ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი მატისი
ჟანრი: პროზა
14 მარტი, 2019


საი

მაშინ ჯერ კიდევ სამნი ვიყავით. მე, საი და დედაჩვენი. ლამაზი იყო საი.  უცნაურად ლამაზი… სოროებივით ამოჭრილი, თვალის ვიწრო ჭრილები ქონდა, შიგნით დამფრთხალი თაგვებივით დაურბოდნენ მუქი, ნაცრისფერი თვალები. კისერს წავიგრძელებდი და საის ბნელ  სორო – ჭრილებში შევიჭყიტებოდი ხოლმე. საი მოჭუტავდა ისედაც ვიწრო ჭრილებს, შიგნით შეიმალავდა მუქ, ნაცრისფერ თვალ –თაგვებს და თავისი გრძელი, ხმელი ხელებით ტყის მეორე კიდეზე მისროდა. „არ გინდაო“, –  დამადევნებდა გზაში და მერე ისევ თავისკენ მიზიდავდა.  გრძელი, გამხმარი და მუქი ფერის ხელები ქონდა საის. ყველგან მწვდებოდა, მთელი ჩვენი ტყის უკიდეგანო უღრანებამდე გაქცეულს, მომაწვდენდა, მომხვევდა და მეხუტებოდა ხოლმე. თავის უხეშ, დამერქნილ ხელისგულებს თვალებზე დამაფარებდა, მიწით სავსე პირიდან ნორჩი ბალახების სუნს შემომასუნთქავდა და მის ამონასუნთქს ამოყოლილი მიწის ჭიები დამეხვეოდნენ სახეზე, ათასობით იყვნენ, მთელ სხეულს მიფარავდნენ, დაფუთფუთებდნენ ჩემი სახის ყველა ნაოჭში, კანში ცდილობდნენ ჩაძრომას, ჩაბუდებას. მერე  ჩემი სისხლით დაბერილები ხან ძირს ჩამოცვივდებოდნენ, ხანაც მე ვიშორებდი. ზოგი აღწევდა შიგნით, ჩემ სხეულში, იქვე ასწრებდნენ გამრავლებას და საკუთარი სისხლითვე გაბერილი ჭიებით სავსე სხეულით მძიმედ გავეკიდებოდი ხოლმე საის. საიც გარბოდა ფესვებგამჯდარი ფეხის გულებით, ხან დავეწეოდი, ხან გამისწრებდა. ასე დავრბოდით დაღლამდე, ქანცისგაწყვეტამდე, ძლივს ამოსუნთქვამდე. სუნთქვაგახშირებულები ჩვენი ტყის დასალიერში მივეყრებოდით და საი თავისი დაკოჟრილი, დამერქნილი თითებით, კანის ზევიდან მაჭყლიტავდა ჩემი სისხლით დაბერილ, გამრავლებულ ჭიებს. ყოველი თითის დაჭერაზე თითო გატკაცუნდებოდა, ჩაიფუშებოდა და კანის უხილავი ნასვრეტებიდან საის გაჭყლეტილი ჭიების სულები ამოძვრებოდნენ ხოლმე. საიც დააღებდა გამხმარ, დატოტილ პირს, უკან ჩაიბრუნებდა თავის ჭიებს მომავალ გაცინებამდე.
მუცლის მაგივრად, დიდი ხვრელი ქონდა საის. იმხელა, შიგნით თავისუფლად რომ შეეტეოდი მთელი სხეულით, საკუთარი სისხლით დაბერილი ათასობით ჭიებით,  დედაჩვენის წყევლაწამსკდარი ბაგეებით, მისი უცნაური ნამღერი ძილისპირულითა და მოგონებებით. შებინდებამდე, ყველაზე ლამაზ ადგილს რომ დაინახავდა საი, წინ დამიდგებოდა ხოლმე, მე მის უკან ჩავიმუხლებდი და მისი მუცლის ხვრელიდან ვიყურებოდი.  ვუყურებდი ჩვენი ტყის თვალუწვდენელ უღრანებს და  ხის კენწეროებზე ჩამოსისხლულ მკვდარ მზეებს. „ეს, მკვდარი მზეებიაო“, – მეუბნებოდა ხოლმე საი, ხის კენწეროებზე დაღვრილი, შებინდების მკვდარი მზეებიო. მეც საის მუცლის ხვრელში ვატრიალებდი თავს და იქიდან ვითვლიდი მკვდარ მზეებს. საის მუცლის ხვრელიდან უფრო ლამაზად ჩანდა ყველაფერი. მუცლის კიდეები ჩარჩოსავით ერგებოდა ტყეს და სხვადასხვა კადრებს აფიქსირებდა. „ამ ტყის მიღმა რა არის–მეთქი“, –  ვეკითხებოდი  საის, „ამ ტყის მიღმა სამხრეთიაო“, –  მპასუხობდა. „ეგ რას ნიშნავს–მეთქი?“ „სამხრეთი ცოცხალი მოგონებააო’, „ მოგონება რაღაა–მეთქი?“ „ის რაც ჩვენთან მალე კვდებაო“,– მპასუხობდა  საი. „და ჩვენ ვინ, ან რა ვართ–მეთქი?“ „ ჩვენ ჯერ მკვდარი მოგონებები ვართო“, –  მეუბნებოდა საი და თავისი სორო –თვალებიდან დამფრთხალ, ნაცრისფერ თვალ–თაგვებს დაბინდული სამხრეთისკენ გადაისროდა.
უცნაური ჩვევა ქონდა საის, სირბილის დროს უცებ ხედ გადაიქცეოდა. ყველაზე ხემრავალ ადგილს შეათვალიერებდა, რომ ვერ მეპოვა, და იქ  იქცეოდა ხოლმე ხედ, მაგრამ ყოველთვის ვპოულობდი. მუცლის ხვრელით ვპოულობდი საის. მერე მისი ხედქცეული სხეულის ფუღუროში შევძვრებოდი  და იქ ვიმალებოდი. ასე ვისვენებდით მე და საი. „ერთხელაც დაგავიწყდებიო“, –  მეუბნებოდა საი, – „ ეს ყველაფერი დაგავიწყდება და შენც სამხრეთის ნაწილად იქცევიო. მაგრამ იცოდე, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის შენ გვერდით ვიქნებიო“, „ეგ როგორ–მეთქი“, – გაკვირვებული შევეკითხებოდი, „როგორ და ჩემი თვალები ყოველთვის შენ გამოგყვებაო“.
მე განაბული ვიჯექი მის ფუღუროში და ვუსმენდი, თავს თუ  დავუქნევდი, პასუხის ნიშნად, გრძნობდა ხოლმე და ლაპარაკს აგრძელებდა. „სამხრეთი თავად ირჩევს ვისი მოგონება გააცოცხლოსო, სამხრეთი სიცოცხლეა, ჩვენ კიდევ ცარიელ სიკვდილში ვცხოვრობთო. დამპირდი, რომ როცა დაგავიწყდები, აუცილებლად წახვალ, წახვალ ამ უღრანი ტყიდან და მათ იპოვიო.  მე ვერასდროს ვპირდებოდი საის, მის ბოლო სიტყვებზე ძილმორეული თვალებს ვხუჭავდი  და მის ფუღუროში ვიძინებდი.
როცა სახლიდან ძალიან მოშორებულებს, შინ მისვლა დაგავაგვიანდებოდა, მთელი ტყის სიგრძე–სიგანაზე გადაწვებოდა დედაჩვენი, მთელ სხეულს შუაზე გადაიხსნიდა და შუაში სისხლი მდინარესავით მოჩქეფდა ხოლმე. მე და საი ხის ნაფოტებისგან პატარა ნავს შევკრავდი, შიგნით ჩავხტებოდით და დედაჩვენის შუაზე გადახსნილი სხეულის სისხლის მდინარეში მივცურავდით. მე ხის ნიჩბებს ვუსვამდი, საი – თავის დამერქნილ, უხეშ და გრძელ ხელებს. ალაგ–ალაგ სხეულში ამოწვერილ ძვლებს წამოვკრავდი ნიჩბებს, ნავიც შეირხეოდა წითელ მდინარეზე, შემეშინდებოდა, წამოვიკივლებდი, ამ დროს საი გამომხედავდადა და მეც ვმშვიდდებოდი. მახსენდებოდა, რომ დედაჩვენის სხეულში მივცურავდით, და რომ ის არ გაგვწირავდა. ჩვენც ვუსვამდით და ვუსვამდით ნიჩბებსა და ხელებს, ნელ–ნელა სისხლის მდინარეც დედდებოდა ამდენი მოსმისგან, ჭაობად გადაიქცეოდა ხოლმე. მისი წყალმცენარეებად ამოყრილი ნაწლავები ჩვენს ხის ნაფოტებისგან შეკრულ ნავს ეხვეოდა, სიღრმისკენ გვითრევდა. ცდილობდა ჩავეძირეთ. ჩვენც რაც ძალი და ღონე გვქონდა ვუსვამდით და წინ მივდიოდით, მაგრამ არვიცოდით სად იყო დასაწყისი და დასასრული, არვიცოდით სად იწყებოდა დედაჩვენი და სად მთავრდებოდა. მთავარი იყო, დედაჩვენის შუაზე გადახსნილი სხეულის ნაპირამდე მიგვეღწია, მის დაძიძგნილ ხორცის ნაპირამდე. ჩავჭიდებოდით და მის კანზე ავოცოცებულიყავით. ვისხედით მე და საი ნახევრად ჩაძირულ ნავში, მე ამეტირებოდა, ნავს ცრემლებით ავავსებდი, „ნუ ტირი, უფრო ჩავიძირებითო“, – მეუბნებოდა საი და იცინოდა. საოცრად იცინოდა საი, მიწითსავსე პირიდან ჭიები და ბალახები უცვიოდა პირდაპირ ნავში. „ნურც შენ იცინი, ნავი ივსება და უფრო ჩავიძირებით–მეთქი“, – სლუკუნით ვეუბნებოდი საის. ის სიცილს არ წყვეტდა, მე – ტირილს. სისხლში ჩაძირული ნავიდან გადმოვხტებოდით ხოლმე და პირდაპირ, შუა მდინარეში, უნიჩბოდ, მხოლოდ ხელებითა და ფეხებით ვაგრძელებდით ცურვას. ხან სისხლდამშრალ მდინარეში ამოწვერილ ნეკნებში გავიხლართებოდით, ხან წყალმცენარეებად ქცეული დედაჩვენის ნაწლავები გვეხვეოდა სხეულზე და შედედებული, ჭაობად ქცეული სიღრმეებისკენ გვექაჩებოდა. ყოველთვის ვახერხებდით და ვუსხლტებოდით. ყოველთვის ვცდილობდით მარცხენა მხარეს გვეცურა, იმ მხარეს სადაც სისხლი ყველაზე მეტად ჩქეფდა, რთული იყო, მაგრამ ერთმანეთის დახმარებით ვახერხებდით. დედაჩვენის გულზე გადავცურავდით, გულის ფეთქვა აგვიყოლებდა ხოლმე, ამოგვაგდებდა სისხლის მდინარიდან და ნაპირზე გვისროდა. მისი უსიცოცხლოდ დაყრილ ხელებისკენ გავიქცეოდით მე და საი, ათრთოლებულ, გამხმარ თითებს გადავუშლიდით და მის ხელის გულში ვექცეოდით. დედაჩვენი ბოლო ძალას მოიკრებდა, თითებს შემოგვხვევდა, მუჭში მოგვიქცევდა, ლამის გაგუდვამდე გვიჭერდა ხოლმე.  კარგად რომ შეგვიგრძნობდა მუჭში და ჩვენც უკვე სულის ღაფვამდე მისულები, როცა მივხვდებოდით ჩვენ დანაშულს, როცა მოვიხდიდით სასჯელს დაგვიანებისთვის, შეიხორცებდა  შუაზე გადახსნილ სხეულს, შევიწროვდებოდა მთელი ტყის სიგრზე–სიგანეზე გადაჭიმული სხეულით, ხეებზე გადაწეწილ, დაფიჩხულ, დაბალახებულ თმას ხელებით წამოკრეფდა, მაღლა აიწევდა, მერე ხელებს ჩაგვკიდებდა და მივყავდით ორივე. ორივე – მე და საი. მივყავდით ჩვენი ხელებით ამოთხრილ პატარა სოროსკენ.
  დილას, ისევ თავიდან იწყებოდა ყველაფერი. ისევ იმ წრის გარშემო ვმოძრაობდით მე და საი.  გათენებისთანავე ამოვკრეფდით ორმოდან ჩვენ სხეულებს და გავრბოდით. შუა უღრანში გამაჩერებდა  საი, დაკოჟრილ ხელისგულებს თვალებზე დამაფარებდა, თავის მიწით სავსე პირიდან ნორჩი ბალახების სუნს შემომასუნთქავდა  და მის ამონასუნთქს ამოყოლილი მიწის ჭიები დამეხვეოდნენ მთელ სახეზე, დაფუთფუთებდნენ ჩემი სახის ყველა ნაოჭში, კანში ცდილობდნენ ჩაძრომას, ჩაბუდებას. მე ხელებით ვცდილობდი მათ მოშორებას, ვიცინოდი, საის გავეკიდებოდი. საიც გარბოდა ფესვებგამჯდარი ფეხის გულებით, ხან დავეწეოდი, ხან გამისწრებდა. ასე დავრბოდით დაღლამდე, ქანცისგაწყვეტამდე, ძლივს ამოსუნთქვამდე. მერე ყველაზე ლამაზ ადგილს რომ დაინახავდა საი, წინ დამიდგებოდა, მე მის უკან ჩავიმუხლებდი და მისი მუცლის ხვრელიდან ვიყურებოდი.  ვუყურებდი ჩვენი ტყის თვალუწვდენელ უღრანებს, ხის კენწეროებზე ჩამოღვენთილ მზეებს, უღრანების მიღმა სიმინდის ყანებსა და მათ მიღმა ხის პატარა სახლებს. ვუყურებდი, მაგრამ ვერ ვხედავდი, მხოლოდ ჩვენს ტყეს ვხედავდი.  სიმინდის ყანებს და ხის სახლებს მხოლოდ საი ხედავდა, ხედავდა და მიყვებოდა.
მერე ხედ გადაიქცეოდა საი. მე მის ფუღუროში შევძვრებოდი, სახეზე მუხლებმიკრული მოვიბუზებოდი  და ვუსმენდი. მის მოყოლილზე ჩემძინებოდა და ფუღუროს სითბოში ვყუჩდებოდი. ასე ვისვენებდით მე და საი.
მერე ხისმჭრელები შემოეჩვივნენ ჩვენს ტყეს.
საშინელმა ტკივილმა გამომაღვიძა. ვიგრძენი ბეჭში როგორ გაიარა ცულის ბასრმა პირმა, როგორ გაგლიჯა ჩემი კანი და ხორცი, როგორ შეეხო ჩემი ბეჭის ძვალს და ძვლისგან წამსკდარმა ნაპერწკლებმა როგორ გაანათეს ფუღურო. საის ჩურჩული შემომესმა, „გაიქეცი, გაიქეციო“. მარჯვენა ხელი მარცხენი მხარის ზევიდან ბეჭისკენ წავიღე და ჭრილობას ძლიერად დავაწექი, სისხლი რომ შემეჩერებინა. ჩემს გაგლეჯილ ბეჭში სისხლის ჭუპრები ჩაბუდებულიყო, ჭრილობის გადახსნისთანავე წითელი პეპლები ამოფრინდნენ ჩემი ბეჭიდან, სისხლივით წითელი, სისხლის სისველისგან დამძიმებული ფრთებით ძლივს დაფრინავდნენ, წვეთებად იღვრებოდნენ ჩემს ზურგზე,  ტანს ვეღარ ეზიდებოდნენ და ფრთებჩამოყრილები წითელ ლაქებად მეცემოდნენ.  ფუღუროდან და ძილ–ბურანიდან ერთდროულად გამოვძვერი, თავბრუ მეხვეოდა,  ჩემს თვალწინ რამდენიმე ცულის პირმა ერთდოულად ჩაისრიალა. ზედ შემომსხდარი წითელი პეპლები ფართხალებდნენ, ფრთებს ერთმანეთს ალეწავდნენ. ხისმჭრელებს დავუძვერი, გავიქეცი და მოშორებით, ხეს ამოვეფარე. პირდაღებული ჭრილობიდან ისევ ცდილობდნენ პეპლები ამოძრომას, ფრთებს ნაჭრილობევის კიდეებს უხახუნებდნენ, საშინლად მწიწკნიდა მათი ყოველი შეხება, ბოლოს მთელი გუნდი ერთად ამოფრინდა, ერთად ამოხეთქა სისხლით დამძიმებული ფრთებით ჩემი ჭრილობა. ვიდექი ხეს ამოფარებული და ვუყურებდი, როგორ ჩეხავდნენ საის, როგორ იყრებოდა მის გარშემო, უსიცოცხლოდ, მისი სხეულის ნაფოტები, მისი კიდურები. დავინახე ხედქცეული საის თვალის ჭრილებიდან, როგორ გადმოხტა ორი თაგვი და ტყის უღრანებს შეაფარა თავი, როგორ ანაწევრებდნენ, როგორ აწყობდნენ მის სხეულს ნაწილ–ნაწილ რკინის რაღაც უცნაურ, ბორბლებიან, მექანიკურ მავალზე, და როგორ ნაწილ–ნაწილ ეფარებოდა თვალს საი. მისი ხმა ჩამესმოდა: „არ მტკივა, არ მტკივ, არ მტკი, არ მტკ..  არ...“ ასე ნაწილ–ნაწილ გაქრა საიც, და მისი ხმაც.  ბოლომდე თვალს ვადევნებდი, სანამ ჩვენი ტყის უღრანებს არ გასცდა ხისმჭრელების ოფლიანი სუნთქვა, მათი ცულების ხმაური და ჩემი ნაწილ–ნაწილ აჩეხილი საი.
სახლისკენ წავედი. გზადაგზა ბეჭზე მიკრულ, სისხლისფერ, ფრთებმიმხმარ პეპლებს ვიშორებდი და ძირს ვყრიდი. ნელ–ნელა ქრებოდა საი ჩვენი ტყიდან, ჩემი თვალებიდან, ჩემი გონებიდან. ნაბიჯს ავუჩქარე, სახლამდე მინდოდა მიმყოლოდა მისი მოგონება. მინდოდა დედაჩვენამდე მიმეტანა, მისთვის მეთქვა.
დედა ჩვენი სოროს წინ იჯდა, გრძელ, დაფიჩხებულ თმას გამხმარი თითებით იწნიდა, ალაგ–ალაგ საკუთარი გამხმარი თითები აებურდებოდა ხოლმე თმაში და გამოძრობას ცდილობდა. იჯდა და მღეროდა. უცნაურად მღეროდა დედა. „დედა,– საი წაიყვანეს–მეთქი“. „ვიციო“,–მითხრა.  წყევლასავით წასკდა ღიმილი ბაგეზე. მითხრა და სიმღერა გააგრძელა. ვიჯექი და ვუსმენდი მის ნამღერს, ვუსმენდი და ვხედავდი, როგორ ქრებოდა საი ჯერ ჩვენი ტყის უღრანებიდან, მერე მთელი ხმელეთის სიგრძე სიგანეზე გაწოლილი დედის მუცლიდან, მერე ჩვენი თვალების მიწურიდან და მხოლოდ ფეთქვაშერჩენილი გულიდან. მერე საერთოდ გაქრა საი. თითქოს არც არასდროს არსებობდა. ან დავივიწყეთ, არვიცი...
მერე ყველაფერი შეიცვალა.

***
  უღრანი ტყის შუაგულში, ჩემი ხელებით ამოთხრილ ორმოში ვცხოვრობთ. მხოლოდ ჩვენ ორნი. მხოლოდ მე და დედაჩემი. დასაბამიდან ასე ვიყავით, მხოლოდ ჩვენ, მხოლოდ ჩვენ ორნი, მხოლოდ მე და დედაჩემი. დედაჩემს დიდი, ლამის ჩვენი ტყისხელა მუცელი აქვს. ჩვენი სოროდან ამომიყვანს  და შუა ტყეში დამაყენებს ხოლმე. ვგრძნობ, როგორ მესევიან მისი გამხმარი პირიდან დაბერილი ქარები სახეზე, ჯერ თმას მიწეწავენ, თავიდან მაწიწკნიან, თმის ძირებში საშინელ ტკივილს ვგრძნობ, ხელებს შემოვიჭდობ თავზე, დედაჩემის დაბერილი  ქარები კი მგლეჯენ ღერა–ღერა, მერე ბღუჯა–ბღუჯა და ჩვენი ტყის  ხეებზე გადაფენენ სისხლით მოსვრილ, ალაგ–ალაგ თავისკანგაყოლილ თმას. მერე უფრო ძლიერად დაუბერავს ხოლმე დედა თავისი მყრალი პირიდან ქარებს, რაც ძალი და ღონე აქვს. ისე ძლიერად, რომ სხეულიდან კანს და ხორცს ერთად მაცლის, მეც ვდგავარ დედისდაბერილ ქარში, თმა და კანშემოცლილი, ხორცებაგლეჯილი და ძვლებზე ხელებს ვიფარებ, არვიცი სიცივისგან თუ სირცხვილისგან.  ვგრძნობ, როგორ იწევა დედაჩემი ჩემსკენ, ნელ–ნელა როგორ უახლოვდება ნეკნებში ჩაკიდებულ ჩემ გულს და გულის ფეთქვაზე მკოცნის ცივი ტუჩებით. ამ დროს ჩემი გული ფეთქვას წყვეტს, თავის ქალაზე შერჩენილ თვალებს ვხუჭავ და ვკვდები. დედა ირგვლივ ბალახებს გლეჯს, ფრჩხილებით მიწას მოპორჭყნის ხოლმე და მთელი ბღუჯებით მიტენის ჩემს ნეკათითისოდენა კუჭში. მერე მომაშორებს გულიდან თავის გამყინავად ცივ ტუჩებს, ნეკნებსშორის საოცარ ძგერას ვიგრძნობ, თითქოს მთელი ძვლები მემტვრევა, გული სწრაფად იწყებს ფეთქვას, დახუჭულ თვალებს ვახელ და სავსე კუჭს რომ ჩავხედავ, სიხარულით ვივსები. დედა ამაყად ზის ჩემს წინ და ტკბება ჩემი სიხარულით. მერე მთელ, მუცლიდან ამოშვებულ ჰაერს, უკან ჩაისუნთქავს და მის ჩასუნთქულ ჰაერს ჩემი გაფანტული ხორცის ნაფლეთები, სისხლისძირებიანი თმა და ათასი ნაგავი წამოყვება, ყველაფერი ჩვენს წინ იყრება და იქიდან ვარჩევთ  რა არის ჩემი და რა არ გვჭირდება. სულ ნაწილ–ნაწილ, ნაფლეთ–ნაფლეთ დავდევ ჩემი ხორცის ნაგლეჯებს, ვაგროვებ და დედა მეხმარება, რომ ისევ ძვლებზე მივიკრა. სათითაოდ უნდა მოვაგროვოთ ხელის ათივე თითის ფრჩხილი, ფეხისაც, თმის ყველა ღერი და ჩემი კანის ყველა ნაკუწი. ხშირად ისეც ხდება, რომ ყველაფერს ვერ ვპოულობთ, ან ძალიან შორს წაიღებს ხოლმე დედაჩემის მყრალი პირიდან დაბერილი ქარი, ან ხის ტოტებში აიხლართება და... საკმაოდ რთულია. ბევრი ნაწილი ამდენი დაბერვისგან დავკარგეთ კიდეც, რაც მთავარია, იმას კი ვპოულობთ ყოველთვის. ამ დროისთვის არცერთი წამწამი არ მაქვს, ფეხზე და ხელზე მხოლოდ სამ–სამი ფრჩხილიღა შემრჩა, თუმცა არც არაფერში მჭირდებოდა, წამწამების გარეშეც უკეთ ვახელ თვალებს. თმას რაც შეეხება, დიდხანს გვიწევდა ნაძვის წიწვებში ახლართული თმის ღეროების გამორჩევა, ამიტომ შევეშვით. დედა მეუბნება, რომ ასე უფრო ლამაზი ვარ. კანის და ხორცის დიდ ნაფლეთებს ადვილად ვპოულობთ ხოლმე, ძვლებზე მისაკრავადაც უფრო ადვილია, პატარა ნაკუწების დევნას კი აღარ ვიწყებთ. ერთ მკლავზე მხოლოდ იდაყვის და მაჯის ადგილას მაკლია კანი, მეორე ხელის მთელი მტევნის ხორცი და კანი დაკარგული მაქვს, მაგრამ არაუშავს. ხო, მუცლის ნაწილიც ვერ ვიპოვეთ. ახლა მუცლის ადგილას ისეთი სასაცილო ხვრელი მაქვს, რაღაცნაირი, თან მრგვალი და თან უფორმო. დედა რომ მიყურებს, მეუბნება, ვიღაცას გავხარ, მაგრამ ვის, არ მახსოვსო. საიდან ემახსოვრება, ამ ტყეში ხომ მხოლოდ მე და დედაჩემი ვცხოვრობთ. ფეხებს რაც შეეხება, თითქმის ორივე წესრიგშია და თავის ადგილასაა. ალაგ–ალაგ თუ არ ჩავთვლით პატარა ნაკლოვანებებს, თუმცა ეგ რა სახსენებელია.

მზე სანამ ცას პირზე მოადგება და წასცდება ხოლმე, დედა თავის გამხმარ ძვლებსა და დამშრალ ხორცს ჩვენი სოროდან წამოკრეფს და ზევით ამოყრის. სოროს თავზე აეწყობა და უფორმო,  ფიჩხებით შეკრულ ბუდე–თვალებიდან სხვადასხვა ფრინველებს ამოიბერტყავს და ამ ბუდეცარიელი მზერით ჩამომხედავდს ხოლმე. მე ამ დროს ჩვენს სოროში ტკბილად მძინავს და ხორცშიშველ ტანზე მის სუნთქვას ვგრძნობ. პირს მთელი ტყისხელაზე დააღებს  და ამოაქარებს პირიდან დამყაყებულ, ოქსილოფიტებით სავსე  წყალს, თავისი გომბეშოებითა და ხავსმოდებული ქვებით, მოაფრინდებიან დედის პირიდან ამოქარვებულ ჭაობს ფრინველები და ნისკარტებში იგუბენენ მჟავე წყალს,მერე ნისკარტსავსეები დედაჩემს მიაფრინდებიან და მადლობის ნიშნად იმ დამშრალ ხორცსაც უკორტნიან.



გათენებულზე ჩემს ხორცშიშველ, გაშეშებულ სხეულს ზურგზე მოიკიდებს და ჩვენი უღრანი ტყიდან ძალიან შორს, სიმინდის ყანაში მივყავარ. მზის შუაგულში დამდგამს  და ფრინველებდაბერტყილი და შიშჩაბუდებული, გაფართოებული თვალებით მაშტერდება. უხორცო, ძვლიან ყელზე სიმინდის მარცვლებისგან აკინძულ მძივებს შემაბნევს თავისი გამხმარი თითებით, უთმო თავზე ფიჩხებით შეკრულ ბუდეს დამადგამს და წინ მიჯდება. მეც გაშეშებული ვდგავარ შუა ყანაში, მთელ ტანზე უამრავი ფრინველი მეხვევა, ზოგი სიმინდის მძივს ძიძგნის, ზოგიც თავზე ფიჩხის ბუდეში ჯდება და დამჩხავის. მერე ალაგ–ალაგ დარჩენილ, მიმხმარ ხორცსაც ამომძიძგნიან, მუცლის ხვრელში შემიძვრებიან და იქ ასვენებენ დაღლილ ფრთებს. მხოლოდ ცალი თვალი დამრჩა. ცალი თვალით ვუყურებ ხოლმე  დედაჩემს, დედაჩემს და იმ მუქნაცრისფერ თაგვებს, ყოველ მზისგულზე ყანაში რომ მოდიან და ჩემს ქვემოთ წრიპინებენ. დედა მეუბნება, რომ ასე უფრო ლამაზი ვარ. მზე რომ მაგრად დააჭერს, დედა დგება და მიდის, მე არ მინდა, რომ წავიდეს და აქ მარტო დამტოვოს, ყოველთვის ერთიდაიგივეს ვიგონებ მის მოსაბრუნებლად.
– დედა, წეროები მიფრინავენ.
– საით?
მეკითხება და ისე მიდის, არც იხედება ჩემსკენ. უკვე შორს მესმის მისი ძვლების ხმა, მაგრამ მაინც ვუმეორებ.
– წეროები მიფრინავენ.
– საი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები