ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: პროზა
20 მარტი, 2019


მკითხველთან რომანის მქონე რომანის მონოლოგი

    უკვე მესმის სკეპტიკოსების ქილიკი და ქირქილი: ვის გაუგონია რომანი მკითხველსა და წიგნს შორის? ეს ხომ სისულელეა, აბსურდია ...დიახ, ბატონებო, თქვენთვის ეს აბსურდია, ნონსენსია ... არ გედავებით. მაგრამ  ჩემთვის ეს არის მშვენიერი რეალობა. იმ საბედისწერო შეხვედრამდე მეც მხარს აგიბამდით და ამ სისულელეზე თქვენთან ერთად ბევრს ვიცინებდი. მრავალი წლის განმავლობაში მეც თქვენსავით მტკიცედ მჯეროდა, რომ ეს შეუძლებელია. იმ ერთმა შეხვედრამ კი ყველაფერი შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, ყველა არგუმენტი წამში გააქარწყლა.
მომისმინეთ და თავად განსაჯეთ:
    მე ვარ მეოცე საუკუნის ერთერთი ყველაზე სკანდალური რომანი – მიხეილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“, საჯარო ბიბლიოთეკის კუთვნილებას წარმოვადგენ. ხომ არ გგონიათ, თაროზე ვიმტვერები? არა და არა, მე მკითხველთა რაოდენობით რეკორდსმენი ვარ. ვმოგზაურობ წიგნების საცავსა და სამკითხველო დარბაზს შორის. თაროზე შემოსკუპებულს იშვიათად მნახავთ. ვენატრები ჩემს მეზობლებს. როგორც კი იქ დამიგულებენ, კითხვებს დამაყრიან, მაამბობინებენ ჩემს თავგადასავალს, აინტერესებთ რა ხდება სამკითხველო დარბაზში. მეც სიამოვნებით ვუზიარებ ჩემს შთაბეჭდილებებს, რადგან მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებსაც მკითხველები, თითქმის, არ ჰყავთ და ძალიან იშვიათად ტოვებენ საკუთარ თაროს. მათთვის მე და ჩემი მოთხრობები მოგზაურობის ტოლფასი ვართ.
    სულმოუთქმელად ველი ყოველ ახალ მკითხველთან შეხვედრას. მივემგზავრები სამკითხველო დარბაზისკენ და ვცდილობ, წარმოვიდგინო ის პიროვნება, რომელიც ჩემით დაინტერესდა. უამრავი ხალხი მყავს ნანახი, თვლა არა აქვს. გადაშლიან თუ არა წიგნს, მაშინვე მათ თვალებს ვხედავ, ვხედავ მათ სახეს და ზუსტად შემიძლია გითხრათ, ვისთან მაქვს საქმე. მინახავს მშვენიერი, შთაგონებული სახეები, მინახავს ბრიყვები, ისეთებიც მინახავს, ვისაც რომანის წაკითხვა კი არ სურდა, არამედ კითხვის ილუზიის შექმნა.
    აქვე შემიძლია მათ ზნე–ჩვეულებებზეც გესაუბროთ. ყველაზე ძალიან მაღიზიანებს  თითზე დანერწყვების და ფურცლების ისე გადაშლის ჩვევა... შემზარავია ... საშინელებაა ... სამწუხაროდ ხმას ვერ ვიღებ, დამუნჯებული მედგრად ვიტან ამ შეურაცხყოფას. სხვა რა გზა მაქვს? ზოგიერთი მკითხველი ნერვიულია და ფურცლის კიდეებს აწვალებს, ცრცვნის, მაზიანებს. აქაც უძლური ვარ. ზოგი კალამმომარჯვებული კითხულობს და მისთვის საინტერესო პასაჟებს ხაზს უსვამს. ორმხრივ–ორფეროვანი ფანქრების მოყვარულნიც მინახავს. კიდეებზე შენიშვნებსა და შთაბეჭდილებებს რომ წერენ ლურჯ ან წითელ ფერებში. ა კ რ ძ ა ლ უ ლ ი ა!!!! მინდა მთელი ხმით ვიყვირო, მაგრამ ... არ ძალმიძს.
    ამ მასაში ერთ დარბაისელ ასაკოვან ქალბატონს გამოვარჩევ, რომელიც დიდი მოწიწებით მექცეოდა, მაქმანიანი თათმანებით მეხებოდა. ფრთხილად ფურცლავდა წიგნს. მშვიდად და გულდასმით კითხულობდა. სადღა არიან ასეთი მკითხველები?
    იშვიათად რომ ვინმე მეორედ მოვიდეს ჩემს წასაკითხად. ორ–სამ ადამიანს თუ გავიხსენებ. გამონაკლისი ჩემი სატრფო აღმოჩნდა.
    არც კი ვიცი, საიდან დავიწყო და როგორ გიამბოთ მასზე. შეიძლება დამცინოთ კიდეც და მკითხოთ: სულ ეს არის? ამას უწოდებ შენ სიყვარულს? მაგრამ განა ვინმეს შეუძლია დანამდვილებით თქვას, რა არის სიყვარული? ან ზუსტად განსაზღვროს იგი? ან თუ ჩემი სიყვარული უცნაურია, განა იგი ამიტომ ნაკლებფასეულია?
    მაშ, მომისმინეთ! ერთ უმშვენიერეს დღეს სრულიად მოულოდნელად ავფორიაქდი. თაროზე ადგილს ვერ ვპოულობდი. იმდენს ვცქმუტავდი, კინაღამ გადმოვვარდი. ასეთი რამ არ მჩვევია და გამიკვირდა. რაღაცის მოლოდინში ვიყავი. უფრო სწორად, რაღაც არაჩვეულებრივს ველოდი. ჯერ არ ვიცოდი, რომ საბედისწერო შეხვედრა მელოდა.
    შემოვიდა საცავის თანამშრომელი და წიგნების შერჩევა დაიწყო. „ მე.. მე არ დაგავიწყდე “ – ვფიქრობდი ჩემთვის. მართლაც, იგი მომიახლოვდა და სხვა წიგნებში ამომარჩია. მიხაროდა! რაღაც უსაზღვროდ მიხაროდა! შეარჩია საჭირო წიგნები და დარბაზისკენ აიღო გეზი.
    სამკითხველო დარბაზში წიგნებს რიგ–რიგობით უნაწილებდნენ მკითხველებს. ჩემი ჯერიც მოვიდა, ბიბლიოთეკარმა ჩაკრული კონვერტიდან ბარათი ამოიღო და მორიგი მკითხველის გვარი ჩაწერა. უცებ სუნამოს საამო სურნელი ვისუნთქე, ცოტა გავბრუვდი. „– დიახ, დიახ, მე ვარ“ – ჩამესმა ახალგაზრდა ქალის მშვიდი ხმა. ბიბლიოთეკარმა სწორედ ამ ქალს გადასცა ჩემი თავი. და ჩვენ მაგიდისკენ გავეშურეთ. ქალი დაჯდა, მოკალათდა, ფრთხილად მომათავსა მაგიდაზე, ყდა გადაშალა და მე სათნო, წყლისფერთვალება, თითქმის გამჭვირვალე, სევდიანი მზერა მომაპყრო.  დავმშვიდდი, საოცარი სიმშვიდე დამეუფლა. ქალი კითხვას შეუდგა. ხან ეღიმებოდა, ხან იცინოდა, ხან სევდიანობდა და ცრემლებს მაპკურებდა. ზუსტი რეაქცია ჰქონდა, მე ხომ მშვენივრად ვიცი  ჩემი შინაარსი და მისი ემოციური დატვირთვა. თავისი ნატიფი თითებით მეხებოდა და შლიდა ფურცლებს. წიგნი ნახევრამდე ჩაიკითხა, მეორე დღისთვის გადაანახინა და წავიდა.
    მეორე დღეს მოვიდა თუ არა, სუნამოთი ვიცანი. კითხვა განაგრძო და ტექსტი ჩაიკითხა. ასეთი მადლიერი მკითხველი ჯერ არ მყოლია. წიგნი ჩააბარა და წავიდა. დამწყდა გული. მე ისევ საცავში მიკრეს თავი. მეზობლები, ჩვეულებისამებრ, შთაბეჭდილებების გაზიარებას მთხოვდნენ, ხმას ვერ ვიღებდი, გატრუნული ვიყავი, პირველად ჩემი არსებობის მანძილზე ვფიქრობდი მკითხველზე და მსურდა მისი ნახვა. რას ვიზამდი? რა შემეძლო? ჩემი გრძნობა ღრმად შევინახე ქაღალდის გულში და წიგნურად ვოცნებობდი. მჯეროდა, რომ ისევ ვიხილავდი მას.
    დიდი დრო გავიდა. დიდხანს ველოდე. მოლოდინი გამიმართლდა. ერთ დღეს ნაცნობი სუნამო შევისუნთქე და ავღელდი. ბიბლიოთეკარმა გადამცა მკითხველს და გავიგონე სანატრელი, მშვიდი ხმა: „ეს ჩემი საყვარელი რომანია.“ მე მისი საყვარელი რომანი ვარ და ის ჩემი საყვარელი  მკითხველია! გესმით, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი! ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი!
    მას შემდეგ ქალი პერიოდულად ბრუნდება და მკითხულობს. ვგრძნობ მის სულიერ მღელვარებას, ერთად ვსევდიანობთ და ვიღიმებით, ვერ ვძლებთ უერთმანეთოდ. ჩვენ ნამდვილი რომანი გვაქვს ერთმანეთთან – რომანი მკითხველსა და წიგნს შორის და უსაზღვროდ ბედნიერები ვართ!
    ახლა კი, თუ ისევ გსურთ, შეგიძლიათ დამცინოთ!
 

მზია თვალაბეიშვილი

გამოქვეყნდა 2011 წლის 11 საქტემბერს გაზეთ „რეზონანსის“ ლიტერატურულ დამატება „გალაკტიონში“ რუბრიკით „ლიტერატურული მონოლოგები“. ეს ჩემი პირველი მოთხრობაა, რომელიც დაიბეჭდა, თან ზუსტად დაემთხვა ჩემს დაბადების დღეს – 11 სექტემბერს. ასეთი მოულოდნელი და სასიამოვნო საჩუქარი მივიღე. 

„ლიტერატურული მონოლოგები“ – ებლიტფოს (ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული ფორუმის) პროექტი გიორგი კილაძის თაოსნობით.                                   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები