ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2019


– – – („ქალები – ეკალ–ბარდები“)

ანგელოზს ეძახდნენ,
ათი თვე მატარა მუცლით,
ბედნიერი ვიყავი, არ ვიბადებოდი,
ვიცოდი, ალბათ, რა შავ დღეზე გავჩნდებოდი.
მაინც მიწია დრომ და
საშოდან კუდა მარომ გამომაძვრინა,
ვუძალიანდებოდი.
გამოვედი და არ მიტირია.
თვალი თვალში გავუყარე.
– ჯადო ბალღიაო ესა, –  უთქვამს.
ტრაკზეც იმას შემოურტყამს ხელი.
გამოვედი
და საშოდან სისხლმა იხუვლა.
შავმა სისხლმა,
თითქოს სიკვდილმა დააღო ხახა.
–არ გადარჩებაო, – უთქვამს კუდა მაროს.
ვერ უშველეს. გადაჰყვა მშობიარობას.
ჩემი ჩახუტებაც კი ვერ მოასწრო.
ნეტა, მოესწრო!
ვიგრძნობდი, გავთბებოდი და დამამხსოვრდებოდა.
ნეტა, მოესწრო!
დავრჩი ასე მოუფერებელი, ცივი ობოლი,
ჯადო ბალღი,
ჯადო ქალი,
ჯადოქარი ...
ყველასგან გარიყული
არავის ვყვარებივარ. არც არავინ მყვარებია.
–შე არგასაჩენო, შე არდასაბადებელოო, – მომძახოდნენ.

ჰოდა, თქვე ქუდბედიანებო,
მეც მაგას არ ვჩივი, მართლაც და
რა დასაბადებელი ვიყავი,
თუკი ჩემს მფარველ ანგელოზს მოვკლავდი.




მზია თვალაბეიშვილი

დაწერილია 2016 წლის დასაწყისში


ამ ლექსით აღმოვჩნდი 2016 წლის ლიტერატურულ კონკურს "ლიხს იქით და ლიხს აქეთ"–ის 13 ფინალისტს შორის (კონკურსს ჰყავდა 600–ზე მეტი მონაწილე, მათ შორის ძალიან ცნობილი ავტორები) და სულ მცირედით ჩამორჩა პრიზიორებს. დაიბეჭდა კონკურსის კრებულში, ასევე გამოიცა ფინალისტთა ლექსებით და ფოტოებით შედგენილი 2017 წლის კალენდარი. მე „ლურჯი აპრილი“ მერგო წილად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები