ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იანუსი
ჟანრი: პროზა
24 ნოემბერი, 2018


სიყვარულის კაქტუსი

როცა ისეთ ასაკში ხარ რომ სარკეში საკუთარ სახეს უკვე შეშინებული ათვალიერებ, სიბერის ახალი ნიშნების გამოკვეთის მოლოდინში, იძულებული ხარ უფრო სერიოზულადაც მიუდგე იმას, რასაც ჩვენ ცხოვრებას ვეძახით, ისე კი დღის წესრიგი ჰქვია.
ჰო. არის დღე და დღეები, სიტყვა უზარმაზარი მოცულობით. პრაქტიკულად ამ სიტყვას შეუძლია კაცობრიობის მთელ ცოდნას, მიგნებებსა და გამოცდილებას საკუთარ უძირო მუცელში მოუყაროს თავი და არც კი ამოაბოყინოს.
დღის წესრიგი ზრდილობიანი შეურაცხადივით, დინჯი მონოტონურობით მიხათქუნებს თავში და ყოველი ხათქუნისას ერთსა და იმავეს მიმეორებს: „ცოლი უნდა მოიყვანო“.
ცოლი უნდა მოიყვანო, რომ მარტო არ დარჩე.
ცოლი უნდა მოიყვანო რომ შთამომავლობა დატოვო.
ცოლი უნდა მოიყვანო რომ თბილი კერა, ანუ ოჯახი შექმნა.
ცოლი უნდა მოიყვანო რომ საზოგადოებაში სერიოზული, ოჯახის მუჭუჭი, სუფრაზე მკაცრი, შვილებთან დინჯი, მეუღლესთან ლმობიერი, მეზობლებთან გულითადი, მეგობრებთან გულღია, ძმაკაცებთან გვერდში მდგომი და ადიდასთან ნაიკი კაცის სახელი გქონდეს.
ყველანაირი ლოგიკით ვეთანხმები ამ უმოწყალოდ თავს მოხვეულ აზრს და მიმაჩნია რომ უმოწყალობის მიზეზი არ გვაქვს, შეგვიძლია შევწყვიტოთ იმ აზრის პროპაგანდა, რომელიც ისედაც უპირობო მონოპოლისტია, გულხელი დავიკრიფოთ და მალევე დავრწმუნდებით, რომ არაფერი შეიცვლება.
ჩემი ტვინი დიდი ხანია გადაწყვეტილებებს ავტომატურ რეჟიმში იღებს, მე უბრალოდ ფაქტებს ვაწვდი ობიექტურობის დასარეგულირებლად.
28 წლის, სტაბილურობა, ნორმალური სამსახური, ოჯახი, შვილები. გასაგებიააა, ანუ ახლა ჩვენ გვჭირდება ისეთი გოგოს პოვნა, რომელიც პოტენციურად ყველა ჩვენს ხუშტურს, უცნაურობასა და სიმახინჯეს შეეგუება, თან საკმარისად ლამაზი იქნება იმისთვის, რომ მასთან სექსი არ გაგვიჭირდეს და საკმარისად კეთილი იმისთვის, რომ მასთან ცხოვრებაც არ გაგვიჭირდეს. სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე. იხილე კანდიდატები:
გოგო რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში შენდამი ინტერესი გამოხატა, მონაცემებში არ ფიქსირდება.
კარგი, ჰო, გეხუმრები, საუკეთესო კანდიდატია შენი თანამშრომელი ნათია, მიმზიდველი გარეგნობით, ხმით, თმებით, სუნით, თვალებით, სიცილით... კიდევ გავაგრძელო, თუ ხვდები უკვე, რომ ის ის არის?
ასე დაიწყო ჩემი და კაქტუსის მოყვარული ნათიას უკვდავი სიყვარულის ისტორია. ან უფრო რეალისტურად თუ ვიტყვით, ასე დაიწყო, საუკეთესო შემთხვევაში, რამდენიმეწლიანი, სტაბილური ურთიერთობა, რომელიც დასრულებიდან რამდენიმე თვეში გაქრება კაცობრიობის მეხსიერებიდან.
დილემა ჩემ წინაშე ჯიუტი ვირივით წამოიმართა და ფეხი აღარც მოიცვალა, სულ ყურები აპარტყუნა, ტლინკები ყარა და მოგუდული ყროყინით მამცნო გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა: შემეძლო ბიძაჩემთან სულ სხვა ქალაქში ჩავსულიყავი, მისი კოლექციიდან საუკეთესო კაქტუსი ამომერჩია, რომელიც რატომღაც ნათიას საყვარელი მცენარე იყო (შეგიძლიათ დაინტერესდეთ, ეს ინფორმაცია როგორ მოვიპოვე) და ჩვენი ურთიერთობის წამოწყების აღმნიშვნელ საჩუქრად მიმერთმია მისთვის.
შემეძლო უფრო მარტივი გზა მეპოვა პირველი კომუნიკაციის დასამყარებლად, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ ამ შემთხვევაში ეფექტურობა გარდაუვლად შემცირდებოდა. ამიტომ ჩემში გაიფურჩქნა სიყვარულის... დიახ, კაქტუსი. მისი თითო ჩხვლეტა ფიქრის თითო ბუშტუკს ხმაურით ხეთქავდა: რომ ჩავიდე და ბიძაჩემმა არ გამომატანოს? არა, ბიძაჩემი ჯიგარია, აუცილებლად გამომატანს. რომ ვაჩუქო და არ მოეწონოს? არა, ბიძაჩემი ისეთს ამარჩევინებს, აუცილებლად მოეწონება. ამდენი რომ ვიწვალო და მხოლოდ ზრდილობიანი მადლობა გადამიხადოს? არაუშავს, მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება... არადა, ეგ უფრო მაგრად გატეხავს, ვიდრე პოტენციური ქორწილის დღეს ნათიას თეთრი ფეხსაცმლის ქუსლი. აი, თეფშს რომ ტეხავენ ხოლმე პატარძლები კარებთან, ეგ ალეგორიაა.
კაქტუსი შეიძლება სადაოდ სიმპატიური მცენარე იყოს, მაგრამ უდაოდ მოუხერხებელია შორ მანძილზე გადასატანად, გეწინააღმდეგება, შენს ყოველ უყურადღებო მიხრა-მოხრას ჩხვლეტით სჯის, მისი სახით აღებულ პასუხისმგებლობას მტკივნეულად გახსენებს.
ეს კაქტუსი ალბათ ჩვენს სიყვარულზე დიდხანს გაძლებს-მეთქი, გამეფიქრა, სანამ ვარაუდებში მოხერხებულად მასობდა ეჭვებს.
რა მნიშვნელობა აქვს, რა რეაქცია ჰქონდა ნათიას? ყველა მიხვდა, რომ კაქტუსის ჩამოტანამ შეუქცევად პროცესებს დაუდო სათავე - ჩვენ ვიქორწინეთ და დღეს სამი შვილი გვყავს, ერთი ჰასკი და ორი ფუმფულა თურქული კატაც. მოგვეპოვება ზაზუნა და კუ კიმიც, მოლაპარაკე თუთიყუში კი ყოველ ცისმარე დილას დაჟინებით იმეორებს: სიყვარული არსებობს! სიყვარული არსებობს!
გილოცავთ მეგობრებო, თქვენ შეესწარით ჩემს ტვინში მიმდინარე გადაწყვეტილების მიღების ავტომატურ პროცესს, რომელმაც მამცნო:
არ ჩამოვიტანო კაქტუსი.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება სინდისის ქენჯნას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები