ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 ივნისი, 2019


თეა თაბაგარის შესახებ

თეა თაბაგარის ლექსების წიგნი „დაბრუნებამდე“ - რომელიც 2012 წელს გამოსცა, სიყვარულის წიგნია. თავად თეა არის სიყვარულიანი პიროვნება. მისი ყოველი ლექსი უაღრესად ფაქიზი გრძნობით არის დაწერილი, მდიდარი სიტყვის მარაგი აქვს თეას, თავისუფლად იკითხება.

არის ასეთი ლიტერატურული საიტი „ურაკპარაკი“. თეას ლექსები სწორედ ამ ლიტერატურულ საიტზე წავიკითხე 2009 წელს. იმ დღიდან მოყოლებული აქტიურად ვკითხულობ მის შემოქმედებას.

თეას სატრფიალო ლექსებიც აქვს. მის ერთ - ერთ სატრფიალო ლექსზე ფოლკლორისტმა თათა ბიწაძემ სიმღერა შექმნა. სიმღერა ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ სიმღერის ავტორი გვპირდება, რომ აუცილებლად გაავრცელებს.

გარდა იმისა, რომ კარგი ლიტერატორია, კარგი ადამიანია პირველ რიგში. ლექსებს იოსებ ჯუღაშვილიც (სტალინიც) წერდა, მაგრამ ბოროტი იყო, ბოროტი გენია. საბედნიეროდ თეა ორივე შემთხვევაში კარგია.

თეაზე რამდენიმე ლექსი მაქვს, იგი აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეწევა სამოქალაქო აქტივობას, ვერ იტანს უსამართლობას, ნაზი შამანაურივით ყოველთვის იბრძვის სიმართლისთვის, სამართლიანობისთვის, ნაზი შამანაური შემთხვევით არ ვახსენე, პირუთვნელი ჟურნალისტი, - რომელიც გიჟად შერაცხეს, სიმართლისთვის იბრძოდა, იმის ხანი შეემატოს თეას.

თეა თაბაგარს

მუდამ სიმართლისთვის იბრძვი,
ქვეყნის წარმატებით ხარობ,
თაფლის სანთელივით იწვი,
როცა საქართველო გალობს.

მუდამ სიყვარულით წერ და
დაგაქვს საქართველო გულით,
მჯერა: დაიძლევა სევდა,
ერის გამთელდება წყლული.

ქართვლის ამღერდება დედა,
სხივი გამოჩნდება ცაზე,
თუკი არ დავკარგავთ რწმენას,
გავალთ სამშვიდობო გზაზე.

კიდევ ერთი:

თეა თაბაგარს

შენ პოეზიას ისე უხდები,
ვით უხდებოდა სოსლანს თამარი.
არც არასოდეს მოიღრუბლები,
გვწამხარ... რწმენაც ხომ არის მთავარი.

შენ საქართველოს ისე სჭირდები,
როგორც იასონს კოლხი მედეა.
ამ საწუთროში ვიდრე ვიქნებით,
ეს გულიც შენი მოიმედეა.

თუმც ისევ გვესმის ხმები ტკივილის,
არ მსურს ატაროს ძაძა ბუნებამ.
„მე ნუ მომესწროს შენზე ტირილი
და შენი სიტყვის დაძაბუნება!“

მართალია, ლადო ასათიანის სიტყვებით ვამთავრებ, მაგრამ ჩემს ლექსს და ხასიათს ზუსტად შეესაბამება, თან ლადო ასათიანი ჩემი საყვარელი პოეტია. სიტყვამ მოიტანა და როგორც თეასგან ვიცი, ლადო არის პირველი პოეტი, რომლის შემოქმედებასაც გაეცნო თეა ბავშვობაში.

თეა თაბაგარს ნაზი ხმის ტემბრი აქვს, გულში ჩამწვდომი. მან არაჩვეულებრივად წაიყვანა ჩემი წიგნის „ჩემი სულის ნაჟურის“ პრეზენტაცია სამების ახალგაზრდულ ცენტრში - 2017 წლის 22 ივნისს.

წარმატებები ვუსურვოთ ამ არაჩვეულებრივ ლიტერატორსა და ადამიანს შემოქმედებასა და ცხოვრებაში, კიდევ ბევრი კარგი ლექსით გაემდიდრებინოს ქართული ლექსის ნალია.

დაბოლოს, ისევ თეაზე დაწერილი ლექსით მინდა დავასრულო:

როცა...

,,მე წავალ გაუდის ნახატი ქუჩებით“...

თეა თაბაგარი

შენ ბარსელონას როცა ეწვევი,
მწამს, წაიკითხავ შენივე სიტყვებს.
ჩვენ გავიხარებთ უფლის შეწევნით,
პოეზიის და რწმენის გზებს მივყვეთ.

შენ დიდ ესპანეთს როცა ეწვევი,
მჯერა, შეხვდები იქაც ქართველებს.
გაიხარებენ ღმერთის შეწევნით,
მათ დაჭრილ გულებს დრო გაამრთელებს.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები