ნაწარმოებები



ავტორი: ზამთრის თალია
ჟანრი: პროზა
19 ნოემბერი, 2018


გაზრდა


დედაჩემი გიჟი იყო. მე სწორედ მაშინ გავიზარდე, როცა ჩემი უმცროსი და-ძმა ღორის დასაკლავი დანით გამოფატრა და ნაწლავები სარეცხის თოკზე გაკიდა მზეზე გამოსაშრობად, რომ ავი სულები სიცხეს გამოეტანა და მერე ნაწლავები ისევ მუცელში ჩაელაგებინა.
_ დედი, რას აკეთებ, დე, სისხლი მოსდით! _ ვუყვიროდი და კაბის კალთაზე ვეკიდებოდი.
_ დამაცა, გოგო, გამოიქაროს და ჩავულაგებ. ვერა ხედავ, უჟმური ჰყავდა ორთავეს, _ მშვიდად მპასუხობდა, ხელით მიშორებდა და უაზრო თვალებით რაღაცის თვლას განაგრძობდა.
ისინი ისხდნენ საწოლის ნაპირზე გაფატრულები, მწუხარე სახეებით, დაუდევარი ბავშვის სათამაშოებივით.
ეზოში გამაგდო, წადიო, ითამაშეო. ბატკანივით დავხარე თავი, გამოვედი გარეთ, დავხაზე კლასობანას კვადრატები და ბევრი, ბევრი ვითამაშე. თან ვხედავდი იმათ ნაწლავებს აივნიდან გადმოფენილს. ბუზები ესეოდნენ. კი ვიფიქრე, მივალ, მოვუგერიებ-მეთქი ბუზებს, მაგრამ მერე იმ უჟმურის შემეშინდა, მეც არ შემიძვრეს და გასაჭრელი არ გავხდე-მეთქი.
მერე გამოვიდა, ჩამოხსნა ნაწლავები და შინ შეიტანა. მე ფანჯარასთან მივიპარე და თვალთვალი დავუწყე ბავშვური ცნობისმოყვარეობით, აბა, როგორ უნდოდა ნაწლავების უკან ჩალაგება. მაგრამ შევატყვე, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ვერ ატევდა მუცლებში, სულ უსრიალებდა და უსრიალებდა. მერე ალბათ იფიქრა, ამერია, რომელი რომლისა იყოო და ამოულაგებდა ჩემს დას მუცლიდან, ჩაუწყობდა ჩემს ძმას. ერთხანს ჩერდებოდა ნაწლავები, მაგრამ მერე ისევ იწყებდა სრიალს და გველებივით გამოსდიოდათ ჩემს ლამაზებს გაფატრული მუცლებიდან. მერე ალბათ გაბრაზდა და დაუწყო ცემა, სცემდა და უყვიროდა, არსად წასულან თქვენი დასაწვავი უჟმურებიო.
მე გაუბედავად შევედი და ვუთხარი:
_ ნუ სცემ, დედი, მოგეხმარები.
_ მაშინ მე ჩავალაგებ და შენ მაგრად დაიჭი და არ გამოუშვა, _ მითხრა და გაიცინა. ისე საშიშად გაიცინა, ვიფიქრე, ეს არაა დედაჩემი და იქნებ უჟმური იცინის-მეთქი.
რომ ჩაულაგა და ხელი შევახე ჩემი ძმის გაყინულ ფერდებს, საშინელი ტკივილი ვიგრძენი მუცელში. ცივი იყო და მივხვდი, აღარ გაცოცხლდებოდა. დაიც ცივი იყო. დაბლა ბევრი, ბევრი სისხლი და სისხლიანი ტილოები.
ერთი ძლიერად ვიყვირე და გამოვიქეცი. ჭიშკართან თვალთ დამიბნელდა, მუხლები მომეკვეთა და ჩავიკეცე. რომ გამოვფხიზლდი, სანამ თვალს გავახელდი, მეგონა, რომ მეც ამორთმეული მექნებოდა ნაწლავები, მაგრამ მუცელზე ხელი მოვისვი და მომეშვა. პური რომ მშიოდა, უკან მივბრუნდი, რამეს საგზლად წავიღებ-მეთქი. თანაც ცნობისმოყვარეობაც იყო, აბა იქნებ გაცოცხლდა ჩემი და-ძმა-მეთქი. რომ შევედი, ბუზები გუნდად აიშალნენ და დავინახე, დედაჩემიც ზედ დამხობოდა იმათ გალურჯებულ გვამებს. ყელი ჰქონდა გამოჭრილი და ჭრილობიდან ჯერ კიდევ მოჟონავდა სისხლი.
ასე იყო. შვიდი წლისამ სამი ადამიანის სიკვდილი ვნახე.
მეზობლები მოვიყვანე და სახლი ერთად დავალაგეთ. ქალები ყურისწამღებად ტიროდნენ. კაცები საფლავებს თხრიდნენ, რომ მაშინვე დაემარხათ ჩემი მკვდრები. მე თავჩახრილი ვწმენდდი სისხლს იატაკიდან. საწოლის ქვეშაც ბევრი სისხლი იყო. შევძვერი, მაგრამ ბნელოდა, ვერაფერი დავინახე. სანთელს მოვუკიდე და შევიტანე საწოლის ქვეშ. საწოლს ცეცხლი მოედო. მეზობლის ქალებმა აცალეს იმ საწოლს დაწვა, დაწყევლილი საწოლიაო და იმაზე ავიშვიშდნენ, რომ შვიდი წლის ბავშვი დავრჩი მარტო და ისიც კი არ ვიცოდი, საწოლის ქვეშ სანთლის შეტანა რომ არ შეიძლება. კაცებმა საწოლი ეზოში გაიტანეს, ხის ნაწილები ძლიერი მკლავებით დალეწეს, ქალებმა საბან-ლეიბსა და ბალიშებს ის სისხლიანი ტილოებიც შეუმატეს, დედაჩემის კაბებიც ზედ მიაყოლეს. ბევრი კაბა დამენანა. აქედან ზოგს ჩუმად ვისინჯავდი ხოლმე, როცა მარტო ვიყავი. მაგრამ არაფერი მითქვამს. ვიდექი და ცეცხლს ვუყურებდი. სველი კარგად არ იწვოდა და ცეცხლში ის ადგილები ბნელად მოჩანდა. ვხედავდი, როგორ ადიოდა ცაში ნაპერწკლები და თითქოს თამაში იყო, რომელი ნაპერწკალი უფრო მაღლა ავიდოდა, ერთმანეთს ვაჯიბრებდი გულში. მეზობლის ბავშვები მოდიოდნენ და ცეცხლის გარშემო მანამ ცეკვავდნენ, სანამ დედებმა არ სცემეს და ეზოდან არ გაყარეს. მე არ მინდოდა, რომ წასულიყვნენ. მე მინდოდა, რომ მოსულიყვნენ და ჩემთან ერთად კლასობანა ეთამაშათ, მაგრამ ვერ ვამბობდი. გული მტკიოდა. კარგები იყვნენ ჩემი და-ძმა. ცოტა მტირალა ბავშვები კი იყვნენ, მაგრამ სხვა ბავშვებიც ხომ ტიროდნენ და იმათი დედები თმებს თუ დააწიწკნიდნენ ან ყურს თუ აუწევდნენ და ეს იყო და ეს.
უცებ სახლიდან ჩოჩქოლი შემომესმა. შევედი და ისევ იმაზე დავობდნენ, რომელი ნაწლავი ვისი იყო. მე არ ვიცოდი და არაფერი მითქვამს. მერე გადაწყვიტეს, ერთად გამოეკრათ თეთრ ზეწარში და ცალკე დაემარხათ.
ქალები ტუჩებს იკვნეტდნენ და მეფერებოდნენ, მაგრამ ერთი-ორჯერ ყური მოვკარი, ესეც იმისნაირი გიჟი იქნებაო. დახეთ, სულ არ ტირისო. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ მე გავიზარდე და არ მეტირებოდა. მარტო ის მინდოდა, მალე დაემთავრებინათ კაცებს მიწის ჭრა და დამემარხა ჩემი პატარები და დედაჩემი და მერე იქიდან წავსულიყავი.
საღამოს ყველაფერი მორჩენილი იყო. არ ვიცი, საიდან გააჩინეს მეზობლებმა ასე უცებ კუბოები, ერთი დიდი, ორიც პატარა და მოწყენილად ლამაზი. ნეტა მე თუ ჩავეტევი-მეთქი იმ პატარა კუბოებში, ამას ვფიქრობდი, როცა სოფლის კაცები ჩემებს მიწას აყრიდნენ. მღვდელმა მკითხა, რატომ არ დადიოდა დედაჩემი ეკლესიაში და არც ჩვენ დავყავდით. მე ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი და გამოვეცალე.
ღამით ქალებმა არ დამანებეს შინ დარჩენა, მაგრამ მე მაინც ჩემი გავიტანე და დავრჩი. არ დამიძინია. ვიწექი, ჭერს ვუყურებდი და ხელებს თბილ მუცელზე ვისვამდი, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ საფრთხე არ მემუქრებოდა. მეორე დილით სახლიდან გამოვიპარე. ან კი ვის გამოვეპარე, ვინღა მყავდა, რომ გამოვპარვოდი... ბოლოჯერ დავხედე კლასობანას ციფრებს. ერთი, ორი, სამი... გული მეწეოდა, რომ მივსულიყავი და ბოლოჯერ მეხტუნავა, მაგრამ არ მივედი. თვალი მოვარიდე და ჭიშკრკდან გამოვედი.
სულ ბოლომდე გავიზარდე, თითქმის დავბერდი. მხრებში მოხრილმა გადმოვიარე სოფლები, დღეც მოვდიოდი, ღამეც და ქალაქში ჩამოვედი. დეიდაჩემის მისამართი ვიცოდი და მივეკედლე. სხვა არავინ მყავს. ბევრი იტირა, შავი ჩაიცვა და არ გაუხდია. შვილად მზრდის. კარგი ქალია, მაგრამ მაინც იმის დაა... მას შემდეგ ვფხიზლობ. გახელილი თვალებით მძინავს. სულ შიშში ვარ. მინდა, ამ მუცელში ერთხელაც ბავშვი გამეზარდოს და არ მოვკლა, სულ ვეფერო და ვეფერო.
ხორცი შევიზიზღე და ბავშვური თამაშები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები