ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შირო
ჟანრი: პროზა
28 აპრილი, 2019


მორევი X (ფინალი)

***

- დაიღუპები, მედეა. სანამ დრო გაქვს, სანამ გადარჩენა შეგიძლოა, კლდეებში წამომყევი. გამოერიდე ადამიანებს.
- ელიაზარი?
მხრები უთრთოდა, ისე ცახცახებდა, როგორც ქარიშხალში მოყოლილი ფოთოლი.
- ადამიანს არ შეუძლია შენი სიყვარული გაიზიაროს. მუდამ გახლეჩილია, ადამიანური ბუნება შენამდე არ უშვებს. ვერ ჩასწვდება შენს სიღრმეებს და ოდესმე აუცილებლად გაგანადგურებს. შენ ზედმეტად მყიფე, ზედმეტად ნაზი ხარ. ის კი უხეშია, არ შეუძლია ამპარტავნება დასძლიოს. არ შეუძლია ისე უყვარდე, როგორც შენ გიყვარს.
- მეც ხომ... ადამიანი ვიყავი?
- ნუ, ჩემო შვილო, ნუ... ხომ დაინახე, სხვა უყვარს. გაგანადგურებს, ვერ გადაიტან. თანაც... დიდი ხნის სიცოცხლე მაინც არ უწერია.
- შენ რა იცი?
- მუდმივად სიკვდილის აჩრდილი დაჰყვება, მალე წაიყვანს...
დალის თმებში გახვეული ტიროდა, პირველად ამდენი ხნის განმავლობაში ხმით მოთქვამდა და თმებს იგლეჯდა.
- არ შემიძლია, ვერ წამოგყვები. მარგალიტები ვიპოვე, მაგრამ ეს ცხოვრება ჩემთვის არაფერია, თუ ელიაზარი არ მეყოლება... გახსოვს, ადრე მითხარი, ერთი სიცოცხლე - მეორის სანაცვლოდ... ის ბედნიერად იცხოვრებს. ბევრი შვილი ეყოლება. ბუნების წესი არ დაირღვევა. შენც თქვი, ჩვენი სიყვარული განწირულია. ამქვეყნად ბედნიერები ვერ ვიქნებით. მის სიკვდილს მე წავიღებ, ისედაც ბევრი ვიტანჯე. სიმშვიდე მინდა...
- ისევ უნდა გამექცე? ისევ უნდა დაგკარგო? შვილო ჩემო, არყოფილო, დაო ჩემო, დატანჯულო. მეგობარო გაქცეულო და სუნთქვავ ჩემო, შეწყვეტილო. ყვავილო, ყინვაში მოყოლილო, წყალო - გაყინულო და ცეცხლო დაშრეტილო. რატომ გასწავლე სიყვარული, ჩაუქრობელი. რატომ გაზიარე სევდას. როცა ბეთქილი დავღუპე, დავიფიცე, რომ სიყვარული აღარ გამათბობდა. ყველა მონადირეს დავღუპავდი და სამუდამოდ კლდეების მკვიდრი გავხდებოდი. გავქვავდი და როცა სულ პატარა გიპოვე, თითქმის გაყინული, მინდოდა ჩემი თანამგზავრი ყოფილიყავი მარადიულობაში. შენც უნდა დაგკარგო?
- მაპატიე. სხვანაირად არ შემიძლია...
- ბოლომდე?
- ბოლომდე... ჩემთან იქნები?
- ვიქნები. და გპირდები, როცა ელიაზარი კუთვნილ სიცოცხლეს გალევს, შემოგიერთდება. გპირდები...
- ეს შესაძლებელია?
- კი. ოღონდ ამქვეყნად არა...
- თმები დამიწანი.
ხელები აუკანკალდა ქალღმერთს, ეფერებოდა აბრეშუმივით რბილ ტალღებს, ყვავილებს აწნავდა თმაში.
- შროშანები შენი ყვავილებია, მედეა, შენი სულივით თეთრი და ნაზი. მარადიული, წმინდა და გაუხუნარი სიყვარულის სიმბოლო. გახსოვს, როგორ თამაშობდი იმ მდელოზე?
- მახსოვს...
- მირტი...
- როცა მონადირე შენს წმინდა ცხოველს კლავდა, მირტებით რთავდი, სიკვდილის ყვავილი. გასაპატიოსნებელი... მარადიული სიმშვიდე.
დალის ცრემლები დაეცა მედეას თმებს.
- როცა დრო მოვა...
- ვიცი, ჩემთან იქნები. მანამდე ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს. ელიაზარს მოგონებებს წავართმევ.
- გახსოვდეს, სულში აღარაფერი დაიტოვო, ყველაფერი უთხარი.
- ვერ ვეტყვი.
მეწამული ცრემლები მდინარედ წამოვიდნენ მშვენიერი თვალებიდან.
- ოდესღაც დავიფიცე, რომ არცერთ მამაკაცს აღარ ვეტყოდი ,,მიყვარხარ...''
- უთქმელი სიყვარულით უნდა წახვიდე?
თმის დაწვნა დაამთავრა და მოეხვია გაზრდილს.
- მარგალიტები სადაა?
- იმ კოლოფში. მე ვერ გავხსენი.
დალი წამოდგა. კოლოფი აიღო, მის თეთრ თითებში ავად აელვარდა ვერცხლის ხანჯალი. ხელზე კანი გაისერა და ლურჯი სისხლის წვეთები დაეცა ხეს. კოლოფი ყვავილივით გაიშალა. ხავერდზე შავი მარგალიტები აბრჭყვიალდნენ.
- მაშ, ესაა დასასრული?
- ესაა. არ შეგეშინდეს.
- არ მეშინია.
სარკეში ჩაიხედა მედეამ. შავი მარგალიტები ახლა მის მაღალ ყელზე ციმციმებდნენ.
- მზად ვარ...



***


- მედეა!!!
ელიაზარის ხმა ელეწებოდა ხეებს. არსად ჩანდა სიზმრის ქალი. შროშანები შრიალებდნენ, გაზაფხული უკვე იწურებოდა. ჩამავალი მზე წითლად ღებავდა ცას.
- მედეა!!!
- აქ ვარ.
ირიბად აჭრილი თვალები უჩვეულო სითბოთი შეჰყურებდნენ, თმებში ჩაწნული ყვავილებივით მშვენიერი იყო და გაფითრებული. გულში ჩაიკრა, ხელში აიტაცა. თითქმის უწონო იყო მისი სხეული.
- მომენატრე.
- ელიაზარ... მე...
- რაღაც უნდა გითხრა!
- ვიცი. დაწყნარდი.
თმაზე ეფერებოდა ქალი, მიწაზე დასვა და თავი ჩაუდო კალთაში.
- მელაპარაკე. ჩემს სულში ქარიშხალია...
- მე ჩავაწყნარებ ამ ქარიშხალს. ჩემი ბეჭედი სად არის?
უბიდან ამოიღო, სევდიანად იღიმებოდა მედეა. ახლაღა შეამჩნია მის ყელზე შავი მარგალიტები.
- ეს?
- უნდა წავიდე, ბეჭედი აღარ დაგჭირდება. მინდა, რომ ბედნიერი იყო, გესმის? ცხოვრება მთლიანად უნდა შეიგრძნო, სრული სისავსით.
საშინლად ასტკივდა გული. ძარღვებში ისევ ყინული ჩაუდგა.
- უშენოდ...
- ჩუ... მე ყველაფერს წავიღებ, რაც მოვიტანე და რითიც ცხოვრება აგირიე. ყველაფერი ჩემთან ერთად გაქრება... ყველაფერი კარგად იქნება, გესმის? მე ყოველთვის დაგიცავ, ოღონდ შორიდან...
რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ცხელი ტუჩების შეხება იგრძნო, ცხელი დღე უცებ ჩამობნელდა და გაიყინა. ძარღვებში ისევ ყინული ჩაუდგა და მუქი, მძიმე ფარდა ჩამოეფარა თვალებზე.
გაღვიძებულ ელიაზარს შროშანები ერთიანად გადამხმარი დახვდა. წამოდგა, ხელი მოისვა საფეთქლებზე და მიმოიხედა.
- აქ რას ვაკეთებ?
სახლისკენ გაეშურა, ხეებიდან წყვილი თვალი უმზერდა, შავად აბრჭყვიალებული.


***

ზამთარი გაილია, ხეში წყალი ჩადგა. ხეებზე დაიბერნენ კვირტები. ელიაზარმა დაჩეხილი შეშა აიღო და სახლში შევიდა. ეძინა თამთიკეს, ცეცხლის ენები ლოკავდნენ კუნძს. გვერდით მიუჯდა ქმარი და გაბერილ მუცელზე ხელი მოუსვა.
- თამთიკე, გაიღვიძე. უნდა წავიდე.
- სად მიდიხარ?
- ტყეში, შეშას მოვჭრი.
იცრუა. ყოველდღე მიდიოდა მდელოზე, გულაღმა იშოტებოდა და მზეს უყურებდა, ზამთრის მინავლულ მზეს, რომელიც ნელნელა ძალას იკრეფდა. რაღაც ბუნდოვანი და შორი ახსენდებოდა, სიცარიელეს გრძნობდა სულში. თითქოს რაღაცის გახსენებას ცდილობდა და ვერ იხსენებდა. ფერფლი ჰქონდა წაყრილი მოგონებებს, რომელსაც ვერაფრით აცლიდა. ცოლს შუბლზე აკოცა, კარი გაიხურა და წავიდა.
ნაფეხურებში წყალი დგებოდა, სუსხიანი ქარი სახეს უწვავდა. მალაქია შემოხვდა, ჩიფჩიფებდა მოხუცი, გაბურძგნულ წვერს გამხმარი თითებით ივარცხნიდა.
- მსხვერპლი, სისხლი, მიდის თავის ფეხით სიკვდილთან, რომ მოკვდეს და გაცოცხლდეს. ვერაფერი გააჩერებს, მხოლოდ სხვა სიცოცხლე -- ნებით შეწირული გადაარჩენს, მორევს უფრთხილდი. წყალში ფეხი არ ჩადგა. შენი სიკვდილით სხვაც მოკვდება, სხვა, ვინც საკუთარ თავზე მეტად შეგიყვარა. სხვა, ვინც მთელი სამყარო გაწირა შენი გულისთვის. უკვდავება დათმო. ალქაჯი, მხსნელად მოვლენილი. სისხლი და ცრემლი, შენთვის დათხეული.
- მალაქია, კარგად ხარ?
უაზროდ ააცეცა თვალები, მერე მთელი ხმით დაიღრიალა.
- წყალს უფრთხილდი, წყალში ფეხი არ ჩადგა. ჩაგითრევს და ჩაგიტანს...
და ძონძების ფრიალით, კოჭლობით გაექცა ელიაზარს. ყვავები აფრინდნენ და უსიამო ჩხავილით გადასერეს ცა. წვიმა წამოვიდა, მსხვილი წვეთები დაეცა შუბლზე.
მდელოსკენ მიმავალ გზაზე მორევის პირას გაიარა. დუდუნებდა შავი წყალი, თვალი გაუშტერა ზვირთებს.
,,წყალს უფრთხილდი, წყალში ფეხი არ ჩადგა...''
- ელიაზარ, წადი აქედან
ქალის ჩურჩული გაიგონა, წყლიდან მოდიოდა თითქოს. მიმოიხედა და ვერავინ დაინახა. ამოიოხრა და მდელოსკენ წავიდა.
აღარ ახსოვდა რამდენი ხანი იწვა თოვლზე. სულ დასველდა, სიცივისგან გათოშილი თითები ძლივს აამოძრავა.
- ელიაზარ, წადი აქედან.
ახლა ჩურჩული კი არა, კივილი გაიგონა, შორიდან უკიოდა განწირული ხმა, დიდხნის მივიწყებული და მტკივნეულად ნაცნობი.
საშინელი გრუხუნი გაისმა' ერთმანეთში აზელილი თოვლი, ტალახი და ხის ფესვები მოგრგვინავდნენ. თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო და ბინდში გაეხვია სამყარო.
,,ნუთუ ეს არის სიკვდილი?''

***

მთელი დღე წვიმდა. მორევი ისევ გაგიჟდა და წალეკა ყველაფერი, ძველი კოშკიც დაინგრა იმ დღეს. შიშმა მოიცვა სოფელი.
მეორე დღე გათენდა. ელიაზარი არსად ჩანდა, იცადა თამთიკემ, იცადა და ისე, რომ არავისთვის უთქვამს, ქმრის საძებრად წავიდა. მთელი ტყე შემოიარა, კაბის კალთები მთლად შემოეფხრიწა. ბოლოს დაღლილ-დაქანცული შიშითა და კანკალით დაადგა მორევის გზას.
შუაღამე იყო. დიდი ჩრდილები დაცეკვავდნენ. მორევის პირას თეთრი პერანგი ბრწყინავდა, ნისას მოქარგული, ელიაზარის თეთრი პერანგი. ქალის კივილი აზანზარებდა არემარეს, ვიღაც გულმდუღარედ დასტიროდა ელიაზარს. თამთიკეს თვალთ დაუბნელდა, ორიოდე ნაბიჯო გადადგა და კინაღამ ჩაიკეცა. ელიაზარის ცხედართან ორი ჩრდილი ამოძრავდა და თამთიკემ იგრძნო, ვიღაცის ძლიერმა ხელებმა როგორ წამოაყენეს.
- სახლში წადი...
- სად უნდა წავიდე? როგორ დავტოვო?
ერთ-ერთმა ჩამოიგლიჯა სახეზე აფარებული შავი ქსოვილი და თამთიკემ ის ქალი იცნო, ვარდების თაიგული რომ ესროლა ნისას ქორწილში.
- ცოცხალი შენ დაგითმე. ერთი ღამე დამტოვე მასთან და დაგიბრუნებ, მხოლოდ იცოდე, მისი მარადისობა მე მეკუთვნის. მეტჯერ ვეღარ დაგითმობ... სიკვდილის შემდეგაც დაველოდები.
მუცელზე ხელი აიფარა თამთიკემ, თითქოს ვიღაცას უმალავდა. მედეას ხელი მაინც მისწვდა, მოეალერსა.
- ნუ გეშინია... ბევრი შვილი გეყოლება, ბედნიერი ქალი იქნები. ახლა გაიქეცი... გაიქეცი და უკან არ მოიხედო, გესმის?
უკანმოუხედავად გაიქცა სახლიდან და მის ყურებს მაინც მისწვდა არამიწიერი მოთქმა-კივილი.
იმ ღამეს იმშობიარა თამთიკემ, შავგვრემანი ბიჭი გაუჩნდა, მამის თვალებით.


***

- ეს დასასრულია, გააკეთე, რაც უნდა გააკეთო, დალი.
- მედეა.
- ბოლო სურვილი... შენ ხომ დამპირდი, ერთის სიცოცხლე - მეორის სანაცვლოდ. აქამდე ავიტანე მის გარეშე ყოფნა, მეტი აღარ შემიძლია.
სულ გასთეთრებოდა თმები მედეას, თვალების მაგივრად ორი ნაკვერჩხალი შესცქეროდა დალის.
- ერთის სიცოცხლე - მეორის სანაცვლოდ. მომეცი შენი ხანჯალი...
კიდევ ერთხელ გაიბრწყინა ვერცხლმა ღამის სიბნელეში და ელიაზარია თეთრ პერანგზე ალისფერი წინწკლები ყვავილებივით გაიშალა...
თვალი რომ გაახილა, შროშანებისა და მირტების ზღვა ალივლივდა. გულზეც ერთი შროშანი ედო, მოვარდისფროდ შეფერილი. გაუკვირდა, ვის გაუგია ყვავილები ასეთ სიცივეშიო. თაიგული შეკრა და სახლში წამოიღო.
თამთიკე კარებშივე შეეგება, ხელები შემოაჭდო კისერზე და ატირდა.
- შენ დამიბრუნდი... მე და ჩვენს შვილს დაგვიბრუნდი.
- აბა სად წავიდოდი?
ლოგინთან დაიხარა, ყვავილები დადო და ხელში აიტაცა შვილი.
- ეს ყვავილები...
- მორევთან ამოსულა, იცი რამდენია? გინდა, კიდევ მოგიტანო?
- არა, მოაშორე აქედან.
- კი მაგრამ...
- მოაშორე მეთქი, რომ გეუბნები... არ დამანახო.
დღეები ტკბილად ილეოდა. სიმშვიდესა და სიყვარულში. ნელნელა ემატებოდა თმებს ვერცხლის ძაფები, სახეს - ნაოჭები.
ელიაზარი კვლავ წავიდა ყვავილების მოსატანად, მაგრამ მდელო გადამწვარი დახვდა. მეტჯერ მორევისკენ აღარც გაუხედავს.
წყალი დაწყნარდა, სოფელი მეტჯერ აღარასოდეს შეუწუხებია. აღარც შროშანები ამოსულან იმ არემარეში ოდესმე.

***

- პაპა, წამომყე, რა განახო...
ცისფერთვალება გოგონა ექაჩებოდა სახელოზე. ხელჯოხს იბჯენდა ღრმად მოხუცებული. ნაოჭებით ჰქონდა სახე დაფშხალული.
- ნელა, გენაცვალე. სად მიგყავარ? ხომ იცი, აქეთ არ შეიძლება, მდინარეა.
ძლივს მიაღწია ადგილამდე, მუხლი აღარ მოსდევდა. ხელი მოიჩრდილა შუბლზე და გახევდა - შროშანების ზღვა ყვაოდა და ლივლივებდა. რაღაცამ ააღელვა, თუმცა, ვერ იხსენებდა რამ.
- ბებოს წავუღოთ?
- წაუღე...
ბავშვი კუნტრუშით გაიქცა სახლისკენ ყვავილებში ჩაემხო მოხუცი ელიაზარი. ღრმად შეისუნთქა მათი სურნელი და რაღაც ღრმად მიძინებულმა გაიღვიძა მის მეხსიერებაში...
,,თეთრი ქალი.. თეთრზე თეთრი... ყინულის ქალი...''
თავი ასწია, სადღაც გაქრა უძლურება და წლების სიმძიმე. ისევ ახალგაზრდა იყო, ისევ ძლიერი. სადღაც შორს დალანდა თეთრი კაბა და შავი თმები - მზის სხივებში გახვეული თეთრი ქალი. ნელა მოდიოდა, მოირხეოდა და იღიმებოდა. ბედნიერებამ იფეთქა ელიაზარის გულში, ყელთან მოაწვა და ღრიალად ამოხეთქა
- მედეა!

გაზაფხული ძალებს იკრეფდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები