ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
22 თებერვალი, 2019


სოსო სიგუას შესახებ

სოსო სიგუა მწერალ - კრიტიკოსი, „მწერლის გაზეთის“ მთავარი რედაქტორი და რამდენიმე წიგნის ავტორი გახლავთ. ვისაც აკრიტიკებს, ჯანსაღად აკრიტიკებს. კრიტიკა არავის უნდა ეწყინოს, მითუმეტეს ჯანსაღი კრიტიკა.

ბატონი სოსო ახალგაზრდების ძალიან დიდი გულშემატკივარია, ყოველთვის გვერდით უდგას ქართველ ახალგაზრდობას.

სოსო სიგუა გასული საუკუნის 80 - იან წლებში აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ - განმანთავისუფლებელ მოძრაობაში მუხრან მაჭავარიანთან, მერაბ კოსტავასთან, ზვიად გამსახურდიასთან და სხვა მამულიშვილებთან ერთად. დღესაც მათ გზას ადგას, გზას, რომელსაც საქართველოს გადარჩენა ჰქვია!


ზვიადი და მერაბი

„ერთადერთი სამშობლო დღესაც ერთადერთია!“

მორის ფოცხიშვილი

ზვიადი და მერაბი,
მერაბი და ზვიადი,
პირნათელი წავიდა
ღმერთთან ორი დიადი.

რა არ ნახეს ამქვეყნად,
რა არ გამოიარეს,
ერთად საქართველოსთვის
ბეწვის ხიდზეც იარეს.

ჩვენც - მიმდევართ მათი გზის
გვსურს ამ ერის დიდება,
ჩვენც მათსავით განვიცდით,
თავგანწირვა გვინდება.

ვწერთ და ვეტრფით მათსავით
საქართველოს ერთიანს!
„ერთადერთი სამშობლო
დღესაც ერთადერთია!“

ოთარ რურუა


.........................................................................................................

წერილი სოსო სიგუას

ბატონო სოსო, თქვენს შესახებ ძირითადად თქვენივე წიგნებიდან გავიგე. განსაკუთრებით მომწონს ,,აღთქმული ქვეყნის ძიება“, რომელშიც თქვენ შესანიშნავად გაქვთ გარჩეული იოსებ გრიშაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, იოსებ ნონეშვილის, შოთა ნიშნიანიძის, ენვერ ნიჟარაძისა და სხვა ავტორების შემოქმედება.

კონსტანტინე ჩემი საყვარელი მწერალია, აღარაფერს ვამბობ ნიშნიანიძეზე. ლადო ასათიანისა და მორის ფოცხიშვილის შემდეგ, ნიშნიანიძე ჩემთვის განსაკუთრებული შემოქმედია (რუსთაველზე, გურამიშვილზე, ბარათაშვილზე, ვაჟა-ფშაველაზე, გალაკტიონსა და ტერენტი გრანელზე აღარაფერს ვამბობ, ისინი სულ სხვა ფენომენები იყვნენ, სულ სხვა განზომილებაში არიან)!

გამსახურდიას ნაწარმოებების მიხედვით ლექსების მთელი ციკლი მაქვს შექმნილი. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ,,დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“. ამ ნაწარმოებმა შორენასა და არსაკიძეზე არაერთი ლექსი შემაქმნევინა. როდესაც ეკრანზე ვახტანგ ტაბლიაშვილის ფილმი ,,დიდოსტატის მარჯვენა“ გამოვიდა, ყოველ მეორე გოგოს ,,შორენას“ არქმევდნენ მშობლები.

თქვენ ძალიან კარგი მწერალ-კრიტიკოსი ხართ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო თქვენი დამოკიდებულება ჩვენთან - ახალგაზრდებთან. თქვენ ჩვენი დიდი გულშემატკივარი ხართ. როდესაც გვაქებთ, საფუძვლიანად და არგუმენტირებულად გვაქებთ, როდესაც გვაკრიტიკებთ, ჯანსაღად გვაკრიტიკებთ. ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია. კრიტიკა აუცილებელია, მითუმეტეს ჯანსაღი კრიტიკა, რომ შემოქმედმა ადამიანმა უფრო დახვეწოს თავისი ხელწერა.

პირველად თქვენი ხმა დათა გულუას ხსოვნის საღამოზე მოვისმინე. თქვენ შესანიშნავად, როგორც გჩვევიათ, ისაუბრეთ დათას შემოქმედებაზე, დათასი, რომელიც ნაადრევად - 18 წლის ასაკში წაიყვანა უფალმა თავისთან. მე დათას ლექსებს გრანელის ლექსებს ვადარებ, რადგან მასაც ტერენტივით პესიმისტური ლექსები აქვს, პესიმისტური და დახვეწილი.

დიდი მადლობა თქვენ ყველაფრისათვის, რასაც ჩვენთვის და საქართველოსთვის აკეთებთ, გაუმარჯოს ჭეშმარიტ ქართველობას!

ოთარ რურუა


..................................................................................


გამოგიტყდებით და სოსო სიგუასთან ერთად სიამოვნებით წავიკითხავდი ლექციას კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაზე. მე საერთოდ მორიდებული პიროვნება ვარ, ფსევდონიმად ,,კოლხიდელი“ მაქვს აღებული, კოლხური სიდარბაისლე წინაპრებისგან მომდევს (ბაბუაჩემისგან ვიცი, რომ თვითონ ბაბუაჩემი - ოთარ რურუა და მოჭიდავე რომან რურუას ძმა - ვლადიმერი თანაკლასელები იყვნენ), მაგრამ როდესაც საკითხი განათლებას და განათლებულ საზოგადოებას ეხება, თამამი ვხდები. პროფესორ - აკადემიკოსებთან ერთად ლექციის ჩატარება მინდება ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე. მე ისეთი ადამიანები მიკითხავდნენ ლექციებს ჯერ კიდევ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (გეპეიში) სწავლისას, რომ ბევრ ჩემს თანატოლს შეშურდება. ყოფილი გენერალური პროკურორი - ნუგზარ გაბრიჩიძე მიკითხავდა ლექციას სამართალში, იურისტი ვარ პროფესიით.

ჰუმანიტარული საგნები ბავშვობიდან მიტაცებს, განსაკუთრებით ისტორია და ლიტერატურა. პირველი ნაწარმოები - რომელიც ჯერ კიდევ სკოლაში შესვლამდე წავიკითხე, ალექსანდრე ყაზბეგის ,,ხევისბერი გოჩა“ გახლავთ. მაშინ კარგად ვერ გავიგე შინაარსი, მხოლოდ წლების შემდეგ ჩავწვდი მის არსს.

რაც შეეხება კონსტანტინეს, ძალიან მიყვარს კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება, განსაკუთრებით მინდა გამოვყო: „მთვარის მოტაცება“ და „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“. კონსტანტინეს ამ ნაწარმოებების მიხედვით ლექსების მთელი ციკლი მაქვს შექმნილი. ერთ კარგ სპექტაკლს გავაკეთებდი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული თეატრ-სტუდია „მოდი ნახეს“ მსახიობი ვიყავი 13 წლის განმავლობაში. :) :) :)

თამარი და თარაში, ძაბული და არზაყანი, შორენა და კონსტანტინე (უტა) არსაკიძე, ვარდისახარი, პიპა და მეფე გიორგი. გმირები, რომლებიც არასოდეს მიეცემიან დავიწყებას, რომლებიც ბევრი პოეტის პერსონაჟებიც გამხდარან.

1969 წელს რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა, ასევე რეჟისორ დევი აბაშიძესთან ერთად, კონსტანტინე გამსახურდიას რომანის - „დიდოსტატის მარჯვენა“-ს მიხედვით ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმი გადაიღო, რომელშიც შორენა კოლონკელიძის როლს ლალი ბადურაშვილი ასრულებს, მაგრამ ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ლალი ბადურაშვილს დუბლიორი ჰყავდა. ცხენის ჭენების სცენებში, ცხენზე ამხედრებული შორენა - ვასილ მჟავანაძის შვილი - ნინო მჟავანაძეა. ამ ფილმის ეკრანზე გამოსვლის შემდეგ, ყოველ მეორე გოგოს „შორენას“ არქმევდნენ მშობლები.

მსიამოვნებს განათლებულ ხალხთან ურთიერთობა, არც ბატონი სოსო სიგუა გახლავთ გამონაკლისი. სიამოვნებით წავიკითხავდი მასთან ერთად ლექციას ამ თემაზე, განსაკუთრებით ჩემს მშობლიურ ქალაქ ფოთში მსურს ამის გაკეთება, თან ფოთი არ გახლავთ მაინცდამაინც განებივრებული ლიტერატურული საღამოებით.

პატივისცემით - ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები