ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2018


მიყვარხარ!..

მე შენით მიყვარს ლექსების წერა
სტროფებს რომ სველი ციმციმი გასდევთ,
ყველა ციმციმში ჩანს ბედისწერა
და პოეზიას უხდები ასე
ოდნავ ველური-
გაგიჟებამდე...
უხდება რითმას შენი ხმაური,
შენი ჩურჩულიც უხდება ისე,
ვით ვნებააშლილთ აურზაური,
ვით მონატრებულ სიყვარულს სივრცე
ოდნავ გიჟური-
ველურობამდე!..
მიყვარხარ მე შენ ჩვეულებრივად
მე როგორც ვიცი იმგვარი ჩვევით
შენ აგირჩიე სულის მეგზურად,
შენ მოგაკარი სიცოცხლე ჩემი
ჩემი ცხოვრება, ჩემი სამყარო,
ეს უჩინარი ყველა ოცნება,
ხატივით ვეტრფი იმ ღვთის საღამოს,
როცა იქეცი ჩემს საოცრებად!
შენ ჩემი მზე ხარ, ადრიან დილას,
ღრუბლებს ხელიდან რომ დასხლტომია,
ხან სანთელი ხარ უდნობი ცვილად,
ხან კი დამდნარი ანატომია.
შენ ღამეცა ხარ მილეულ მთვარის
სხივების ჩრდილით გამკრთალებული,
ამ სიყვარულის უკვდავი ძალით,
მაინც მუდმივი და ანთებული.
შენ გაზაფხული აგდის სურნელად
ყელთან ზაფხული გიგრილებს სურვილს,
ტუჩთან ზამთარიც ლღვება სულ ნელა
და შემოდგომაც იკლავს შენს წყურვილს...
მიყვარხარ მე შენ... ვერ გამიგია,
ვერ დამითვლია ეს  ვარსკვლავები
ამ გულს ვნებებად რით დაგიყრია
პაწაწკინტელა მაგ ნაკვალევით
ვერ გამიგია, ნეტავ რარიგად
გადაგივლია ტკბილი ეჭვებით,
რომ დამტყობიხარ სულზე ისე, ვით
ქოშზე კონკიას ანაბეჭდები?..
..........................................................
მიყვარხარ მე შენ და შენით მიყვარს
ამ ლექსების და გრძნობების წერა,
ფიქრიც შენს შიშველ სურვილს რომ იცვამს
და შენი ოდნავ ველური მზერა
ოდნავ ველური-
გაგიჟებამდე!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები