჩემს ბაგემდე და ხარბად დაეწაფებოდა, მე ვეღარ შევძლებდი სუნთქვას, მე მოვკვდებოდი, მე დამახრჩობდა უსასრულო დუმილი. ის-ის იყო ყველაფერი უნდა დასრულებულიყო და ჩემი ფოსტა აციმციმდა. გიორგის წერილი მოვიდა, ერთი თვე გასულიყო, საუკუნესავით გრძელი ერთი თვე.
  მწერდა:
„ჩემო სალომეა, მაპატიე, ლაჩარი ვყოფილვარ, შემეშინდა და გაქცევა ვცადე, მაგრამ სად წაუხვალ საკუთარ თავს, სად გაექცევი ტალღებივით მოვარდნილ ტკივილებს. არ ვიცი, შევძლებ თუ არა, მაგრამ მინდა, ვცადო. მინდა, გამომივიდეს.“
    წერილი წავიკითხე. თვალები დავხუჭე, სიმშვიდეს საშუალება მივეცი ჩემი სხეული დაესაკუთრებინა, როცა ყველა კუნთი დაჰყვა ნებას, როცა ჩასთვლიმა ხორცს, მე თეთrი სივრციდან მელნისფერი ბურთი გამოვიხმე, მზერის ნემსებით დავფუშე მისი პრიალა ზედაპირი და ვარდისფერი ვარსკვლავები გავათავისუფლე. ვარსკვლავისკენ წავიწიე, რბილი იყო და დამყოლი. დედამიწაზე შემოდგომა იდგა, ჩემთან ხალისიანი მზე აცხუნებდა ქვიშას. ცისფერი ქვიშა სხივებზე ბრჭყვიალებდა. დავჯექი, ცხელი იყო. წინ სისხლისფერი ზღვის ტალღები აჟღურტულებული ბავშვებივით ხალისობდნენ, ტალღებს მოჰქონდა სიხარული და მე ვგრძნობდი, რომ გადავრჩი.
  დავბრუნდი დედამიწაზე და გიორგის ბოლო წერილი გავუგზავნე:
„ჩემი სული სევდისფერი იყო, მოხვედი და ყვავილები მოიტანე, ახლა უკვე ვგრძნობ, ჩიტების ჭიკჭიკს, ახლა გაზაფხულია.
  დიდი დრო გავიდა ჩემს ცხოვრებაში შენი გამოჩენიდან. დროს რა გააჩერებს, ისევ გააგრძელებს სვლას, წავა და წაიყოლებს ადამიანებს, მხოლოდ მოგონებების წაშლას ვერ შესძლებს, ისინი გააგრძელებენ ცხოვრებას ჩემში და ყველა ტკივილის მიუხედავად მაგრძნობინებენ, ისევ ცოცხალი ვარ და სანამ არ მომკვდარხარ, ხომ ისევ შესაძლებელია, ყველა ოცნება ახდეს, ჯერ ხომ არაფერი დასრულებულა, ვერც დასრულდება, შენი დასრულება, შენი წაშლა ვინ თქვა, შენ  ყველაზე დიდი ტყუილი ხარ ჩემს ცხოვრებაში და ამავდროულად არასდროს არაფერი ყოფილა ასეთი ნამდვილი.
  ჩემი ცხოვრება ერთი დიდი საგიჟეთია, აბსურდის თეატრში ვცხოვრობ, თავად ვეღარ გამირჩევია სად მთავრდება და სად იწყება სამყარო. ამ მიწაზე ვეღარ ვთავსდები, ისე ვარ პირთამდე შენი სურვილით სავსე, დედამიწა მეპატარავება, ჩემი სიზმრები სხვა საზღვრებს ითხოვენ. ამიტომ მე ჩემი პლანეტა შევქმენი, ჩემი ფერები და ფორმები მაქვს, ჩემი სამოთხე ვიპოვნე. დედამიწა ყველაზე დიდი ტყუილია, დედამიწა ვარსკვლავების ჯოჯოხეთია. ეს მიწა ტანჯვისთვისაა შექმნილი და შენ ამ ტკივილში ერთადერთი საშველი იყავი, შენ მე გადამარჩინე.
  ვიცი, სიგიჟედ მოგეჩვენება ჩემი სიტყვები, არც ვმალავ, მე გიჟი ვარ. მაგრამ ამ უკიდეგანოდ შეშლილ სამყაროში, ამ ქაოსსა და სიბინძურეში შენ ერთადერთი ხარ, ვისაც მინდა, ჩემი ესმოდეს. მინდა, ჩემს სისხლში დარჩე ყოველგვარი კითხვების, მოვალეობებისა და დაპირებების გარეშე. მინდა ყოველთვის ჩემში იყო ასეთი ნახევრად ნამდვილი და ნახევრად მოგონილი, იყო და გესმოდეს ჩემი.
  მე შენი ნაწილი მიმაქვს, შენი ნახევარი, ის მე მეკუთვნის, ვიცი, გაგიჭირდება ნახევარ კაცად არსებობა, მაგრამ სხვა ვინაა დედამიწაზე სრული, სხვა ვინაა შენზე უფრო მრთელი და ნამდვილი. მადლობა იმისთვის, რომ არსებობ. არასოდეს შეწყვიტო შენად ყოფნა. “
  ამაზე მეტი ჩემს თავხედ ოცნებებშიც არ მდომნია, ეს მეტი იყო ვიდრე მსურდა, მეტი იყო, ვიდრე დამსიზმრებოდა. მე, რა თქმა უნდა, მის შესაძლებლობებს არ გამოვცდიდი, ასე ფრთამოტეხილი ვერ დავენახვებოდი, მეტისმეტად მიყვარდა, რომ ამ ტვირთისათვის გამემეტებინა, მეტისმეტად კარგი იყო ჩემთან ყოფნისთვის.
  მე სალომე ვარ და ჩემი პატარა პლანეტა მაქვს, სადაც მზე იასამნისფერია, ზღვა წითელი, ქვიშა ცისფერი, ადამიანებს სითბოსა და სიყვარულის ფერი ღიმილი აქვთ. და თუ ერთ დღესაც თქვენც მიხვდებით, რომ ცხოვრება არაა შავ-თეთრი და ფერების ძებნას დაიწყებთ, დახუჭეთ თვალები და დაელოდეთ საკუთარი გულის ძახილს, რომელიც ვარსკვლავებს გაპოვნინებთ.
  შევხვდებით უზურპუსზე!







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები