ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2018


მარცვალი

ნინო დარბაისელი

მარცვალი
(ეტიუდებიდან)

შენ, შეთვალულო ყურძნის მარცვალო,
მთელო სამყაროვ,
ტკბილი ცრემლით დამძიმებულო,
შემოდგომისპირს რომ დაგბზუოდა აბეზართა გუნდი და გუნდი,
აციებულზე მომაგონდები.

რაკი იცოდნენ,  განსაცდელში არ დატოვებდი,
რა განსაცდელი არ მოგიგონეს,
როგორ გაწვალეს!
შენ - არ გაცვალე,
ეკიდე წკიპზე და ითმინე,
მოითმინე,
გადაითმინე...
და ყუნწს ჩამოსწყდი,
ჩამოგორდი,
გადაგიარეს და გაიჭყლიტე,
აიკენკე,
აისვლიპე
და მიწისპირზე შენგან პატარა წიპწა-ღა დარჩა.
რაღა ამ ცრემლის მარცვლად მოხვედი,
სხვა ხილი მაინც ყოფილიყავი,
შენს ნაკურკალზე იქნებ ნერგი ამოსულიყო.
რა ეშვლებათ ადამიანებს, მუდამ მარტოკებს!
შობისპირია,
დაჩონჩხილ კუმპალს ქარი ატოკებს,
ვენახის ბოლოს იწვის წალამი,
მამაჩვენი - მევენახეა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები