ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: შირო
ჟანრი: პროზა
29 იანვარი, 2019


მორევი IX

***

სარკესთან იჯდა მედეა, გრძელი თითებით ათამაშებდა ხის კოლოფს და მთვარის შუქი დასთამაშებდა სახეზე.
,,ნუთუ ასე დასრულდება ყველაფერი? ახლა მთავარია, გავხსნა. მართლა მარგალიტები იქნება შიგნით?... მერე ელიაზარი?"
- მედეა!
ხავერდოვანი, შემპარავი, თაფლივით ტკბილი ხმა მოესმა. აქეთ-იქით შეტრიალდა, მაგრამ ვერავინ დაინახა. მთელი სხეული დაეძაბა, სუნთქვაც კი შეიკრა, რომ ხმა კარგად გაეგონა.
- მედეა, შემომხედე!
საშინელმა ეჭვმა შეიპყრო, წინასწარ იცოდა ვინც დახვდებოდა და მაინც გახედა სარკეს. არც შემცდარა, ოქროსფერი თმები ლივლივებდნენ, იღიმებოდა სარკის ქალი.
- არ მითხრა, რომ ვერ მიცანი.
აკანკალებული ხელი ძლივს ასწია. ცივი სარკის ზედაპირს რომ შეეხო, ალივლივდა გამოსახულება, გადნა და ოთახში სარკის ქალი გადმოვიდა. ძალიან ჰგავდა მედეას, მხოლოდ თმები ჰქონდა მწიფე ხორბლისფერი. მწვანე თვალები ანათებდნენ ხშირი წამწამების ჩრდილიდან.
- არ მელაპარაკები?
- ამდენი ხნის შემდეგ... ახლა რატომ მოხვედი?
- არ მოგენატრე? ბოლო ბოლო, მე გაგზარდე.
მედეა კიდევ ერთხელ დაბრუნდა წარსულში. გონებაში ათასფრად ათამაშდნენ სურათები.

მგელმა მაღალ კლდეზე აიყვანა ჩვილი, ირგვლივ თოვლისა და ყინულის მეტი არაფერი ჩანდა. მხეცის ამონასუნთქი ლამის წამსვე იყინებოდა და ფიფქებად ცვიოდა, სიცივისგან ატირდა ბავშვი. კლდის ტახტზე იჯდა ოქროსფერთმიანი, შიშველი დალი. ორი მგელი გასწოლოდა ფეხებთან, მხოლოდ ამ ადგილას იყო სიმწვანე, ყვავილები ყვაოდნენ. ფრთხილად დადო მის ფეხებთან ნაჭრებში გამოხვეული მჩხავანა არსება. გაოგნებული უყურებდა დალი ბავშვს, რომელიც სიცივისგან თითქმის გალურჯებულიყო. ხელში აიყვანა, გულზე მიიკრა, დაარწია და აღიღინდა. ბავშვი დამშვიდდა, მუქი თვალები შეანათა ქალღმერთს და საკუთარი თითის წოვა დაიწყო.

ლურჯ პეპელას მისდევდა მედეა, ყვავილების კაბა ეცვა. მაგრად ჩაწნული თმები კეფაზე ჰქონდა დაგრაგნილი, იცინოდა და ხელებს იქნევდა. კლდის პირას მივიდა თამაშ-თამაშით, ისე გაერთო, დაბლა აღარ იყურებოდა. ის ის იყო, ფეხი უნდა დასცდენოდა, რომ დალის კივილმა კლდეები შეაზანზარა. ბავშვს მივარდა და ხელში აიტაცა. ატირდა პატარა, ცრემლებმა დაუსველა ლოყები. თითქოს ჰაერიდან გააჩინა, ალმასის კენჭები ჩაუყარა ქალღმერთმა ხელებში, ფერადმა ნაპერწკლებმა თვალი მოსჭრა ბავშვს და მხიარულად აჭყლოპინდა.

- რატომ ვერ გავაცოცხლებ?
შვლის ნუკრთან ჩამუხლულიყო მედეა. ცრემლები უსველებდა მშვენიერ თვალებს. ჭრილობიდან ამოღებული ისარი ეჭირა ხელში, სისხლი წვეთავდა მიწაზე.
- ყველაფერს თავისი ფასი აქვს, თუ მისი გაცოცხლება გინდა, შენი სიცოცხლე უნდა დათმო. ერთის სიცოცხლე - მეორის სანაცვლოდ.
წარბებშეკრული დაჰყურებდა დალი პატარა გოგოს, რომელმაც პირველად იხილა სიკვდილი. შიში ჩაუდგა ირიბად აჭრილ თვალებში მედეას და ააცახცახა.
- ანუ მე უნდა მოვკვდე?
- კი, თან შენი ნებით, ყოყმანის გარეშე. ადექი, შვლის ნუკრის გამო ვერ მოკვდები. ადამიანები მას მაინც მოკლავდნენ ადრე თუ გვიან.
- რატომ?
- ყოველთვის კლავენ. განადგურების მეტი არაფერი იციან. იცოდე, მედეა, არც ერთ ადამიანს არ უნდა ენდო. მატყუარა და მოღალატეა კაცთა მოდგმა, ისე გაგწირავს, თვალს არ დაახამხამებს. მეც ასე დამემართა, მას შემდეგ დავიდე კლდეებში ბინა. მე შენ ბუნების საიდუმლოებები გაგიმხილე, ყველა ცოცხალის ენა გასწავლე. მალე უკვდავებასაც გაზიარებ, მანამდე გაუფრთხილდი შენს თავსაც და გულსაც. ცხოველების ნუ გეშინია, მათ მადლიერებაც იციან და ერთგულებაც, მხოლოდ ადამიანებს ერიდე, მათთვის მთელი სამყაროც არაა საკმარისი...
მორჩილად უქნევდა თავს, ყველა დარიგებას ასრულებდა მანამ, სანამ ბოჩი გამოჩნდებოდა.
ცეცხლს ჰყრიდა პირიდან დალი, მისი წივილი მთებს აზანზარებდა.
- როგორ გაცვალე ჩვენი თავისუფლება ადამიანის სადგომზე, რა დაგრჩენია იქ. გულს გატკენენ, სულს დაგიმსხვრევენ და მე ვეღარ გიშველი, ნუ წახვალ, ჩემო გაზრდილო. დარჩი აქ, მთებში. ერთად გავიზიაროთ უსასრულობა...
- მიყვარს...უნდა წავიდე.
ცრემლმა იწვიმა დალის თვალებიდან, მაგრამ მაინც თავისი ხელით ჩააცვა უნაზესი, ვერცხლისფერი კაბა. საპატარძლოდ გამოაწყო და წასვლამდე საკუთარი ოქროს თმის სამი ღერი მისცა.
- თუ დაგჭირდები, თუ დაბრუნება მოგინდება, ეს თმები გამონასკვე...
იმ ღამეს, როცა მედეამ ყველაფერი დაკარგა, თავის მოკვლა უნდოდა, მაგრამ ყველაფერი გადაწონა შურისძიებამ. გაყინულ წყალში უბიდან ამოიღო დალის თმები და გადანასკვა. იმწამსვე ვიღაცის ხელები მისწვდა, ამოათრია და ცივმა ჰაერმა ჩასწვა ყელი.
- ხომ გაფრთხილებდი.
ნაღვლიანად უყურებდა ღმერთქალი.
- შურისძიება...გემუდარები...
- საფასური მძიმე იქნება.
- არ დავეძებ, მზად ვარ.
- წყევლა მაინც მოგწვდება. მე ვერ შევცვლი ვერაფერს.
- გააკეთე, რაც საჭიროა.
დალიმ საკუთარი თმები მოახვია, სიმღერა დაიწყო. სიცივე ჯერ ხელის თითებს შეეპარა, მერე ზემოთ ამოცოცდა. ასე ეგონა მთლად ყინულად იქცეოდა, დაიმსხვრეოდა და როცა ყინულმა გულამდე მიაღწია, ირგვლივ ყველაფერს ბინდი გადაეფარა. გამოღვიძებულმა საშინელი ძალა იგრძნო ხელებში, დალი ნაღვლიანად უყურებდა.
- ახლა სამუდამოდ მოგიწევს მზესთან და სითბოსთან დამშვიდობება, სანამ ვინმე არ შეგიყვარდება. ვეღარც მე გნახავ...
- მე აღარასოდეს შემიყვარდება.
- როცა გულს ერთხელ გახსნი, კარი სამუდამოდ ღია დაგრჩება... ვერ შეაკავებ. ან გაგანადგურებს, ან გადაგარჩენს.
- არა. მე უკეთ ვიცი, ბოჩი ერთადერთი იყო.
- მაშინ მშვიდობით.
და აი ახლა, ერთმანეთის პირისპირ იდგნენ.
- დიდი დრო გავიდა, მედეა.


***

შეღამდა, მთვრალი ხალხი სუფრიდან ნელ-ნელა იშლებოდა. ორღობეებში კარგა ხანს ისმოდა ღრიანცელი.
- ელიაზარ...
შეკრთა, პაწია ხელი იგრძნო მხარზე. აუტანლად მძიმე მოეჩვენა ეს ხელი.
- ელიაზარ, შემომხედე.
ცრემლებით ჰქონდა გოგოს თვალები სავსე, ტუჩები უკანკალებდა.
- რა გჭირს, გამაგებინე, რატომ გამირბიხარ. ან... ის ქალი ვინ იყო,?
ჟრჟოლამ აიტანა, კანი აეხორკლა.
- მე საიდან უნდა ვიცოდე?
- აბა რატომ გიყურებდა ასე?
- არ ვიცი. მეც შენსავით პირველად ვნახე.
- რატომ გამირბიხარ? მოხდა რამე?
- არაფერი.
- ნისას მიულოცე? იმდენი ხალხი იყო, ვერც გნახეს. წამოდი, ერთად მივულოცოთ.
მედეას დიადემა ლიცლიცებდა, ათასფერ ნაპერწკალს ისროდა. ნისა და თამთიკე ისე ჰგავდნენ ერთმანეთს. ერთი წუთით მოეჩვენა კიდეც, რომ თამთიკე უცინოდა. თითქოს ვიღაცის ხელი ჩაუძვრა მკერდში და გული მოუჭყლიტა, აუტანლად აეწვა.
- გილოცავთ, ბედნიერად შეაბერდით ერთმანეთს.
- მადლობა, ელიაზარ, საჩუქრისთვისაც დიდი მადლობა.
- მოგეწონა?
- ულამაზესია. ჯერ ხომ არ მიდიხარ? ადრეა.
- დედა მყავს მისახედი, ვერ იყო კარგად.
იცრუა, ისეთი დამძიმებული ჰქონდა მხრები, თითქოს ლოდები აჰკიდა ვიღაცამ.
ეზოდან რომ გადიოდა, ზურგით იგრძნო თამთიკეს სველი თვალები და ფეხს აუჩქარა. სახლისკენ დაადგა ბილიკს და როცა დარწმუნდა, რომ აღარავინ უთვალთვალებდა, შროშანებიანი მდელოსკენ გადაუხვია.
- მედეა!
ყრუ ექო გახმიანდა ხეებში. იცდიდა, სანამ ფოთლებს შელეწილი, ათასად დამტვრეული ხმა არ მინავლდა, კიდევ დაიყვირა, კიდევ... პასუხი არ ისმოდა. მუხლებზე დაემხო, ალმასის ბეჭედი ამოიღო და დააშტერდა.
,,როდიდან გავხდი მატყუარა? საით წავიდე. სახლში თამთიკე მელოდება, სუსტი, ნაზი ყვავილი. უჩემოდ დაიღუპება, მხოლოდ ჩემი იმედი აქვს. მაგრამ ვერ ვუძლებ მასთან ყოფნას, თავს ვაჯერებ, რომ არ მინდა, მაგრამ ყოველ წუთს, ყოველ წამს მედეა მახსენდება. ხმას ვერ ვიღებ, მის წინ ვმუნჯდები. სულში მიყურებს თვალებით, ჩემს გულს ხედავს... ორად გავიხლიჩე და ორივე ნაწილი თავისკენ მექაჩება."
სველ ბალახზე წამოწვა, ესიამოვნა სიგრილე. თვალები დახუჭა. უცებ რაღაც ფაფუკის შეხება იგრძნო. შავი კატა გაეგლისა ხელებზე, მწვანე თვალები შეანათა.
- შენ აქ საიდან მოხვედი? დაიკარგე?
ცხოველმა დაიკნავლა, მკერდზე ააცოცდა, დამრგვალდა და აკრუტუნდა. ისე მოკალათდა, ელიაზარმა ვერ გაბედა მისი გაგდება.
მზე რომ ამოვიდა, მაშინღა გაეღვიძა. კატა აღარსად იყო. სახლისკენ გაეშურა, მაისა ჭიშკართან შემოეგება, არეული სახე ჰქონდა, ჩაშავებული უპეები. ეტყობოდა, რომ მთელი ღამე არ ეძინა.
- სად იყავი, შვილო?!
- მდინარის პირას, ჩამეძინა.
- შენ მაინც ნუ მიდიხარ იმ ოხერ წყალთან, ელიაზარ... შენ მაინც ნუ...
- ნუ გეშინია.
- დემნაც წყალმა წამართვა, წყალს მოერიდე, შვილო... ღმერთო, ეს მაინც შემარჩინე.
- დაწყნარდი, დედა, აქ ვარ. არსად არ მივდივარ.
კიდევ დიდხანს უთრთოდა მაისას მხრები. ძლივს დაამშვიდა და ისევ მარტო დარჩა საკუთარ თავთან. გარეთ გამოვიდა და ხის დიდი ნაჭრის ჩორკნა დაიწყო უმიზნოდ, უაზროდ. ალმასა მიუწვა ფეხებში, ხელი გადაუსვა თავზე ბომბორა ნაგაზს და ცაში აიხედა.
,,საკუთარ სხეულში ვეღარ ვეტევი. სიმშვიდე მინდა..."


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები