 | ავტორი: შირო ჟანრი: პროზა 13 იანვარი, 2019 |
*** მორევთან იჯდა ალქაჯი, ხელებს ისევ ურევდა მრუმე წყალში, მაგრამ ამჯერად უხმოდ, უსიტყვოდ. - რა ხდება, მედეა... რატომ აღარ გაქვს ყინულივით ცივი ხელები, რატომ აღარ ისმის კრულვა და წყევლა შენი ბაგეებიდან? - მეც არ ვიცი. რაღაც უცნაური ხდება, ჩემი კოშკი ჭრიალებს და ზანზარებს. ნუთუ დაირღვევა? ნუთუ ამდენი ხნის მერე ყინული გადნა ჩემს გულში? - შემოდი ჩემში. ჩაიკარგე ჩემს ტალღებში, ისევ ჩაგისახლებ სულში ყინულს და სიცივეს მაშინდელივით... თუ შენც გინდა. - არა. - აბა რა გსურს? რაც შენ არსებობ, მეც ვარსებობ. ყველაფერი მახსოვს. და შენ? თავი გადააქნია მედეამ, თითქოს აბეზარი ფიქრები მოიშორა. ხელები შეიმშრალა და ფეხზე წამოდგა. - ათასი წელია დავიწყებას ვცდილობ, ჩემი სასჯელი ისაა, რომ თითო წამი მახსოვს... - წყალს გაატანე, ალქაჯო, მე მომიყევი და ჩამოირეცხე ეგ მოგონებები.წყალი ყველაფერს დაიტევს, ყველაფერს წაიღებს. ამდენი ხანია გეხვეწები, ამდენი ხანია გთავაზობ. ნუთუ არ მოვიდა დრო? - და რა მოხდება? - გათავისუფლდები. შემოდგი ფეხი, ცოტა ხნით დავწყნარდები, დავდგები და შენს ამბებს მოვისმენ. ამოთქვი, ამოანთხიე და გული დაიწყნარე... ცოტა ხნით ჩაფიქრდა ქალი, შემდეგ შარიშურით დაეცა ქვებზე მედეას თეთრი კაბა, ღამისფერი წამოსასხამი. შემდეგ სათითაოდ მიჰყვა ყელსაბამი, ბეჭედი, საყურე... ბოლოს შავ თმაში გახვეული, დედიშობილა შევიდა წყალში, ღრმად ჩაისუნთქა და ჩაყვინთა. ბოლო, რაც დაინახა, მთვარის ვერცხლისფერი დისკო იყო, წყლის ზედაპირზე მოლივლივე და აბრჭყვიალებული. ტანი გაულღვა, უწონო გახდა. ფრთები შეესხა თითქოს და წამსვე ამოყვინთა. ახლა იგი სული იყო, ნიავის ქროლვა, არაფერი ამძიმებდა. ირგვლივ ყველაფერი გადნა, ერთმანეთში ჩაიკარგა, ელვის სისწრაფით დატრიალდა და დრო უკან დაბრუნდა. ახალშობილი მდინარის პირას იწვა, სუსტი, უსუსური, ნაჭრებში გამოხვეული. ტირილის თავიც არ ჰქონდა, მხოლოდ ირიბად აჭრილი თვალებით შესცქეროდა მთვარეს და ძლივს სუნთქავდა. ღამე იდგა. მძიმე და შავი ღამე. მგლების ყმუილი სერავდა ზეცას. უცებ ჩვილმა ხეშეში ბეწვის შეხება იგრძნო. თბილი, ხაოიანი ენა აუსვეს ლოყაზე და პირველად ამოიტირა. უზარმაზარმა თეთრმა მგელმა ფრთხილად მოჰკიდა პირი, რომ არაფერი დაეშავებინა აჩხავლებული ხორცის ნაჭერისთვის და ასევე ფრთხილად წაიყვანა. თბილი იყო ეს მოგონება, მედეამ ხელი მოისვა ლოყაზე და ისევ იგრძნო ის სითბო. გაიღიმა და შემდეგ მოგონებაზე გადაინაცვლა. შროშანებით და მირტით მოფენილ მდელოზე იწვა, მზეს უყურებდა. მთლიანად შემოვიდა მის სხეულში მზე და გაათბო, თითები აიფარა თვალებზე. იწვა ბედნიერებითა და სითბოთი გაჟღენთილი, სამყაროს ეკუთვნოდა და სამყარო ეკუთვნოდა. არაფერი ჰქონდა სადარდებელი, ძარღვებში მდინარეებად ჩქეფდა სისხლი, თვალებში ვარსკვლავები ენთო და თავს ერთი მთლიანის პატარა, თუმცა მნიშვნელოვან ნაწილად გრძნობდა. ყველა მცენარე ეძახდა, ყველა ყვავილი. ჩიტების ენაზე ლაპარაკობდა და ღამე საბნად ღრუბლები ეფარა. ჩრდილი წამოადგა თავზე. - ვინ ხარ? აქ რას აკეთებ? პირველად დაინახა არსება, რომელიც მას ჰგავდა. მედეას პატარა გული შეიკუმშა და პირველად იგრძნო, როგორ გაეყინა სისხლი ძარღვებში. მზისფერ მოგონებებად ჩაირბინა გრძელმა დღეებმა, ერთად გატარებულმა საათებმა. ბოჩი იქცა ადამიანებთან დამაკავშირებელ რგოლად მედეასთვის. ერთ დღეზე შეაჩერა მზერა ალქაჯმა. სოფელში მიიყვანა ბოჩიმ. თმაში ყვავილებჩაწნული იმალებოდა ბიჭის ზურგსუკან და დამფრთხალი იყურებოდა. უცებ უსიამოდ აებურძგლა კანი, საფრთხე იგრძნო, ნესტოები დაებერა და თვალებით დაუწყო ძებნა იმას, რამაც ასე ძალიან შეაშფოთა. იპოვა კიდეც, ჟღალთმიანი, ჭროღათვალება კაცი მისჩერებოდა. ასე იყურებოდნენ მგლები, როცა მსხვერპლს წრეს შემოარტყამდნენ ხოლმე. დღეები დღეებს მისდევდა, ბოჩის გვერდით ცხოვრობდა, უყვარდა და მადლობას უხდიდა სამყაროს. თუმცა, გარეთ გასვლას მაინც ერიდებოდა, ჭროღა, ჟრუნი თვალები დაჰყვებოდა სადაც არ უნდა წასულიყო. კერიის პირას იჯდა მედეა, პერანგს უკემსავდა ბოჩის. კარმა გაიჭრიალა და ქალი ფეხზე წამოხტა, ქმარს ელოდებოდა, მაგრამ შემოიზლაზნა მგლისთვალა ბექა, მის ფეხებთან დაემხო მთასავით კაცი, ტერფებს უკოცნიდა და ლუღლუღებდა - შენი ნდომით დავიწვი და დავილიე, ერთხელ მაინც მიპასუხე სიყვარულზე, ქალო... მედეა უარობდა და ემუდარებოდა, წადი, ბოჩი მოვა მალე და ნუ დაიღუპავ თავსო. მაშინ კაცის თვალებში ავად დაიკვესა რისხვამ. - იცოდე, თუ ჩემი არა, არც სხვისი იქნები. ერთი კვირის თავზე ცოლი მოიყვანა ბექამ. მედეამ იფიქრა, გონს მოეგოო, გული დაიმშვიდა და თავისი წყნარი ცხოვრება განაგრძო. სოფელში ვინმე თუ გახდებოდა ავად, მედეა მაშინვე გაჩნდებოდა მასთან. ყვავილების სუნი ასდიოდა მის კალთას, ხელებს. ორ დღეში ფეხზე წამოაყენებდა სასიკვდილოდ გადადებულს. ნელნელა ყველას შეუყვარდა. ცხოვრება კიდევ ერთხელ დაემსგავსა კეთილ ზღაპარს. ზამთრის თოვლიანი და სუსხიანი დღე იყო. მთელ სოფელს ერთად მოეყარა თავი, იცინოდნენ, მხიარულობდნენ. მედეამ შორს დალანდა ბექა თავის მუცელგამობერილ, ორსულ ცოლთან ერთად, თვალებში აღარ შეუხედავს, ბედნიერი იყოსო, ჩაიჩურჩულა და ბოჩიმ საცეკვაოდ გაიტაცა. ფერხულში ჩაებნენ. სიცივისგან ლოყები ასწითლებოდა ქალს, იცინოდა, ტკარცალებდა. საღამოს დაბრუნდნენ სახლში, მდინარესთან ახლოს მიდიოდნენ. იმ ადგილს მიადგნენ, სადაც პირველად ნახა ბოჩიმ მედეა. - რა კარგია, რომ გიპოვე. მოუტრიალდა ქმარს, თვალებში ჩახედა და ჩაიჩურჩულა - მთელი ჩემი არსებობა შენთვის ღირდა. მე შენთვის დავიბადე, შენ - ჩემთვის. ჩაეხუტა, ვერცერთი ვეღარ გრძნობდა რამდენი დრო გავიდა. მხოლოდ ერთმანეთის გულისცემა ესმოდათ. მოულოდნელად იგრძნო, რომ ქმრის ხელი ხელიდან გამოეცალა. ზამთრის სიცივე და სუსხი ბასრ ხანჯლებად იქცა და ჩასუნთქვისას ყელი ჩაუკაწრა. - ბოჩი... წითელ ვარდებად იშლებოდა სისხლი თეთრ პერანგზე. გადათეთრდა და გადაფითრდა გარშემო ყველაფერი, მედეას თვალები მხოლოდ სისხლს და ბოჩის სახეს ხედავდა, რომელსაც ნელნელა ტოვებდა სიცოცხლე. - რისთვის? რისი გულისთვის?... - სიყვარულისთვის. მძიმე, უხეში ხელები მისწვდნენ ქალს. კიოდა და იბრძოდა, სახე სულ ჩამოაკაწრა ბექას, მაგრამ ბოლოს უკანასკნელი ღონეც გამოელია, გონება დაკარგა. შავი ლანდი გაიძურწა თოვლში და მედეა მარტო დარჩა სიკვდილთან. თითები გაეყინა, ძლივს აითრია ტანი, ბოჩის გვამს გადაემხო. მთელი ღამე ფიფქები ცვიოდნენ ზეციდან, ღმერთის გაყინული ცრემლები და აღარსად იყო ღმერთის და სიყვარულის ადგილი. ყველა ძარღვი და ნაკვთი გაეყინა ქალს. მისი სხეული დატოვა ყველა გრძნობამ და ყველა მხრიდან ჩაესმოდა ,,შურისძიება"... ბოლოს მოიკრიბა ძალა. მდინარემდე მიხოხდა და ჩუმი დგაფუნით ჩაეშვა მსუსხავ სიცივეში. მეორე დღეს მხოლოდ ბოჩის გვამი იპოვეს, მედეა აღარსად იყო. ღამე წყალი მოვარდა, ააწიოკა სოფელი. დიდი მორევი გაჩნდა, ვეღარავინ ბედავდა მასთან მიახლოებას. ამ მოგონებამ ცეცხლივით ჩაუწვა მედეას გული, კიოდა, თუმცა იგი სული იყო და მისი კივილი ნიავის ქროლვასავით ისმოდა. ვერაფერს შეცვლიდა. სასჯელი ბექას მოულოდნელად ეწვია კარგა ხნის შემდეგ. უკვე ორი შვილი ჰყავდა და მესამეს ელოდებოდა, როცა შუაღამისას გამოღვიძებულმა ლოგინთან თეთრი ლანდი დაინახა. - ვინ ხარ, რა გინდა? შავი თმები გადაიყარა უკან შიშველმა ქალმა, გაიცინა და ბექამ მედეა იცნო. - არ მელოდი? ხომ გინდოდა ჩემი სიყვარული, ახლა ნებით მოვედი შენთან. გამომყევი, ბექა. მონუსხულივით ადგა კაცი და უკან გაჰყვა ლანდს. გონს რომ მოვიდა, კლდეზე იდგა, ქვემოთ კი წყალი ღრიალებდა და გრგვინავდა. - სად ვარ? რას აკეთებ? აკოცა კაცს, ეს კოცნა ყინულივით ცივი იყო და ხელიც ვეღარ გაანძრია, ისე მოახვია შავი თმების ღვედი კისერზე ქალმა. სუნთქვა უჭირდა, იხრჩობოდა. - მე მაპატიე ჩემი ქმარი. წკრიალა ხმა გაისმა ჰაერში, ბექას ცოლი ფეხშიშველი გამოჰყოლოდათ და ახლა მუხლებზე იდგა, ქმრის სიცოცხლის გადასარჩენად. - აირჩიე, ქმარი, თუ შვილი? გადაფითრდა, მუცელზე მოისვა ხელი. ერთი წამით შეებრალა კიდევაც... - აირჩიე-მეთქი, სასჯელი ყველამ უნდა მიიღოს. - შვილი. მედეამ გაიღიმა, თმა შემოხსნა ბექას, ხელი ჰკრა და მორევში გადაჩეხა. კივილმა გააპო ჰაერი. ჭირისუფალივით იდგა თეთრი ქალი კლდის ნაპირას, თმები ირხეოდნენ ნელა. შემდეგ გამოერკვა. მოტრიალდა, ბექას ცოლს სისხლი სდიოდა, ფეხებზე ჩამოსდიოდა ალისფერი ნაკადულები, ტიროდა. მივარდა, ეცადა რამით ეშველა, მაგრამ გალურჯებული ტუჩებიდან მძიმე ლოდებად გადმოცვენილმა სიტყვებმა გააქვავა და გააშეშა. ,,შეგაჩვენოს უფალმა, ათას წელს იცოცხლო და თითო შენი ამოსუნთქვა ტანჯვით იყოს გაჟღენთილი. გაიყინოს შენი სული და სითბოს ვერ ეღირსოს, სიკვდილი და სიმშვიდე არ გეღირსოს იქამდე, სანამ ნამდვილად არ შეუყვარდები ვინმეს. ლამაზი იყო, მაგრამ არავის უყვარდე. შენთან მოახლოებისას სული გაეყინოთ და ჭირიანივით გაგექცნენ. სისხლის ცრემლებით აგატიროს დედაბუნებამ, არც ფერი შეიცვალო და არც ზნე, ალქაჯო, ადამიანების დასაღუპავად გამოგზავნილო. ჩემი ცრემლები მარგალიტებად იქცა, ამ მარგალიტებს შეუძლია წყევლა აგხსნას, მაგრამ ჩემი შთამომავლობა არასოდეს დაგითმობს. კოშკში გამომწყვდევა და მოგონებები გქონდეს მარადიულ სასჯელად...'' ექოდ გახმიანდა სიძულვილით სავსე კივილი. მედეა წყლის პირას მოვიდა გონს. სისხლის ცრემლები სდიოდა და მთვარის შუქზე ბრწყინავდა ლალის ქვებივით. წამოჯდა, საკუთარი თმები მოიხვია და ააკანკალა. ,,იმ ერთ შეცდომას ვერ მპატიობს დედაბუნება. შურისძიების გამო მსჯის... მაგრამ ახლა რა შეიცვალა? რა?''
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. კარგია. მეც ის კითხვები გამიჩნდა, რაც ნანა გორდაძეს. ალბათ გაითვალისწინებ. ცოტა ისიც დაამატე, მგელმა როგორ გაზარდა ჩვილი.
5 კარგია. მეც ის კითხვები გამიჩნდა, რაც ნანა გორდაძეს. ალბათ გაითვალისწინებ. ცოტა ისიც დაამატე, მგელმა როგორ გაზარდა ჩვილი.
5
8. ფლორენცია
დღის ბოლომდე ავტვირთავ ♥ ფლორენცია
დღის ბოლომდე ავტვირთავ ♥
7. შემოვედი და ...:( სადაა მერვე თავი? შემოვედი და ...:( სადაა მერვე თავი?
6. ნანა, ჯონათან, ფლორენცია
რომ იცოდეთ, როგორ მახარებთ ♥ ნანა, ჯონათან, ფლორენცია
რომ იცოდეთ, როგორ მახარებთ ♥
5. მომწყვიტა სამუშაოდან, რომ დავინახე მეშვიდე ისე გამიხარდა... :)
მომწყვიტა სამუშაოდან, რომ დავინახე მეშვიდე ისე გამიხარდა... :)
4. რა ლამაზი და თან შემზარავი კადრები იყო ამ თავში.
რა ლამაზი და თან შემზარავი კადრები იყო ამ თავში.
3. ძალიან საინტერესოა, ველოდები გაგრძელებას ძალიან საინტერესოა, ველოდები გაგრძელებას
2. ნინა გორდაძე
ვიღებ დამსახურებულ შენიშვნას ^-^ მედეას ისტორია გაცილებით მეტია და შემდეგში უფრო გაიშლება, სხვა პერსონაჟებთან ურთიერთობისას. ნინა გორდაძე
ვიღებ დამსახურებულ შენიშვნას ^-^ მედეას ისტორია გაცილებით მეტია და შემდეგში უფრო გაიშლება, სხვა პერსონაჟებთან ურთიერთობისას.
1. ამ მისტიკის ფონზე მეტად ბანალური კითხვები გამიჩნდა, საიდან იცოდა მედეამ რომ მედეა ერქვა და როგორ მეტყველებდა ასე მარტივად, უკვე ზრდასრულობისას პირველად ნანახ ადამიანთან? თითქოს ამომაგდო კალაპოტიდან ამან, მართებული იქნებოდა მეთქვა მორევიდან. :) ამ მისტიკის ფონზე მეტად ბანალური კითხვები გამიჩნდა, საიდან იცოდა მედეამ რომ მედეა ერქვა და როგორ მეტყველებდა ასე მარტივად, უკვე ზრდასრულობისას პირველად ნანახ ადამიანთან? თითქოს ამომაგდო კალაპოტიდან ამან, მართებული იქნებოდა მეთქვა მორევიდან. :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|