მამაოს ველაპარაკე... უცხოეთში უნდა წავიდე, ოჯახი უნდა გადავარჩინო-მეთქი. დაანგრევო, მითხრა. შევკრთი. ვუყურე, ვუყურე, მერე მოწყვეტით ხელებში ჩავრგე თავი და ხელები ვიჭირე და ვიჭირე სახეზე. ყბა მიკანკალებდა, ვტიროდი, ეკლესიაში ღრიალი მერიდებოდა. თავი ავწიე... კედელს მივაშტერდი... და მამაომ განაგრძო. ცოლ-ქმარი ყოველდღიურად ერთად უნდა იყოს, ყოველი დღე მათ შორის დისტანციას ჯერ აჩენს და მერე ზრდის, შენ რომ იქიდან ჩამოხვალ, ის უკვე შენი ქმარი აღარ იქნება, ერთმანეთს ვეღარ იცნობთო, ერთ სახლში ისე ივლით, საერთოს ვერ ნახავთო. გამეცინა. გადასახადები გამახსენდა. ეგ ხომ გვექნება-მეთქი საერთო. ისევ ტირილი ამივარდა. როგორ მინდოდა მივხუტებოდი მამაოს და ისე მეტირა, მაგრამ მამაო იყო და ვერ მივეხუტე, ჩემი ხელების მეტი დასაყრდენი ისევ არ დამრჩა და დავეყრდენი და დავეყრდენი, ნეტავ ჩავმძვრალიყავი ამ ხელებში. როცა ძალიან მიჭირდა, თვალებს ვხუჭავდი, ჩელენტანოს ვირთავდი და დავდიოდი ჩემს ახალგაზრდობაში, ხელებს ვშლიდი და ვცეკვავდი, ბაღებში, სკვერებში, ქუჩებში და ხალხი მიყურებდა და მიღიმოდა, ჩემს წარმოსახვაში ჩემი ქმარიც იქ გავიცანი, მიყურებდა, მეც ვუყურებდი და ვცეკვავდი, ვუცინოდი, ისე მიყურებდა, სახეს ვერ ვიჭერდი და მეცინებოდა და ასე გაცინებული ვცეკვავდი, მერე სახლში გამომაცილა და სახლამდე მისვლამდე ვიცეკვეთ... მუსიკა არ გვქონდა. ვღიღინებდით და ვცეკვავდით. სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად იყო. ხანდახან ვფიქრობ, როგორ დავეცემი, სად დავეცემი... წარმომიდგება ხოლმე, რომ ბანკის წინ დავეცი. ზურგით გადავვარდი, დაცემისას ფეხები ავიქნიე, მერე ტყაპუნით დავაგდე და მუცელი კიდევ დიდი ხანი მიფამფალებდა. ჩემი დაცემაც ისეთივე მახინჯი იყო, როგორც სხვა ყველაფერი, ჩემი სახლი, ჩემი საწოლი, ჩემი ქმარი, როცა დაწოლისას მარცხენა მხარეს ტრიალდებოდა და იკუნტებოდა, ნაჭუჭში ჯდებოდა და იქ ჩემი ადგილი არ იყო. თავიდან მაკანკალებდა, ზუსტად ორი ცრემლი მომდიოდა, მერე ავდექი და დაწოლისას არ შევდიოდი. კუხნაში ვიყავი და როცა უკვე დაიძინებდა, მერე შევდიოდი, მერე ვწვებოდი.
,,ის შენი ქმარი აღარ იქნება"
ახლა რაღაც კიდევ არის. გუშინ - ვაიმეო და მჯდომიარეს გულზე მიმადებინა თავი, მეც ავვტირვტირდი, ბავშვივით დავიწყე ტირილი, გული რომ ამოუჯდება და თითქოს ყოველ 3 წამში თავიდან იწყებს ტირილს.
ჩემი ქმარი ჩემი აღარ იქნება. ჩემი მხრებში თავჩარგული, მოკუნტული, სკამზე უხერხულად მჯდომარე, კოვზიც ისე უჭირავს ხოლმე, თითქოს აქ აღარსად მისი ადგილი არ არის. დანაშაულის გრძნობას ვერ გაურბის. უნდა ვიხსნა. ამ ტანჯვისგან უნდა ვიხსნა და ნუღარ იყოს ჩემი ქმარი. ღმერთო! რას ვამბობ! ვაიმე! ვაიმე! ვაიმე! ვაიმე! შვილებო! ჩემო გატანჯულო შვილებო! ღამის მთეველო! ყუთების მაზიდარო! ლექციებზე ვერწასულო შვილებო, მოგიკვდეთ დატანჯული დედა! ქმარი... ქმარი თუნდაც ნუღარ იყოს ჩემი ქმარი... ვაიმე! რას ვამბობ, ხალხო, რას ვამბობ, მემგონი გავგიჟდი! ყოველდღე დავურეკავ. არა, დღეში ბევრჯერ დავურეკავ, ყველაფერს მოვუყვები, როგორ გამიუცხოვდება, იქიდან ვეტყვი, რომ როცა ჩამოვალ, ვიცეკვებთ ქუჩაში, ჯანდაბას ჩვენი ასაკი, ჯანდაბას ყველაფერი, ოღონდ გადარჩეს... რომ აღარ მიპასუხოს. რომ მითხრას, არ მცალიაო. რომ მითხრას, რას შემაწუხე ყოველდღე ერთი და იგივეს მოყოლითო. ,,გამოვუცვალე", ,,ქართული სიტყვები ვასწავლე", ,,გავასეირნე", ,,დავბანე", ,,კარგად ვარ", კარგად ხარ და იყავი კარგად, მე არ ვარო, რომ მითხრას. იქნებ მართლა წავიქცე, იქნებ შემიცოდონ... ეეეეჰ... თინა, თინა, თინა... ჩავლილია ყველაფერი, გავლილია ყველაფერი... აღარაფერი აღარ არის და ახლა ადექი და იგლოვე... შვილების ჩახუტება რომ მოგინდება, მუცელზე დაიდე ხელი, იქ იგრძნობ, იქ ნამდვილად იგრძნობ... მერე მოიკუნტე, მოიკუნტე, მოიკუნტე, მუცლიდან არ გაუშვა... შვილებს მანდ რა უნდათ, შეგრძნება არ გაუშვა, თინა...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კი, ლელა, მე ვარ.
მადლობა, ძალიან გამახარა თქვენმა შეფასებამ. კი, ლელა, მე ვარ.
მადლობა, ძალიან გამახარა თქვენმა შეფასებამ.
4. ერთი ნინია ყოჩიშვილი ვიცი, ლეიკემიით დაავადებული მეგობრის გადასარჩენად წამოწყებულ აქციებში აქტიურობს . თქვენ ხართ? ერთი ნინია ყოჩიშვილი ვიცი, ლეიკემიით დაავადებული მეგობრის გადასარჩენად წამოწყებულ აქციებში აქტიურობს . თქვენ ხართ?
3. ინდივიდუალური ხელწერა გაქვთ და კარგადაა ჩანაფიქრი შესრულებული ინდივიდუალური ხელწერა გაქვთ და კარგადაა ჩანაფიქრი შესრულებული
1. როცა გადარჩენას და დანგრევას ერთი ფასი აქვს...
როცა გადარჩენას და დანგრევას ერთი ფასი აქვს...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|