| ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 21 იანვარი, 2019 |
იმ სიზმარში, მე რომ წუხელ შეგიფარე უსაშველოდ, უსაშველოდ წვიმდა კარგო... და მე ისე შესაშურად ავიტანე მხრებზე შენი მძიმე სუნთქვა, თითქოს სარგო სხვა სამოსი არც ყოფილა ჩემთვის ქვეყნად. სხვანაირად მიხდებოდა შენი სუნი... ღიმილები ისე ძლიერ შემცივნული, აცეტილი, ალეწილი ხშირი მზერა და ოთახში გაფანტული ცხელი გულის სხვანაირად ონავრული "ფოთოლცვენა." გაზაფხული გიელავდა წამწამებთან იმ წვეთებით ნაადრევად შევერცხლილი... შემიტია მე სურვილმა შენი კოცნის, ამიტანა მთელი ვნებით და შეშლილი ის ზმანება ავიყოლე სიგიჟეში... ფორიაქთან, ფანჯრის მიღმა ტკბილ წყვდიადში, სუსტი იყო ყოველგვარი ღრუბლის თქეში... და მე ისე შემეშინდა გათენების და სიცივის მტკენი ხმების, მხოლოდ შენთვის... შემეშინდა ერთ დღესაც რომ ვერ მოგძებნი... და მომინდა მე შევკროდი გიჟ ღამეს და ხმაურიან, თავაშვებულ სველ სიბნელეს, რად მიღირდა აბა მე დღე უშენო და ანდაც ის მზე ცარიელად რომ იმღერებს უეჭველად, უეჭველად ყალბ ნოტებით?.. იმ სიზმარში, მე რომ წუხელ შეგიფარე უსაშველოდ, უსაშველოდ წვიმდა ჩემო... და მე ისე შესაშურად შემოგხვიე ეს მკლავები დამწველ ვნებად, თითქოს გემო ყველა გრძნობის ჩემს ხელთ იყო და შენ გეძღვნა... და შენ გეძღვნა მარადისად!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|