 | ავტორი: შირო ჟანრი: პროზა 20 იანვარი, 2019 |
***
„გააღვიძეთ პატარძალი, დაუვარცხნეთ თმები, თოვლის ფიფქით დაუმშვენეთ კისერი და მხრები...“ ნისა შეიშმუშნა, ძლივს გამოერკვა ბურანიდან, თმა სახიდან გადაიყარა და ლოგინზე წამოჯდა. თეთრად მოფარფატე პაწია ფურცლებმა თოვლი მოაგონეს, მერეღა მიხვდა, რომ ალუბლის ყვავილები თოვდა მის თავზე. - გაიღვიძე, ძილისგუდა, გაიღვიძე. მზემ დაგასწრო ადგომა. სიძე კი უნდა ალოდინო, მაგრამ ისეც არა, შენი წაყვანა გადაიფიქროს. თამთიკე ხტოდა აქეთ-იქით, ნისას მოქარგული შინდისფერი კაბა ეცვა. თმებში იები ჩაეწნა და თვალები უბრწყინავდა. - გეყოფა, მეზობლებს გააღვიძებ. - ადექი, ზარმაცო. სულხანი სადაცაა მოვა. სად არის შენი კაბა, რატომ მიმალავ? - არავინ არ უნდა ნახოს. ცუდის ნიშანია. - საკუთარმა დამაც? ადექი, მალე ჩაიცვი. სული დამელია. - ვდგები, ჰო, დამაცადე. - ეზოს მოვრთავ. სანამ შემოვბრუნდები სახლში, ჩაცმული დამხვდი, თორემ ვერ გადამირჩები. - კარგი, ჰო, კარგი. ოთახის კარი ჭრიალით გაიხურა, მერეც დიდხანს ისმოდა მისი წკრიალა ხმა: „პატარძალი დაიმშვენებს თოვლივით თეთრ ფატას და სასიძო შემოირტყამს ოქროს მძიმე ქამარს...“ ,,სულელი" გაიფიქრა ნისამ და თავი გადაიქნია. ადგა, წყალი შეისხა პირზე და სარკის წინ დადგა. თმა გიშრის ჩარჩოდ ევლებოდა რძისფერ სახეს, თვალები უბრწყინავდა. პირველად ცხოვრებაში - ბედნიერი იყო. ,,დღეს სხვა ცხოვრება იწყება. დღეიდან აღარასოდეს ვიტირებ..." სკივრთან მივიდა, ვერცხლისფერი კაბა ამოიღო. მზის სხივებზე ათასფერი ნაპერწკალი ათამაშდა ჰაერში, მხიარულად გახტნენ თევზები აქეთ-იქით. ,,ამ დღისთვის, დედა? სულ მეგონა, რომ ამ კაბის ჩაცმას ვერ ვეღირსებოდი. ხომ ბედნიერებას მომიტანს? მერე რა, რომ ვერ დავამთავრე..." გადაიძრო პერანგი და კაბა გადაიცვა. ცივი სიგლუვე შემოეტმასნა ტანზე, უნაზესი ქსოვილი მის ყოველ ნაკვთს იმეორებდა, თითქოს ვიღაც უხილავს ზედ შემოეკერა. ჩამოჯდა, კანკალმა აიტანა. რაღაც რიგზე ვერ იყო, მაგრამ მაინც... დღეს მისი დღე იყო და ნისა არაფერს მისცემდა უფლებას, ჩაეშხამებინა. თამთიკეს მოტანილ ყვავილებში პაწაწინა ატმის ყვავილები აარჩია, ტოტზე მიჯრით ასხმული. საფეთქელთან ჩაიმაგრა და მძიმე, სქელი თმა ჩამოუშვა მხრებზე. „პატარძალი, პატარძალი, თეთრი თოვლის ქალწული, დღეს უმწიკვლო გოგონა ხვალ გახდება ცოლი. და დატოვებს სახლს თეთრი გოგო - ქალწული. ისე გამიფრინდება, როგორც დილის ვარსკვლავი...“ - ნუ შეყარე ქვეყანა, თამთიკე. - შემოვიდე? - შემოდი. ყვავილებით სავსე სინი გაუვარდა გოგოს ხელიდან, გაშტერებული იდგა, თვალსაც კი არ ახამხამებდა. - როგორია? - ულამაზესი. აქამდე არ მეგონა, ასეთი მშვენიერი თუ იყავი. - ხომ იცი, ერთმანეთს ვგავართ, ცრემლის წვეთებივით... დები ერთმანეთს ჩაეხუტნენ. - დაიკო, არ მინდა, რომ წახვიდე. - შორს ხომ არ ვიქნები, აქვეა სულხანის სახლი, გზის გადაღმა. - და ხშირად მოვალ ხოლმე... - შენც წამომყევი, ერთად ვიცხოვროთ. - არა, პატარძალი შენ ხარ. მე აქ ვიქნები, ჩვენს სახლში. ნეტავ, დედა გვხედავდეს ახლა... - დიდხანს არც შენ გაგაჩერებს აქ ელიაზარი. - არამგონია... - ცუდზე ნუ ფიქრობ. - ჰო, მართლა, სანამ დამავიწყდება. ჯიბიდან მოჩუქურთმებული ზარდახშა ამოიღო. ყვავილები და პეპლები თითქოს ხეში სუნთქავდნენ. - გუშინ შემხვდა. ეს მომცა შენთვის. დავუგვიანეო, ბოდიშიც მოიხადა. საქორწილო საჩუქარია. - მადლობას ვეტყვი. ქორწილში ხომ მოვა? - არ ვიცი, ამ ბოლო დროს სულ სადღაც იკარგება. თამთიკე სულ ახლოს მივიდა, კოპწია ცხვირი ლოყაზე გაუხახუნა და შუბლზე აკოცა. - ძალიან მიყვარხარ, ეშმაკის ფეხო. დღეს ყველაზე ბედნიერი უნდა იყო.
***
- და მე ვერაფერი ვეღარ ვუშველე ბექას ცოლს. საერთოდ ვერაფერი... გაშეშებული იწვა ელიაზარი. ჰაერი თითქოს დამძიმდა, სუნთქვა უჭირდა. მხოლოდ მედეას სუნს გრძნობდა - მირტის, შროშანის, ბალახის და მზეჩამდგარ სუნს. გულზე მტკივნეულად უჭერდა ვიღაცის მძიმე, ძლიერი ხელი. ღრმად ჩამოისუნთქა და ქალის თმებში ჩარგო თავი. ახლა სულაც აღარ ეჩვენებოდა მედეას სხეული ცივად, პირიქით. - და ამდენი ხანი სულ მარტო იყავი? - კი. თუმცა... აზრაილი მყავს. ჩემი გაზრდილი კატა. დემნა მყავდა, ყოველდღე ველაპარაკებოდი, მერე რა, რომ არ მპასუხობდა და... - და? - წყალი. მორევის მუქი, შავი წყალი. - დემნაზე კიდევ მომიყევი. - დემნა ბედნიერი ადამიანი იყო, უყვარდა და სიბილასაც უყვარდა. - და ორბელი... წარბები შეჭმუხნა მედეამ. ერთადერთი, რაც ელიაზარს არ მოუყვა, ის იყო, რომ ორბელი ბექას შტოს უკანასკნელი წარმომადგენელი იყო. - ორბელმა მიიღო თავისი სასჯელი. ახლა უკეთეს ადგილზეა, ისევე, როგორც შენი ძმა. - შენ საიდან იცი? - ადამიანები ვერაფერს ხედავთ, ვერაფერს ამჩნევთ. თუ გინდა, ორბელის საფლავს ააკითხე, მასზეც ნუში დგას, მიდი სულიდან ამოიზარდა. - რა იცი? - თუ ღამით ყურს მიუგდებ, გაიგონებ, როგორ ჩურჩულებენ ერთმანეთის სახელებს მარიამისა და ორბელის ხეები. - და... ჩემი ძმა? - შენი ძმა და სიბილაც ერთად არიან. დედაშენმაც დაიბრუნა შვილი, ახლა მის საფლავს მოუვლის და იმედი ექნება, რომ სიკვდილის შემდეგ შეხვდება. გაზაფხული ბუნების სასწაულია, არა? ყველაფერი თავის ადგილას დააბრუნა. ამ დროს მეც მგონია, რომ ჩემთვისაც არსებობს იმედი. - და რატომ არ უნდა არსებობდეს? - მე ჩემს ბუნებას ვუღალატე. სიყვარულისთვის შექმნილმა ადამიანი მოვკალი, ამიტომ განმირისხდა ბუნების ძალა. - არ მოგიყოლია, ვინ გაგზარდა, ან როგორ გადარჩი. - მაგას მერე მოგიყვები. ჯერ საჭირო არაა... - მართლა მგონია, რომ ნამდვილი არ ხარ. - უნდა დაიჯერო, ელიაზარ. შენ ერთადერთი ხარ, რამაც ამდენი ხნის მერე დამაბრუნა მიწაზე. ზოგჯერ საკუთარი არსებობის მეც არ მჯერა, ვუყურებ ჩემს თითებს, ჩემს თვალებს და გამჭვირვალედ მეჩვენება. მგონია, რომ ერთ დღესაც აღარაფერი დამაკავებს მიწაზე და თოვლივით გავქრები... ამდენი ხნის შემდეგ მხოლოდ შენთან შემიძლია ყოფნა. ყველაფერი და ყველა გულს მირევდა, არავის მოშვება არ მინდოდა ჩემამდე. როცა ჩემი კოშკიდან ცვიოდნენ კაცები, მე მხოლოდ ვიცინოდი, ყელს ზემოთ ვიცინოდი და ეს სიცილი მსუსხავდა, გულში კი ქარიშხლები დათარეშობდნენ. შენ თუ არ დაიჯერებ... შენთვის თუ არ ვიქნები, ვეღარ გავუძლებ და მართლა გავქრები... სისხლი მოჟონავდა მედეას თვალებიდან. ამ წამებში ისეთი ახლობელი იყო ელიაზარისთვის, ისეთი უსუსური და დაუცველი. უნდოდა ხელები მოეხვია, რამით ენუგეშებინა, მაგრამ რაღაც არ უშვებდა, ხელებს უბორკავდა, ამიტომ თვალები ისევ მზეს მიაბჯინა. თბილი თითების შეხება იგრძნო საფეთქლებთან, თმაში შესრიალდნენ თეთრი გველები, ნაზად ჩამოუყვნენ სახეს და ყელთან შეჩერდნენ. საკუთარი სისხლის ფეთქვა იგრძნო, ყელში მოებჯინა ცრემლები და რომ არ შერცხვენილიყო, თვალები მაგრად დახუჭა. უნაზესი, რბილი ტუჩები შეეხო მის შუბლს. - ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარ... დუმილი უსერავდა ენას. ,,რა მჭირს, ხმას რატომ ვერ ვიღებ..." - ახლა წადი. სოფელში გელოდებიან.
***
უგემურად სვამდა ღვინოს. უკვე ჩამობნელებულიყო, დიდი კოცონი ისროდა ნაპერწკლებს და მის გარშემო მოცეკვავე ხალხი ლანდებს დამსგავსებოდა. ელიაზარს უჭირდა ვინმეს გარჩევა, მხოლოდ ნისას კაბა ბრწყინავდა სიბნელეში. - ელიაზარ... თამთიკემ ხელი მოჰკიდა და ჩაბნელებული კუთხისკენ გაითრია. წაჰყვა, ფეხები უკან რჩებოდა. - რა გემართება? - არაფერი. ვიწრო, გაზიდული წარბები შეიჭმუხნენ, პატარა ცხვირი უფრო აეპრიხა. - რატომ მერიდები? - არ გერიდები. - ელიაზარ... ძლივს გაბედა და თვალი გაუსწორა. ნაცნობი ჭიაკოკონა ელავდა გოგოს თვალებში. - გიყვარვარ? პირი გააღო, მაგრამ სიტყვები სადღაც ხორხში გაეჩხირა, ძლივს ჩააბრუნა უკან. ხელი მოხვია თამთიკეს, მიიზიდა და აკოცა. თბილი გაზაფხულის საღამო იდგა, ამიტომ არავინ ელოდებოდა უცბად მოვარდნილ ჭექა-ქუხილს. ცა ავად შეიბურა, კოკისპირული წვიმა წამოვიდა და ყველა სულხანის სახლში შეიყუჟა. - სტუმარს მიიღებთ? კანი აეხორკლა ელიაზარს, მთელს ტანში გააცია. ნელა, ძალიან ნელა შემოტრიალდა. შემოღებულ კარში იდგა მედეა, ხელში სიშავემდე წითელი ვარდების თაიგული ეჭირა და იღიმებოდა. ჩურჩული ატყდა, ყველა ერთმანეთს ეკითხებოდა, ვინ იყო სტუმარი. მედეა ნისას მიუახლოვდა, ნეფე-პატარძალი რაღაცით ღაბუა მტრედებს წააგავდნენ. - საჩუქარი მაქვს შენთვის, დედოფალო. შენს კაბას რაღაც აკლია, ხომ ასეა? ღიმილით მოიხსნა ალმასის დიადემა და ნისას დაადგა თავზე. შემდეგ თამთიკეს და ელიაზარს მოუტრიალდა. - თქვენთვისაც მომეძებნება რაღაც. ვარდების თაიგული გადმოუგდო თამთიკეს, დაიჭირა გოგომ და შეჰყვირა - თითში ეკალი შეესო. გაშეშებული იდგა ელიაზარი, ნისაც გაოგნებული იყურებოდა. უცებ მედეასთან სიბილას აჩრდილს მოჰკრა თვალი, დედამ თავი ოდნავ დაუქნია და წამსვე მოეგო გონს, ახლა უკვე იცოდა, რა უნდა ექნა. - ასეთი ძვირფასი საჩუქრისთვის, სამაგიერო უნდა გადაგიხადოთ. აიღეთ... ორბელის დანატოვარი კოლოფი გაუწოდა. მედეამ ჯერ გაოცებული მზერა მიაპყრო, შემდეგ გაუწოდა რძისფერი, ცისფრად დაძარღვული ხელი და თან ჩურჩულით ჰკითხა - იცი, ეს რა არის? - არა, მაგრამ ვიცი, რომ შენია. ,,მადლობა" - უხმოდ წაიჩურჩულეს გამომშრალმა ტუჩებმა. მედეა კაბის შრიალით შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა. ნისამ თვალი შეასწრო, როგორ მოიწმინდა თვალებიდან წითელი ცრემლები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. შირო, ცილისწამებაში რომ არ ჩამომერთვას, "ნივთმტკიცებას' წარმოგიდგენთ. :)
ეს კომენტარი მე-9 თავთან დევს. ვინაიდან იქ უკვე ბევრი ქულა მჭირდება, აქ განვათავსებ. :)
26. ნინია ყოჩიშვილი
არა, ბოლოს ხვალ დავდებ, ნინია ♥ შირო. 2019-02-01 12:13:19
ეგ 1 თებერვალს იყო, შირო და აბა "ხვალე" სად არის?! :) :) შირო, ცილისწამებაში რომ არ ჩამომერთვას, "ნივთმტკიცებას` წარმოგიდგენთ. :)
ეს კომენტარი მე-9 თავთან დევს. ვინაიდან იქ უკვე ბევრი ქულა მჭირდება, აქ განვათავსებ. :)
26. ნინია ყოჩიშვილი
არა, ბოლოს ხვალ დავდებ, ნინია ♥ შირო. 2019-02-01 12:13:19
ეგ 1 თებერვალს იყო, შირო და აბა "ხვალე" სად არის?! :) :)
11. ჰარირამა
როგორ მიხარია ♥♥♥ ჰარირამა
როგორ მიხარია ♥♥♥
10. გარედან კი მქონდა წაკიტხული , მაგრამ არ მქონდა შეფასებული, როგორც ველოდი ისეტი კარგი, არა უფრო კარგი თავი იყო:) გარედან კი მქონდა წაკიტხული , მაგრამ არ მქონდა შეფასებული, როგორც ველოდი ისეტი კარგი, არა უფრო კარგი თავი იყო:)
9. 20 იანვრიდან 5 დღე გავიდა, მგონი მეცხრეს დროა, სანამ პერსონაჟები სულ დამვიწყებია და ამრევია უფრო მეტად :) 20 იანვრიდან 5 დღე გავიდა, მგონი მეცხრეს დროა, სანამ პერსონაჟები სულ დამვიწყებია და ამრევია უფრო მეტად :)
8. საინტერესოა. :)
ბანალური იქნება კიდევ ერთხელ რომ დავწერო, შესანიშნავად წერ.
აბა, უკვე ველოდები მეცხრე თავს. :)
5 საინტერესოა. :)
ბანალური იქნება კიდევ ერთხელ რომ დავწერო, შესანიშნავად წერ.
აბა, უკვე ველოდები მეცხრე თავს. :)
5
7. ნ-ი-კ-ი
მთლიანობაში წაკითხვა მეც მინდა :) ♥ მადლობა ნ-ი-კ-ი
მთლიანობაში წაკითხვა მეც მინდა :) ♥ მადლობა
6. ნ-ი-კ-ი
მთლიანობაში წაკითხვა მეც მინდა :) ♥ მადლობა ნ-ი-კ-ი
მთლიანობაში წაკითხვა მეც მინდა :) ♥ მადლობა
5. ოხ შირო, შირო ფლორენციასი არ იყოს მეც მერევა უკვე სახელები მთლიანობაში კი საინტერესოდ წერ კარგია
მერე ერთი თავიდან ბოლომდე უნდა გადავიკითხო მთლიანობაში :) ოხ შირო, შირო ფლორენციასი არ იყოს მეც მერევა უკვე სახელები მთლიანობაში კი საინტერესოდ წერ კარგია
მერე ერთი თავიდან ბოლომდე უნდა გადავიკითხო მთლიანობაში :)
4. მირტი არ ვიცოდი რა იყო- დაფნის მსგავსი მცენარე ყოფილა :)
იმედია, ქორწილის ეპიზოდი ჯერ არ დასრულებულა, თორემ მგონია, რომ რაღაც დააკლდა.
მირტი არ ვიცოდი რა იყო- დაფნის მსგავსი მცენარე ყოფილა :)
იმედია, ქორწილის ეპიზოდი ჯერ არ დასრულებულა, თორემ მგონია, რომ რაღაც დააკლდა.
3. მოგყვებით.
ილუსტრაციებიც მომეწონა :) მოგყვებით.
ილუსტრაციებიც მომეწონა :)
2. ფლორენცია
არა. ბექა ძალიან დიდი ხნის წინ იყო, შთამომავალია უბრალოდ ორბელი. ბევრი თაობა გავიდა მას შემდეგ, ბექას ორი შვილი დარჩა და მათ გააგრძელეს ხაზი ♥ ორბელის მამა სხვანაირად დაიღუპა. ფლორენცია
არა. ბექა ძალიან დიდი ხნის წინ იყო, შთამომავალია უბრალოდ ორბელი. ბევრი თაობა გავიდა მას შემდეგ, ბექას ორი შვილი დარჩა და მათ გააგრძელეს ხაზი ♥ ორბელის მამა სხვანაირად დაიღუპა.
1. დაძაბულად და ამავდროულად საინტერესოდ ვითარდება სიუჟეტი. როცა მოვიცლი სახელები უნდა ჩამოვწერო თორემ ამ თავსი უკვე ამერია ერთმანეთში. როგორც მივხვდი ბექა ორბელის მამა იყო ხო? დაძაბულად და ამავდროულად საინტერესოდ ვითარდება სიუჟეტი. როცა მოვიცლი სახელები უნდა ჩამოვწერო თორემ ამ თავსი უკვე ამერია ერთმანეთში. როგორც მივხვდი ბექა ორბელის მამა იყო ხო?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|