ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2019


ქვიშა

ნინო დარბაისელი

ქვიშა
- - -

ჩემს ძმისშვილს, თურმე, ერთი ბიჭი ევასება,
ანუ როგორც ახლა თინეიჯერები ამბობენ, ,,ტიპზე ქრაში აქვს”.
ის ტიპი, თურმე,  გაგებაში არ არის,
ეს კი ...
ამან კი....
ამას კი არაფერი შარშანდელი აღარ ერგება ამ გაზაფხულზე,
ამოისუნთქავს,
ამოიხვნეშებს და ღილები აწყდება
და აქეთ-იქით ცვივა
და იკარგება,
და ამიტომ ,,ბულავკის”,
ანუ ინგლისური უსაფრთხო სამაგრის ხმარებას მოუხშირა,
არადა, სხვა რა ქნას,
განიცდის,
დაქალს ბოიფრენდმა აადო თუ დაადო.

და, ეს ხდება ქვეყანაში,
სადაც დასაბამიდან ერთ უპასუხო კითხვაზე მიდის შუბლების ჩაჩქუნი:
- გვეშველება რამე?

და, ეს ხდება ახლა,
ამ გაზაფხულზე,
როცა პასუხიც იგივეა:
- არაფერი.
და კიდევ უფრო, აღარაფერი.

და ყოველდღე კიდევ უფრო გაზაფხულია.

მე - ოკეანის გადაღმელი სანაპიროზე,
თეთრ ქვიშაში სიარულისგან უკვე კოჭებშეციებული,
  აღარ დავეძებ და ვეღარც ვარჩევ შებინდებულზე თოლიების სამკაპ ნაფეხურს,
მიქცევ-მოქცევით დაღლილ ტერფებს მუხლის ძალით მივეზიდები.

რუხად მოჩანხარ მზეჩასულზე.
მაინც კარგია, მძიმის მძიმე რომა ხარ, ქვიშავ.
დასაბამიდან ათას ტალღას
შეეგებები,
ჩაეხვევი,
გადაიტარებ,
აიშლები,
დაიშლები,
და საბოლოოდ წყალს არ მიჰყვები.

დამიამდება ხვალამდრომდე
ნიჟარების ნამსხვრევებზე დასერილი ტერფის ტკივილი,
მოვალ და ისევ შემოგჩივლებ მზერადახრილი:

ოკეანის და
ცხრა ზღვისა და ცხრა მთის გადაღმა ერთი პატარა კუნჭულია.
გალაკტიკებშიც რომ გადავყვე ვარსვლავურ ომებს,
რომც გავიმარჯვო,
სამარადისოდ ყელზე მედგება ის კუნჭული,
და ერთხელაც დავიხრჩობი მისი სიმლაშით.
და იმ კუნჭულში,
დასაბამიდან მუდამ ასეთი, მტკივნეულად მშვენიერი გაზაფხულია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები