ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
14 დეკემბერი, 2018


ავტობიოგრაფია

დავიბადე 1987 წლის 11 ივლისს ქალაქ ფოთში, დავამთავრე თბილისის 166-ე საშუალო სკოლა, მშობლები: მამა-თამაზ რურუა, დედა-ირინა ძოწენიძე(1958-2012), 2004-ში ჩავაბარე, და 2008 წელს დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის განხრით, 2010 წელს დავამთავრე მაგისტრატურა, უნივერსიტეტი ,,მეტეხი“ ეკონომიკურის განხრით, საბანკო საქმე და ფინანსები.

2005 წლის აპრილის თვეში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ თეატრ - სტუდია ,,მოდი ნახეს“ მსახიობი გავხდი, ჩემი პირველი პედაგოგი ცუცა კაპანაძე იყო.

თავიდან ცუცას ჯგუფში ვიყავი, მაგრამ შემდეგ რეჟისორის თანაშემწემ - მანანა სიმონიშვილმა თავის ჯგუფში ამიყვანა და რამდენიმე თვეში პირველ სპექტაკლში მათამაშა. პირველი სპექტაკლი 11 ნოემბერს ვითამაშე, ეს იყო ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები ,,მე ვხედავ მზეს“, სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი თეატრის ხელმძღვანელი - ნუგზარ ბუცხრიკიძე გახლდათ.

დასი, რომელთან ერთადაც მე პირველად მომიწია თამაში, ერთ-ერთი საუკეთესო იყო თეატრის ისტორიაში. ბეჟანას როლს აფხაზეთში დაბადებული - ლაშა ფოფხაძე თამაშობდა. ლაშას ნოდარ დუმბაძის მეუღლემ - ნანულიმ უთხრა: ,,შენისთანა ბეჟანა არ გვყოლიაო!“

სოსოიას გოჩა ხელაშვილი თამაშობდა, ხატიას - ქეთევან გურამიშვილი, ქეთოს - ვერიკო ზაუტაშვილი, დათიკოს - სოსო (იოსებ) სტეფანიშვილი, სამხედროს მასწავლებელს - ხვიჩა თევზაძე, სოსოიას რუსს - დიმიტრი ბაცაცაშვილი, გერმანელს - ნიკოლოზ ხაჩიძე, ბენედიქტეს - ივანე ქიტუაშვილი, ზოსიმეს - დემნა შარანგია, ბეგლარას - დავით სესიკელაშვილი, ედემიკას - თამარ ჟორჟოლიანი, მარგალიტას - ნინო კაციტაძე, მე კოლმეურნეობის თავმჯდომარე ვიყავი. სამწუხაროდ ყველას ვერ ჩამოვთვლი, წლები არ მეყოფა.

ამ ადამიანებთან ერთად 5 წლის განმავლობაში ვთამაშობდი, შემდეგ ახალი თაობა შემოგვემატა.

სცენის მტვერი ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩავყლაპე. ქალაქ ფოთის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის კულტურის სახლში საბავშვო სპექტაკლებს ვთამაშობდი, რომელიც დღეს არჩილ ხორავას სახელობისაა.

პირველი ნაწარმოები - რომელიც ჯერ კიდევ სკოლაში შესვლამდე წავიკითხე, ალექსანდრე ყაზბეგის ,,ხევისბერი გოჩა“ გახლავთ. მაშინ კარგად ვერ გავიგე შინაარსი, მხოლოდ წლების შემდეგ ჩავწვდი მის არსს.

ერთგულება, სიყვარული და ღალატი - თემები, რომლებიც არასოდეს ძველდება, დღესაც აქტუალურია. ერთგულება თავისთავად დიდი ნიჭია, სიყვარული თავად ღმერთია, ღალატი კი... ჰმ... ღალატი! დღემდე არ დადის ჩემამდე: რატომ უნდა უღალატო საყვარელ ადამიანს? მნიშვნელობა არა აქვს ბიჭია თუ გოგო, კაცია თუ ქალი! ერთმანეთს ღალატობენ მხოლოდ იმიტომ, რომ სიამოვნება მიიღონ! არ შეიძლება ღალატის პატიება, ღალატი ღალატია! მოღალატეს მეორე შანსი არ უნდა მისცე, თორემ ერთხელ კიდევ აუცილებლად გიღალატებს.

გიყვარდეთ ერთმანეთი წრფელი გულით, ნუ უღალატებთ ერთმანეთს, როგორც ძიძიამ უღალატა გუგუას, გიყვარდეთ თქვენი მოყვასი სიკვდილამდე და საიქიოშიც გააგრძელეთ ურთიერთობა, თუ რა თქმა უნდა უფალთან მოხვდებით, უფალს კი მხოლოდ კარგები უნდა თავისთვის.

ჩემი პოეტების სიაში პირველი ადგილი ლადო ასათიანს უკავია!

ლადოს პოეზიამ შემაყვარა პოეზია, ლადოს პოეზიის გავლენით დავიწყე ლექსების წერა 2005 წელს. ლადოს ლექსების კითხვაში ვათენ - ვაღამებდი.

ლადო ასათიანის „სალაღობო“ ყოველდღე უნდა იკითხო ქართველმა ადამიანმა, რომ უფრო მეტად შეიგრძნო ქართველობა, ქართველობის სიამაყე! ეს მხოლოდ ლექსი არ არის, სიმღერაცაა, რომელსაც ყოველდღე უნდა უსმინო, თუ გინდა, რომ არასოდეს დაკარგო რწმენა! ასეთ ლექსებს გენიოსები წერენ, სხვა რომ არაფერი დაეწერა, ჯერ მარტო „სალაღობოთი“ დარჩებოდა ქართულ პოეზიაში!

ლადოს „სალაღობო“ თამამად შეგვიძლია დავაყენოთ აკაკის „განთიადის“, ტატოს „მერანის“, გალაკტიონის „ლურჯა ცხენების“ გვერდით!

ამ ბოლო დროს ხშირად მეფიქრება სიკვდილზე. არა, სიკვდილზე არა... გარდაცვალებაზე. ხშირად ვფიქრობ უფალთან ნაადრევად და ნაგვიანევად წასულ ადამიანებზე.

1994 წელს შვიდი წლით უმცროსი ძმა წამართვა უფალმა, 18 წლის შემდეგ მშობელი დედის სული მიიბარა. დედის შემდეგ, დეიდაშვილი გამომეცალა ხელიდან, შემდეგ ბებია, შემდეგ მეორე ბებია, შემდეგ ბაბუა, შემდეგ უსაყვარლესი პედაგოგი - მანანა სიმონიშვილი.

რამდენიმე ნაცნობი ლიტერატორის თავიც წამართვა უფალმა. 2011 წელს იმედი ჯახუა გარდაიცვალა, 2014 წელს ოთარ გურგენიშვილი, 2015-ში ბექა მარგიშვილი, 2015-შივე შესანიშნავი ადამიანი და მწერალი - თამაზ ექვთიმიშვილი დავკარგეთ, შემდეგ პეტრე ქოჩაკიძე-ჭალადიდელი.

2018 წლის 4 ოქტომბერს ნინო ნეკერიშვილი გამოგვეცალა ხელიდან. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ლიტერატურის დიდი მოყვარული და თავადაც კარგი ლექსების ავტორი. ნაცნობები მას ,,ნეკერას“ ვეძახდით, არ სწყინდა.

მახსოვს როგორი გახარებული იყო, ეს ლექსი რომ დავუწერე:

ნეკერ...

მითხარ, ნეკერ, საით მიდის
ეს პატარა სამყარო,
ჩამტყდარია შუა ხიდი,
დამშრალია ცხრაწყარო.

სხვისი არ ვიცი და... ჩვენ კი
ვცოცხლობთ უფლის იმედით,
ჩვენი ძმების გულებამდე
სიყვარულით მივედით.

მან იკითხოს - ვინც ქართველებს
სირცხვილით თვალს გვარიდებს
და ვისაც ჩვენ არ ვუყვარვართ -
თავისი გზით წავიდეს.

კარგი ადამიანები ნაადრევად მიჰყავს უფალს თავისთან, ალბათ უფალსაც კარგები უნდა თავისთვის, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? ჩვენ - ადამიანებმა, რომლებსაც გვინდა რომ დიდხანს გვყავდეს გვერდით ჩვენი მოყვასი.

სახსოვრად ფოტოები და ის ლიტერატურული საღამოები დამრჩა, ერთად რომ ვმონაწილეობდით.

ნეკერას შემდეგ, ანა ლაშხელმა დაგვტოვა... საოცარი გოგო იყო ანა, საოცარი ხელწერაც ჰქონდა. მისი მოთხრობა ,,აკვანი“ რომ წავიკითხე, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.

ანას უყვარდა სიცოცხლე, უყვარდა ადამიანები, უყვარდა საკუთარი მოყვასი.

სამარადისოდ ჩაქრა ორი მზე

(ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელის ნათელ ხსოვნას)

საქართველოსთვის ოქტომბრის თვეში
სამარადისოდ ჩაქრა ორი მზე,
არ ვარ შესული სიბერის წლებში,
მაგრამ თვალებში ავი დრო მიმზერს.

ვუძლებ ტკივილით სავსე ცხოვრებას -
მუდამ გულწრფელად ნამტირალევი,
ცისკრის ზარამდე მემახსოვრება
მზით ანთებული მათი თვალები.

გვიყვარდეს ერთმანეთი ცოცხლად დარჩენილ ადამიანებს, ნუ ვატკენთ გულებს ერთმანეთს. უფალმა დიდხანს გვაცოცხლოს ჩვენგან წასულთა სულების უკვდავსაყოფად. ისე გვაცოცხლოს უფალმა, ,,რომ ჩვენც ოდესმე დავაკლდეთ ქალაქს!“


დაბოლოს:


იმდენი კარგი პიროვნება წავიდა ჩვენგან,
ცხრა თაობას რომ ეყოფოდა ამ ქვეყანაში.
სიყვარულისთვის თუ დამჭირდა, ენგურში შევალ,
როგორც შევიდა თამარისთვის ერთ დროს თარაში.

უფალმა მოგვცეს მოთმინება იობის... ძალა,
ეს მერამდენედ ჩამორეკეს მწუხრის ზარებმა.
ვიდრე ვარსებობ, არ ვაპირებ მოყვასთა ღალატს,
ჩემი ღალატი - ეს იქნება გარდაცვალება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები