ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შირო
ჟანრი: პროზა
10 დეკემბერი, 2018


მორევი IV

სოფლის განაპირას მაღალი კოშკი იდგა. მიუვალი, კუშტი, ქონგურებჩაშავებული. ზამთარ-ზაფხულ შეჭირხლული იყო, მის სიახლოვეს არც მცენარე ხარობდა, არც ცხოველი თუ ფრინველი ჭაჭანებდა. კოშკი აქ ჯერ კიდევ იქამდე იდგა, სანამ პირველ სახლს ააშენებდნენ. 
უკვე არავინ აღარ იცოდა, რომ ამ კოშკში ქალი ცხოვრობდა - მედეა. თან უბრალო კი არა, ალქაჯი. არც ბერდებოდა და არც კვდებოდა, მის არამიწიერ სილამაზეს მისხალიც კი არ აკლდებოდა. ყოველთვის ერთნაირი იყო - თოვლივით თეთრი კანით, გიშრისფერი თმითა და კატასავით ირიბად აჭრილი თვალებით. არადა იყო დრო, როცა მისთვის თვალის მოსაკრავად ერთიმეორეზე უკეთესი ვაჟკაცები ცდილობდნენ კოშკზე აცოცებას. მხოლოდ რჩეულებს უმართლებდათ, მის სარკმელს მიაღწევდნენ და წამით სამოთხეში ამოჰყოფდნენ თავს - შიშველი ქალი სარკის წინ იჯდა და  წელამდე თმას ივარცხნიდა. ამ სანახაობით მოჯადოვებულებს ხელებში ძალა ეცლებოდათ და პანტა-პუნტით ცვიოდნენ ძირს. მედეას გულში ყინული სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და კოშკსაც ყინავდა. არსად ჩანდა კაცი, რომელიც ამ მსუსხავი სიცივისგან დაიხსნიდა. ხსნა არსად იყო.
წელიწადში ერთხელ, ყველაზე გრძელ ღამეს იღებოდა კოშკის კარი. ყინულის ქალი გამოდიოდა ბნელი კოშკიდან და მიფარფატებდა მორევისკენ, მაღალ შუბლს ალმასის დიადემა უმშვენებდა, თლილ თითებს - სისხლისფერი ლალები. მთლად გამჭვირვალე, თეთრი კაბა ეცვა, ყინულის ნაყშებით მოხატული და ღამისფერი წამოსასხამი. ჩაჯდებოდა მორევის პირას, თეთრ ხელებს ურევდა შავწყალში და ბუტბუტებდა:
,,ალი და ქაჯი, ყინული და თოვლი, ათასი წელია არ გავმთბარვარ, წყალო, ნურც შენ გათბები. სიყვარულს ვერ იმეტებს დედამიწა, იმ ერთი ცოდვისთვის მსჯის, ნურც შენ დაინდობ, ადევდი და აზავთდი, შეიერთე ჩემი ვერდაღვრილი ცრემლები. მიუხტი და წაართვი, ანგრიე და ამსხვრიე, ალი და ქაჯი, ყინული და თოვლი...''
იმ ღამესაც მორევის პირას იყო. ხელებს ურევდა წყალში, როცა ზვირთებმა ლაპარაკი დაიწყეს.
- დაისვენე და დაგვასვენე. რამდენი ცოდვა გვატვირთებინე, რამდენს დავუნგრიეთ ფუძე, რამდენს მოვუშალეთ კერა, მაგრამ უცოდველი სისხლი არ გვიტვირთავს აქამდე.
- აქამდე?
ორად გაიპო მრუმე ზედაპირი. წყალმა ამოატივტივა მზისფერთმიანი ჭაბუკი, სულ მთლად გაცივებული, გალურჯებული, მაინც ლამაზი. ახალწვერამოსული იყო, ჯერ სულ პატარა. ფრთხილად მიაცურა მორევმა ნაპირთან.
- ეს ვინაა?
- თავი დაიხრჩო დღეს. უშიშრად ჩამოვიდა ჩემში და თავისი ნებით მოკვდა.
- კი მაგრამ, რატომ?
- სიყვარული მოუკლეს წინა კვირით.... შენსავით.
მედეამ თითები დაუსვა მზისფერ კულულებზე.
- დააცხრე შენი ბრაზი, ალქაჯო. შენი შურისძიება ასრულებულია, მათ შორის საუკეთესო წევს შენს ფეხებთან, მეტი რა გინდა. მეტს ვეღარაფერს წაართმევ მიწას.
მედეამ თავი ასწია, ცრემლების მაგივრად სისხლი ჩამოსდიოდა მშვენიერ სახეზე.
- ეს ჩემი შურისძიება არაა, მათივე მხეცობაა. ისეთივე მხეცობა, როგორიც მაშინ...
- დაივიწყე, საუკუნე გავიდა.
- არასოდეს!
- ამას რა ვუყო?
შეყოყმანდა. დიდხანს იფიქრა.
- მე წავიყვან, სიყვარულისგან გატანჯულთა ადგილი მიწაზე არ არის.
პასუხსაც არ გაელოდა, ცხედარს მოსასხამი გადააფარა და ისიც ჰაერში აიწია, ციმციმ გაჰყვა უკან.
- დემნა ჰქვია!
ესღა მოასწრო წყალმა.
კოშკის ყველაზე ბნელ და ცივ ადგილას დაასვენა დემნა მედეამ, კედლებზე ყინულის ლურჯი ვარდები ჰყვაოდნენ და ბიჭს უხრწნელად ინახავდა. მორევთან წელიწადში ერთხელაც აღარ გადიოდა, მაგრამ კოშკი სულ უფფრო და უფრო ზანზარებდა, თითქოს სიღრმიდან იძვროდა.
იმ წელს ვარსკვლავები უფრო კაშკაშებდნენ, თითქოს ამბების მოყოლა უნდოდათ. ამბების, რომლებიც დედამიწელებმა ოდესღაც იცოდნენ და მერე დაივიწყეს. კოშკის წვერიდან გასცქეროდა მედეა ღამის ცას და მკლავზე შემოსკუპებულ ყორანს ეფერებოდა, როცა ცაზე კუდიანმა ვარსკვლავმა გადაიფრინა. ლურჯი კვალი დატოვა და ისევე სწრაფად გაქრა, როგორც გამოჩნდა.  ახლაღა გაახსენდა მედეას, რომ ოცი წელი არ დაეტოვებინა კოშკი. თავის ოთახში შებრუნდა, პერანგის ზონარი შეიხსნა და მთვარის შუქზე აბრწყინდა მისი ქათქათა სხეული. სავარცხელი ჩამოისვა კუპრისფერ თმებზე. ნელა, სიყვარულით ივარცხნიდა. უცებ რაღაც გაუგონარი შეამჩნია და წამოიკივლა - მის თმაში ერთადერთი თოვლისფერი ჭაღარა შეპარულიყო. გაშმაგებული დააბიჯებდა აქეთ-იქით. მერე ისევ სარკეს მიუტრიალდა, ორი თითი მოავლო თმის ღერს და ამოიგლიჯა,  წამსვე ერთის მაგივრად ორი ამოეზარდა. ახლა ორივე ამოგლიჯა ძირიანად, ორის მაგივრად ოთხი გაჩნდა. კიდევ, კიდევ და მხოლოდ მაშინღა მოვიდა გონს, როცა ერთი თეთრი ღერის მაგივრად უკვე თეთრი ზოლი ჰქონდა თმაში. სწრაფად ჩაირბინა დახვეული კიბეები, დამტვერილი მოსასხამი მოისხა და ისე გავარდა კოშკიდან, უკან ერთხელაც არ მოუხედავს. მორევთანღა შეჩერდა, ბრტყელ, თეთრ ქვასთან. წყალში ჩაიხედა, არა, არ ატყუებდა სარკე. ნამდვილად თეთრი თმები იყო. მორევს შეევედრა, მითხარი რამეო, მაგრამ ამაოდ, პასუხს არ სცემდა, განაწყენებული იყო. ქვაზე იჯდა, ბროლის ფეხები აეკეცა, პაწია გოგოსავით მოკუნტულიყო და ქვითინებდა. თეთრი გულისპირი მთლად გაუწითლა სისხლის ცრემლებმა. რახან თმა გაუთეთრდა, დასასრულიც ახლოს იყო. მას კი ყველაზე მეტად სიცოცხლე სწყუროდა, სიცოცხლე და სიყვარული. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა მიჯნურები აწყდებოდნენ მის კოშკს. მისი არსებობა ყველამ დაივიწყა და, აი, მისი სილამაზეც ჭკნობას იწყებდა, როგორც ყოველი ქალის, რომელსაც სიყვარული შემოჰკლებია.
- რა გატირებს? ვინ ხარ? დაგეხმარო რამით?
ცრემლები მოსასხამით მოიწმინდა, მჭიდროდ შემოიკრო ტანზე და მოტრიალდა. ადგილზე გახევდა, დემნა ათვალიერებდა ზაფხულის ცაზე უფრო ლურჯი თვალებით.
- გესმის ჩემი? რატომ ტირი?
- დემნა?
ნუთუ ის ბიჭი, რომელიც მის სარდაფში ოცი წელი იწვა, ახლა წინ ედგა და ელაპარაკებოდა? მაგრამ არა, გადაფითრდა და გაბზარული ხმით იკითხა
- ჩემი ძმის სახელს რატომ მეძახი?
ყველაფერი თავის ადგილას დადგა. მედეა დამშვიდდა, გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ძმები ერთმანეთს.
- შენ რა გქვია?
- ელიაზარი.
- შენს ძმას ვიცნობდი.
- როგორ? ჩემზე პატარას ჰგავხარ. მეც ძლივს მახსოვს.
აღარ იცოდა რა ეპასუხა და გატრიალდა. მხარზე მძიმე და ძლიერი ხელი იგრძნო, სითბომ დაუარა ძარღვებში, ამდენი წლის შემდეგ პირველად.
- სად მიდიხარ? ჯერ მიპასუხე.
კანი ეწვოდა მისი ხელის ქვეშ, მთლად ააკანკალა, ყველა გაყინული ძარღვი გაუდნა და მისი ცივი სისხლიც ამოძრავდა. შემოტრიალდა და სიტყვის უთქმელად დაეკონა ბიჭს ტუჩებზე. ელიაზარს სუნთქვა შეეკრა.
- რას შვრ...
მედეამ პერანგი მთლად შემოაფლითა და ხელები ააყოლა მის ფართო მკერდს, კატასავით უელავდა ღამეში თვალები. მის კანს გამაბრუებელი სუნი ასდიოდა, სულის მოთქმას არ აცლიდა ბიჭს. თავადაც გაიძრო თეთრი, გამჭვირვალე კაბა და კინაღამ დაბრმავდა ელიაზარი ქათქათა სხეულის ხილვისას. მთლად დაკარგა გონი და ახლა უკვე თვითონ კოცნიდა მკვრივ, მრგვალ ძუძუებს, კბენდა, ეალერსებოდა. დაბლა ჩაუყვა გამოქანდაკებულ სხეულს, მედეას ხელები მის თმაში თეთრი გველებივით დასრიალებდნენ. სუნთქვა დაუმძიმდა ორივეს და მედეა უკვე ვეღარ ხედავდა ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავებს, ბინდი გადაეკრა თვალებზე.
დილით ძილბურანში ჩაესმა ელიაზარს ,,იცოდე, არავის მოუყვე. ეს ბეჭედიც დამალე, არავის აჩვენო...''
- და როგორ მოგძებნო?
- როცა დრო მოვა, მე თვითონ გიპოვი.
კოშკში დაბრუნებულმა ალქაჯმა სარკეში ჩაიხედა და კმაყოფილებით გაიღიმა. მის თმაში არცერთი თეთრი ღერი აღარ იყო, ისევ კუპრივით გაშავებულიყო.

***
სახლში დაბრუნდა ორბელი. ბარბაცით გაიარა ვიწრო შუკა,  ხელში ია-იების კონა ეჭირა, თვალები ჩასისხლიანებული ჰქონდა. ჭრიალით გაიღო ჭიშკარი, სახლის კართან ჩაიკეცა. ნისა გამოვარდა სახლიდან, წამოაყენა.
- მამა, რა დაგემართა, ისევ დალიე?
- არა, შვილო.
,,შვილო'' ისე გაისმა საღამოს ბინდში, როგორც ქუხილი გაზაფხულზე. იმდენი ხანი იყო, ეს სიტყვა არ გაეგონა ორბელისგან, რომ ნისას მშვენიერ თვალებში ტკივილი ცრემლებად ჩაგუბდა.
- ფრთხილად... ფეხი არ წამოჰკრა.
შიგნით შეიყვანა, ტახტზე წამოაწვინა. თვითონაც გვერდზე მოუჯდა.
- საკინძე გამიხსენი, ვერ ვსუნთქავ.
შვილის გრილი და ნაზი ხელების შეხებამ გონს მოიყვანა ოდნავ. ხელი დაუჭირა და შეკრთომაც ვერ მოასწრო - ია-იები ჩაეპნა კაბის კალთაში.
- დედაშენს ძალიან უყვარდა ეს ყვავილები. პირველად რომ ვნახე, ამათი გვირგვინი ედგა.
ხმას ვეღარ იღებდა ნისა, იჯდა და პირი იმ თევზივით ჰქონდა დაფჩენილი, ნაპირზე რომ ამოაგდეს.
- გიკვირს? სულ ლოთი კი არ იყო მამაშენი... მამაშენი, რომელიც მამა ვერ გახდა. სიბილა ძალიან ლამაზი იყო. ჩემი ბრალია... ნუ გიკვირს, მე ის ძალით წამოვიყვანე. ამიტომ არ შევუყვარდი, ამიტომ ვძულდი. და შენ... ოდესმე გყვარებივარ, ნისა?
ისევ თვალებს ახამხამებდა გოგო. თეთრი კაბის გულისპირზე ამოქარგული მერცხლები თრთოდნენ. სუსტად გაიღიმა კაცმა და ნისამ ახლაღა შეამჩნია, როგორ წვრილად დაფშხალული ჰქონდა უპეები, როგორ გასცრეცოდა ჭრელი თვალები და როგორი დაღლილი იყო.
- ამქვეყნად მხოლოდ მარიამს ვუყვარდი. მხოლოდ მას... ისიც არ შემრჩა. დაიძინე, შვილო. ნუ გეშინია, კარგად ვარ.
- არაფერი გინდა?
- არა. წადი და მშვიდად დაიძინე. მოიცა...
გოგო შემოტრიალდა და მამას მიაჩერდა.
- შენც და თამთიკესაც... ბოდიში. ახლა წადი, მართლა წადი.
ნისა თავის ოთახში შევარდა. თამთიკეს ეძინა, მხარზე ხელი მოჰკიდა და შეანჯღრია.
- თამთიკე, გაიღვიძე. გაიღვიძე, რა...
- რა ხდება?
- მგონი მამა კვდება...
- ისევ დალია?
- არა. ფხიზელია. შვილო დამიძახა და... ესენი მოიტანა. თან დედაშენს უყვარდაო. პირველად ახსენა დედა ფხიზელმა. თამთიკე, ბოდიში მოგვიხადა, ორივეს.
ნისას თეთრ ხელებში ია-იები ლურჯად ბრდღვიალებდნენ.
- ხომ არ მოგელანდა?
- არა, გეუბნები, ტახტზე დავტოვე.
ფრთხილად გამოვიდნენ გარეთ და მიაყურადეს. მხოლოდ სუნთქვა ისმოდა.
- ნისა, მოდი ნუ გავაღვიძებთ... იძინოს.
- კარგი.
მეორე დილით ორბელი არც დივანზე დახვდათ და არც სახლში. მხოლოდ ტახტზე იდო ტყავის მძიმე ქისა, პირამდე ოქროთი სავსე და შელახული. ეტყობოდა, რომ დიდხანს ინახავდნენ. ქისაში პატარა ხის კოლოფიც იდო. ვერც ნისამ და ვერც თამთიკემ ვერ გახსნა იგი. ბოლოს თავი მიანებეს.

***
,,ადამიანის ბოლო აღმართი ყოველთვის მძიმეა'' გაიფიქრა ორბელმა და მთვარით განათებულ ბილიკზე ფეხს აუჩქარა. სასაფლაოები ზევით იყო, უნდა მოესწრო.
ქოშინი აუტყდა, შუბლზე ოფლი სახელოთი მოიწმინდა. რომელი საფლავი იყო? რას გაიხსენებდა, წლები არ ყოფილა. რაც მიწას ძვირფასი ადამიანები მიაბარა, მას მერე დაიფიცა, ძლიერი ყოფილიყო, თუმცა ახლა ხვდებოდა, რომ სიძლიერე ტკივილის მიღება და გაძლება იყო. ,,ეს არის? თუ ეს? რანაირად მოდებულა შამბი და დიყი უპატრონო მკვდრების სახლებზე. საცოდაობაა იმის დანახვა, რომ ადამიანი სიკვდილის მერეც მარტოა... სიკვდილში ყველაზე მეტად მარტოა''.
მიაგნო, ახსოვდა როგორ დარგო ნუში მარიამისა და ვაჩეს საფლავის თავზე. თეთრ ფანტელებად თოვდნენ ყვავილები. მიწაზე წამოწვა, ფართო ბეჭები გაშალა და გულში ჩაიხუტა ცოლ-შვილის საფლავი.
,, მოვედი, ჩემო მზის სხივო. ჩემო ნაპერწკალო ბნელ ცხოვრებაში. გესმის ჩემი? გაიღვიძე, საბოლოოდ შენთან მოვედი. დღეს ამინდი კარგია, ყველაფერი ყვავის. შენსავით ყვავის, ჩემო ყვავილო. ჩემო გოგონა, გაუხარელო, დატანჯულო. რამდენი ვიხეტიალე უშენოდ. გავცოფდი, გავბოროტდი. იმაზე უარესი გავხდი, ვინც შენი თავი წამართვა. მე დაკარგული სული ვარ, მარიამ. მე უდანაშაულო გოგონა მოვკალი, საკუთარი შვილები დავაობლე. შეხედე ჩემს ხელებს, ხელები, რომლითაც გეხვეოდი, უცოდველ სისხლში გავისვარე. რაც შენ წახვედი, სულ სიყვარულს ვეძებდი. ძალით მინდოდა იმის მიღება, რაც წამართვეს. შენი სამოთხე მენატრებოდა და მიყვარდა მარიამ, შენი ხმა, შენი სურნელი... სიბილა. ხომ მიხედე სიბილას, ჩემო სიყვარულო? ხომ უპატრონე ობოლ გოგოს. როცა მოვკალი, უკანასკნელად მაშინ დამესიზმრე, განრისხებული იყავი. შემაჩვენე და დამწყევლე, სიბილა ჩაიხუტე და წაიყვანე... შენი წყევლა ამიხდა. ძაღლივით ვკვდები. არც შვილების სიყვარული მეღირსა... გამოვისყიდე? ნუთუ ეს წლები არ კმარა? ერთი წამით მაინც დამენახეთ და მერე თუნდაც სიმშვიდე ვეღარ იპოვოს ჩემმა სულმა. სულ ერთი წამით, ხელი მინდა მოგხვიოთ...''
ქარმა დაუბერა. ნუშის ყვავილები დაეყარა თავზე. თითქოს ვიღაცის უნაზესი ხელი შეეხო. თავი ასწია და მომღიმარი მარიამი დაინახა. ფეხზე წამოხტა და ხელები შემოაჭდო წელზე.
- დაბლა არ ჩაიხედო. ნუ.. სულ ჩემთან იქნები.
სად ეცალა დაბლა ყურებისთვის, მარიამს ჩახუტებული ხმით ქვითინებდა, მადლიერების ცრემლები სდიოდა. გვიან იგრძნო, რომ მიწა გამოეცალა ფეხქვეშ. ვარსკვლავიანი ცისკენ მიფრინავდა.
- ახლა აღარ ვიქნები დაკარგული სული... ჩემი ჯოჯოხეთი დამთავრდა.
გაიფიქრა და ნეტარებისგან გააჟრჟოლა. მიწა და ცოდვილი სხეული შორს დარჩა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები