ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
10 ნოემბერი, 2018


თამთა რეხვიაშვილის შესახებ

„ჩემო კეთილგულიანო“, - ასე მომმართავს ჩემი მოყვასი - თამთა რეხვიაშვილი.

იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, უყვარდე შენს მოყვასს და სიყვარულისთვის გადადგმულ მის ყოველ ნაბიჯს შენც ანალოგიურად სიყვარულით პასუხობდე.

პატივისცემით - ოთარ რურუა

................................................................

თამთა რეხვიაშვილის შესახებ

,,თამთა“ - სახელი, რომელიც გრიგოლ აბაშიძემ შემაყვარა

თამთა

მინდორ-მინდორ, ალაგ-ალაგ,
ქარაფ-ქარაფ, მთა-მთა,
შენს ნაკვალევს დავეძებდი,
შენს ნატერფალთ თამთა.

თვალწინ მიდგას კვლავ ციმციმი
მაგ ეშხიან თვალთა,
ოცნებაშიც მიკოცნია
ლამაზების კალთა.

ისევ ისე რწმენით ვდგავარ
სიყვარულის კართან,
თუმც კვლავ მიწევს გამკლავება
წვიმასთან და ქართან.

გულში დღემდე სიხარულს ვგრძნობ,
მწამს, ყოველთვის მწამდა,
ვით მზე, ცეცხლი სიყვარულის
სიზმარშიაც მწვავდა.

მწერალ-კრიტიკოსმა სოსო სიგუამ მითხრა: ,,შენს ამ ლექსში გრიგოლ აბაშიძის გავლენა იგრძნობა“-ო. მართალია ბატონი სოსო, როგორც ყოველთვის. ჩემს ამ სტრიქონებში იმიტომ იგრძნობა გრიგოლ აბაშიძის გავლენა, რომ თვითონ გრიგოლმა შემაყვარა სახელი ,,თამთა“, თავისივე რომანიდან ,,ლაშარელა“.

თუ არ ვცდები, 20 წელს გადაცილებული ვიყავი, გრიგოლ აბაშიძის ისტორიული რომანი ,,ლაშარელა“ რომ წავიკითხე, მანამდე მხოლოდ ლექსები მქონდა წაკითხული.

ამ რომანში თურმან თორელს ივანე მხარგრძელის პირმშვენიერი ასული – თამთა უყვარს, ისევე როგორც თურმანის ბიძაშვილს – შალვას.

გრიგოლ აბაშიძეს ლექსების მთელი ციკლი აქვს შექმნილი, რომელსაც ,,თურმან თორელის ლექსებიდან“ უწოდა, თითქმის ყველა ლექსი თამთას ეძღვნება. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს:

,,მე იმ დღეებს ვერ ვივიწყებ,
იმ გაფრენილ წამთა,
როცა ცაში მიუწვდომლის
სიახლოვე მწამდა.

ახლა ვდგავარ შავ უფსკრულთან,
პირდაღებულ ხრამთან,
თამთა, სად ხარ, საოცნებო,
გაფრენილო თამთა?!

გაზაფხული ვეღარა სძლევს
სულში ჩამდგარ ზამთარს,
მე უშენოდ დარშიც მყინავს,
თამთა, თამთა, თამთა!..

შენს საძებრად ღრუბელივით
ხევ-ხევ ვივლი, მთა-მთა,
ცხრა მთას იქით დაკარგულო,
თამთა, თამთა, თამთა!“..

თამთა რეხვიაშვილი 2009 წელს გავიცანი ლიტერატურულ საიტ „ურაკპარაკი“-ს წყალობით. „ურაკპარაკი“ არის საიტი, რომელიც ახალგაზრდა ავტორებს თავის წარმოჩინების შანსს აძლევს პოეზიასა და პროზაში. თამთა წერს, როგორც ლექსებს, ასევე მოთხრობებსაც. გარდა ლიტერატურული მოღვაწეობისა, ეხერხება ქართული ცეკვების შესრულებაც. ალბათ არ ვიქნები გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ ნაციონალური ცეკვები - მსოფლიოს მერვე საოცრებაა!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები