ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
18 დეკემბერი, 2018


მანანა სიმონიშვილისა და ნოდარ დუმბაძის შესახებ

მანანა სიმონიშვილის შესახებ

2018 წლის 8 ივნისს - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ თეატრ-სტუდია ,,მოდი ნახე“-ში მე და ჩემმა კოლეგა მსახიობებმა ჩვენი უსაყვარლესი პედაგოგი - მანანა სიმონიშვილი გავიხსენეთ, რომელიც 56 წლის ასაკში წაიყვანა უფალმა თავისთან - 2016 წლის ივნისის თვეში.

საღამოზე ,,მოდი ნახელების“ მიერ წაკითხულ იქნა ასევე ,,მოდი ნახელის“ - ოთარ რურუას ლექსები, მათ შორის ავტორმაც წაიკითხა. ოთარმა თავისი გამოსვლა სწორედ მანანაზე დაწერილი ლექსით დაიწყო, რომელსაც ,,მანანა სიმონიშვილის არდავიწყება“ დაარქვა:

მანანა სიმონიშვილის არდავიწყება

ისე წავიდა ცაში უფალთან,
არ დარჩენია ქვეყნად ვალები.
მოდით, გავშალოთ ისევ სუფრა და
დავლოცოთ მისი ნატერფალები.

ის დედასავით იყო მართლაც რომ
თეატრის დასის ყველა წევრისთვის.
მას დავიწყებას მივცემთ არასდროს,
ცოცხლად დარჩება მთელი ერისთვის.

საღამოზე ნაჩვენები იქნა მანანას მიერ შესრულებული როლის კადრები სპექტაკლიდან ,,ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“, - ოტია იოსელიანის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით.

მანანა სიმონიშვილი ენერგიული ადამიანი იყო, უზომოდ შეყვარებული თავის საქმეზე, ქართულ საქმეზე. იშვიათად მინახავს მანანასნაირი ენერგიული, მშრომელი და თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, მითუმეტეს ქალი. უზომოდ უყვარდა სიცოცხლე, უზომოდ უყვარდა ადამიანები, ხელოვან ხალხს განსაკუთრებულ პატივს სცემდა. მახსოვს როგორი გახარებული იყო, სიცოცხლეში ეს ლექსი რომ დავუწერე:

სიმონიშვილი მანანა

როცა ვარსკვლავი ანათებს
სიხარულით ფრენს ფარვანა,
რეპეტიციას ატარებს
სიმონიშვილი მანანა.

მოწაფეებთან ყოველთვის
ომახიანად საუბრობს,
მათგან ბევრ რამეს მოელის,
უყვარს თავისი საუფლო.

პირდაპირი და მკაცრია,
მართლაც ქალობის ღირსია,
თეატრი მისი სახლია,
ეს საქართველოც მისია.

როცა ვარსკვლავი ანათებს
სიყვარულით ფრენს ფარვანა,
რეპეტიციას ატარებს
სიმონიშვილი მანანა.

11 წელი ვიცნობდი მანანა სიმონიშვილს, - 2005 წლის აპრილიდან - 2016 წლის ივნისის ჩათვლით, ამ ხნის მანძილზე ერთი პატარა წყენაც არ მახსოვს მისგან. ბევრი რამ ვისწავლე მანანასგან, ერთხელ მეც დამადგმევინა ნოდარ დუმბაძის ,,მე ვხედავ მზეს“, ეს იყო 2007 წელი.

ეს იყო დაუვიწყარი პერიოდი ჩემთვის. ექსკურსიებზეც დავდიოდით თავისუფალ დროს, ბოლოს უფლისციხეში ვიყავით ერთად 2012 წლის ოქტომბერში.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ მეორე მიძღვნის დაწერა მანანას გარდაცვალებაზე მომიხდებოდა.

უფალმა ნათელში ამყოფოს მანანა მას შენი ლამაზი სული, ვიდრე ამქვეყნად დავიარები, ყოველთვის იცოცხლებ ჩემში, ჩემს გულში.

პ. ს. დიდი მადლობა ყველას, ვინც მანანა დააფასა, ვინც არ ივიწყებს. დიდი მადლობა ჩემს კოლეგა მსახიობებს, მხარში რომ ამომიდგნენ და მანანას ხსოვნის საღამოს გაკეთებაში დამეხმარნენ. დიდი მადლობა ბატონ ნუგზარ ბუცხრიკიძეს, ჩემი წინადადება რომ მიიღო და ეს საღამო გააკეთა. მე მადლიერი ვარ თქვენი, სიცოცხლის ბოლომდე თქვენი მადლიერი ვიქნები. ჩვენი ურთიერთობა თეატრის გარეთაც გაგრძელდება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მომავალში ჩვენზე, ჩვენს თეატრზე წიგნის გამოცემა მაქვს განზრახული, მანანას ხსოვნას მივუძღვნი. წიგნში თავს მოვუყრი მოგონებებს, 2005 წლიდან რომ მაკავშირებს დღემდე. ვიდრე ჩვენ - მანანას გაზრდილი მოწაფეები ამ ქვეყანაზე დავიარებით, მანანას ხსოვნას, მანანას სახელს დავიწყება არ უწერია!

წერილი მანანა სიმონიშვილს

მანანა მას! - ასე მოგმართავდი ხოლმე. ,,რურუ! - როგორ ხარ, შემოგევლე?!“ - მეუბნებოდი ყოველი შეხვედრისას. ჩვენს თეატრში სიცარიელეა უშენოდ, მოწყენილობა სუფევს.

შენ ხომ ენერგიული და მომღიმარი ადამიანი იყავი, უზომოდ შეყვარებული საკუთარ საქმეზე. სიცოცხლეს მიჯნურივით ეტრფოდი, ადამიანებს გულში იხუტებდი. მოყვასის წარმატება - საკუთარ წარმატებად მიგაჩნდა, მის ტკივილს - შენს ტკივილად მიიჩნევდი.

დიდი ადამიანი იყავი და ზეციურ საქართველოშიც დიდ ადამიანებთან ხარ, დიდ ქართველებთან! დედაჩემიც მანდ არის, ჩემი დეიდაშვილიც, ჩემი ბაბუა - ბებიებიც მანდ არიან. დავდივარ კენტად მიწაზე და ჩემთვის ვქვითინებ, ვლოცულობ დაღლილ ქალივით და უფალს ვევედრები: როდესაც თავისთან წამიყვანს, იქაც შემახვედროს ჩემს ძვირფას ადამიანებს.

დარწმუნებული ვარ, უფალი ჩემს ვედრებას შეისმენს და როდესაც თქვენთან მოვხვდები, ექვსივეს გულმხურვალედ ჩაგეხუტებით, როგორც სიცოცხლეში გეხუტებოდით. აი, მაშინ ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებს ერთმანეთს, სამარადისოდ ერთად ვიქნებით.

ოთარ რურუა

.................................................................

ნოდარ დუმბაძის შესახებ

ძალიან მიყვარს ნოდარ დუმბაძის შემოქმედება (ვის არ უყვარს), განსაკუთრებით ,,მე ვხედავ მზეს“. 2005 წლიდან - 2018 წლამდე არაერთხელ ვითამაშე სამხედროს მასწავლებლის - ლევან გურიელიძისა და კოლმეურნეობის თავმჯდომარის - ქიშვარდი ვაშაყმაძის როლები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ თეატრ - სტუდია ,,მოდინახე“ - ში, იგივე გეპეის თეატრში.

2012 წელი იყო... ძალიან მინდოდა ,,თეთრ ბაირაღებში“ თამაში, როლიც მქონდა რეპეტიციების მსვლელობისას, ჭეიშვილს ვთამაშობდი, მაგრამ იმ წელს დედა გარდამეცვალა და...

ნოდარ დუმბაძე ცოცხალი რომ ყოფილიყო და ჩემი თაობის თამაში ენახა, დარწმუნებული ვარ ყველას სათითაოდ ჩამოგვართმევდა ხელს და გადაგვეხვეოდა. ერთადერთი ნაწარმოები - ნოდარ დუმბაძის შემოქმედებიდან, რომლის წაკითხვა ხელმეორედ არასდროს მომინდება, ,,მარადისობის კანონი“ - ა (არ მიყვარს ეს ნაწარმოები, გულთან ახლოს არ მოვიდა, ფილოსოფიური ნაწარმოებია. ფილოსოფიური ნაწარმოებები ჩემთვის ცოტა ძნელი გასაგებია. გულთან ახლოს რომელი ნაწარმოებიც არ მოდის, იმ ნაწარმოებს ხელმეორედ ვეღარ წავიკითხავ. სულ ეს არის, მეტი არაფერი). დანარჩენ ნაწარმოებებს ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ.

,,მე ვხედავ მზეს“ და ერთ ლამაზ გოგოს
სიზმრად ვით დედას, ხშირად ვნახულობ,
მისი თვალები მხიბლავენ, როგორც
გრემი, გელათი, ოშკი, ხახული.

თუმც ეს ცხოვრება ზოგჯერ მკაცრია,
მწამს: არ მოაკლებს წყალობას ღმერთი,
ის დახვეწილი არის გრაცია,
მე ბავშვობიდან ასეთებს ვეტრფი.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები