ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2019


მკვდრების სიზმარი

ყველას უნდა გვქონდეს ერთი საიდუმლო საფლავი,
სადაც მარტო მიხვალ და იცი, რომ არავინ მოვა
და ისაუბრებ მარტოსულობასა და მარტოხელობაზე
და ისაუბრებ სიზმარში მყოფივით,
რომელსაც შენს გარდა ვერავინ ნახავს
და შენ იქნები მკვდრის სიზმარი.

არ შეუძლია ჩემს ბავშვობის გოგოს სიმღერა.
ის მდუმარეთა ტომის არის, თვალით მეტყველთა,
მაგრამ ფიქრი აქვს აფრიკული ნანას საღირი
და გამოხედვა შეპყრობილი მეფის ეტლების.

არ მახსენდება ბოლო წლებში ისე ეწვიმოს,
გადაეშალოს ნაფეხური მისი ჯარების,
უმტკივნეულოდ, ვით ბავშვობის ძველი ანიმე
ან ტკივილებით, როგორც ცხედრის მძიმე მკლავები.

მკვდრების სიზმრების დასზიმრება რა სახარბია,
მაგრამ სიმშვიდე,
სიმშვიდეა სახარბიელო.
სიზმრის, რომელსაც ასახდენად ვეღარ დახარჯავ
და არც ახდენა არ იქნება სამაგიერო

იმის, რაც უკვე გაატანე წყალს უთენია,
ვინაიდან და რამდენადაც ცრურწმენის გწამდა
და რადგან სხეულს ტკივილისგან დაუსვენია,
სიზმარი ახლა ერთადერთის,
ახდენის გარდა

ყველაფერს ნიშნავს.

ყველას უნდა გვქონდეს ერთი საიდუმლო საფლავი,
სადაც მარტო მიხვალ და იცი რომ არავინ მოვა
და ისაუბრებ მარტო მარტოსთან,
იმაზეც კი, რაზეც საკუთარ თავს ვერ ესაუბრები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები