ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2019


საშობაო - აბა, რაო!

რა ვქნათ, ძველით შობა ვიზეიმოთ თუ ახლითო?
ძალიანაც ნუ გაიწვალებთ თავს ამაზე ჯავრით, რადგან
მაცხოვრის მიწიერი შობის ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი.
არც წელიწადის დრო.
ეს ყველაფერი - პირობითია.
პირობითობას მისდევს ეს ლექსიც.

ნინო დარბაისელი

საშობაო  - აბა, რაო!
- - -

- ქარი ქროდა, ციოდაო, ყინავდაო,
თოვლმა მიწა თეთრად მოამთაბარაო,
ღელავდაო, თურმე,  ყველა სულდგმულიო...
- სასწაულის მოლოდინში, აბა, რაო!

- გარეთ ძაღლიც  კი არ გაიგდებოდაო,
ცეცხლთან იჯდა, ვინაც ხნა და დაბარაო.
კეთილ პატრონს მიელტვოდა ყოველიო.
- შეყუჟულან ჭერქვეშ ერთად, აბა, რაო!

- ბეთლემს, თურმე,  ქალმა მოილოგინაო,
მამა ღმერთმა შვილი მას მიაბარაო,
დისა მჯობი და იყავ  და დედაიო.
- და ბაგაში ღმერთი იშვა, აბა, რაო!

- აურაცხელ წყალობაზე წყალობაო
ზეციერმა ჩვენთვის გადააბა, რაო,
ცაზე გაჩნდა უცნაური ვარსკვლავიო.
- ბეთლემისკენ გზას დაადგა, აბა, რაო!

-  სამი მოგვი თან გამოჰყვა სათაყვანოდ
და ჰეროდემ, იცი,  რა დააბარაო?
აქ დაბრუნდით, მეფის ამბავს მოველიო.
- ცუდს ლამობდა, მიხვდებოდნენ, აბა, რაო!

- არა ამცნეს, ყრმა გადარჩა, უცოდველმა
ღმერთთან ჩვენი ცოდვის  ვალი გაბარაო,
იმ წამებით ზეცად ამაღლებულაო.
- სასუფევლის გზა გაგვიხსნა, აბა, რაო!

- დე, მარადის შობის მადლი გვფარავდესო!
თუ დავრჩებით როსმე ღვთის ანაბარაო,
ეს გვერჩიოს ქვეყნად ყველა ანაბარსა!
- გადავრჩებით, გადავრჩებით, აბა, რაო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები