ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2019


ეს ქრონოსისთვის აუხდენელ ოცნებად მოსჩანს

"დასავიწყებლად არ გვემეტები".
თბილისური სიმღერიდან

"მთვარეულივით დავემხობი თბილისის მიწას
და დიდი ნიკო ფიროსმანის ნატერფალს ვკოცნი".
ლადო ასათიანი

მე ლადოს ლექსმა მომაგონა ისევ მხატვარი,
მისი ჟირაფი, მისი ლომი, მისი არწივი,
ფაქიზ სულში რომ უბორგავდა ფერთა ავდარი,
გულებს რომელიც ვერ დაშორდა დროთა მანძილით.
ვერ შეეთვისა ის ცხოვრებას, მკაცრ წუთისოფელს,
როგორც ბალახი, ის მოცელა ბასრმა დროებამ,
იგი არაფრად მიიჩნევდა ამქვეყნად ყოველს,
რა ქონდა, მხოლოდ სუფთა გული, უმანკოება.
იგი შეერწყა თბილისს და მის სიმბოლოდ იქცა,
ის შემოევლო დედაქალაქს ზღაპრულ ალებად,
გადაათოვა მან სატახტოს თბილი პალიტრა,
რასაც ქალაქი მერე თითქოს ვერ იკარებდა.
და ქარიშხლებმა ვერ დაღუპეს ის მაინც თუკი
ეს თვით სამყაროს შემოქმედმა ისურვა ასე,
მისი ლამაზი, წმინდა სულის ამონაშუქი
სულ სხვანაირი, საოცარი განცდებით გვავსებს.
მისი ტაძარი, ანგელოზი, ჯვარი და პასკა,
მისი ბატკანი, მისი დათვი თავის ბელებით
უამრავ სივრცეს გადაევლო, წელს მრავალს გასცდა,
ჯილდოდაც ერგო ოსტატს ლექსით გულგახელება.
ჯერ დაკარგული და ხელახლა ნაპოვნი მერე,
ჩვენ გამოვტაცეთ იგი ხელებს უმკაცრეს დროთა,
განა რა წლები დააბერებს ნიკალას ფერებს,
ეს ქრონოსისთვის აუხდენელ ოცნებად მოსჩანს.

                                                                      22-23.01.2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები