ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2018


ერთი პოეტი

ნინო დარბაისელი

ერთი პოეტი
- - -

ორმოცი წელი წყაროდან წყალი საცრით რომ ზიდო,
ალბათ ერთხელაც, ცოტას მაინც, სადმე მიიტან.
მე აღარა ვარ იმ ასაკში,
რომ ადამიანს სიმართლე ვეღარ შევუბედო,
თუნდაც ემწაროს,
და აი, ვამბობ:
- მაგ პოეტისა  ზეპირად - არა,
მაგრამ ისე კი, კარგად ვიცი ყველა სტრიქონი,
ყოველი რიტმი,
ყოველი სახე,
ქვეტექსტები თუ კონტექსტები,
ლექსის გარე თუ შიდა ფორმა,
და დასკვნის სახით, შემიძლია გამოვაცხადო,
რომ მთელი მისი შემოქმედება თუ რამეს უდრის,
ეს არის ღვინო,
ოღონდ შაქარზე და ჭაჭაზე დაყენებული,
გამოცდილები ოპტიმალური ფერისა და არომატისთვის,
პროპორციულად, ნატურალურსაც რომ შეურევენ.
მათრობელაა, თანაც, ხშირად ნამდვილზე მეტად,
მაგრამ ეს თრობა -  შიგ გარეული სპირტის ბრალია,
ამის გამოა, რომ თუ მაინც შეგიყოლია და მიეძალე,
ნაბახუსევზე საშინელი პირის სიმშრალე,
ოფლიანობა,
თავის  ქვასავით დამძიმება
და საფეთქლების დაბეჟილივით ტკივილი იცის.
გამოფხიზლდები,
პირს დაიბან,
გამოხვალ გარეთ,
ამოისუნთქავ  და  შემოდგომის მინაზებულ მზეს რომ ახედავ
ათამაშებულ ქუთუთოებში
ჭყინტი ყველივით წვენმომდგარი ემაგ თვალებით,
გინდა გჯეროდეს, რომ დაივიწყებ
და არც ვინმეს ემახსოვრება,
რამ აგიტანა,
აგაცეტა,
მაინც რა იყო!

სინამდვილეში,
მე ერთ სტრიქონსაც ვერ ვიტან მისას,
მისი სახელის ხსენებაც კი ხანდახან  მზარავს,
ავტორისავით ხელოვნურად გადაპრანჭულის,
უთავმოყვაროდ  კუდში რომ დამდევს.
უცხო თვალთაგან გარიდებული
დროს მოვიხელთებ და გამწარებით თავზე დავყვირი,
შემეშვი- მეთქი,
დამღალე- მეთქი…
მოიკუნტება,
მოსაწყლდება
და ლამისაა, ხელში ჩამაკვდეს.
განა არ ვიცი, თვალთმაქცია,
გამომიჭირა  და ვერაგულად ეთამაშება ჩემს გულჩვილობას,
სად წავიდეო,
მიშველეო,
ცრემლის გუბეში ჩამახედებს,
თავს დამანახვებს.
ეყოფა,
მორჩა!
სტრონი ვარ-მეთქი,
რით ვერ გაიგე,
სტრონი,
სტრონი!
ამერიკელი  დისენტური დიასახლისი.
რაის - პოეტი,
რაის  - ნინო დარბაისელი!

თქვენ კი, ერთს გირჩევთ.
ჭირად და ლხინად მეც ვეყოფი,
ისიც - მეყოფა.
ცხოვრება ისე ხანმოკლეა,
თუ მოგენატროთ,  აგერ ვდგავარ, თქვენთვის მღიმარი,
იმ აბდაუბდა დარბაისელს
სათოფეზეც არ მიეკაროთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები