ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ესკონდიდო
ჟანრი: იუმორისტული
14 იანვარი, 2019


ნამდვილი მეკობრეები

ჰორიზონტზე გემი შევნიშნეთ. არც კი მახსოვს, პირველმა ვინ დაინახა სხვებთან ერთად მეც მოაჯირზე გადაყუდებული გავცქეროდი გემს, რომელიც ძალიან პატარა ჩანდა.
- რა ფერის დროშაა? - ვკითხე ჭოგრიტიან მეზღვაურს და ჰორიზონტს უდარდელად გავხედე.
- ჯერ ვერ ვარჩევ, რაღაც ერთი ფერისაა. - მალაიზიურს არ ჰგავს იმიტომ, რომ ზოლები არა აქვს. - ბუტბუტებდა თავისთვის მოაჯირზე გადაყუდებული მეზღვაური და თან ჭოგრიტს ატრიალებდა, - არც იაპონურს ჰგავს, თეთრი არ არის, წითელ მზესაც ვერ ვხედავ. აი! ახლა გავარჩევ, მოიცა, ფოკუსი გავასწორო, - თქვა მეზღვაურმა და უეცრად ომახიანად დასჭექა: - შავია!!
- ესენი მეკობრეები არიან! რა უ ნდა ვქნათ? - დაიყვირა ვიღაცამ. მეზღვაურს ძლივს გამოვგლიჯე ჭოგრიტი. მეკობრეების სამანძიანი გემი სწრაფად გვიახლოვდებოდა. ცოტა ხანში წარწერაც გავარჩიე: "ტორტუგა". ნაპირიდან შორს მყოფებს გაქცევა არც გვიცდია. მალე მეკობრეების გემი ჩვენს პატარა გემს მოადგა, მეკობრეებმა გემიდან ჯერ თოკები გადმოყარეს, შემდეგ კი თოფები მოგვიშვირეს და გემზე ასვლა გვიბრძანეს.
გემზე ავედით თუ არა, მეკობრეები საშინელი ღრიანცელით შემომეხვივნენ. ის ის იყო, მუშტებშეკრული შეტაკებისთვის მოვემზადე, რომ
- ევაასტ! - გაისმა გემბანის სიღრმეში ხრინწიანი ხმა! - ეს ხომ ჩემი მეგობარი, შავი ზღვის რისხვა იანოს რკინის მარჯვენაა! (ამ ჩემს სახელს მუდამ ამახინჯებდნენ უწიგნური მეკობრეები). გემბანზე ხის ფეხის ბაკუნით თვით ჯონ გოუ მოდიოდა. - აქეთ რა ქარმა გადმოგაგდო? - საშინლად ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა ჯონს. - შენს აფრებს რომ უბერავს, იმან, არა ჯონ! - მეც ჩავიხლიჩე ხმა! - ჰაჰაჰა - ჩაიხითხითა ჯონმა. - ის დროა, რომში ჩავიხრჩოთ, მეგობარო, - გულში მაგრად ჩამიკრა ჯონმა და უცებ ჩემს ყურთან დაიღრიალა: - აბა ჩქარა, რომის კასრები მოაგორეთ, იდიოტებო! - მის ყვირილზე ყური კარგა ხანს მიწუოდა, მოაჯირზე მჯდომ თეთრ თუთიყუშს კი ბუმბული აექოჩრა. ჯონმა გემზე დარჩენა შემომთავაზა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. ჩემი ხათრით კატერი და მისი მეზღვაურები გაანთავისუფლეს. მალე ისეთი ღრეობა გაიმართა, რომ გაკვირვებული ზვიგენები ზღვიდან თავებამოყოფილები თვალებგაფართოებულები, შემოგვცქეროდნენ.
იმ ღამეს ისე დავთვერით, რომ მიყოლებით რამდენიმე გემი შემოგვეძარცვა, თუმცა ეს ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. ერთი ის დამამახსოვრდა - რომელიღაც გემის დაპყრობის შემდეგ ცალთვალა ბილმა საკუთარი თვალის ამონათხარი რომ მაჩვენა ხუთ მეკობრეულ დოლარად. - გაჩვენებ, გაჩვენებო - არ მომეშვა. - ხუთ მეკობრეულ დოლარს თუ გადამიხდი, კიმეთქი და მეტი რა უნდა მექნა? გულისყურით დავათვალიერე ბილის თვალის ცარიელი ფოსო. როდესაც ღრიალით დაღლილებს გემის ჭრიჭინი უკვე იავნანად აღარ ჩაგვესმოდა, როცა ანძებზე ხტომები და მაჩეტეთი ტყვეების ხუმრობით დაჭრა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყურში მოულოდნელი ჩაყვირებაც კი მოგვბეზრდა, ერთმანეთი რომ არ დაგვეხოცა, მკლავჭიდში შეჯიბრება გავმართეთ. ამ ამბის გაგონებაზე ყველაზე უფრო მუდამ გაბადრული სამხრეთაფრიკელი უნეკნო ჯორჯი უფრო გაიბადრა და მაგიდასთან გაჯგიმული დადგა. ცოტა ხანში ხალხი პანტაპუნტით ცვიოდა ჯორჯის მაგიდიდან.. შიგადაშიგ მეკობრეული გლანდებდაძაბული გინება და
შეძახილები გაისმოდა. უცებ ჯორჯმა ჩემკენ გამოიხედა, გადაიხარხარა, საჩვენებელი თითი ჩემკენ გამოიშვირა და შემდეგ ყელზე გამოისვა. გამოწვევა მივიღე და მაგიდას ვეფხვივით მივვარდი! უნეკნო ჯორჯს ხელი ხელში წავავლე თან სახეში ჩავაყვირ-ჩავაღრიალე. ჯორჯს იმხელა მუშტი ჰქონდა, ჩემი ხელი ჩაიმალა და იდაყვი ძლივს მივაწვდინე მაგიდის ზედაპირს. რამდენიმე მეკობრემ ერთდროულად ჩაიქირქილა, ვიღაც დამცინავად ასრუტუნდა. ცხადი იყო, ჯორჯის უპირატესობაში ეჭვი არავის ეპარებოდა. რამდენიმე წამში შერკინებაც დაიწყო! ჯორჯმა ღრმად ჩაისუნთქა, დაიძაბა, ჰაერი პირიდან ხმაურიანად გამოუშვა და ხელზე მომაწვა, მაგრამ... თქვენც არ მომიკვდეთ. მე არხეინად ვიდექი და თან ბოთლში ჩარჩენილი რომის უკანასკნელი წვეთების დალევას ვცდილობდი - მეორე ხელით, რასაკვირველია. ის, ვინც ცოტა ხნის წინ ნიშნის მოგებით სრუტუნებდა, გატრუნულიყო. მეც რომის ბოთლი გვერდზე გადავდე და ჯორჯის ხელს მაგრად მივაწექი. ჯორჯმა ხმა უფრო დაიწვრილა და სახე დაძაბა. მაგრამ რას უშველის ეს საქმეს! ხელს საშინელი სიმძიმით მივაწექი. მალე ჯორჯს სახე მოეღრიცა, საფეთქლები დაებერა და აჰა! მისი მარჯვენა ხის მაგიდას გაეკრა. მეკობრეებმა იხუვლეს და კიდევ ერთხელ შემოსძახეს თხუთმეტი მეკობრე და კუბო! ოჰოჰოჰო! ბოთლი რომი დალია! ამის შემდეგ კიდევ ერთი ორი მეკობრე შემერკინა, მაგრამ ისე სწრაფად გადავუწიე ხელი, რომ დანარჩენებს ჩემთან ძალის მოსინჯვის სურვილი აღარ გასჩენიათ. კაპიტანმა ამ ყველაფერზე ბევრი იცინა - რკინის მარჯვენა ტყუილად კი არ დაგარქვესო ჩაილაპარაკა და ყელსაბამი მაჩუქა წარწერით „ჰარიმაუ”, რაც რომელიღაც ენაზე ვეფხვს ნიშნავს. მეც ამაყად დავატარებ ამ ყელსაბამს, თან მარჯვენა ხელის ტრიცეფსს ვაკუნტრუშებ ხოლმე სიხარულით, როცა ეს ამბავი მახსენდება.
ერთ ნისლიან დილას, როცა ჩვენი გემი შავი დროშის ფრიალით სწრაფად მიაპობდა ფირუზისფერი ზღვის ტალღებს, გემბანზე გამოვედი.. ხის მოაჯირზე გადავეყუდე და ტალღებს დავუწყე თვალიერება.. ვფიქრობდი, იქნებ გუშინდელივით ბედმა გამიღიმოს და მფრინავ თევზებს მოვკრა თვალიმეთქი. კურსი ჩრდილოეთით გვეჭირა, ჩვენი ვარაუდით, ამ ადგილებში სინგაპურულ სავაჭრო შხუნას უნდა გაევლო, რაც მშვენიერი საკბილო იყო მეკობრეებისთვის. წყნარი ამინდი იყო და, მფრინავი თევზების რა მოგახსენოთ, მაგრამ მოაჯირზე გადაყუდებული მშვენივრად ვერთობოდი. უცებ ჰაერში სტვენის მაგვარი ხმა შემომესმა... გახედვაც ვერ მოვასწარი ისე, გამაყრუებელი აფეთქების ხმა შემომესმა. მოაჯირზე რომ არ ვყოფილიყავი გადაყუდებული, ხელის მოჭიდებას ვერ მოვასწრებდი და ნამდვილად ზღვაში გადავვარდებოდი. სანამ გონს მოვედი, გემზე ჩოჩქოლი ატყდა. მე ქვევით ჩავირბინე და ახლაღა შევნიშე ჩვენს გემთან მოახლოებული ორანძიანი სწრაფმავალი გემი, რომელზეც ასევე შავი, მაგრამ რატომღაც ყვავილებიანი დროშა ფრიალებდა. ნისლში გემი ისე წამოგვეპარა, რომ მისი მოახლოება არავის შეუნიშნავს.
- დო! დო! - გაჰყვიროდნენ მეკობრეები.
- ვინაა დო? - ვკითხე სწორედ იმ მეკობრეს რომელსაც შეყვარებულის ლავიწის ძვლები ეკიდა კისერზე. - დო აი ესაა, - ხელი გემისკენ გაიშვირა მეკობრემ.
- კი მაგრამ, ვინაა ეს დო? - დავეკითხე ისევ.
- ვინაა და მეკობრე ქალია და ყუმბარების სროლით იცის გახუმრება. - ხრინწიანი ხმით მიპასუხა მეკობრემ.
მალე გემები ერთმანეთს მიუახლოვდნენ, მეკობრეებმა მოაჯირებს შორის ფიცრები დააწყვეს. დო გადმოსასვლელად მოემზადა.
- ერთი ეს ყუმბარა მომეცი, - ვთხოვე იქვე მდგომ ახმახ მეკობრეს, მანაც არ დააყოვნა და კმაყოფილი სახით მრგვალი შავი ფერის ყუმბარა მომაწოდა. მე ფიტილს წავუკიდე, დაველოდე, სანამ ცეცხლი ყუმბარის ყელს მიუახლოვდებოდა და დოს სწორედ მაშინ ვესროლე, როცა ჩვენს გემზე გადმოსვლას აპირებდა. ყუმბარა გამაყრუებელი გრიალით გასკდა, დო ფიცრიდან გადმოვარდა და დახვეული თოკის გორგალში თავდაყირა გადაეშვა.
- კეთილი იყოს შენი მობრძანება, დო! მითხრეს, ყუმბარით გახუმრება უყვარსო! - ძალით დახრინწული ხმით შევძახე მე და მეკობრულად გადავიხარხარე.
დო რის ვაი ვაგლახით ამოძვრა თოკის გორგალიდან და ზუსტად ოთხი წუთი გულიანად იცინოდა. მერე მუჯლუგუნი მითავაზა და მითხრა: - რაც რუსების გემი გადავწვი და მის კაპიტანს დენთით დატენილი სიგარა მოვაწევინე, მაგის მერე ასე გულიანად არ მიცინიაო.
ბევრი რომი დავლიეთ იმ ღამეს, ბევრი ვიგინეთ, მერე ის სინგაპურული შხუნაც მივაძარცვეთ და ტრადიციულად ნადავლი ერთ-ერთ კუნძულზე ღრმად ჩავმარხეთ. ვინ, ვინ და დო ნამდვილი მეკობრეა, გამომშვიდობების წინ მითხრა: - თუ ვინმეს აფეთქება, დაგჭრიდეს მითხარი და სიამოვნებით ავაფეთქებ, ისეთი კარგი ბიჭი ხარ შენო. - და წავიდა, თან მომაძახა, კოპენჰაგენში გემები დამრჩა გასაძარცვი და შიგადაშიგ ბომბებს ამანათებით გამოგიგზავნი, რომ არ დამივიწყოო.
გასულ ხუთშაბათს შემისრულა პირობა.
გემზე ისე კარგად ვგრძნობდი თავს, წამოსვლა არ მინდოდა. არც არავინ მაჩქარებდა და მეც გემთან ერთად სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დავხეტიალობდი. ერთხელ რატომღაც ჩვეულებრივზე ადრე გავიღვიძე. ხის კიბე სწრაფად ავირბინე და გემბანზე გავედი. წყნარი, უღრუბლო დილა თენდებოდა. ჩვენი გემი მშვიდად ტივტივებდა ზღვის ზედაპირზე და წინა ღამით გამომთვრალი მეკობრეების ხვრინვა სხვადასხვა ტონალობაში გაისმოდა. სადღაც რომის ცარიელი ბოთლი დაგორავდა და გემის კედელს ასკდებოდა. მე კიჩოსთან მივედი და ქვევით ჩავიხედე,
ბუნდოვნად მოჩანდა ზღვის ზედაპირი. უცებ მომეჩვენა, თითქოს ზღვაში ვიღაცამ ჩაყვინთა. კისერი წავიგრძელე, თავი უფრო ქვევით დავხარე და ზღვას
მივაშტერდი.
- გული ხომ არ გერევა?- უკნიდან ახლად გაღვიძებული მეკობრის ხრინწიანი ხმა შემომესმა.
- მგონი, იქ ვიღაც არის! - ვუპასუხე და მოვბრუნდი, ჩემს უკან სამკუთხა ქუდჩამოფხატული მეკობრე, უგლანდებო როჯერსი იდგა. როჯერსი კოჩოზე გადაეყუდა და ქვევით ჩაიხედა.
- გული ხომ არ ერევა? - ახლა ცალთვალა ბილი მოვიდა.
- არა, გული არ გვერევა. - მგონი, იქ მართლა ვიღაც ფართხალებს! - დაიხრიალა როჯერსმა
- ადამიანია ზღვაში! - ისე დასჭექა ცალთვალა, მაგრამ ორგლანდა ბილიმ, რომ უგლანდებო როჯერსი კინაღამ ზღვაში გადავარდა. რამდენიმე წამში გემის უკანა ნაწილი მეკობრეებით გაივსო!
- ვინ გადააგდეთ? ვინ გადააგდეთ? - კითხულობდნენ ახლად გაღვიძებულები, სამკუთხა ქუდებს ხელით იჭერდნენ და ქვევით იყურებოდნენ. მერე ვიღაცა მიხვდა და კიჩოდან თოკი გადააგდო, მე თოკს შევახტი და დაბლა ჩავსრიალდი. ქვევით ვიღაც პირქვე ჩამხობილი უცნობი ვიპოვე - სახეს გრძელი თმა უფარავდა და მორზე გაკრული წყლის ზედაპირზე უგონოდ ტივტივებდა. გემიდან ჩამოშვებული თოკი ჩამოვქაჩე, უცნობს ტანზე შემოვახვიე და მაგრად გავნასკვე, თოკს რომ ვაბამდი, ხელი დიდ ძუძუებზე მომიხვდა, ქალია ან დიდძუძუებიანი კაცი! წმინდა მეკობრულად გავიფიქრე და ის თოკები გადავჭერი, რომლითაც უცნობი მორზე იყო მიბმული. მერე ზღვიდან ამოვძვერი, უცნობს ხელები ჩავჭიდე და მეკობრეებმა ორივე გემზე ამოგვათრიეს.
უცნობი ქალი აღმოჩნდა. საწყალს ზღაში ხანგრძლივი ყოფნისგან კაბა ნაფლეთებად ქცეოდა. მივვარდი და გულზე ყური დავადე.
- სუნთქავს! - დავიძახე ცოტა ხანში და, თავი წამოვწიე თუ არა, უცნობმა ისეთი ალიყური მაჭამა, რომ გვერდზე გადავვარდი და უნეკნო ჯორჯის მოთხვრილ ჩექმებს შევასკდი.
ატყდა ხორხოცი და ერთი ამბავი! წამოვდექი და ტანსაცმლიდან წყალი ჩამოვიწურე. ხმაურზე უცნობი გონს მოსულიყო და წამომჯდარი შეშინებულ თვალებს აქეთიქით აცეცებდა. მივედი და ხელი გავუწოდე, დაფეთებული უკანუკან გაფოფხდა და გემის კედელთან მიიყუჟა. მეკობრეების წესის მიხედვით, რასაც პოულობ, შენია, ამიტომ ყველამ იცოდა, რომ ქალს არავის დავუთმობდი - ერთი ორმა რამდენიმე მონეტა, რაღაც ძველმანები და ზურგის ერთი კვირა უპირობო მოფხანაც კი შემომთავაზა, მაგრამ ყველა უარით გავისტუმრე და მეკობრეებიც მალე დაიშალნენ. ზოგი კაიუტაში შევიდა, ზოგიც აფრებისა და ქარისგან აძენძილი თოკების გასწორებას შეუდგა. მე ქალს ჩამოვუჯექი და წყლიანი რომის ბოთლი გავუწოდე. გაუბედავად გამომართვა, მოიყუდა და კაი ხანი სვამდა; მერე ამოისუნთქა, გმადლობო წაილუღლუღა და მისავათებულმა თავი ხელებში ჩარგო. - წავიდეთ, ტანსაცმელს მოგცემ, - ვუთხარი ძალით ჩახლეჩილი ხმით და კიბისკენ წავედი. ქალმა ტანი ძლივს აათრია და ბორძიკ-ბორძიკით გამომყვა. საწყალს მოშიშვლებულ მკლავებზე თოკის გადანაჭერები წითლად დამჩნეოდა და სიარულიც უჭირდა. კაიუტაში ქალს მშრალი ტანსაცმელი და გრძელი კაშნე მივეცი. მართალია, შარვალი ცოტა დიდი იყო, მაგრამ, დამიჯერეთ, მეკობრეებით სავსე გემზე, ჯობს ქალებს დიდი ზომის შარვლები ეცვათ. სანამ იცვამდა, მე დერეფანში ვიდექი. ცოტა ხანში კარი ჭრიალით გაიღო. კაიუტაში შევედი. ჩემს საწოლზე ჩამომჯდარი ქალი ილუმინატორში იყურებოდა. მოპირდაპირე მხარეს ჩამოვჯექი.
- ვინა ხარ? - ვკითხე, როცა მივხვდი, რომ ქალი ხმის ამოღებას არ აპირებდა.
- ზღვაში გადამაგდეს! - სასოწარქვეთილი ხმით დაიწყო ქალმა, - გადამაგდებდნენ, აბა რა, ისეთი რამე ჩავიდინე. -თქვა და თვალი ამარიდა.
- მაინც რა ჩაიდინე? - ვკითხე გაკვირვებულმა.
- გემი ქალაქ ჰოკაიტოს პორტიდან დღის პირველ საათზე გავიდა და კუნძული ჰაინანი დატოვა, - დაიწყო ქალმა ისე, რომ ილუმინატორისთვის თვალი არ მოუშორებია,
- კუნძულ ჯინტოტოსკენ მივცურავდით. მშვენიერი ამინდი იყო და თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. ერთხელაც გემბანზე შეკრებილი მგზავრები საუბრით თავს ვიქცევდით, კაპიტნის მეორე თანაშემწე ჯონათანიც იქვე იყო. ვიღაცამ ხუმრობით თქვა ქალები მგონი ხმამაღლა არ აბოყინებენო, - რასაც თავშეკავებული სიცილი და დამცინავი კომენტარები მოჰყვა. ჯონათანმა უპასუხა: - რას ამბობ, რომელიღაც კუნძულზე ვარ ნამყოფი, სადაც ქალები ბავშვის დასაძინებლად ხელოვნური ბლოყინს იყენებენო. ერთმა ქალმა იკითხა: - ხელოვნური ბლოყინი რაღა არისო? ჯონათანმა იმწამსვე ბოცმანს დაუძახა, რომელმაც სამ წუთში ოცდახუთჯერ დააბლოყინა და წარმატებით დაარწმუნა ქალბატონი ხელოვნური ბლოყინის არსებობაში. მერე ეს რამდენიმე ქალმაც სცადა... ზოგს გამოუვიდა, ზოგი უაზროდ ხაოდა, ზოგიც იპრანჭებოდა არ გამომდისო. ჩემი რიგიც მოვიდა, მეც ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე და პირველი ცდა ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც წარმატებული იყო, მაგრამ ბოცმანმა გულიანად ამიხსნა თუ რა უნდა გამეკეთებინა. მეც მოვინდომე და მეორე ჯერზე უეცრად ყელში საოცარი ძალა ვიგრძენი, თითქოს გლანდების ადგილას ორი ტიბეტური ბურთულა მქონდა... მერე რაღაც ვიბრაცია იყო და რამდენიმე წუთში ჩვენს წინ აღმართული მთავარი ანძა გამაყრუებელი ლაწანით უკან გადაწვა, აფრები დაფხრიწა და თოკები დაწყვიტა. ანძის სიმძმემ კიჩო გაანგრია და გემის ცხვირმა ოდნავ ზევით აიწია... გემბანზე წყალმა იხუვლა. ხალხი პანიკამ მოიცვა. კაციშვილი ვერ ხვდებოდა თუ რა მოხდა. გემი არ ჩაძირულა, მაგრამ საშინელ დღეში იყო - პატარა ღელვაც შეიძლება ჩვენთვის საბედისწერო გამხდარიყო. ნახევრად წყლით გავსებულ გემზე კაპიტანი სიტუაციას ვერ აკონტროლებდა. სამაშველო ნავები
უკვე გავსებულიყო, დარჩენილებიდან ზოგი ნავებზე აფოფხებას ლამობდა, ზოგი კი გემზე გამაგრებას არჩევდა. კაპიტნის მეორე თანაშემწე ჯონათანი, რომელიც ღვთისნიერი და წყნარი კაცი მეგონა, შეშლილი სახით დარბოდა, შემდეგ ხელი ჩემკენ გამოიშვირა და რაღაც დაიღრიალა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ მოულოდნელობისა და შიშისგან დაბნეულს არაფერი მესმოდა და ტუჩებმოკომული გემის ხის მოაჯირს მთელი ძალით ვიყავი ჩაფრენილი, უცებ ჯონათანი და ექვსი მეზღვაური მეცა - მაგრად გამკოჭეს, შემდეგ ხის მორზე მიმაბეს და, ზღვაში სამაშველო რგოლს რომ ისვრიან, ზუსტად ისე გადამაგდეს. წყალში გონება დავკარგე, როცა აზრზე მოვედი, თავი ჩემს მკერდზე გედო და.... - დარცხვენილმა უცნობმა თვალები ძირს დახარა.
- ეგ არაფერია, მთავარია, აქ მაინც არ დააბლოყინო. - ვუპასუხე მე.- იმიტომ რომ ჩვენს გემსაც აქვს მთვარი ანძა, რომელიც ძალიან მძიმეა.
- სად ვართ? - უცებ იკითხა ქალმა.
- გემში! - ვუპასუხე დაუფიქრებლად. ქალი უცებ მოეშვა, ზურგით კედელს მიეყრდნო, რაღაცა ჩაილაპარაკა და თვალები მილულა. ეტყობოდა, რომ წყალში ხანგრძლივად ყოფნისგან გათანგულიყო. მე კაიუტიდან გამოვედი და კიბისკენ წავედი. ვიფიქრე - კაპიტანს ვნახავ და ქალის ნაამბობს მოვუყვებიმეთქი. გემის ამ ნაწილში დერეფანი შედარებით ვიწროა და, სანამ კიბეს მივადგებოდი, გოდორა ედის შევეფეთე. შოტლანდიელი ედი შუახნის დაბალი, მსუქანი მეკობრეა. ოხვრაოხვრით ყვება ხოლმე ხმელეთზე დატოვებული მისი საყვარლების არმიის ამბებს და არასოდეს ავიწყდება, ყოველი ამბის დასრულების შემდეგ საკუთარ გარეგნობაზე იხუმროს. მე კედელს ავეკარი და ედის გზა დავუთმე. ედიმ მუცელი შეწია და ამისთვის რატომღაც ჰაერი კი არ გამოუშვა ფილტვებიდან, არამედ პირიქით - შეისუნთქა. მერე მივხვდი, ასეთ დროს რატომღაც მე ასე უკუღმა ვიქცევი ხოლმე და ერთმანეთს გვერდი არა და მუცლები ავუარეთ. ედიმ რომ ჩამიარა, თვალები გადმოკარკლა, ძალით ამოაბლოყინა და გამიღიმა. მე რატომღაც შევკრთი და ედის თვალი გავაყოლე. ედიმ საკუჭნაოსკენ გადაუხვია - აშკარად რომზე მიდიოდა. კიბე ავირბინე და გემბანზე გავედი. კაპიტანი გემის ცხვირთან იდგა და რაღაც რუკებს ჩაჰკირკიტებდა მისი მარჯვენა ხელი, ახმახი დევიდიც მის უკან იდგა და ისიც რუკებს ათვალიერებდა.
- ჯონ! - გავშალე ხელები და ჯონისკენ წავედი.
- იანოს? - მომიბრუნდა ჯონი და პირიდან ჩიბუხი გამოიღო. - ამ ქალის გემზე ყოფნა საშიშია, - ხმა ძალით ჩავიხლიჩე და ცალი ფეხი დენთის კასრზე შემოვდგი.
- ქალი გემზე! ქალი გემზე... - თვალები მოჭუტა ჯონმა და პირიდან თამბაქოს ბოლი გვერდულად დევიდის სახეში მიუშვა. - უბედურების მომტანიაო ამბობენ, მაგრამ ჩვენ გემზე ქალები ბევრჯერ გვყოლია და არასოდეს გვინანია. ასე არ არის, დევიდ?
-აი! აი! კაპიტანო! ზუსტად ეგრეა! დევიდმა ბოხი ხმით ისე დასჭექა, რომ დენთის კასრიდან ფეხი ჩამომივარდა.
- რაო, იანოს! უარი გითხრა და უკან, ზღვაში გადაგდება მაგიტომ მოგინდა? - ჩაიხითხითა კაპიტანმა, - ისე შენი ხათრით, მაგასაც გადავგდებ და დევიდსაც ზედ მივაყოლებ, თუ გინდა, ჰეჰეჰე... - დაიხრიალა ჯონმა და ხის ფეხი დენთის კასრს მიუკაკუნა, - ასე არ არის, დევიდ?
- ასეა, კაპიტანო, თუ გინდათ, ახლვე მე თვითონ გადავხტები! - კისრის კუნთები დაეჭიმა დევიდს.
- იყავი, სადაც დგახარ! - შეუღრინა ჯონმა. დევიდი იმ წამს მოეშვა. უცებ ჯონი ჩემსკენ გადმოიწია, თვალები მოჭუტა და ყურში ჩამჩურჩულა: - რომელი ქალი დათანხმდება მეკობრეს ნებით, იანოს. თმაში უნდას სტაცო ხელი და მკერდზე მიიზიდო. თმაში ხელის წავლება იმიტომ არის კარგი, რომ გემივით მართვა შეგიძლია: თმას სამხრეთდასავლეთით გაწევ და ტუჩები ჩრდილოაღმოსავლეთით გაიწევა, ჩრდილო-დასავლეთით თუ გაწევ, ტუჩები სამხრეთაღმოსავლეთით გაიწევა. ჰ ჰ ჰ! - ჩაიქირქილა ჯონმა და ირგვლივ თამბაქოს სურნელი დადგა, რომელიც ქარმა მალევე გაფანტა. - ქალი ნამდვილი გემია, იანოს, - ჰაეროვანი იალქნებით, ახლართული თოკებით, საჭით, რომელიც ძნელი დასამორჩილებელია, და ღუზით... ტლანქი, მძიმე ღუზა, გემის ერთადერთი ნაწილი, რომელიც მის გასაჩერებლად გამოიყენება მხოლოდ! თუმცა ღუზა რა შუაშია, დევიდ? - მიუბრუნდა ჯონი დევიდს. - დევიდმა ბრაზით გაიღიმა. - ჯონ! ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ შენ თუ გაიგე სადღაც ჰაინანსა და ჯინტოტოს შორის გემის ჩაძირვის ამბავი? - ვკითხე ჯონს.
- აბა მოყევი, რა იცი! - ჯონმა თვალი თვალში გამიყარა, და ჩიბუხი ისევ პირში ჩაიდო.
- ეს ქალი სწორედ მაგ გემიდანაა და გემის დაღუპვა მისი ბრალია. - თვითონ მოგიყვა, არა? - გაეღიმა ჯონს.
- კი, თვითონ მოყვა. - ვუთხარი მე.
- და რა ქნა, დენთით ააფეთქა გემი თუ ფსკერზე ხვრელი გამოჩორკნა? - წვერი მოიქექა კაპიტანმა. მივხვდი, რომ ჯონს ზუსტად ისე ეკიდა საკუთარ ხის ფეხზე ჩაძირული გემისა და ამ ქალის ამბავი, როგორც აქ ერთერთ მეკობრეს ყელზე მისი შეყვარებულის ლავიწის ძვლები.
- ქვევით კაიუტაში დავტოვე და სძინავს, - სიტყვა ბანზე ავუგდე ჯონს და რომის დალევა შევთავაზე.
- რომი! - იყვირა ჯონმა. - წავიდეთ დავლიოთ, იანოს! დევიდ! - იქვე მდგომ დევიდს სახეში შეაყვირა ჯონმა, - კურსი კუნძულ სეიმუნისკენ - სრული სვლით!
- არის, კაპიტანო! - ისე დაიღრიალა დევიდმა, რომ ჯონს სამკუთხა ქუდი კინაღამ უკან გადაუვარდა. ცოტა ხანში ჯონის კაიუტაში რამდენიმე მეკობრესთან ერთად რომის სმა და ბანქოს თამაში დავიწყეთ, დევიდის მოტვლეპილ თავზე წკიპურტების რტყმევაზე. რომს პირდაპირ ბოთლიდან ვსვამდით. მთელი დღე ისე გავიდა, კაიუტიდან არ გამოვსულვართ. შიგადაშიგ დევიდის თავის ტკაცატკუცი გაისმოდა. ცოტა ხანში ჩაძირული გემის ამბავი გადამავიწყდა. შეღამებისას ყველანი კარგად შეზარხოშებულები ვიყავით. ფანტასტიკური ამინდი იყო. მზე უკვე ჩასულიყო და თავზე მუქი წითელი ფერის საოცრად ლამაზი ცა დაგვნათოდა. გემი კუნძულ სეიმუნის მიმართულებით მისრიალებდა. საჭესთან მოხუცი და გამოცდილი
მეკობრე - ბუზღუნა აჰმედი იდგა. ის, შტურვალს ჩაფრენილი, რომელიღაც აზიურ მელოდიას უნიჭოდ ღიღინებდა, და საჭის მოტრიალებისას შიგადაშიგ შეჰყვირებდა ხოლმე.
მეკობრეებმა ფარნები აანთეს, რომის კასრები გემბანზე გამოაგორეს და დაიწყო მორიგი ღრეობა. კაპიტანი რომის ბოთლით ხელში შემაღლებულ ადგილზე ავიდა, მის დანახვაზე მეკობრეებმა ღრიანცელი და ხმაური ატეხეს.
- გოუ! გოუ! გოუ! გოუ! - გუგუნებდა გემი. ყველაზე მაღალ ანძაზე შავი დროშა თავის ქალისა და გადაჯვარედინებული ძვლების გამოსახულებით ამაყად ფრიალებდა. თოკებზე ჩამოკონწიალებული ფარნები ყვითლად ანათებდნენ ყველაფერს ოქროსფერი ედო. ირგვლივ რომის სუნი ტრიალებდა, ქარი აფრიალებდა ანძებიდან ჩამოშვებულ მსხვილ თოკებს. აფრებისგან მოშორებით კედლებზე ჩირაღდნები დაენთოთ. მუქ წითელ ცის ფონზე გემი ისეთი ლამაზი იყო, რომ თავი სიზმარში გეგონებოდა. ჯონმა რომისბოთლიანი ხელი მაღლა ასწია. ამ ჟესტზე ყველა გაჩუმდა გოდორა ედის გარდა, რომელიც ისე გამომთვრალიყო, წარმოდგენა არ ჰქონდა თუ რატომ ყვიროდა. მაგრამ იქვე მდგომი უგლანდებო როჯერსი არ დაიბნა და ედის დაღებულ პირში შემწვარი თეთრი ზვიგენის ხორცის დიდი ნაჭერი ჩასჩარა.
ძმებო! დაიღრიალა ჯონმა, და ჩახლეჩილი ხმით დაიწყო:
-აი უკვე რამდენი კვირაა, ჩვენ ზღვაზე დავეხეტებით! ვინ მოთვლის, რამდენი გემი ვძარცვეთ, სისხლიც დავღვარეთ, შტორმებსაც გავუძელით. ბევრი გასაჭირი ვნახეთ, მაგრამ ჩვენი გემი კიდევ დიდ ხანს იტვტივებს ამ ზღვაზე და, თქვე თავზეხელაღებულო ძაღლის შვილებო, კიდევ ბევრჯერ გამოთვრებით რომით. - ოჰოჰოოოო!!! -კმაყოფილებისგან აღმუვლდნენ მეკობრეები, მაგრამ ჯონის ნიშანზე ყველამ ისევ გაკმინდა ხმა. - კიდევ ბევრი გემი გაიძარცვება, - განაგრძო კაპიტანმა, - კიდევ ბევრი საგანძური გვაქვს გადმოსაზიდი! ახლა ჩვენ კუნძულ სეიმუნისკენ მივდივართ ორი დღის სავალზე. ამ მხარეს ვიცი, რომ, არც ერთი გემი არ შემოდის ჩვენი შიშით, ამიტომ ეს ორი დღე მშვიდად ვიქნებით. იქ მარაგი ავიღოთ და შემდეგ კუნძულს დასავლეთიდან შემოვუაროთ, ახალი გემები უნდა ვძარცვოთ. მანამდე კი! - ჯონი უცებ გაჩუმდა, თვალები მოჭუტა, თავი ოდნავ
დაბლა დახარა და სუნთქვაშეკრული მეკობრეები ჩამოათვალიერა, - მანამდე კი იმხიარულეთ და გასკდით რომის სმით, ღორებო! - დაიღრიალა ჯონმა და რომით სავსე ბოთლი მოიყუდა. ამ სიტყვების გაგონებაზე გემზე გამაყრუებელი ღრიანცელი ატყდა - ზოგი მღეროდა, ზოგი ყვიროდა, ზოგი ყმუოდა! მე ახლოს მდგომ რომის კასრთან მივედი. მეკობრეები რომს არ იშურებდნენ და მეც ბოთლი იმწამსვე გამივსეს. ნელ ნელა ყველაფერი ოქროსფერ ბინდში ჩაიძირა... ცოტა ხანი გემბანზე ვიბოდიალე; მეკობრეები პატარპატარა ჯგუფებად დაიყვნენ და თავს ათასი სისულელით იქცევდნენ. უცებ ჩვენი „სტუმარი” გამახსენდა და კაიუტისკენ გავეშურე. კარი ღია დამხვდა, კაიუტა კი ცარიელი. ქალი, ალბათ, ხმაურმა გამოაღვიძა და ზევით ავიდა, - გავიფიქრე და გემბანისკენ გავეშურე. კიბეზე რომ ავდიოდი, ისე რაღაც სრუტუნის ხმა შემომესმა. გავჩერი და საფეხურებს შორის სიბნელეს დავაკვირდი - იქ აშკარად ვიღაც იყო. დავბრუნდი და კიბეს შემოვუარე. შეშინებული ქალი კიბის ქვეშ შეყუჟულიყო და უმწეოდ სრუტუნებდა. - ნუ გეშინია! მე ვარ, - ვუთხარი და ხელი გავუწოდე. ქალმა ხელი ჩამჭიდა და კიბის ქვეშიდან გამოძვრა.
- რატომ არ უნდა მეშინოდეს, სახელიც კი არ ვიცი შენი, - ამოისლუკუნა ქალმა. ჩაფართხუნებულ ტანსაცმელში სასცილო და უფრო საყვარელი იყო. - აქ იანოს მეძახიან და შენც ასე დამიძახე, - ვუთხარი. - შენ რა გქვია? - თბილი, პატარა ხელი ჰქონდა.
- ჰანაზიერა. - მიპასუხა ქალმა და ხელი გამიშვა.
- ზევით ავიდეთ, სუფთა ჰაერს ჩაყლაპავ. მეკობრის სიტყვას გაძლევ, თითს ვერავინ დაგაკარებს. - ვუთხარი მე. ქალმა უცნაურად შემომხედა და სახეზე კულული ჩამოუვარდა. ლამაზი აზიური სახე ჰქონდა. მე წინ გავუძეხი და მალე გემბანზე ავედით. მეკობრეები მხიარულებას განაგრძობდნენ. ერთერთ კასრთან მივედი და ქალისთვის ტოლჩით რომი ავიღე. თავჩაღუნული ჰანაზიერა ლანდივით დამყვებოდა, თუმცა ტყუილად შიშობდა, რადგან ირგვლივ ისეთი ღრიანცელი იდგა, ვერც მას და ვერც მე ვერავინ გვამჩნევდა.
- ეს დალიე,- მივაწოდე ქალს რომით სავსე ტოლჩა და გემის კიჩოსკენ წავედით. ჰანაზიერამ ცოტა რომი მოსვა და დაიმანჭა, თან ისე შემომხედა, ნამდვილად გაიფიქრა ამ საზიზღრობას როგორ სვამთო. როგორ ვსვამდი? რასაკვირველია, ძალით, მე ხომ რომის საძაგელ გემოს ვერ ვიტან, მაგრამ, მეკობრე თუ გინდა იყო, რომი უნდა გიყვარდეს! მეც რომს ისე ვწრუპავდი, ბოლოს, მგონი, მართლა დავიჯერე, რომ მომწონდა. კიჩოსთან მშრალი ადგილი მოვძებნეთ და იქ მოვკალათდით. ჰანაზიერას ვუთხარი სეიმუნისკენ მივცურავთმეთქი და კარგ ხასიათზე დადგა. იქ თუ დამტოვებთ, ჰაინანში დავბრუნდებიო მითხრა. - რამდენი დღე გვიწევს ცურვა? - მკითხა ბოლოს.
- როგორც კაპიტანმა თქვა, ორი მთვარის ამოსვლაღა გვაშორებს სეიმუნს, - ვუთხარი და რომის ბოთლი მოვიყუდე!
უცებ ბრაგვანის ხმა გაისმა - ჩემს გვერდით კარგად შეზარხოშებული ედი ეგდო!
- იანოს!- დაიღრიალა ედიმ და მხარზე ხელი მეკობრულად დამკრა, შემდეგ კოტიტა თითი ჰანაზიერასკენ გაიშვირა: - უცებ ნუ ეტყვი იმას, რაც გულში გაქვს. - დაასლოკინა ედიმ, თან მეორე ხელით რომიანი ტუჩები მოიწმინდა. ჰანაზიერა, ოდნავ შეშინებული და დაბნეული შეჰყურებდა ედის, მერე მე შემომხედა. ვანიშნე, ყურადღებას ნუ მიაქცევმეთქი.
- ჯერ უთხარი, რომ ძალიან კარგად აცვია! - დაიხრიალა ედიმ და თავი
ჩამოუვარდა, თუმცა მალევე ისევ აწია და ჰანაზიერას ტანსაცმელს შეხედა. - არა, ეგრე ნუ ეტყვი. - დაასკვნა ბოლოს და მე მომიბრუნდა, - ჯერ უთხარი, რომ ლამაზი თმა აქვს, ლამაზი წარბები აქვს და ისეთი ხმა, რომ სულ გინდა, უსმინო. - ჰანაიზერამ წარბები შეკრა.
- ედი, ედი! - შევუყვირე მე. - ჯობს შენზე მოგვიყვე რამეს, - თან ჰანაზიერას უხერხულად გავუღიმე.
- ჩემზე? ჰუ ჰუ ჰუ! - გოდორა ედის ამბებს მოვყვე? ედინბურგში ჩემი ჰელენა რომ ჩამოვიდა... გინდა, იანოს, მოგიყვე? - ახითხითდა ედი.
- მოყევი.
- ჰელენა ვენაში გავიცანი. პირველად რომ დავინახე, - დაიწყო ედიმ, - ვიფიქრე, ღმერთო! ნამდვილად ანგელოზები ციდან დედამიწაზე გადმოსახლებულანმეთქი. მივედი და სწორედ ეს ვკითხე ჰელენას: მარტო თქვენ გადმოსახლდით ციდან თუ ჩემი მფარველი ანგელოზიც სადღაც აქ დაიარებამეთქი. მოკლედ, ჩემო იანოს,
სამი თვე მის სახლში ვიცხოვრე. ცეცხლოვანი ღამეები მქონდა, - უცებ აყვირდა ედი, - საოცარი გამთენიები, დაუვიწყარი დღეები... ზღაპრული საღამოები...
კვირები, თვეები.
- ეი, ეი.. მუჯლუგუნი ვუთავაზე ჩაძინებულ ედის. - ედინბურგში რა მოხდა, ის მოგვიყევი (მეკობრეებში მუჯლუგუნი დიდი პატივისცემის ნიშანია)!
- ჰო... ჰო... - გამოფხიზლდა ედი. - ედინბურგის პორტში ავსტრიული სამგზავრო გემის შემოსვლას ასობით ადამიანი ელოდებოდა. გემი დათქმულ დროს შემოვიდა პორტში და ღუზა ჩაუშვა. ჰელენა გემიდან რომ გადმოვიდა, იქ მყოფებს საკუთარი სტუმრები დაავიწყდათ. მოდიოდა ამაყი! მოხდენილი ნაბიჯით, ლამაზი, გაშლილი თმა ჩანჩქერივით ეღვრებოდა, მისი ყოველი ნაბიჯი რაღაცით რომელიღაც აკორდს ჰგავდა. თავშეკავებული ღიმილი ალუბლის ყვავილობისას ვარდისფერი ყვავილების კორიანტელში მოხვედრას თუ შეედრებოდა. მთვარის შუქივით ნაზი მზერით ირგვლივ ყველა მოაჯადოვა. მთელი ეს სტუმრების დამხვედრი საზოგადოება ჰელენას მიშტერებოდა, ჩემო იანოს! - ამოიხვნეშა ედიმ და განაგრძო: - უცებ ჰელენამ შეჰკივლა და გამოიქცა. ხალხი მომაკვდინებელი ინტერესით, სუნთქვაშეკრული შეჰყურებდა. კისრებიც კი წაიგრძელა ზოგიერთმა, კარგად რომ დაენახათ ის ერთადერთი ბედნიერი, ვისკენაც ჰელენა ქურციკივით გარბოდა და მთელი ამ ხალხის მზერა გოდორა, მსუქან, პატარა ედიზე თავშეკავებული გმინვით შეჩერდა... მათ ხელში მე შევრჩი, იანოს! მე! - ჩაიხითხითა ედიმ და საჩვენებელი თითი მკერდზე მიიკაკუნა. - ჰელენა ხელფეხგაშლილი ჩამეხუტა და ისე ჩამკოცნა, რომ ირგვლივ მდგომი ხალხი თავშეუკავებელი გმინვით სასწრაფოდ გემისკენ შებრუნდა. - ჩაიხითხითა ისევ ედიმ და რამდენიმე წამში ისეთი ხვრინვა ამოუშვა, რომ ბუზღუნა აჰმედის მაგარი ხელი რომ არა, გემი კურსს სამი გრადუსით მაინც აცდებოდა.
ზღვისა და რომის სურნელში გახვეულები სეიმუნისკენ მივსრიალებდით. გემი დინჯად მიირწეოდა. გარემო მოყვითალო ბინდში იყო გახვეული. ამ საოცარ სანახაობას თან ერთვოდა მეკობრეების ღრიანცელი, ხვრინვა და უნიჭო წამღერებები. ჰანაიზერას შევხედე. ქალმა თვალი ამარიდა. მისი სილუეტი ოქროსფერში იყო გაბლანდული. ლამაზი შუბლი, კოხტა ცხვირი და ულამაზესი ტუჩები ისეთ მშვენიერ პროფილს ქმნიდა, რომ გავიფიქრე: ღმერთო! ნუთუ ალები ზღვის ფსკერიდან გემზე გადმოსახლდნენმეთქი. ჰანაიზერამ, ეტყობა, ჩემი დაჟინებული მზერა იგრძნო - გრძელი წამწამები დახარა, სწორი შავი თმა გვერდზე ჩამოეშალა და კაშკაშა მთვარესავით თეთრი კისერი გამოუჩნდა. უცებ, პატარა ხელი ხელზე ნაზად წამავლო, თავი მუხლებში ჩარგო და გვერდზე
მომეკრა. გულთან ახლოს რაღაცამ დამკრა - ეს გოდორა ედი იყო: - მძინარე ჩემკენ გადმოხრილიყო და მკერდზე თავით დამემხო. ედი ისევ კედელთან მივაყუდე და ჰანაიზერას მოკუნტულ მხრებზე ხელი გაუბედავად მოვხვიე. ჰანაიზერა უფრო მოიკუნტა. - მეშინია, - ჩაიჩურჩულა მან,
- ნუ გეშინია, მე შენს გვერდით ვიქნები. - მეც ჩყურჩულით ვთქვი და, სანამ ლოყას ლოყაზე მივადებდი, მარცხენა ხელით ედი კედელზე კიდევ ერთხელ საიმედოდ გავასწორე.
- შენ ვერ მიშველი. - უფრო დაუწია ხმას ჰანაიზერამ.
- ვეფხვივით დაგიცავ. - ვცადე ჩახლეჩილი ხმით წაჩურჩულება.
- არა, იანოს, არა... ეს რომი მაინც რამ დამალევინა. - ჰანაიზერას ხმაში სრული სასოწარკვეთილება ვიგრძენი და თავში ცუდმა აზრმა გამიელვა, ისეთმა ცუდმა, რომ მთელი ჩემი რომანტიკული განწყობა გემს მიღმა ზღვაში გადასროლილი რომის ბოთლივით გაქრა. - უკვე ნახევარი საათია ბლოყინს ვითმენ, იანოს, - ცრემლი მოერია ჰანაიზერას.
- არა! - ვიყვირე მე. - წამოდი, კიჩოსკენ გავიქცეთ! - დავიყვირე და ფეხზე წამოვხტი. ჰანაიზერაც წამოდგა პირზე ხელაფარებული და თავი ისე გააკანკალა, მივხვდი, აშკარად ჩანდა, მალე მოთმინება დაელეოდა, ახლა ყოველი წამი ძვირფასი იყო! ჰანაიზერას ხელი ჩავავლე და კიჩოსკენ გავიქეცი. ბუზღუნა აჰმედს რომ ჩავუქროლეთ, საჭეს ხელი არ გაუშვა მეთქი! ისეთი სახით დავუყვირე, აჰმედი მიხვდა, რაღაც უბედურება რომ უნდა მომხდარიყო, და საჭეს უფრო მაგრად ჩააფრინდა, თან წინ თვალების ცეცება დაიწყო, თუმცა მთვარით განათებულ ზღის ზედაპირზე საეჭვო არაფერი ჩანდა. ჩვენ ზუსტად იქ მივირბინეთ, საიდანაც ქალი ზღვიდან გემზე ამოვათრიეთ. ჰანაიზერას ეტყობოდა, რომ თავს ვეღარ იკავებდა. თუმცა მე არ დავიბენი, მის ზურგს უკან დავდექი, ხელები იღლიებში ამოვდე, ლოყებში ჩავაფრინდი და თავი კიჩოს მიღმა ცისკენ მივუმართე. არასოდეს არავინ დამიჯერებს იმ ბლოყინის ხმის სიძლიერეს, რანაირადაც არ უნდა აღვწერო. ხმა ისეთი ძლიერი იყო, რომ გემი შექანდა, თუმცა აჰმედმა აქაც იმარჯვა და მალევე ძველ კურსს დაუბრუნა. მე და ჰანაიზერა დარტყმის ძალამ უკან, გემის სიღრმეში გადაგვისროლა. გემი მსუბუქად შეხტა, ზღვას დაენარცხა და ცურვა განაგრძო. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
ძლიერ ხმაზე და გემის არაბუნებრივ და უცნაურ შეხტომაზე მეკობრეებმა სმა შეწყვიტეს და ყველამ გემის უკანა მხარეს მოიყარა თავი. გაკვირვებულები გვიყურებდნენ, მთელი გემი სიჩუმემ და ძრწოლამ მოიცვა. ჰანაიზერას გული წასვლოდა და მისკენ მოსასულიერებლად დავიხარე. უცებ გემის სიღრმიდან ხის ფეხის მონოტონური კაკუნი გაისმა. ჯონ გოუ გაკვირვებული სახით ჩემკენ მოიწევდა, მეკობრეები გზას უთმობდნენ.
- რა ჯანდაბა ხდება აქ? - დაიღრიალა ჯონ გოუმ. მე ფეხზე წამოვდექი და გულწასული ჰანაიზერა ხელში ავიყვანე.
ბუმ! ბუმ! ბუმ!.. უცებ გემზე უცნაური ხმები გაისმა. ყველამ რატომღაც ცისკენ აიხედა. ჩემს ფეხებთან რაღაც დავარდა, დავაკვირდი - ეს ჩვეულებრივი ფილიპინური იხვი იყო! მალე გემზე იხვები პანტაპუნტით ცვიოდნენ. პირველად ვიდექით ფილიპინური იხვების წვიმაში. ის ღამე სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს გონებაში: ვიდექი ხელზე გადასვენებული ჰანაიზერათი, ჩემს წინ კაპიტანი ჯონ გოუ გაშეშებულიყო რომლის უკან საიდანღაც იქ გაჩენილი დევიდი მის თავზე ჩამოცვენილი იხვებს იგერიებდა და მეკობრეები, რომლებიც ამ ყველაფერს
გაკვირვებულები მისჩერებოდნენ. ეტყობა, ჰანაიზერას დაბლოყინებისას ცაში ფილიპინური იხვების გადამფრენი გუნდი ზუსტად იმ ადგილას მოექცა, საითაც ჰანაიზერა გავახედე და დამანგრეველი ბლოყინისგან გემი ჩაძირვას კი გადავარჩინე, მაგრამ ამას ზუსტად ორმოცდათოთხმეტი ფილიპინური იხვი შეეწირა. მეორე დღეს ედიმ დათვალა, როცა ერთ ადგილას დახვავებული იხვების დამუშავება და შებოლვა დაიწყო. ფილიპინური იხვისგან მეკობრეები მშვენიერ კერძებს ამზადებენ. მართალია, ეს ზღვის იხვი თევზით იკვებება, ამიტომ მის ხორცსაც თევზის გემო დაჰკრავს, მაგრამ დამიჯერეთ, კვირების განმავლობაში მხოლოდ თევზით გაჯერებულ მენიუში ამ ცვლილების შეტანით ბედნიერები ვიყავით.
ყველაზე გახარებული მაინც კაპიტანი ჯონ გოუ ჩანდა, რომელმაც ქალის მონაყოლი ყურადღებით მოისმინა. მეც სამჯერ ზედიზედ მუჯლუგუნებით მადლობა გადამიხადა. ასე მითხრა ამ ქალის წყალობით ჩვენ დიდ საქმეებს დავატრიალებთ და უბრალო სავაჭრო გემებს კი არა თვით მეფისა ან იმპერატორის გემებსაც კი გავძარცვავთო! ჰანაიზერას მიმართ ყველა პატივისცემით განიმსჭვალა. საწყალმა ამ ამბის შემდეგ შვებით ამოისუნთქა და ადრინდელივით აღარ ეშინოდა, თუმცა გვერდიდან მაინც არ მშორდებოდა. როცა გემბანზე გამოვალ და ვხედავ, გემი ცხვირით როგორ მიაპობს ზღვას, ხშირად ვფიქრობ ხოლმე: - რა ჯობს მეკობრეებთან ცხოვრებას - ზღვა, გემი, ჰანაიზერა და ყოველდღე ახალ-ახალი ფათერაკები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს