ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2019


მოისაკლისე. ნონ ფინიტო. ეპისტოლური

ნინო დარბაისელი

მოისაკლისე. ნონ ფინიტო. ეპისტოლური
- - - - -

მე  წავიკითხე ის წერილი ერთხელ,
ათასჯერ
და რამდენჯერაც საპასუხოდ მოვიმყუდროვე
და წერა ვცადე,
უღონო ხელში
პირწამახული შავი ფანქარი
მე ორპირა წერაქვად მექცა,
თეთრი ფურცელი -
ტრიალ მინდვრად,
თოვლდაყინულად.
ბევრიც ვიქნიე ის წერაქვი,
ზედაპირი ვჩხაპნე და ვშალე,
ღრმა სითეთრეს კი ერთი ბზარიც ვერ დავამჩნიე.
იქნებ ვიეჭვე, რომ მინდორზე კი არა და,
თავმოყინულ ტბაზე ვიდექი
და უფრო მეტი ძალდატანება ყინულის საფარს ჩაამსხვრევდა,
ფეხქვეშ მეც  საყრდენს გამომაცლიდა,
ცივი სიღრმისკენ წამიღებდა დასაღუპავად,
ხოლო მშველელი ახლო-მახლო არავინ ჩანდა,
ხმის წასვლამდეც რომ მეღრიალა.

წინასწარ რატომ გვეუფლება სასოწარკვეთა!
ან საბოლოო,
თითქოს პატარა,
სინამდვილეში უზარმაზარი იმედისაკენ   
თავგანწირვით რად მიგვაქანებს!

მე - ჩემი თავი გამჭირვებოდა,
შენ - სიტყვაძუნწი  სიმწრისაგან გასიტყვაუხვდი,
მწერდი და მწერდი,
დილას თვალი  რომ გავახილეო,
გვერდით საწოლი  ცარიელი,
ცივი იყოო,
ჩუსტი რა არის,
ჩუსტიც კი არ დარჩენიაო,
ვერ გავიგეო ვერაფერი..
მოისაკლისე
ვისთან ცხოვრებაც გეადვილა...
და არანაკლებ ადვილი ჩანდა ყოფნა უმისოდ;
ის,  ვინც გაბედა და ერთხელ გითხრა,
რომ არ შეეძლო შენს გარეშე არსებობა,
მაგრამ ვერც შენთან ვეღარ ძლებდა.
შენ კი ნათქვამი გაატარე,
როგორც
მეისრემ -  ტრანზიტული მატარებელი.

შემადგენლობა როცა ჩაივლის,
ვინღა იძიოს,
რა ტვირთი მიაქვს,
ანდა რა ჰქონდა,
როდის და როგორ
ნათქვამს -
უთქმელი ან საერთოდ გამოუთქმელი.

ჰო, ქალებმა ასე იციან:
მიდიან, როცა აღარ უყვარხარ
და თუ უყვარხარ,
მაინც მიდიან.
და რაც უეცრად  დაგატყდება ღვთის რისხვასავით,
დიდი ხნის წინათ იყო უკვე გადაწყვეტილი.
იქნებ იმიტომ, რომ  დაბეჭდული შვიდივე ბეჭდით     
სიყვარული შენ ვერ გახსენი.
როცა ბოლომდე გეძლეოდა,
იმას იღებდი,
რაც განაყრებდა,
დანარჩენი - ოხრად რჩებოდა.
სიწრფელე - იმის ვალი იყო,
ვალთაგან- ერთი,
არგამხელა და სხვა ყველაფერი - შენი უფლება.
ყველარაობა იყავი  მისთვის,
აგრძნობინებდი, რომ შენთვის იყო არარაობა
და შეეშინდა, რომ ერთ დღესაც მიატოვებდი
და გადამტანი ვერ იქნებოდა
და გადაწყვიტა თვითონ გაესწრო,
თვითონ დაესწრო,
გადაესწრო.

რა ადვილია ლაპარაკი  გადატანილზე! -
ძველ ტკივილებზე,
ძველ ამბებზე,
ძველ შეცდომებზე.
ეს იგივეა, მორჭმით მჯდომარე ნასადილევზე,
თავშესაქცევად
ხელში მოხვედრილ რაღაც  უყდო წიგნს  კითხულობდე.
აღარც ავტორი,
არც სათაური,
თავშიც - აკლია,
ბოლო ფურცლებიც - მოხეულია.
თუ მოინდომებ,
დასაწყისიც შენს ხელშია,
რამე ფინალსაც მოუგონებ,
ეავტორები,
რადგან ის არის შემოქმედი,
ვინც დაწყებამდე - ბოლოც იცის,
სხვებს კიდეც რომ არ გაუმხილოს.
სხვა დანარჩენი  - მანძილია
და ვისაც როგორ შეეწევა,
ან რა თვალითაც გადმოხედავს,
ისე ატარებს...

გამეცნო მაინც,
თვალი მომეკრა,
არსებობას დავიჯერებდი,
ვითომცნობილო, შენ, მექალთანევ,
მარადიულო მარტოხელავ,
ძმაო,
ძმობილო,
ადამიანო,
მუდამ რაღაც შუალედურო,
ჰო, უიმედოდ შუალედურო
მეგობარსა და მარადშეუმდგარ საყვარელს შორის.

საფოსტო წრე და
წერილზე - შტამპი:
"ადრესატი არ იძებნება".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები