ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2019


+ + + („ქალები – ეკალ–ბარდები“)

– სიყვარული გაგტეხსო, –
საგვარეულო ჭროღა თვალებმა მითხრეს და
უწამწმო მზერა გამიყარეს გულში .....
დამჭრეს.
დამთარსეს.
ჯერარდაწყებული ცხოვრება გამითვალეს.
მე ჯიუტად
მოვიგდე ხურჯინი ზურგზე
და შენთან ერთად შევები უღელს,
უგულოდ შეები,
ხურჯინი განზე ეგდო.
ხურჯინი– მეთქი.
მერეო, – მიპასუხე.
ვიარეთ.
დიდხანს ვიარეთ,
სხვა გზა არ იყო და
შენი ხურჯინიც მე მოვიგდე ზურგზე.
ყოჩაღო, – მითხარი.
ისევ ვიარეთ....
სულ ჭროღა თვალების ჭრილში ვიარეთ ...
არ ვიცოდი,
რაც შენი სატარებელი არ არის,
ვერაფრით ატარებ, თურმე,
არ ვიცოდი ....
წავიბორძიკე, დავეცი.
არ შეიმჩნიე.
წაიქცაო, – გითხრეს.
– ყოჩაღია, წამოდგებაო,–
და უღლიდან გამოები.
ასე დავრჩი ორხურჯინწამოკიდებული
კენტად უღელში.
აი, მაშინ ... მაშინ კი .... გავტყდი ... 
უწამწმო ჭროღა თვალები უკვე გაღმა იყვნენ გასულნი,
თორემ რა გაუძლებდა მათ გველურ მზერას.
ვერ გაიხარეს, ვერ ნახეს,
როგორ გამტეხა სიყვარულმა.




ავტორი: მზია თვალაბეიშვილი

დაწერილია 2016 წლის დასაწყისში


2017 წლის ლიტერატურულ კონკურს „ლექსების გამოფენა – ასი სიტყვის“ ფინალისტი.  დაიბეჭდა კონკურსის ფინალისტთა იმავე წლის კრებულში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები