ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2018


გაუღე კარი!


ნინო დარბაისელი

გაუღე კარი
- -

(ეტიუდებიდან, დედაჩემისადმი, რომელმაც გამაგებინა, რომ თუ ბედნიერებას კარს არ გაუღებ, უბედურება - შემოგიმტვრევს)

ბედნიერებამ ისე ფრთხილი კაკუნი იცის,
ყველა ბინადარს ვერ გააგონებს ამ დედამიწის.
ხან - ცერცვის მარცვლად გეჩვენება - სამყაროსხელა,
ხან - ვერც გიცნია, ანდა  გიჭირს სხვისთვის გამხელა,
ახალშობილის საფენიდან თბილად რომ ჟონავს,
ერთი გაკრთომით გადაწონის განძს  აუწონავს.
სადაც სიცოცხლე შეტოკდება, ისიც - იქ არის,
ხანაც დამცხრალის გეგონება ლაციცი ქარის.
ხან ზვავად მოდის, მიმოანგრევს, რასაც ეხება,
ხან ქალწულია მკერდსავსე და ირმისფეხება.
დიდხანს დარჩენა არავისთან არა სჩვევია.
მუდმივ სადგომად არაფერი აურჩევია.
ნუ გეჩვენება ყველაფერი ისევ იმავედ,
გაუღე კარი,  მოეგებე, დაიბინავე!
თუ არ გაუღებ,  არ გეგონოს, დაგელოდება,
ეგ უგულობა დაგიჯდება ცეცხლის მოდებად,
გაუღე კარი, ბედნიერებას გაუღე კარი,
თორემ ჰაიდა! არ დადგება დაუდეგარი!
სხვას ნუ აბრალებ,  ბედს ნურავინ დაემდურება,
კარს გადარაზულს შემოგიმტვრევს უბედურება.
გაუღე, თორემ  გაიტაცებს ქარი მედგარი,
კარი გაუღე.
ბედნიერებას, გაუღე კარი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები