ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შირო
ჟანრი: პროზა
21 დეკემბერი, 2018


მორევი V

***
წელამდე ბალახში მიდიოდა მაისა. შავი თავშალი მხრებზე ჰქონდა წამოგდებული. ყოველ ფეხის გადადგმაზე კალიები ხტებოდნენ აქეთ-იქით. ერთი ბეწო, ცისფერი პეპლები დაფრინავდნენ, ჩიტების ჟივილ-ხივილი ისმოდა. ჰაერს ტკბილი, გაზაფხულის სუნი ჰქონდა და ცდილობდა, რაც შეიძლება ღრმად ჩაესუნთქა, ჰაერით გაევსო ფილტვები. ასე სიცარიელე აღარ სტკიოდა.
როგორც იქნა, გასცდა სათიბს. აღმართი დაიწყო და ახლა უფრო გაუჭირდა. თავშალი გაისწორა მოცახცახე, დამჭკნარი ხელით. ყეფა მოესმა უკნიდან, გამოიხედა და გაეღიმა. ალმასა ჩასდგომოდა კვალში, წითელი ენა გადმოეგდო და ქასქასებდა.
- აბა რა გინდოდა, რას მომყვებოდი?
უკანა ფეხებზე ჩაჯდა ძაღლი და პატრონს ალერსიანი, თაფლისფერი თვალებით მიაჩერდა.
- დავისვენოთ?
ქვაზე ჩამოჯდა ქალი. ჭაღარა თმებში შეიცურა თითები, შეისწორა და შუბლი დააყრდნო ხელებს. სასაფლაოებს გახედა, შანშესთან ეჩქარებოდა. ახლაღა შეამჩნია შავი გუნდი, რომელიც თავს დასტრიალებდა გორას.
,,ალბათ ძროხა თუ გადმოუვარდა ვინმეს...''
გაბმულად დაიყმუვლა ალმასამ.
- გაჩუმდი, ძაღლო, რა გაყმუვლებს!
სიცივე შეეპარა გულში. პატარაობიდანვე სჯეროდა ცუდი ნიშნების. ყვავის ჩხავილი - ცუდი ამბავი იყო, ოფოფის შეხვედრაც. მაშინაც, იმ დღეს, ძაღლი ყმუოდა გაბმით.
ადგა, კაბის კალთები დაიბერტყა და ფეხს აუჩქარა. სანამ შანშეს საფლავამდე მიაღწევდა, ალმასამ გაუსწრო და მიტოვებულ, უპატრონო საფლავთან მიირბინა. თეთრად ჩანდა რაღაც, გააცია ქალს.
- ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე...
მუხლების კანკალით მივიდა და ნანახმა გული მოუკლა. ორბელს ორივე ხელით ჩაებღუჯა მიწა და სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ ეტყობოდა. სახეზე უკანასკნელი ღიმილი შეჰყინვოდა. ნუშის ყვავილები ეყარა თმებზე, ზურგზე. მაისა მიწაზე ჩაჯდა, გამომშრალი თვალებით აიხედა ცისკენ.
,,მაშ, წახვედი არა? შენც კი იპოვე სიმშვიდე. დაისვენე, უბედურო კაცო. ზოგისთვის სიკვდილი შვებაა და გადარჩენა... ჩემი ქმარი და შვილი დაგხვდებიან, აქ ძაღლუმადურად იცხოვრე, მანდ მაინც მოისვენე, სიმშვიდე იპოვე. მაპატიე, ცრემლები აღარ დამრჩა, ყველა ჩემს მკვდრებს შევალიე.''
ალმასამ ისევ დაიყმუვლა, ფიქრებიდან გამოერკვა ქალი.
- წავიდეთ, სოფელს გავაგებინოთ. ზეზეურ ხომ არ დავტოვებთ ამ ცოდვის შვილს...
ორბელი მესამე დღეს დაკრძალეს, მარიამისა და ვაჩეს საფლავების გვერდით. ნისას და თამთიკეს ორივეს შავი კაბა ეცვათ და ცრემლის წვეთებივით ჰგავდნენ ერთმანეთს.

***

მდინარის პირას იწვა ელიაზარი. მზეს უყურებდა. პატარაობიდანვე ასე ერთობოდა, დიდხანს, ძალიან დიდხანს შესცქეროდა გავარვარებულ დისკოს, სანამ მისი მხურვალება თვალებში არ ჩაუდგებოდა და სამყაროს მზის ფერებში გახვეულს არ დაინახავდა. ყველაფერს ალმური ასდიოდა, ყველაფერი კაშკაშებდა და ასე ეგონა ბიჭს, ჩემი თვალებიც მზეებად იქცევიანო.
ის ის იყო, მეწამულ ფერებში გაეხვია ირგვლივ ყველაფერი, რომ ჩრდილი წამოადგა თავზე. ,,თამთიკე'' გაიფიქრა და ვეღარაფერი თქვა, მხოლოდ მქრქალად გაუღიმა. გვერდზე მიუწვა გოგო, მისი შავი დალალები მკლავზე დაეფინა, ცეცხლის ენებივით. თუნცა, ელიაზარის სულში შეპარულ ყინულს ამანაც ვერ უშველა, ოდნავადაც არ გაათბო.
- რაზე ფიქრობ?
- არაფერზე.
- როგორ არაფერზე?
- უბრალოდ მზეს ვუყურებ.
- თვალები არ გტკივა?
- მიჩვეული ვარ.
მძიმე სიჩუმე ჩამოწვა, ქვასავით მკვრივი. თამთიკე იდაყვებზე წამოიწია და თვალებში ჩააშტერდა, უნდოდა რამე დაენახა მის თვალებში, მაგრამ მზის გარდა ვეღარაფერს ირეკლავდა ელიაზარის თვალები.
- რამე მოხდა?
- არაფერი.
პირველად მოატყუა გოგოს და ამ სიტყვამ ყელი ჩაუკაწრა, ხმა გაუწყვიტა.
- კარგი.
- რას აპირებთ შენ და ნისა?
- რა უნდა დავაპიროთ... მამა აღარაა. გავაგრძელებთ ცხოვრებას.
- მარტოებს ხომ არ გეშინიათ?
- არა. ისედაც ნახევარზე მარტოები ვიყავით.
- ჰო.
- ხის კოლოფი დაგვიტოვა მამამ, ვერ ვხსნით.
- რატომ?
- არ ვიცით, უცნაური საკეტი აქვს. შენ ხომ გესმის ასეთი რაღაცები, იქნებ გენახა?
- ვნახავ.
- ელიაზარ...
- რა?
- რაღაცა გჭირს. დამელაპარაკე...
- არა, არაფერი.
პირველზე მძიმე იყო მეორე ტყუილი. ახლა საერთოდ ვეღარაფერს ხედავდა ბიჭი, სუნთქვა უჭირდა.
- მაშინ მე წავალ...
- წადი.
კაბის შრიალი მალევე მიწყდა. ისევ გაიყინა ყველაფერი. გაშეშებული თითებით შეეხო ელიაზარი ალმასის ბეჭედს და მიხვდა, რომ სიცივე მისგან იღვრებოდა. უნდოდა, შორს გაეტყორცნა, მოეშორებინა, მაგრამ ვერ ბედავდა. ალმასის თვლის ცივ ციაგში ხედავდა ირიბად აჭრილ თვალებს და მათ სხივებს. ჯერ კიდევ არ იყო დრო...

***

ყველაზე მაღალ ქონგურზე, ყინულის ლოლოებს შორის იჯდა მედეა. კაბა მთლად ჩამოესველებინა სისხლის ცრემლებს. მეწამული გუბეები იდგა ლოდებს შორის. ყურებზე ჰქონდა ხელი აფარებული, რომ შემზარავი ჭრიალი და ჭახჭახი არ გაეგონა. ფუძიდან ირყეოდა კოშკი, ყინულები სცვიოდა კედლებს და ეს აშინებდა ალქაჯს. აკანკალებდა და ვერსად გაურბოდა ამ შიშს.
,,რა მემართება, რა მჭირს. მთლიანად ყინულისგან ვარ შექმნილი, ჩემი არსება სიცივის ლურჯი ცეცხლით იწვის. რატომ ვგრძნობ ამ სითბოს, რა შეიცვალა ჩემში...''
შავი კატა კრუტუნით გაეგლისა ფეხზე, კუდი აპრიხა და მწვანე თვალებით შეაშტერდა.
- რა იყო, აზრაილ. შენც გრძნობ? ჩვენი სამყარო ინგრევა, ყინული დნება. ჩემს ძარღვებს ცეცხლი მოეკიდა, კანი მეწვის. ვიტანჯები, ჩემს გაყინულ სულში ცეცხლის ენები გიზგიზებენ. ეს ყველაფერი იმ დროს მახსენებს... შენც გახსოვს? გახსოვს როგორი ვიყავი ბედნიერი? მხოლოდ შენ და ეს კოშკი დამრჩით...
გრძელი თითებით მოიწმინდა მუქწითელი კვალი ლოყებიდან. კატა მის კალთაში მოკალათდა, თავი მკერდზე ჩამოადო და გაირინდა.
- ახლა რა იქნება? ახლა რა მეშველება? ნუთუ ეს ჩემი წყევლის დასასრულია?
კატამ გაბმულად დაიკნავლა.
- რა გავაკეთო?
კოშკი კვლავ შექანდა, უახლოესი ქონგური გაიბზარა, ფეხზე წამოხტა მედეა.
- დემნა... სულ დამავიწყდა. სარდაფში რა ხდება, ნეტავ...
კაბის შრიალით ჩაირბინა ხვეული კიბეები. კედლები სულ მთლად დაბზარულიყო. ყველა მხრიდან მზის სხივები შემოდიოდა და მრუმე სიბნელეს ფანტავდა.
როგორც კი მუხის მძიმე კარი შეაღო, მაშინვე დაინახა იატაკზე მიმოფანტული ლურჯი ვარდები. სიცივის ყვავილები ჩამობნეულიყო კედლებიდან. მსუბუქი, ფარფატა სითბო ტრიალებდა ჰაერში. ცხედარს მიუახლოვდა, ოქროს კულულებზე გადაუსვა ნატიფი ხელი და წამით გულისცემა შეუჩერდა, სითბოს გაედნო ბიჭის სხეული და ცვარი ცრემლებივით იღვრებოდა მისი თვალებიდან.
- დიდხანს იტანჯე, სიყვარულის ბიჭო... ახლა ვხვდები. მე მეგონა, გადაგარჩინე. ცოდვილ მიწას მოგაშორე. სახლში გინდა? დედასთან? შენს სხეულს მზის სითბო მოენატრა... ჩემსავით გაყინულს ყველაზე მეტად სხვისი ცრემლები და სიყვარული გჭირდება, მხოლოდ ეს გიშველის... მაპატიე. მე ყველაფერს გამოვასწორებ, შენ მხოლოდ მოიცადე...

***
სოფლის ორღობეს მიჰყვებოდა გიჟი, მალაქია. ჩამოკონკილი ტანსაცმელი სხეულს ძლივს უფარავდა. მკერდამდე ჩამოზრდილი, ჭაღარა წვერი აჰბურდვოდა. დაკრუნჩხული თითები ხან საფეთქლებთან მიჰქონდა, ხანაც უმიზნოდ იქნევდა ჰაერში. ბუტბუტებდა, ბავშვები მიჰყვებოდნენ, პატარა კენჭებს ესროდნენ, ვერც გრძნობდა მოხუცი.
,,ყინულის ქალი, ყინულის ქალი მოვა. მოვა და გაანადგურებს ყველაფერს, რაც სიმართლე გვეგონა. სასჯელი თუ წყალობა? ეშმაკი თუ ანგელოზი? მისი თვალები დამდნარი ოქროს წვეთებია, მისი თმები გიშრის ნაკადულები. სისხლით ტირის, სიყვარულს გლოვობს. მისი მწუხარება განუზომელია, ჩვენ წავართვით ბედნიერება... ისიც ქალი ყოფილა, მის სულშიც ფეთქავდა გაზაფხული. იებს იწნავდა თმებში და ვარსკვლავებს უცინოდა. ყინულის ქალი... საუკუნეებში შემორჩენილი... მოვა ცრემლით და სისხლით, მოვა ღიმილით და გაანადგურებს ყველაფერს, რაც აქამდე სიმართლე გვეგონა. როგორ გადარჩება დედამიწა... როგორ დაიტევს მის შურისძიებას?"
- მალაქია!
შემობრუნდა, მაისა უღიმოდა.
- წამოდი, გაჭმევ. არ გშია?
- არ მშია, საჭმელი ვერ მიშველის. რა დაკარგე წლების წინ? რას ვერ ელევი? დედის მწუხარებამ მოგვიტანა უბედურება? თუ დაგვასაჩუქრა?
ქალი გადაფითრდა, ცისფერი ძარღვები დაეტყო კისერზე.
- სულ შეიშალე?
- წყალს მობეზრდა შენი ცრემლები, მაისა, ზეცა ჩამოდნა შენს თვალებში. წუხელ კუდიან ვარსკვლავებად იწვიმა... რას ეძებ?
- შვილს...
გამომხმარი ტუჩებით დაიჩურჩულა. მალაქიამ ჩხირივით გრძელი, გაშავებული თითი გაიშვირა მორევისკენ.
- წადი. დაგიბრუნეს...
გაზაფხულის ნათელი დღე უცებ ჩამობნელდა. მაისა შეტრიალდა და მტვრიან გზას სირბილით გაუყვა. გზადაგზა კაბის კალთებს იკეცავდა, ეცემოდა, დგებოდა, მაინც გარბოდა. წვივები სულ დაეკაწრა, სისხლი სდიოდა.
მორევს რომ მიაღწია, შინდისფერი პერანგი დაინახა გადღაბნილ ლაქად. ძალა მოიკრიბა, ფეხი წინ წადგა. უკვე სულ რამდენიმე ნაბიჯი იყო დარჩენილი, მაგრამ მუხლები მოეკვეთა, აუკანკალდა და ჩაიკეცა.
დემნა იწვა ნაპირზე, ისეთივე, როგორიც 19 წლის წინ. ოქროსფერ თმებს ნიავი აქანავებდა, ფერიც კი არ ჰქონდა შეცვლილი.
ცა ჩამოხია ქალის კივილმა...
-დემნა! შვილო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები