ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
5 თებერვალი, 2009


მზიური ფერის შეცნობისათვის

ყოველი ფერი საკრალური საიდუმლოს მატარებელია. საუკუნეების მანძილზე ფერები ადამიანის შინაგან განცდაში უფრო არსებობდნენ, ვიდრე ემპირიკაში. ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში პლატონი „ნადიმში“ ფერს აღწერს, როგორც ფორმას, რომელიც თანაფარდია შეხედულებისა და გრძნობისა. გარდა იმისა, რომ ყოველი ფერი იწვევს გრძნობად-კონკრეტულ განცდას, ამავდროულად უმაღლესი სიმბოლოს მატარებელია. გოეთეს თეორიის მიხედვით კი, ფერი არის არა მხოლოდ სქემატური სიმბოლოს აღმნიშვნელი, არამედ რაციონალური სისტემის სფეროდან მომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ ფერი აბსტრაქტული ცნებაა და მას არ გააჩნია საგნის არც ერთი თვისება, ცივი, თბილი და ა.შ. სინამდვილეში სულ სხვა რეალობასთან გვაქვს საქმე. არსებობს ფერების ფსიქოლოგიური ზეგავლენა მათი „სიცივისა“ და „სითბოს“ მიხედვით, როგორც ერთი მხრივ განსაკუთრებულად დამახასიათებელი შავი ტონების მძლავრობა, ხოლო მეორე მხრივ „ნათელი პალიტრა“ ანუ „მზიური ფერები“. ჩვენი მსჯელობის საგანს ამჯერად ეს უკანასკნელი წარმოადგენს. ფერი, რომლითაც ნათელი პალიტრა ყველაზე სახიერად გამოისახება, არის ყვითელი, რომელიც ამავდროს მზის ფერია. მზე სინათლის წყაროა, ძველეგვიპტურ მითოლოგიაში „რას“ სახელწოდებით ღმერთის მნიშვნელობას გამოსახავს. მზე სიცოცხლის სათავეა. ამდენად ყვითელი სიცოცხლის ფერი არის. მითოლოგიური წარმოდგენების ანალოგიას გვიდასტურებს ბიბლია. (თავი 1-3; 1-9;) „თქვა ღმერთმა იყოს ნათელი და იქმნა ნათელი, დაინახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო და გაჰყო ღმერთმა ნათელი და ბნელი.“ ე.ი. _ ნათელი _ მზიური _ ყვითელი ფერი სიცოცხლის იმპულსის მატარებელი ფერია. ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში ყვითელი ფერი იყო სინათლის სიმბოლო, შემეცნების ფორმის უმაღლესი გამოხატულება. ეგვიპტელი მხატვარი გვევლინება როგორც ქურუმი, მიღმიერ სამყაროდან მფარველ ძალთა გამომხმობელი. ეგვიპტელთა რწმენით, დედამიწაზე არსებობის დანიშნულების შეცნობის შემდეგ ფარაონის სული პირამიდების საფეხურის გავლით უერთდება _ „რას“ ანუ მზის სულს. დიდი ფარაონის, ეხნატონის პერიოდში ფერწერის განვითარებამ ყვითელ ფერს მიანიჭა არა მარტო სიმბოლური მნიშვნელობა, არამედ სინამდვილის ამსახველ ფერად აქცია.
ტიბეტურ მითოლოგიაში ყვითელი ფერი თეთრ ფერთან ერთად აღნიშნავს ამაღლებულ ზე განწყობას.
ძველი ბერძნებისთვის სამყარო იყო ცეცხლოვანი ფერებისაგან შემდგარი. ყვითელი ფერი მათთვის მანათობელი სიხარულის გამოხატულება იყო.
ბევრი მხატვარი შინაგანად ებრძოდა ყვითელ ფერს, თუმცა ყოველთვის ხაზს უსვამდნენ მის სირთულეს. მაგალითისათვის იტალიური მაღალი აღორძინების მხატვარი ტიციანი იკმარებდა. პიკასო ყვითელი ფერის უფლებას ისე იცავდა, როგორც ადამიანის უფლებას.
არც ერთ ფერს არ გამოუწვევია იმდენი დავა, რამდენიც ყვითელ ფერს. ანდრი შევერელის თეორიის მიხედვით _ ამ ფერს მიენიჭა სინათლის ფუნქცია. მისით ხდება უსახური, ქაოსური სინამდვილის გასულიერება. ის „დესტრუქციულ ქაოსს აქცევს კოსმიურ წესრიგად.“
ყვითელი ფერის უმთავრესი თვისებაა, რომ ის არ უნდა იყოს ჩაკეტილი. მას ეშინია იზოლირების და უყვარს შიგნით თავის გულში ჰქონდეს მომწვანო _ მონარინჯისფერო ნათება და გარეთ ასხივებდეს. ამ ფერს მხოლოდ მაშინ შეუძლია ატაროს თავის ყვითლობა, როცა ასხივებს, იხარჯება და თავის სხივოსნობის ენერგიას გარეთ აფრქვევს. ანუ როცა ყვითელს _ „უხარია.“ როცა ყვითელი იკეტება _ კვდება. ძნელია მისი დაფიქსირება სივრცეში, რადგან ის რთული დასაჭერი ფერია. თუ გვსურს გაანათოს ყვითელმა, გარშემო უნდა მივუსადაგოთ იისფერი. მაშინ მიიღწევა მისი მაქსიმალური სიკაშკაშე. ყვითელი ფერის ბუნება ლურჯ ცაზე გაფრქვევაა. მხატვარმა რომ ის სიბრტყეზე დაალაგოს, უდიდესი ოსტატობა არის საჭირო, რათა არ გაურიოს მწვანე. ამ ფერთან შერევით ყვითელი ფერი ილახება. წმინდა სახით ყვითელი ფერი მხოლოდ მზეშია ის, როგორც მგრძნობიარე ფერი, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩენს სხვა ფერებთან ურთიერთობისას,  იმდენად აქტიური არ არის, რომ რომელიმე ფერი დააზიანოს.  თავად ზიანდება.
ცნობილი სამხრეთამერიკელი მხატვარი ნიშიზავა მიიჩნევს, რომ „ამ უცნაური თვისების გამო ის ჩამოჰგავს კეთილშობილ სულს.“ თუ ყვითელი ცუდად შეეხო წითელს, დაზიანდება. იასამნისფერთან შეხებისას ქმნის სრულ ტალახს. ყვითელი ფერის ფუნქციის გამოცვლა ნიშნავს, მისი არსის დაკარგვას. XX საუკუნის ერთ-ერთი დიდი მხატვარი ხუან მირო წერს: „თუ გრძნობადია განათება, ყვითელია, თუ ვერ გრძნობს თავისთავს და ანათებს _ თეთრი.“
ისააკ ნიუტონმა სპექტრად დაშალა მზის სინათლე. XX საუკუნე იყო მზის სპექტრის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი. სწორედ მაშინ გახდა შესაძლებელი მზის სპექტრში შთანთქმის ფრაუნჰოფერის ხაზების აღმოჩენა და შესწავლა. სპექტრის არსს ჯერ კიდევ უძველეს ხანაში იკვლევდნენ ქალდეველები და ბაბილონელები. ყვითელი ფერი სპექტრში დევს შუა ადგილას. სპექტრი იწყება ულტრაიისფერით და მთავრდება ინფრაწითელით. ყვითელს გვერდით მოჰყვება თვალისთვის კარგად აღსაქმელი მომწვანო და ცისფერი. სპექტრის ძირითადი ფერებია _ ყვითელი, ლურჯი და წითელი. დანარჩენი ამ ფერთა ვარიაცებია. შვიდი ფერის დალაგებით ცისარტყელა გამოსახავს ფერს, რომელიც მიიღება მზის სხივების წვიმის წვეთში გარდატეხის შედეგად.
გოეთეს თეორიის მიხედვით ამ შემთხვევაში ფერები ერთმანეთს ეხმარებიან, ერთმანეთის მიმართ კონტრასტულები ხდებიან, ძლიერდებიან. ასევე ჩამოყალიბდა დამატებითი ტონის ცნება. ყვითელისა და წითელის შეზავებით ვიღებთ ნარინჯისფერს. ხოლო ლურჯისა და ყვითელის _ მწვანეს. წითელი და ლურჯი ქმნის იისფერს. სწორედ ამგვარი სპექტრალური დაშლის პრინციპზე ააწყვეს იმპრესიონისტებმა (პისარომ, მონემ, სიორამ) თავიანთი შემოქმედება.
ფერწერის ძირითადი კანონების შესწავლის საქმეში უდიდესი შრომა გასწია ეჟენ დელაკრუამ. სპექტრალური ფერის განვითარების საიდუმლოება მან ყვითელ ფერთან მიმართებაში განიხილა. ის მიიჩნევდა, რომ მზის შუქის ტონალობის შესაბამისი ჟღერადობა რომ გვქონდეს, უნდა გამოვიყენოთ ყვითელი ფერი. კლასიციზმის „მამად“ აღიარებული ნიკოლა პუსენი თამამად იყენებდა ტონის ნიუანსებს და წითელ-ყვითელ კოლორიტს. ბალზაკმა სწორედ პუსენის ფერწერაზე დაკვირვებით აღმოაჩინა „ვოლიერების სისტემა“ ანუ სინათლის ძალის ინტენსიურობის მიხედვით, ფერის, მისი ანარეკლებისა და ძირითადი ფერადოვანი აკორდის ტონის ნიუანსირების თავისებურებანი, რომელიც შემდგომ შეისწავლეს და განავითარეს: ვატომ, შარდენმა, დელაკრუამ, კორომ.
წმინდა ყვითელი ფერის აღსაქმელად იმპრესიონისტებმა დაძლიეს სალონური აკადემიზმი, დატოვეს სახელოსნო და გავიდნენ ღია ცის ქვეშ, პლანერზე სამუშაოდ, საკუთარი მხატვრული მოთხოვნების შესაბამისად და მეცნიერული აღმოჩენებისათვის. დაიწყეს დაკვირვება მზიური სინათლის რეფლექსების ურთიერთ მოქმედებაზე, ისინი აკვირდებოდნენ სინათლისა და ატმოსფეროს მოვლენებს, არა მხოლოდ სუბიექტური ფორმისათვის, არამედ ბუნების შინაარსიანი და მოძრავი სახის შესაქმნელად. მათ შემოქმედებაში მზიურ ფერწერას ყვითელი აძლევს არამიწიერ, საკრალურ იდუმალებას, რომელიც ფერთა გამასთან ზუსტი ტონიერებით იძლევა ფერთა პოეზიის განცდას. თითქოს ხაზები კარგავენ დანიშნულებას და ფერი იკავებს მის ადგილს. ყვითელი ფერი თითქოს ათავისუფლებს საგანს ერთი განზომილებისაგან და შეაქვს მასში ზეაღმატებული თავისუფლება. მხატვარი უნდა გრძნობდეს,  რომ ყვითელ ფერს არ წაართვას სივრცე, როგორც მზეს არა აქვს ზღვარი და ლოკალურ წრეში ვერ მოაქცევ, ასეა ყვითელიც. რადგან ყვითელი ეგვიპტური ღმერთის „რას“ სიმბოლოა _ მიჩნეულია, რომ ის არის სისავსის, სრულყოფილებისა და სიმწიფის სიმბოლო. რუდოლფ შტაინერი ყვითელ ფერთან დაკავშირებით ნაშრომში _ „პიროვნულის სამი ასპექტი“ წერს: „ძლიერ პიროვნებებს მკვეთრად ყვითელი, ელვარე აურა ახასიათებთ.“
ვან გოგმა ყველაზე მისტიკურად იგრძნო ყვითელი ფერის არსი, რის შესახებაც უამრავი გამოკვლევა არსებობს,  ამიტომ საგანგებოდ აღარ შევეხებით. ფერწერულ ტილოზე „საბილიარდო.“ ის ღამესაც ყვითელი, მზიური ფერით გადმოგვცემს. აქ სავსებით შესაძლებელია რუსთაველის საკრალურ მეტაფორასთან „მზიან ღამესთან“ პარალელის გავლება. ანუ ორი შემოქმედი დამოუკიდებლად ქვეცნობიერზე გავლით როგორ მიდის მზიური ფერის ერთიდაიმავე რაკურსით ხედვამდე.
გოგენი ყვითელი ფერის ფუნქციას ყავისფერში თეთრი ფერის შეზავებით აღწევდა.
ემილ ზოლას რომანის „შემოქმედებას“ მთავარი პერსონაჟი მხატვარი კლოდი _ ყვითელ ფერთან დაკავშირებით ამბობს: „ხელოვნებას სჭირდება მზე, ჰაერი, ნათელი _ ახალგაზრდა ფერწერა.“ იმპრესიონისტების აზრით ყვითელი ფერით ხდება მატერიის გასულდგმულება, ხოლო მზე თავად არის უზენაესი მხატვარი, სინათლის წარმომქმნელი დიდოსტატი, სიცოცხლის დინამიკის ავტორი. მზე მუდამ წმინდა ყვითლად აღიქმება.
ნორვეგიელი დრამატურგის იბსენის დრამა „მოჩვენებაში“ _ ახალგაზრდა მხატვარი _ რომლის ფერწერის უმთავრესი ფერი ყვითელია, ამბობს: „ჩემს ნახატებში არის მზე, სადღესასწაულო განწყობა, ადამიანთა ბედნიერი, მოციმციმე სახეები.“ აქვე უნდა გავიხსენოთ კურბეს სიტყვები: „მე ჩემს სურათებში ვმოქმედებ ისე, როგორც მზე ბუნებაში.“
უარყოფითისა და დადებითის, ბოროტისა და კეთილის, სიკვდილისა და სიცოცხლის ბრძოლაში _ მაინც უფლის კოსმიური ნათელი იმარჯვებს, როგორც უსახურ ყოფაზე ზეაღმატებულია მხატვრის ფერადოვანი გამით მოტანილი იდუმალი ფერწერული პოეზია.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები