ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: პროზა
6 თებერვალი, 2019


გარდაბრუნება

რა შორსაც არ უნდა წახვიდე, მშობლიურ სახლს ვერ გასცდები

                                                    გარდაბრუნება

  –    აი, აქ, ამ კუთხის სადარბაზოსთან შემიჩერეთ. რამდენი უნდა გადაგიხადოთ?
– ოცი ლარი.
– ლარი არა მაქვს და 20 დოლარს გადაგიხდით.
– 10 დოლარიც საკმარისია.
– მე 20 დოლარს გადაგიხდით, ოღონდ ძალიან ნელა გადავალ მანქანიდან, ისე ნელა, როგორც ჩავჯექი. ერთი რამ დაიმახსოვრეთ, ახალგაზრდა, სიკეთე მარადიულია, ახლა თქვენი ჯერია.
– რა ძველი სახლია, ლიფტი არ იქნება და ფეხით როგორ ახვალთ? სახეზე ფერი არ გადევთ. მითხარით, რომელ სართულზე ავიდე, ვინ გავაფრთხილო, რომ შემოგვხვდეთ, მანამდე კი მანქანაში დამელოდეთ.
– არა, არ არის საჭირო. მე ვაჟიშვილთან ერთად ჩამოვფრინდი, ის სასტუმროში გავუშვი, მე კი აქეთ გამოვეშურე. ეს გზა მარტომ უნდა გავიარო. როგორც იქნა, სახლში დავბრუნდი. ახლა აღარაფერი მიჭირს. აი, გადმოვედი კიდეც. მშვიდობით! კეთილ და სარფიან დღეს გისურვებთ.
– კარგად ბრძანდებოდეთ.

ჰა, ბიჭო სოსო,  სახლში დაბრუნდი?
სადარბაზო მოღიაღებულია, არცერთი კარი აღარ შერჩენია. ის ჩუქურთმებიან–რიკულებიანი კარები, ალბათ, 90–იანებში ჩამოხსნეს და დაწვეს. ახლა ამ ორ ქვის კიბეს ავივლი და სადარბაზოში შევალ. აქ, მარცხნივ, კედელზე ფოსტის ყუთები ეკიდა. ჩვენი ყუთი დაახლოებით აქ იყო. როგორ ჩამოშლილა კედელი, ნაკვალევიც კი აღარ დარჩენილა. ერთხელ, ბავშვობაში ფოსტის ყუთის გასაღები ჩაგვივარდა იატაკის ღრიჭოში. სადარბაზოში ორი მოსახლის კარი გამოდიოდა. მარჯვნივ ტატიანა ივანოვნა და  კირილ ფილიპოვიჩი ცხოვრობდნენ, მოხუცი ცოლ–ქმარი, უამრავი კანარის ჩიტი ჰყავდათ, თავისუფლად დაფრინავდნენ ოთახში, იმ ოთახის ორი დიდი ფანჯარა ქუჩაში გადიოდა, გამვლელები ჩერდებოდნენ და გაოცებულები შესცქეროდნენ ამ ეგზოტიკურ სანახაობას. მარჯვნივ ვალია კიტოვი ცხოვრობდა, ჩვენ ვეშაპიძეს ვეძახდით. ჰო, ის გასაღები კი ვერაფრით ამოვიღეთ, ვღელავდით. ჩვენს ჩოჩქოლზე კირილ ფილიპოვიჩი გამოვიდა, წვრილ თოკზე გამობმული კაუჭა მაგნიტი გამოიტანა, ჩაუშვა ღრიჭოში და ამოიღო ციცქნა გასაღები. მათი ბინის კარი ამოუქოლავთ, ამოუშენებიათ, როგორც ჩანს, ახალმა ბინადარმა ეზოსკენ გაჭრა გასასვლელი.
სადარბაზოს შიდა კარიც აღარ არსებობს. ეს სილამაზეც განადგურებულია. ო, ამას რას ვხედავ?  ბრინჯაოს ანგელოზი?  ჩვენი კიბის ანგელოზი ისევ აქ არის? როგორ გადარჩი, რომ არ მოგხერხეს, ჯართში არ ჩაგაბარეს, ან არ გაგყიდეს?
– მიცანი, ანგელოზო? თუმცა, რაღას მიცნობ ბეხრეკს. გახსოვს, ისრაელში გამგზავრების წინ, რომ გემშვიდობებოდი და გეფერებოდი? ისევ აქ დამხვდი.





სოსო ვარ. აი, მოგეფერები და მიცნობ. ხომ მიცანი?  გახსოვს,კიბის სახელურზე ჩამოსრიალებულებს რომ გვიხუტებდი? რა ლამაზი ხარ! ვერავინ გახლო ხელი. რა კარგად მენიშნა შენი დახვედრა. ახლა კიბეებს უნდა ავუყვე, ცოტა დრო მაქვს.

რაც წამოვიზარდე, ამ პირველ კიბეზე ფეხი აღარ დამიდგამს. ორ–სამ საფეხურს ერთად ვახტებოდი. ახლა კი ფრთხილად უნდა დავადგა ფეხი. კიბის სახელური მოყანყალებულა, მაგრამ მაინც კარგი საყრდენია. რა მხნედ მივდივარ, არ მოველოდი. საფეხურების პირველ ათეულს კარგად ავივლი. მერე შეიძლება გამიჭირდეს, მაგრამ კარგი დასაწყისი წარმატების საწინდარია. აი, ამოვედი კიდეც. აქ კიბე სახიფათოდ უხვევს და ყოველთვის, როცა ავრბოდით, ან ჩამოვრბოდით, სახელურს მაგრად ვკიდებდით ხელს, რომ კედელს არ შევსკდომოდით.  სახელურის მუხლში უკანა მხრიდან სამალავი გვქონდა. აბა, ვნახო, იქნებ ისევ არის ის ღრმული. არის! ორი პაპიროსიც დევს. მოიცა სათვალე გავიკეთო. პრიმა ყოფილა. ეს უკვე ჩემი გამგზავრებიდან დიდი ხნის შემდეგ შეუნახავს ჩემს რომელიღაც მეგობარს. ნეტა, ვინ შეინახა? რეზომ? ედიკა ჯაგინოვმა? გავიგე, ედიკა რუსეთში წასულა, იქნებ წასვლის წინ შეინახა? ერთ პაპიროსს უკან ჩავდებ. მეორე უნდა მოვწიო, რითი მოვუკიდო? რამდენი წელია აღარ მომიწევია. აი, კიდევ ათ საფეხურს ავივლი და იქ ჩემი ბავშვობის ძმაკაცის, რეზოს ბინაში ვითხოვ, მომიკიდონ. ფრთხილად უნდა ავიდე. აქ ერთი კიბე ჩატეხილი იყო, ხან რითი ამაგრებდნენ და ხან რითი. ხო, ეს კიბეა, ისევ რაღაცით გაუმაგრებიათ. რას გავიხარებდი რეზოს ნახვით. ეჰ! 95–ში შემხვდა ნიუ–იორკში, სულ ერთად გავატარეთ ჩემი სტუმრობის დღეები. მერე მე ისრაელში დავბრუნდი და ორ თვეში დამირეკა, პრობლემები მაქვსო. ჩემთან ჩამოსვლა ვთხოვე, ძალიან ვთხოვე, უსაფრთხოდ იქნები მეთქი. ფულიც შევთავაზე, იუარა. იცი, რატომ გირეკავო, მითხრა, მინდა იცოდე, რომ რაც არ უნდა მოხდეს, შენ ჩემი ყველაზე მაგარი ძმაკაცი ხარო. აი, ამის სათქმელად გირეკავო. დამასწარი მეთქი, ვუთხარი, მაშინვე ცრემლი მომადგა და ახლაც ცრემლები მახრჩობს. ეჰ! დამემშვიდობა და დამაიმედა, დაგიკავშირდებიო. აღარ გამოჩენილა. ვის აღარ ვკითხე მისი ამბავი, ზოგმა კანადაში გადავიდაო, ზოგიერთმა ავსტრალიაში წავიდაო, ვიღაცას ბრაზილიაში უნახავს. ვეღარ მივაგენი, აღარც თვითონ შემხმიანებია.
აი, ამოვედი კიდეც. ყოჩაღ სოსო, ნახევარი გზა უკვე ამოიარე.
ზარი მოუხსნიათ. დავაკაკუნებ.
– ვინ არის?
– გამარჯობა! მე ადრე ამ სახლში ვცხოვრობდი. თუ არ შეწუხდებით, დახმარება მჭირდება.
– რა გნებავთ?
– ამ ბინაში ჩემი ბავშვობის ძმაკაცი ცხოვრობდა, შეიძლება ცოტა ხნით შემოვალ და თვალს გადავავლებ ბინას.
– არა, არ შეიძლება. რა ცუდი ფერი გაქვთ, ამ ასაკში აქ მარტო რამ მოგიყვანათ? 
– ძალიან გთხოვთ, მოხსენით ჯაჭვი, გამოაღეთ კარი და თვალს შევავლებ.
– არა.






– მაშინ პაპიროსზე მომიკიდეთ.
– მოგიკიდებთ, მაგრამ ისედაც მძიმედ სუნთქავთ, რა ვიცი ... დამელოდეთ, ..... მოდით. აი, სიგარეტს მოგცემთ, პაპიროსს ნუ მოწევთ..
– ზუსტად ეს პაპიროსი უნდა მოვწიო. გმადლობთ, რომ მომიკიდეთ და მშვიდობით.
– ცოტა ჩაიწიეთ, კარს მოვხურავ და  არ მოგარტყათ.

ესეც შენ, სოსო!
რეზოს პირდაპირ ჩვენი ნატული ცხოვრობდა. ნატული უბნის ყველა ბიჭს უყვარდა, ზოგს – ჩუმად და ზოგს – ხმაურით. რა ლამაზი იყო, მისი სიცილი მთელ სახლს ესმოდა.  ცუდად გათხოვდა, რჩევა–რჩევაში ნარჩევი შეხვდა, ვიღაც ლოთი. ორი შვილიც ეყოლა. რეზომ მითხრა, სიმწრით გაზარდა შვილები, დააბინავა და ემიგრაციაში წავიდაო. უკვე მოტეხილი ყოფილა, სიცილჩამქრალი.
ახლა ნაფაზი უნდა დავარტყა. ჩემს გულს და ფილტვებს კიდევ ეს უნდათ? ვა, რა კარგად წავიდა. როგორ მესიამოვნა. ჩვენი ჯეელობისა იყოს.
ავუყვები ნელ–ნელა კიბეს.
შეხედე, სოსო ამ კედელზე ამოფხაჭნილ სახელებს, ხომ არ გეცნობა? რა კარგად იკითხება. გახსოვს, 13 წლისამ რომ ამოჩიჩქნე ლურსმნით, თან ამბობდი დიდხანს, დიდხანს იქნებაო. ჰოდა, დღემდე შემონახულა.
სოსო
რეზო
ნატული
ოთარი
ედიკა
ლია
ნანა
გოგი
გოგი გვიან გადმოვიდა და თვითონ მიაწერა თავისი სახელი. უნდა შევეხო ამ სახელებს, მოვეფერო. ცხოვრებამ მთელ მსოფლიოში გაგვფანტა. ვინ ცოცხალია, ვინ –არა. აქ კი ისევ ერთად ვართ, სამუდამოდ ერთად. ვიცი, სადაც არ უნდა ვიყოთ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა მოვალთ აქ. სოსო, რა დროს ცრემლებია....
უნდა ავიარო ეს რამდენიმე კიბეც და გაზეთზე ჩამოვჯდე, დავისვენო, პაპიროსსაც გემრიელად მოვწევ ბოლომდე.
იფ, რა კარგია ჯდომა. ოცდაათი საფეხური ამოვიარე, ათიღა დამრჩა. როგორ მესიამოვნა პაპიროსის მოწევა. გამახსენდა რეზოს დედა, მაკო დეიდა გვეუბნებოდა ხოლმე, ნუ სვამთ, ბიჭებო, პაპიროზს. ჰო, მაკო დეიდა, ისევ აქ ვარ, ისევ პაპიროზს ვსვამ და ჩემს თავს ველაპარაკები.
ძლივს არ მოვითქვი სული, დავისვენე.  ჩემო დაღლილო სულო, ცოტაც მაცალე, სულ ცოტაც.

ბოლო ათ საფეხურსაც უნდა შევუყვე.  რომ არ შემიშვან, რა ვქნა? შემიშვებენ, აუცილებლად შემიშვებენ. ადგომა მიჭირს. აბა, ყოჩაღად სოსო! გულო, არ




მიმტყუნო, გთხოვ, არ მიმტყუნო. აი, უკვე ჩვენი ბინის კარიც გამოჩნდა, ისევ ის კარია, არ შეუცვლიათ. მეორე კარიც გაუჭრიათ, დაახლოებით ჩემი ოთახიდან. ნეტა, რატომ?  აჰა, კარის სახელურიც იგივეა, მრავალჯერ ხელშენახები. ცოტა შევყოვნდები, დავწყნარდები. გულო, ჩადექ საგულესა! გულო, ჩადექ საგულესა! ზარი არც აქ არის. დავაკაკუნებ.
– ვინ არის.
– სალამი, მე ადრე ამ ბინაში ვცხოვრობდი და თუ შეიძლება, შემოვალ, დავათვალიერებ.
– რა გვარის კაცი ბრძანდებით?
– სეფიაშვილი, იოსებ სეფიაშვილი.
– დიახ, ჩვენ ეს ბინა სეფიაშვილებისგან გვიყიდია. მე მაშინ ორი წლის ვყოფილვარ. მობრძანდით.
– გმადლობთ. ნელა შემოვალ, ნუ ამაჩქარებთ. ესეც ჩვენი შემოსასვლელი, თქვენმა მეზობელმა კი არ შემიშვა, ჩემი ბავშვობის მეგობრის ბინის ნახვა მინდოდა. მაინც კარგი ადამიანი ყოფილა, პაპიროსის სანაცვლოდ სიგარეტი შემომთავაზა, პაპიროსზეც მომიკიდა და შეწუხდა, რომ ვეწევი.
– კარგი მეზობლები გვყავს.
– თითქმის არ შეცვლილა აქაურობა. სარკეც კი იგივეა. აღარ ჩავიხედავ, ამ სარკეს ახალგაზრდა ვახსოვარ. დე, ასე ვახსოვდე. ახლა კი თუ შეიძლება, მისაღებ ოთახში შემოვალ.
– დიახ, შემობრძანდით.
– სანამ შევალთ, ეს კონვერტი გამომართვით და დამიჭირეთ, ქალბატონო.
– ეს რა არის? ფულია?  საბუთები? რატომ მაძლევთ?
– დიახ, ყველაფერია.
– მეუცნაურება ეს ამბავი. რაღაც უსიამო გრძნობამ შემიპყრო.
– ნურაფრის გეშინიათ. ყველაფერი, რაც ხდება, ბუნებრივია.
– თქვენს წასვლამდე მექნება და წასვლისას დაგიბრუნებთ.
– შევთანხმდით. სალამი ბატონო ჩემო. მე სოსო მქვია, ოჯახის დიასახლისმა ნება დამრთო შემოვსულიყავი და დამეთვალიერებინა ჩემი ყოფილი ბინა.
– გამარჯობა, დიახ, მობრძანდით.
– სალამი მშვენიერო ასულო.
– სალამი, ბატონო.
– სასტუმრო ოთახში იგივე შპალერია, არ მოველოდი. ავეჯიც ჩვენია..
– დიახ, ჩვენ ბინა ავეჯთან ერთად ვიყიდეთ. ჭურჭელიც თქვენია, სუფრებიც, საყოფაცხოვრებო ნივთებიც. მათ, ვინც ისრაელში მიემგზავრებოდა, ბევრ ფულს არ ატანდნენ, ამიტომ ყველაფერს იაფად ყიდდნენ. შემდეგ კი ისე აეწყო, ვეღარაფერი განვაახლეთ.
– აქ შეფერადებული უნდა იყოს შპალერის ერთი ნახატი, გამოხუნებულა, მაგრამ ფერები მაინც ეტყობა.  მე შევაფერადე ბავშვობაში. გამიცოცხლდა მოგონებები. ახლა, თუ შეიძლება,  სამზარეულოშიც შევალ.
– დიახ, ცოტა უწესრიგობაა, უკაცრავად.






– ხედავთ, კარებთან შემორჩენილ ნაჭდევებს? ხომ ხედავთ? დედაჩემი მზომავდა, ჩემს სიმაღლეს ამოწმებდა და ნაჭდევებს აკეთებდა. წლოვანებასაც უწერდა. ნაჭდევები დარჩა, ნაწერი კი წაშლილა. ფანჯრიდან გადავხედავ ჩვენს ეზოს.
– გამოვაღებ ფანჯარას და გადაიხედეთ.
– ცოტა თავბრუ დამეხვა. ეზო შეცვლილა. ხის მაგიდა და სკამები დაუდგამთ. მაშინ პინგ–პონგის საზიარო მაგიდა გვქონდა ბიჭებს. შუა ეზოში ვშლიდით და პინგ–პონგს ვთამაშობდით. ნანაც გვეთამაშებოდა. თამამი იყო. ნეტა, იმ დროს! გმადლობთ, რომ გადამახედეთ. ახლა, მშობლების ოთახშიც შევიხედავ, უარს ხომ არ მეტყვით?
– არა, უარს არ გეტყვით.
– ეს საწოლი ჩემი მშობლებისაა. ღამით, ძილში თუ შემეშინდებოდა, ტირილით მივადგებოდი ხოლმე მშობლებს, მათთან ვწვებოდი, ვმშვიდდებოდი და ვიძინებდი. ჩემს ოთახშიც შევალ. იცით, დედაჩემმა იმ ოთახში იმშობიარა. საავადმყოფოში წაყვანა ვერ მოასწრეს და მეზობელმა ქალმა ამშობიარა. იქ დავიბადე,  ჩემს ოთახში. ძალიან ვღელავ. დედაც იქ გარდაიცვალა. შემოვიდა, საწოლზე ჩამოჯდა, უცებ ცუდად გახდა, მიწვა და წავიდა, მოკვდა. დედა ქართველი მყავდა, არჩვაძის ქალი, ნათელა ერქვა. მართლაც ნათელი ადამიანი იყო.
– ღმერთმა გაანათლოს მისი სული.
– ისრაელში კარგა ხნის ცხოვრების შემდეგ, მამა გარდამეცვალა, ვიფიქრე დედასაც გადმოვასვენებ და ერთად დავკრძალავ მეთქი. ყველაფერი მზად მქონდა და უცებ მესიზმრა, თუ მეჩვენა, ხმა კი მკაფიოდ გავიგონე, არ მინდაო. რადგან არაფერი ხდება შემთხვევით, ვიფიქრე, იქნებ მართლაც არ უნდა მეთქი და აღარ გადავასვენე. ისიც არ ვიცი, კარგად მოვიქეცი, თუ არა. მე, რომ მკითხოს კაცმა, აქ, საქართველოში მინდა მოვკვდე და ისრაელის მიწას მიმაბარონ. ბოდიში, ასეთ სევდიან ამბებზე რომ გესაუბრებით.
– სევდა თან ახლავს ადამიანის ცხოვრებას. იქნებ ჯერ დავსხდეთ, მურაბიანი ჩაი დავლიოთ. ნამცხვარს დავჭრი. დაღლილი ჩანხართ, მძიმედ სუნთქავთ, ფერგამკრთალი ხართ.
– გმადლობთ, ცოტა დრო მაქვს. თორემ ჩაის სმას და სასიამოვნო ხალხთან მუსაიფს რა სჯობს, თანაც მშობლიურ სახლში.
– მაშინ მობრძანდით, თქვენი ოთახიც ნახეთ.
– კარი რომ ამოშენებულია?
– თქვენს შემდეგ ეს ოთახი ჩემი ძმის იყო, მისი დაღუპვის შემდეგ კი არავისი გახდა. იშვიათად შევდიოდით, სველ ტილოს თუ გამოვუსვამდი იატაკს და მტვერს ავიღებდი. ორი თვეა კარი ამოვაშენეთ და გასასვლელი სადარბაზოდან გავჭერით. გაგვიჭირდა და ვყიდით. თქვენი ოთახიდან ხომ მოზრდილ საკუჭნაოში შედიხარ, იქ სააბაზანოს გაკეთება შეიძლება. ფანჯარასთან რომ შეღრმავებული ადგილია, ნიშა, სადაც თქვენი საწერი მაგიდა და წიგნების კარადა დგას, იქ პატარა, ღია სამზარეულოს გაკეთება შეიძლება. კოხტა ერთოთახიანი ბინა გამოდის.




– ჩემი ოთახის ფანჯრიდან ხომ მტკვარი ჩანს?
– დიახ, ულამაზესი ხედია, სანაპიროს გასცქერის. მაღალჭერიანია, ადგილიც პრესტიჟულია და ძალიან კარგად შეგვიფასეს. რამდენიმე მყიდველიც გვყავს. ერთერთი ცოტა მეტსაც გვთავაზობს. დამელოდეთ, გასაღებს ავიღებ და წავიდეთ.
– დედა მეც წამოვალ.
– წამოდი.
– ჯერ ნუ გააღებთ, ცოტას შევყოვნდები. მოვემზადები.
– კარგი, მითხარით, როცა მზად იქნებით.
– დიახ, უკვე მზად ვარ!
– მაშ, შემობრძანდით!
– ჩემი გაკრული ბითლზების პლაკატი? ისევ კიდია? რა საოცრებაა!
– დიახ. მამაჩემსაც უყვარდა ბითლზები, მერე ჩვენ წამოვიზარდეთ და ჩემს ძმასაც მოსწონდა ეს პლაკატი. ახლა კი უკვე რელიქვიაა.
– ღმერთო ჩემო, ჩემს მშობლიურ სახლში ვარ. მთელი მსოფლიო მოვიარე და ისევ ჩემს ოთახში ვარ. ჩემი საწერი მაგიდა, სასკოლო წლების ერთგული მეგობარი. უნდა გამოგიტყდეთ, პირველი სასიყვარულო წერილიც ამ მაგიდასთან დავწერე. რა დრო გასულა ... წიგნების კარადაშიც ჩემი წიგნებია, ერთერთში პირველი შეყვარებულის ბარათია ჩაკეცილი. ოდესმე ვიღაც იპოვის და წაიკითხავს.
– თქვენი სკოლისდროინდელი რამდენიმე სახელმძღვანელოც კი არის შემორჩენილი. ავეჯს ცალკე ვყიდით. საწერი მაგიდა და წიგნების კარადა უკვე გაყიდულია. ამ დღეებში წაიღებენ, წიგნებსაც გადაარჩევენ და იყიდიან.
–    იღბლიანი ვარ. ყველაფერს მოვუსწარი. ო, ეს ჩემი საწოლია! ვაიმე, გული ...
– საწოლზე ჩამოჯექით, მიწექით, თუ გსურთ ...
– ჭაბუკური ფიქრების და ოცნებების მესაიდუმლე, ჩემი საწოლი ,,,, გული ..... გული ...
– ნინო, სასწრაფოში დარეკე, მამას დაუძახე!

                                                  ***
რადგან ამ წერილს კითხულობთ, ესე იგი აღარა ვარ. არ იდარდოთ, ჩემი შვილი ყველაფერს მოაგვარებს. ბედნიერი კაცი ვარ, სადაც დავიბადე, იქვე მოვკვდი.....


     

  მზია თვალაბეიშვილი

დაწერილია 2016 წლის ნოემბერში

ეს მოთხრობა ლიტერატურულ კონკურს „ემიგრანტის წერილი – 2017“–ის საუკეთესო ხუთეულში გავიდა და ამავე კონკურსის სამი წლის შემაჯამებელ კრებულში დაიბეჭდა.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები