ნაწარმოებები


მოწვევა ხელოვანთათვის http://www.epfound.ge/wp-content/uploads/2019/02/Call-for-Applications_Awareness-Raising-Campaigns.pdf     * * *         * * *     მუხრანის პრემია - პოეტური მინიატურები     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1479&st=0

ავტორი: ნინია ყოჩიშვილი
ჟანრი: პროზა
7 იანვარი, 2019


რძისფერი ფარდა

ახლა, როცა დავბერდი და შემიძლია, მთელ ჩემს გავლილსა და აცდენილ ცხოვრებას გადავხედო, მინდა მოგიყვეთ თქვენ ჩემი ცხოვრების ამბავს, რომელიც ჩემს დღევანდელ სახეს მთლიანად ასახავს.

ჩემი ცხოვრება იყო ნელი, ძალიან ნელი სიარული. არსად, ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების არცერთ ეტაპზე ფეხი არ ამიჩქარებია. დავდიოდი ნელა, მოზომილად, ვიმსახურებდი ამ სინელისთვის პატივისცემას, რადგან ყველას ეგონა, რომ ქალბატონ ლელას არასდროს, არასდროს ეშლებოდა და არც არასდროს შეშლია. მე შემეშალა მთავარი - დავდიოდი ძალიან ნელა და მოზომილად. თურმე ცხოვრებას ჰყვარებია დაუგეგმავი, აჩქარებული, საკუთარ თავსაც გადამხტომი ნაბიჯები, მაგრამ მე ამ ყველა შანსს, სისხლსავსე ცხოვრების ყველა შანსს გვერდი ავუქციე და ნელა გავაგრძელე გზა ჩემს პატივსაცემ სიმშვიდეში, პატივსაცემ უძრაობაში. დავდიოდი თავჩაღუნული და ვფიქრობდი ჩემს ასევე პატივსაცემ საქმეებზე, სხვა არაფერი მიკეთებია.

ხანდახან წარმოვიდგენ, ტაფაზე რომ რამე მეწვოდეს და მე მეორე ოთახში ვიყო, რას ვიზამდი. რას ვიზამდი და ნელა წავიდოდი და ვიტყოდი - ,,ვაი, როგორი ბოლი დადგა, როგორ დამვიწყებია, სიბერემ თავისი მოიტანა“ და არაფრით, არაფრის დიდებით არ გავიქცეოდი, რომ მალე ჩამექრო გაზი. ასეა. ადამიანის სიარული, სიარულის მანერა ასახავს მის ხასიათსა და ბუნებას, ხასიათი კი ცხოვრების განმსაზღვრელი რამეა, ჩემო მეგობრებო, არ გეგონოთ, სხვა რამ გიწყვეტდეთ ცხოვრებას, ხასიათი და მეტი არაფერი!

ხასიათს კი ისე არაფერი უხდება, როგორც დაუმორჩილებლობა და თავისუფლების სიყვარული. მე მქონდა დიდი მორჩილება, შეუძლებლად დიდი მორჩილებისა და თმენის უნარი, ეს ორი რამ კი თავისუფლებას ისე აქრობს, მისგან მზეს შეშვერილი სახე თუღა დაგრჩება, მაგრამ უკვე ისეთი სულერთი ხდება შენთვის ყველაფერი, რომ აღარც მზის სხივები ნიშნავს რამეს და  აღარც არაფერი სხვა, რასაც თავისუფალი და ბედნიერი ადამიანები აკეთებენ, რასაც მათთვის დიდი სიხარული მოაქვს.

მე ჩავიკარგე ჩემს სინელეში და აღარც ამომიყვია თავი იქიდან. დავდიოდი ნელა და არსად არასდროს ვაგვიანებდი, რადგან ჩემს გეგმებში ყველაფერი ზუსტად მქონდა გათვლილი. ხანდახან ისე მშურდა იმ ადამიანების, ვინც ფართხა-ფურთხით შემოცვივდებოდნენ, დაიკავებდნენ ადგილს და თავიდან სუნთქვაგახშირებულები მოუსვენრობდნენ, მე ჩემი მშვიდი დიდებულებით ვიჯექი.

ახლა მინდა, სამაგალითოდ რამე გავიხსენო, რომ მიგახვედროთ, როგორია დაგეგმილი ცხოვრება, როგორია სიმშვიდისა და სინელის მთელი ატანილი ჯოჯოხეთი, მაგრამ ვერაფერს ვიხსენებ, რადგან მთელი ცხოვრება ერთი და იგივე იყო და არაფერი მომხდარა დიდად გასახსენებელი. შემიძლია, ისინი მოგიყვეთ, როგორ ეცადა რაღაც მეორე ძალა და მე როგორ ავუქციე გვერდი. როგორ არაფერი მოვუშვი ახლოს, რაც სუნთქვას შემიკრავდა, გულს გამიჩერებდა, პულსაციას გამიხშირებდა, მარბენინებდა, მაფრენდა, მე კი  ყველაფერს ჩვეული სიმშვიდით ჩავცდი.

ხშირად უთქვამთ, რომ ცხოვრება ისაა, რაც გვახსოვს, მე კი ყველეფარი მახსოვს, თითოეული ჩემი ნაბიჯი, ასჯერ აწონილი და ათასჯერ ბეჭედდარტყმული, მაგრამ ვერაფერს გამოვყოფ მილიონობით ერთი და იგივე ფერიდან. ჩემს ცხოვრებას აქვს ღია რძის ფერი, თეთრ ფარდაში რომ გაიხედები და ცხოვრება ბაცი მოგეჩვენება, ნისლში გახვეული, სწორედ ასეთი ფერი, ამ ფერიდან ამავე ფერის ერთი მოლეკულის ამორჩევა კი ისეთი ძნელია და თან ისეთი მარტივი, რომ ნებისმიერს შეგიძლია დაავალო და სწორად გააკეთებს, მან უნდა ჩაიხედოს და ერთი რომელიმე მოლეკულა , რაც თვალში მოხვდება, ამოირჩიოს, ის იქნება ერთ-ერთი ამბავი მრავლიდან, რომელიც შეიძლება, ჩემი რძისფერი ცხოვრების საილუსტრაციოდ მოვყვე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები