ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
17 ნოემბერი, 2018


მოხუცი მამა სასხლავით ხელში (მცირე გალაკტიონოლოგიური ოპუსი)

ნინო დარბაისელი

მოხუცი მამა სასხლავით ხელში
(მცირე გალაკტიონოლოგიური ოპუსებიდან)

- - - - -
არსებობს ამ ლექსის საუკეთესო ანალიზი, რომლის ავტორიც თეიმურაზ დოიაშვილია.
ამ უპირველესი გალაკტონოლოგის ყველა გამოკვლევას ერთი საერთო რამ ახასიათებს. არა მარტო ახლიდან, ახალი თვალით გაკითხებს თითქოს აქამდე კარგად ნაცნობ ტექსტს, ახალ სიღრმეებსა თუ პლასტებს აღმოგაჩენინებს, არამედ მუდმივი დიალოგის რეჟიმში გტოვებს, როგორც მკითხველს. გაიძულებს, კვლავ და კვლავ მიუბრუნდე ტექსტსაც და მკვლევრის ნააზრევსაც მასზე.

მცირე დაკვირვება, რომელსაც აქ გთავაზობთ, უთუოდ ამ გარემოებით არის ინსპირირებული.

ჩემი ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გალაკტიონის შესწავლას მიეძღვნა.
მისი ლექსებისა თუ ცალკეული სახეების განსხვავებული, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ინტერპრეტაციების  გაცნობის დროს არ მტოვებდა  რაღაც, დაახლოებით ასეთი ფიქრი:
-რატომ ან ასე ან ისე?
ერთი პოზიცია რატომ გამორიცხავს მეორეს, მესამეს და ასე შემდეგ.
- იქნებ ერთდროულად ასეც, ისეც და კიდევ სხვანაირად?
უნდა გასულიყო დრო  და მივსულიყავი დასკვნამდე, რომ ეს სწორედ გალაკტიონის ჩანაფიქრი იყო, ერთ ლექსში, ერთ სახეში, ერთ სიტყვაში მრავალი, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი  პლასტი შეეთავსებინა.
      ასე ჯდება იგი სიმბოლისტური ესთეტიკის კონტექსტში, და არ მგონია,  მთლად ვცდებოდე, თუ ვიტყვი, რომ  სწორედ ეს განსაზღვრავს მისი, როგორც პოეტი-სიმბოლისტის  ინდივიდუალურ სახეს.
უნდა ვაღიარო, რომ მე  თავის დროზე ხელიდან გავუშვი უნიკალური შანსი, ერთ ლექსის ,,უცნაური სასახლის' შესახებ გამოკვლევაში გამოკვეთილად მეჩვენებინა ეს გარემოება. დღემდე მახსოვს ჩემი საყვარელი მეგობრისა და კოლეგის  კოკა ბრეგაძის  სავსებით ამართლიანი, საჯარო შენიშვნა, მოხსენების კითხვისას, იქ შეწყვიტე კვლევა, საიდანაც განვითარებას მოველოდიო.

მივუბრუნდეთ ლექსს ,,ცვრიან ბალახზე'.
ვინ იგულისხმება აქ მოხუც მამაში, ვინც ,,სასხლავით ხელში დადის ვენახში''?

1. აკაკი, რომელსაც გალაკტიონი აღმერთებდა,
2. ილია, რომელსაც საქართველოში მევენახეობს განვითარებაზე  ბევრი აქვს ნაზრუნი და წერილებიც- გამოქვეყნებული)  ამავე დროს მისი ალუზიებითაც მდიდარია გალაკტიონის ეს ლექსი
თუ
3. გ. ტაბიძის კონკრეტული  მამა (პროფესიით პედაგოგი, რომელიც პოეტის დაბადებამდე, ახალგაზრდა გარდაიცვალა)
4. თუ ყველა ეს და კიდევ ვიღაც?

ხომ არა გვაქვს აქ ,,კონკრეტულ"  პოეტურ ხატში შენივთული  რაღაც, უფართოესი გაგება მამისა?
  ყმაწვილ გალაკტიონს საულიერო აღზრდა-განათლება ჰქონდა მიღებული ჯერ ქუთაისში, შემდგომ თბილისში.
არ ვიცი, დღეს რამდენად სრულყოფილადაა შესწავლილი ქრისტიანული ლიტერატურის პლასტები მის პოეზიაში,  იქნებ რის თქმასაც ახლა ვაპირებ და სიახლედ მეჩვენება, ჩემს არყოფნაში გალაკტიონოლოგიამ მოიწყინა კიდეც, მაგრამ მე ვიტყვი და თუ ვინმე ქართულ წყარს მიმითითებს, მადლიერებითა და სიხარული მივიღებ.
იოანეს სახარებაში (15:1-8) ...
თუმცა რატომ გადმოვცე ჩემი უბირი სიტყვებით, ბარებ სახარებიდანვე დავიმოწმებ:

1. მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, და მამაჩემი მევენახეა.
2 ჩემს ყველა ლერწს, რომელსაც არ გამოაქვს ნაყოფი, მოჭრის, და ყველას, რომელსაც გამოაქვს ნაყოფი, გაწმენდს, რათა მეტი მოისხას.
3 ხოლო თქუენ აწვე წმიდა ხართ სიტყჳთა მით, რომელსა გეტყოდე თქუენ.
4 დარჩით ჩემში და მე დავრჩები თქვენში. როგორც ლერწი თავისთავად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩა ვაზს, ასევე თქვენც, თუკი არ დარჩებით ჩემში. ა
5 მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ.
6 ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება; შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის.
7 თუ დარჩებით ჩემში და ჩემი სიტყვები დარჩება თქვენში, ყველაფერი, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ.
8 ამით იდიდება მამაჩემი, თუ გამოიღებთ უხვ ნაყოფს და იქნებით ჩემი მოწაფენი.
9 როგორც შემიყვარა მე მამამ, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ; დარჩით ჩემს სიყვარულში. '

ეს  - ქრისტეს ბოლო ქადაგება მაფიქრებინებს , რომ ვენახში სასხლავით მოსიარულე მამა კიდევ ერთ მთავარ მნიშვნელობასაც შეიცავს და მასში მამა- ღმერთი იგულისხმება.
არ ვიცი, ვისთვის როგორ, ჩემთვის კი ამგვარი გააზრება-განცდა აპოკლიპტური სიმძაფრით ავსებს მთელს ლექსს.

გალაკტიონი

"ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე -რაა მამული"
***
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე - რაა მამული?!
წინაპართაგან წავიდა ყველა,
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.

გაშალა ველი ნელმა ნიავმა,
და მელანდება მე მის წიაღში
მოხუცი მამა, მოხუცი მამა
სასხლავით ხელში დადის ვენახში.

აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი
მასზე ოცნებას დაემგვანება!
ისევ ამწვანდა მდელო და კორდი!..
დავდივარ... ვწუხვარ და მენანება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები