ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
18 მაისი, 2019


აფხაზეთზე



აფხაზეთზე ყოველთვის შოთა ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა“ მახსენდება, რომელსაც თავის დროზე მსახიობი დიმიტრი ჯაიანი კითხულობდა ძალიან ემოციურად.

https://www.youtube.com/watch?v=EZ8kdE-xR6c

1990-იანი წლების დასაწყისიდან, მას მერე, რაც წერა-კითხვა ვისწავლე, არაერთი ქართველი და აფხაზი პოეტის ლექსი წავიკითხე აფხაზეთზე, მაგრამ ნიშნიანიძის ლექსზე უკეთესი არსად შემხვედრია. შეიძლება ვინმემ ჩემი ეს სიტყვები გადაჭარბებულად მიიჩნიოს, მაგრამ ვფიქრობ, შოთა ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა“ ყველაზე ცნობილი ლექსია - აფხაზეთზე დაწერილებიდან!

მე ოთხმოციანელთა თაობის წარმომადგენელი ვარ! - იმ ოთხმოციანელთა, რომელთაც ბავშვობა წაართვეს, რომელთაც ომების მეტი არაფერი უნახავთ. ჯერ იყო ეგრეთ წოდებული „სამოქალაქო ომი“, შემდეგ აფხაზეთის ომი, შემდეგ კიდევ ერთი - აგვისტოს ომი.

დღეს ჩემი სოხუმი სევდისფერია... სოხუმელი არ ვარ, ფოთელი ვარ, მაგრამ სოხუმი ჩემთვის ისეთივე მშობლიურია, როგორც ფოთი.

1991 წლის გაზაფხულზე - საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, სოხუმში ვისვენებდი მშობლებთან და ბაბუასთან ერთად. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დაკარგული აფხაზეთი, ჯერ კიდევ ქართველები აკონტროლებდნენ სიტუაციას ადგილობრივებთან ერთად.

ახლაც თვალწინ მიდგას თვალწარმტაცი ბუნება, ზღვის პეიზაჟი, ლამაზი გოგო-ბიჭები ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ, გულში იკრავდნენ ერთმანეთს, ლექსებს უძღვნიდნენ აფხაზეთს, სიმღერებსა და ცეკვებს დახვეწილად ასრულებდნენ. მერე კი...

მერე ჩვენ შორის მესამე ძალა ჩადგა და გაგვთიშა, გაგვთიშა მხოლოდ დროებით. აფხაზეთის ომში იყო ისეთი მომენტებიც, როდესაც ქართველი აფხაზს იფარებდა თავის სახლში და აფხაზი ქართველს.

ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა ვიცხოვროთ, ჩვენ ერთმანეთის გარეშე მერმისი (მომავალი) არ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ჩვენს გულებში სიყვარული დაბრუნდება.

აფხაზეთის სიყვარულმა ლექსების მთელი ციკლი შემაქმნევინა აფხაზეთზე, გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს:

ძმაო ქართველო, დაო აფხაზო...

,,ვარადას“ ვუსმენ სულგანაბული,
ამ მიწის ცრემლმა არსად გამიშვა...
და მახსენდება: ჩემი მამული
როგორ იბრძოდა ცხუმთან, ტამიშთან.

აღარ ტარდება ისინდი ჩვენში,
მესამე ძალამ ისე გაგვთიშა;
ნაღდ ქართველთა და აფხაზთა ხელში
სხვა პეწი ჰქონდა სოხუმს, სხვა ნიშა.

თუმც გაგვიფრინდა მშვიდობის მტრედი,
დროებითია ჩვენი გათიშვა,
ვარ მადლობელი ყველა იმ დედის,
რომელმაც გმირი ჯარისკაცი შვა.

მე ფსოუს წყალი კიდევ მწყურია,
ოცნების წყარო თუ არ დამიშრა,
მჯერა: ვიხილავ დიოსკურიას,
ფოტოც დამრჩება ალბომს სანიშნად.

ძმაო ქართველო, დაო აფხაზო,
ხელი ჩამჭიდეთ, არსად გამიშვათ,
რომ სათანადოდ მეც დავაფასო
ის, ვინც იბრძოდა ცხუმთან, ტამიშთან.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები