ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
23 მარტი, 2019


სამარხვო ტორტი

ნინო დარბაისელი

სამარხვო ტორტი
-  - -


  არა, რა! ეს მარხვა–აღსარება–ზიარება ამისი საქმე არ იყო. ღმერთისა როგორ არა სწამდა, სახარებასაც კითხულობდა ხანდახან, სანთლებსაც ანთებდა.
  არც მაინცადამაინც ცუდი საქმეების ჩადენზე იყო დაგეშილი, მაგრამ, რაღაცნაირად, თან ეღიმებოდა, თან სული ეხუთებოდა, თავსაფრიანი ნამეტანი მორწმუნეები ყველა “ძნელ” კითხვაზე ერთნაირად რომ პასუხობდნენ, ჩემს მოძღვარს შევეკითხები და მერე გეტყვიო.
  ეკლესიაში ,,შეტყუება” ბევრჯერ დაუპირეს დაქალებმა. ეშმაკი გიბორკავს ფეხებს, რომ მადლს აგარიდოს, უნდა სძლიოო. ამ ერთხელ წაჰყვა. ჯერ წირვას დავესწროთ, მერე კარგ სამარხვო მარწყვის ტორტზე ვართ დაპატიჟებულიო. 

– ეს სამარხვო ტორტი რაღა უბედურებაა, თუ მარხულობ – იმარხულე, თუ არა და... ალბათ კრემი მცენარეულ მარგარინზეა, მაგრამ ბისკვიტი ხომ კვერცი, ფქვილი და შაქარია, იქნებ ქათმებმაც სამარხვო კვერცხების დადება დაიწყეს...იცით,რა, წავიდეთ ეკლესიაში, მერე იქაც გაგიყვანთ, მაგრამ ვერ ამოვალ, ჩემი საქმე მაქვს. 

შეთანხმდნენ. 

იდგა, იდგა ეკლესიაში. აღარ დამთავრდა წირვა. მერე : ამდენი დგომით დავიღალე, ბეჭებში ჩხვლეტა დამეწყო. არ შეიძლება, უკვე წავიდეთო? – შეაპარა. 
– არა უშავს, თავიდან ყველა ეგრეა. მერე მიეჩვევი. 

– ჩასჩურჩულა ერთმა.

– აი, ხომ გითხარი, ეშმაკი არ გასვენებს-მეთქი, ბეჭებზე გაზის, კლანჭით გჩხვლეტს, რომ აქაური მადლი ვერ მიიღო. – მეორემ სასწრაფოდ პირჯვარი გადაიწერა. 
იმდენი ჩხვლიტა ამ ეშმაკმა, ვიდრე არ ათქმევინა, თქვენ რაც გინდათ, ქენით, მე წავედი, მანქანა ცუდად მიყენია, რომ მორჩება, ზარი გამოუშვითო და იქვე,,,ჰაინეკენის,, ბარში არ შეიყვანა.ჯერ გრეიფრუტის წვენი ააღებინა, მერე,,ცეზარის სალათი,,, ბოლოს – ყინულებიანი,,ბეილიზიც,,, ყავიან-სიგარეტიანად. 
აქ უფრო ადვილი იყო ღმერთზე ფიქრი. ღმერთთან თავისი,,კერძო გარიგება,, ჰქონდა: 

ადამიანს რაც სხვისი გაუხარდება, ის მოუვა. 

კარგი გამიხარდება? – კარგს ვემთხვევი, ცუდი გამიხარდება? – ცუდი არ ამცდება! 

ვინც მე უსამართლოდ მაწყენინოს, რაც მე დარდი მაქვს, სულ იმას! 

თუ მე ვინმეს უსამართლოდ ვაწყენინო, იმის დარდი – მე! 
ძილის წინ, ვიდრე უცნობ-ნაცნობი ადამიანები და ხმები ნელ-ნელა მოგროვდებოდნენ და აირეოდნენ, რომ სიზმარი დაეწყოთ,,,მამაო ჩვენოს,, სამჯერ ზეპირად იტყოდა, თავის ამინ-ამინ-ამინებიანად. 

ეს ჩვევა ბავშვობიდანვე დასჩემდა. ლოცვას აზრს კი არ ატანდა, ჩქარ-ჩქარა, ერთი ამოსუნთქვით მოიშორებდა. ხანდახან სიტყვებს არც ამბობდა, გულიდან მთელ სხეულში, თავიდან ფეხებამდე აიტარ-ჩაიტარებდა და გაუშვებდა.

საიქიოზე ბევრი ფიქრითაც არ იტანჯავდა თავს. სამოთხე სხვებისთვის იყო. იქ რა უნდოდა, სადაც ყველა ერთნაირი და ერთნაირად ბედნიერია! ერთნაირობას აქაც ვერ იტანდა. ქალი კი არა, ცოდვების ბუკეტი იყო. 

რაც არ უნდა ეწვალა, ჯოჯოხეთი მაინც არ ასცდებოდა,, მაგრამ სჯეროდა, სათავისო საქმე იქაც არ მოაკლდებოდა, ან საპატრონო იქნებოდა ვინმე, ან დასალაგებელი იქნებოდა იქაურობა, ან დასახვეტი. კუპრის ქვაბს მაინც მისცემდნენ გამოსახეხად ან..რა ვიცი, კიდევ რა აქვთ იქ... 

მერე, მაგ ქვაბში შენ თვითონ რომ ჩაგაგდონო? რა ვუყოთ, მარტო მაინც არ ვიქნები, სადაც ყველა – იქაც მეო. – პასუხობდა. 

ეს მორწმუნე დაქალები მაინც არ შორდებოდნენ, ურწმუნოებიც ხომ ბევრი ჰყავდა.თუმცა ვინ იცის, სინამდვილეში, ვინ მორწმუნეა, ვინ – ურწმუნო. 

გუშინ კი მაგრად იცინა. 

უი, იცი, რა გავიგე? – ეუბნება ერთი – ვინც აქ ჯვარდაწერილი ცოლ–ქმარია, საიქიოშიც ერთად იქნებიანო. 

– და, უი – რატომ? 

– რატომ და, ოცდასამი წელია, ჩემს ქმარს აქ ძლივს ვუძლებ, მეგონა, იქ მაინც დავისვენებდი. რა აიტანს მაგას სამარადისოდ! ან შარშანწინ ის ჯვრისწერა რას ავიტეხე! 

სამი შვილი ჰყავთ. მე – არც ერთი. და რომ მყოლოდა, – რა! 

გააჩინე, გააჩინე! თავის გაჩენილს ღმერთი არ დაკარგავს, საარსებოსაც მოაყოლებსო. 
ასეა, ჯერ გააჩენენ და მერე პამპერსის ყიდვის თავი არა აქვთ. წელებზე ფეხს იდგამენ, ვალებს იღებენ... წინასწარ ხომ უნდა იცოდე, ბავშვის შენახვა რა ღირს, მკურნალობა რა ღირს, სწავლა რა ღირს? ჩაცმა? დასვენება აღარ უნდა? აი, რომ გამეჩინა... 

ახლა რამდენისა იქნებოდა? ჰო, თორმეტისა. რამდენი რამე ენდომებოდა! მერე მაგ ასაკში უკვე ისეთი კითხვების დასმა იციან, დამიწყებდა:მამაჩემი ვინ არის, სად არის, რატომ არ მოდის...მერე, ნაბიჭვარს რომ დაუძახებდნენ ისინი, ნაგავი მამები რომ უყრიათ შინ და მაინც მამიანები რომ ჰქვიათ, ან უნდა ჩაეყლაპა ან უნდა ეჩხუბა. არ იჩხუბებდა ? – ვისაც არ დაეზარებოდა, ყველა თავში წამოარტყამდა, იჩხუბებდა? – ხან დაიჭერდნენ, ხან გამოუშვებდნენ და ბოლოს, ვინ იცის, რა გამოვიდოდა, იქნებ წამალზეც შემჯდარიყო. ეგ კი არა, კაი ოჯახისშვილები ხდებიან ნარკომანები...

არა მგონია, გოგო ყოფილიყო. რომ ყოფილიყო? მოიჩიტებოდა თუ არა, ყველა მგელს გასაგლეჯად მოუნდებოდა, დასწრებაზე იქნებოდნენ. მით უმეტეს, თუ მამამისს დაემგვანებოდა, სულ კუდში უნდა მედევნა, ვიღაც დეგენერატი გამიუბედურებდა, მერე მეორე დეგენერატი გამოჩნდებოდა, უპატრონოა, შემრჩებაო; მერე კიდევ მესამე... დეგენერატებს რა გამოლევს! 

როგორ დავფეხმძიმდი?! 

რა ვიცი, თავს ვიცავდი. თებერვალი ხან მოკლეა, ხან გრძელი. ეტყობა, რაღაც ამერია. რომ გადამიცდა, ჯერ ციკლის დარღვევა მეგონა, მერე ტესტერმა ორსულობა აჩვენა. 
რა! არ ვუთხარი იმ ბედოვლათს, ფეხმძიმედ ვარ-მეთქი თუ რა? და, რა გააკეთა? ჯერ რაღაც მომენტში სახეზე კმაყოფილებამ გადაურბინა, მერე – ჩემი არ იქნება, მე რა ვიცი, ვისიაო. თანაც, ჩემები არ ვიცი, სად გადავყაროო, ვითომ ხუმრობით. ძალიანაც კარგად იცოდა, მაგის მეტი არავინ მყავდა, მაგრამ კაცი – ოხერია. 

შენ ჭკვიანი ქალი ხარ, რამეს მოიფიქრებო. ჰო,როცა უნდოდა, ჭკვიანი ვიყავი,როცა უნდოდა – სულელი. მერე ვითომ ქალაქგარეთ საქმეები ჰქონდა, ერთი კვირა არც მოსულა, არც დაურეკავს. რამდენი ხანი მეცადა!

აბორტი კერძოდ გავიკეთე. მარტო წავედი. არ მქონდა ამ კლინიკების თავი. ვითომ ანალიზებს გიკეთებენ, რეაქტივები მაგათ არა აქვთ და არაფერი. 

ტყუილად სხვადასხვა კაბინეტებში დაგარბენინებენ, რომ, რაც შეიძლება, მეტი შეგაწერონ, ტყუილ დიგნოზებს გისვამენ, მერე ძვირიან წამლებს გაყიდინებენ, მაინცადამაინც იმ აფთიაქში მიდი, სხვის წამალს არ ვენდობითო, აფთიაქებს წილში უსხედან....მოკლედ,რა!

– პირველია?– მეკითხება გინეკოლოგი – შვილები გყავთ? 

მერე ჰაერის ჩაუსუნთქავად უბერავს: 

– დედობა ქალის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.დედობის უფლება აქვს ყველა ქალს და თუ მცირეოდენი საშუალება მაინც არსებობს, ქალმა ნაყოფი უნდა შეინარჩუნოს. 

გარდა ამისა, ფეხმძიმობა დადებითად მოქმედებს ქალის ფიზიოლოგიაზე და სიმსივნური წარმონაქმნების ბლოკირებას, შემთხვეევათა უმრავლესობაში კი საერთოდ გაქრობას უწყობს ხელს, ხოლო შეწყვეტილი ფეხმძიმობა, მითუმეტეს ქირურგიული ჩარევით,... ბლა, ბლა, ბლა... 

უცხოურ ფილმებში დამნაშავეს რომ ბორკილის დადებამდე უფლებებს აცნობენ, ისეა, მაგრამ აქ ტონი ვითომალერსიანია და სადღაც, სიტყვებსიქიდან გრძნობ, ეშინია, ნათქვამი მართლა ჭკუაში არ დაგიჯდეს და კარზე შენი ფეხით მოსული კლიენტი არ დაეკარგო. 

ადგილობრივი ანესთეზიის პირველი ნემსი მწარედ ვიგრძენი, სარკის ჩადგმაც, ყელის გახსნაც, ვითომ ძალიან არ უნდა მტკენოდა,მაგრამ მეტკინა. 

– დედიკო, გეხვეწები, ეს გამისინჯე, რა! –კარი იღება. ჯამიანი გოგო შემოდის, ასე, თორმეტი წლისა, ცოტა მობიჭო, ეტყობა, მამას ჰგავს. 

– რამდენჯერ გითხარი, როცა ვმუშაობ, ხელს ნუ მიშლი... კარგი, შემოდი – თან წითელპომადიან პირს უფჩენს. 

ტყაპ!– და გაწვდილი კოვზიდან ვარდისფერი კრემის ნახევარი თეთრი ხალათის გულისპირზე ეცემა. 

– ოოხ, ფეთხუმო, მომშორდი, მომშორდი! – რეზინის ხელთათმანიანი ხელი აუქნია – მარწყვი შიგ ჩაათქვიფე? უხდება სიმჟავე, მაგრამ მეტი აღარ უყო, ძალიან გაგითხელდება და ბისკვიტს ვერ დაიჭერს, ცოტა ხანს მაცივარში შედგი, უფრო კარგად წაესმება... და მათემატიკას მიხედე, ხვალ გაგიძახებს, იცოდე ! – მიაწია კარში გასულს. 

– აი, ბედნიერი! – ვფიქრობ მე – გაიზრდება, რამდენი დაფეხმძიმდება, მოვა სახლში, დედამისი აქვე, მუქთად გაუკეთებს აბორტს, ალბათ ამხანაგებსაც დაპატიჟებს საღამოობით აბორტზე, როგორც ტორტზე... 

ო–ო, რა შვებაა ასეთი სულელური ფიქრი გამოუვალ მომენტებში! 
იმის მერე მარწყვის ტორტს ხომ დასანახავად ვერ ვიტან, მგონია, ზედ მარწყვები კი არა, კოლტებია. აღარ დამთავრდა და აღარ დამთავრდა ეს ფხეკა. 

კი ამბობდა, ხუთ წუთში მოვრჩებიო, მაგრამ გეგონება, ოპერაციას კი არ ატარებს, სადგურის მოსაცდელში ზის და ლაპარაკით ერთობა:

– ნოემბრიდან მოყოლებული, ზამთარი მკვდარი სეზონია (ნამშობიარევი ყელი ნაკლებად სპაზმურია და უფრო ადვილია, ნუ იძაბები,ღრმად ისუნთქე,გენაცვალე!), ყველაზე მეტი სამუშაო მარტ-აპრილში მომაწყდება ხოლმე, ვერ ავუდივარ (ცოტაც და, მოვრჩებით), კაცი ხომ სულ ძაღლია და ძაღლია, მაგრამ ამ დროს ქალი და კატა ერთია... 

მე კი კბილები და ღრძილები ერთიანად მეტკინა და მაგრად დაჭერისაგან ყბა მიკანკალებს, მომუშტულ ხელისგულებში ფრჩხილების ჩანარჭობები მტკივა, არათითზე ფრჩხილიც მომტეხია. 

ერთი ჭიქა მინერალური დამალევინა, კარის შუშაში ჩავიხედე, ჭიქაში ცხვირსახოცის წვერი ჩავასველე და ყბამდე ჩამოსული ტუშის შავი ნიაღვარი მოვიწმინდე. ცხვირიც ზედ მივაყოლე. 

– კარგი გოგო ხარ. – მეუბნება – დღეს-ხვალ-ზეგ ათი აბი ანტიბიოტიკი დალიე! რომელი?! რა ვიცი, რომელიც უფრო გიხდება. თუ პრობლემა გექნა, რა დროც იქნება, დამირეკე ! 

– შემდეგი, მობრძანდით! – მომაყოლა ხმა, ბინის ჰოლში მომლოდინე ქალებიდან ერთი წამოდგა, ღრმად ჩაისუნთქა და საქმიანი სახით ჩამიარა. 

ეტყობოდა, ახალი არ იყო იქ.

წვიმდა. მუცელში სიმჩატეს და სიფუღუროვეს ვგრძნობდი. აფთიაქთან გავაჩერე. უცებ იქვე ცარიელი, ღია საპარიკმახერო დავინახე, შევედი, თმა პირდაპირ ბიჭურად შევაჭრევინე. იმის მერე აღარც გამიზრდია. 

შუაღამემდე მთელ გულ–მუცელში დაუსრულებლად მიმეორდებოდა გადატანილი. 

დროდადრო მუხლი მიხტოდა, სახსრები და ბარკლის უკანა მყესებიც ყრუდ მტკიოდა. მერე როდის-როდის ჩამეძინა. შუა ძილში რაღაც წარმოუდგენელი სიამოვნება, არა, ნეტარება ვიგრძენი, სითბო შემომეხვია თავიდან-ფეხებამდე. მერე თითქოს ვიღაცამ უკმეხად ხელი მკრა. გამეღვიძა და კისრამდე სისხლში ვწოლილვარ!

ორი კვირა ლოგინში ვეგდე. გადასხმებს სახლში მიკეთებდნენ. ამასობაში გარეთ ნამდვილი გაზაფხულიც დადგა... 

(მობილურმა დარეკა. უპასუხოდ გათიშა. 
არა უშავს, ცოტა დამიცადონ! “ბეილიზის” განიერ ჭიქაში ჩარჩენილი ყინულები ერთი აკვრით პირში შეიყარა, გააკნატუნა, ბოლო სიგარეტს მოუკიდა და ღრმად ჩაისუნთქა). 

ის ჩემი კაცი?! გამოჩნდა. გამოჩნდა და მოუნდა ისევ ძველი ამბები. სცენებიც მომიწყო, ხან შემაშინა, ხან იტირა, ერთი შანსი კიდევ მომეცი, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთო. 

ცხოვრებაში სუფთა ფურცელი არ არსებობს. ყველაფერი თავიდანვე ერთგან იწერება, მერე გინდა გადახაზე, გინდა ჩაასწორე, გინდა იქვე გადაათეთრე, წაშლით კი, არაფერი იშლება.. 

ჰო, ის მერე სულ გაფუჭდა. საქმეებიც უკან-უკან წაუვიდა. მიხვდა, რომ კარგი ტოტი ჩამოუტყდა, მაგრამ მორჩა! 
ღმერთი?! 

სულ ასეა. თუ ღმერთზე ფიქრს გაჰყვები, როგორც არ უნდა იარო, ბოლოს მაინც ადამიანამდე მიხვალ; თუ ადამიანზე ფიქრს – ღმერთამდე. 

ან იქნებ ეს, სულაც, ერთი და იგივეა?.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები