ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
26 თებერვალი, 2019


პიკასოს ბიჭები

("არაჩვეულებრივი გამოფენის" მოტივებზე)

- მოდი, ჩავიდეთ ხსოვნის თეთრ ქვებზე, "8 ნომერით" და პურით,
გულიც წავიღოთ, ვიცი, მე და შენ სუფრას ცივ ქვაზეც გავშლით,
რომ გაგვეხსნება, ერთი შენს ძმობას, კარგად დამიგდე ყური,
გაგიზიარო, ქრონიკულად მე რატომ ვეხვევი შარში...
ასე მგონია, რომ ვერ მოვერგე ყოფას, ნათხოვარ პიჯაკს,
ბევრს ეცადა და ვერაფრით მომჭრა ცხოვრებამ თავის თარგზე.
როცა არ მიჭირს, ზოგჯერ მაშინაც კი ვიწერ ხოლმე პირჯვარს,
აბა, რა ვიცი, რა ბედი მელის, რას შევეყრები ხვალ-ზეგ...
"მდგრად დინამიკას“ თუ არ მიჰყვები, თურმე, ჩამორჩი დროსაც,
ამ მღვრიე წყალში უნდა გაცურო ბატერფლაით ან ბრასით.
შენს გაჭირვებულ მეგობარს ახლა ვეღარ მიუტან რკოსაც,
რადგანაც უკვე გაცვდა ანდაზა - კაცი ფასობსო კაცით!
-მოდი, დავლიოთ! ო, რა კიტრია, რა პურია და ყველი!
ახლა რა დროს ეგ წიაღსვლებია, შუა ბუნების წიაღს,
ამ ჩემ ფეხებს, თუ ვერ გამოდექი მგელი და მგელზე მგელი!
ახლა ამ ყოფნას ყოფნა კი არა, თავის გატანა ჰქვია!..
- ახლა მეც მკითხე, რატომ დავიწყე სმა და რა როგორ მიჭირს,
რა თეთრი ქვები, რის ამპრედუზო, ერთი დავლიოთ მაგრად!
საღოლ, შენში თუ ისევე ცოცხლობს პიკასოს ცელქი ბიჭი,
და ეს ცხოვრებაც, შენს ძმობას ვფიცავ, ჩვენს მეტს არავის არ ჰგავს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები