ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2019


არ-ეპიტაფია

ნინო დარბაისელი

არ-ეპიტაფია
- -

აქ  რა ნატვრისთვალს დაეძებდი?
შენც დაგაჯერეს,
რომ უცხო  საფლავს უნდა ჩაუთქვა,
თუკი ოცნების ახდენა გინდა?
რა გენატრება:
წარმატება თუ აღმატება?
შემომატება?
შენი, იმისი თუ იმათი  მარადი რჩენა?
გუნდად, წყვილად თუ მარტო დარჩენა?
გადარჩენა?
ნატვრა თუ არის, ნატვრა იყოს!
კმარა განსჯანი,
დაიღუპები,  გინდ მოგდგამდეს მაგარი ჯანი,
და ნურც ქონება
ნურაფერი ნუ გეგონება.
შთამომავლი თუ მიეძალა ღვინოს და თრიაქს,
ერთი ნიავის მოტანილი ათას ქარს მიაქვს.
თვით სანაგვეშიც რომ მოგიხდეს რაღაც ხნით გდება,
ბედი ინატრე,
ბედი, რომელიც ცაში რიგდება.
იღბალი-მეთქი,
აბა, შეხედე, ვეებერთელა სასაფლაოზე,
სადაც ასანთლულ კიპარისებში და ამ ნაცრისფერ გრანიტებში
ყელყელაობენ  თეთრ-ვარდისფერი მარმარილონი,
მაინც და მაინც
ამ უსახელო,
ამ უხეო და უყვავილო,
ამ უბუჩქო და უბალახო,
უქვო, უღობო სამარესთან მე მომადექი,
ამდენი ხანი ჩემს აბდაუბდას აყურადებ!

მე როგორ მოვკვდი?!
ვინ ვიყავი?!
მორჩილი?
ურჩი?
აბა, რა გითხრა,
გავიპარე შუა ხმაურში.
არ დაივიწყო,
რაკი არსებობს გამარჯვებული მირონცხებული,
მუდამ არსებობს მხარე მეორეც - დამარცხებული
და ჩემგან გქონდეს მწარე სიბრძნე, ძირს დასანარცხი,
ვერ გაირჩევა გამარჯვებისგან ხანდახან მარცხი.

მიდი, გაბედე!-
ინატრე ბედი,
რომ აიცილო ყოფა ავბედი
და არ დაიწვა, როგორც აბედი!
მე ამოგძახი, არათუ ყბედი,
ანდა გამვლელი აქ უცაბედი,
არამედ მკვდარი.
და ყველა მკვდარი არის ცოცხლების წინამორბედი.

ბედი ინატრე!
ვიდრე დროა,
ინატრე ბედი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები