ნაწარმოებები



ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2019


სარდაფის ცოლები "აბელია"

***
თეთრი სოფელია  აბელია.
სახლებს კრამიტებზე ლოლოები
წვეთებს იგროვებენ, წამლებიან
გულებს ვახველებთ... და
ვბოლოვდებით.

გულებს ვახველებთ და ვბოლოვდებით.
მზე სახატავიდან რა ბევრია.
კისრის საკიდებთან
ლოლოები,
ამაგრია.

***
...თეთრი სიყვარული, ზეწრებიდან
ნუშის სახამებლის ქათქათები,
ცხელი სხეულებით
შვილებია...
მერე  ვამთავრებდით.

***
აქ, მზეგამოწელილ ლოლოებით,
კრამიტს ვეკიდებით ღარებიანს.
შიშისხელებიან სიზმრებისგან
გვამებს მშობიარობს აბელია.

ცეცხლთან რიტუალი საორმოცე,
მიწა სწორია და სამკუთხედი.
შიშის ცხოველები დამწვარია
ფერფლი სუფრაზეა ნაკურთივით.

ჩვენი ხმებია თუ კატებიდან ავი სულებია
ამომხტარი. სუფრას შემოუვლის ექვსფეხიანს
კაცი  ბუტბუტით და ცელის ტარით.

***
დრო და დრო სიცივეში ვტრიალდებით.
ცივი სოფელია, აბელია...
სახლიდან გამოპარულ ყინულებში
მზე, სახატავიდან რა ბევრია.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები