| ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 10 ნოემბერი, 2018 |
ერთმანეთს პირველად ვშორდებოდით. მახსოვს, საშინლად წვიმდა. ამინდიც ჩემნაირად გლოვობდა...რეალურად,მხოლოდ ორი წლით მიდიოდი, თუმცა ასეთი დარწმუნებულიც არ ვიყავით.
აგვისტოს ბოლო იყო. მე ნაპირზე ვიდექი, შენ კი გემბანზე და ხელს მიქნევდი. წვიმა სახიდან და თვალებიდან ცრემლებს მირეცხავდა,ტუჩებთან ჩამოდიოდა და წვიმისა და მლაშე ცრემლის ნაზავს უსიტყვოდ ვყლაპავდი...
სეზონთან შედარებით ცივი წვიმა იყო, მე კი საზაფხულო, წინწკლებიანი კაბა მეცვა და დაუნდობლად ვსველდებოდი , კაბა მთლიანად ტანზე მეტმასნებოდა, მციოდა, მაგრამ გულისყური შენსკენ მქონდა მოპყრობილი, ვცდილობდი,შენი გამოხედვა,ხელის დაქნევა არ გამომპარვოდა. შენი თვალები კიდევ ერთხელ დამენახა და მათგან წამოსული მზერა დამემახსოვრებინა.
არ მახსოვს,რამდენ ხანს ვიდექი ნაპირზე,სანამ გემი ჰორიზონტს არ მიეფარა,სრულიად არ გაქრა და მისი გამოსახულება მეხსიერებას არ მიეკედლა. არ მახსოვს, რას მეჩურჩულებნენ მაშინ წვიმის წვეთები,მაგრამ ვგრძნობდი, შენს მიერ ნაკოცნ თმებს და სახეს მისველებდნენ და მათზე შენს სურნელს აქრობდნენ. მე მაშინ მძულდა წვიმის წვეთები, როგორც შენს სიყვარულში მოცილე ქალი, რომელიც ჩემში შენი ნაკვალევის წაშლას ცდილობდა.
ორი კვირა მაღალი სიცხე მქონდა და აგონიაში ვიყავი. ორი კვირა მშობლები საშინლად ნერვიულობდნენ და ექიმები ჩემი გადარჩენის იმედს არ იძლეოდნენ. მე კი... მე მთელი ორი კვირის განმავლობაში ნიკასთან ერთად ვიყავი. ჩემი ბოდვები მას უკავშირდებოდა. მელანდებოდა თუ მესიზმრებოდა, ყველა ჩვენი შეხვედრა ჩემს თვალწინ კადრებად მეორდებოდა და სრულიად ახლიდან განვიცდიდი ყველაფერს.
მთელი ამ დროის განმავლობაში ნიკა ყოველდღე რეკავდა თურმე და ჩემს ამბავს კითხულობდა.
მაშინაც წვიმდა,როცა მე და შენ ერთმანეთს საბოლოოდ დავშორდით. მითხარი , აღარ მიყვარხარო , პატარა გოგონასთან ერთად დამტოვე და სიმარტოვისთვის გამწირე . მხოლოდ წვიმა რჩება ჩემთან, ის შენზე აღარ ეჭვიანობს და აღარ ცდილობს არაფრის წაშლას. ახლა დიდი მზრუნველობით მაფარებს მხრებზე წვიმის ფარდას, თან ყურში ჩამჩურჩულებს, დრო მკურნალიაო, თითქოს განკურნება მსურდეს...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|