ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2019


ეს - მაგრამები

ნინო დარბაისელი

ეს -  მაგრამები
- -

ლუკმა პურივით, 
ყლუპი წყალივით ან ჰაერივით
უცებ რაღაცა რომ დაგჭირდება,
მაგრამ მაინც არ სთხოვ მეგობარს.

არ სთხოვ მეგობარს,
მაგრამ  გპირდება.

გპირდება, 
მაგრამ არ შეგისრულებს.

არ შეგისრულებს,
მაგრამ  ხმასაც არ გაგაგონებს.

არ გაგაგონებს,
მაგრამ ფიქრობ, ვერ მპოულობსო.

ვერ მპოულობსო
მაგრამ  რწმუნდები,
შენ გარდა  ყველას ეხმიანება,
ამაოდ წვალობ,
ყველა ჩვეული და უჩვეულო გზით ხმა მიაწვდინო,
ის კი მაინც არას გპასუხობს.

არას გპასუხობს,
მაგრამ გონებას გული ამტყუნებს,  მკაცრი ნუ ხარო.

მკაცრი ნუ ხარო,
მაგრამ გონება დაიჟინებს,
სუყველაფერი
თავიდან უნდა გაისინჯოსო.

გაისინჯოსო მეგობრობის მთელი ამბავი,
იქნებ სადმეა, სიბნელეში მიყუჩებული  რაიმე ხინჯი,
მაგრამ  ვერ აგნებ.

ვერ აგნებ,
მაგრამ  გულს  გონება ვეღარ ენდობა.

ვეღარ ენდობა,
მაგრამ გული მაინც არ იშლის,
ღამის ნაფიქრალს ნუ დაუჯერებ, დილამდე მაინც
დავიცადოთო.

დავიცადოთო?!
იცის გონებამ,
რომ დილა ღამეს - ყოველთვის არ სჯობს
და გათენება - უარესია
და
ქვეყნად ყველა დასაკარგავიც - დაკარგვამდე დაკარგულია.

სული - გაუძლებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები