ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2018


ჩვენი სიყვარულით დაღლილები...

სარკე არ კრიალებს ანარეკლში,
კედლებს სეზონი აქვთ გახუნების...
გავიდა დღეები არა ერთი,
სახლის ბინადართა მსახურებით.
ოთახი ჰაერზე გასვლას ცდილობს,
გარეთ პატრონივით საწანწალოდ.
იქნება, კარამდე მივაცილო,
ნების დართვით რომ არ გავაწვალო...
სახლი ხომ ყველაფერს იმახსოვრებს,
სიმშვიდეს, სიყვარულს, ქარტეხილებს.
ჩემი ხმა ჭერამდე მიმაქვს ხოლმე,
რას ჰქვია - „იქნება გაგვეყიდა“?..
ჭაღი ცალი თვალით ალმაცერობს,
თითქოს და რაიმე სამხილი აქვს.
კედლებთან ჩამოდის სანაძლეოს,
-ვიცი, არასოდეს გაგვყიდიან!
ფიქრები საფოსტო მტრედებივით
ვაფრინე წარსულში გზავნილებით,
სახლები ჩვენსავით ბერდებიან,
ჩვენი სიყვარულით დაღლილები!..
06.11.18

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები