ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2019


მშობლიურს სანაგვეზედა

ნინო დარბაისელი

მშობლიურს სანაგვეზედა
- - - -

"ტერენტის- სანაგვეზე ეძინაო,
მეფესაც სახლ-კარი გაუნაგვეს,
ყველგან ტალახი შერევია
წყალს სამტკვრესა და საარაგვეს".

ეს რა სისულელე გვითხარიო,
მთლად თავი რად გაინაგავე,
წაშალე ეგ ლექსი სასწრაფოდო!
მწერენ და მთაგავენ,  მთაგავენ...

ნაგავი სიტყვააო კუმშვადი,
სულ დაგვიწყებიაო კუმშვა-კვეცა.
ჩვენ - ჭირი ჩვენიც გვეყოფაო,
აღარ  გვინდაო  გარე-მატრაკვეცა!

ენას კბილები დააჭირეო,
მიშვებული ენა - გველიაო.
ნაგვის მეტს ვინც ვერას  ვერ ხედავს,
მენაგვეა და მენაგველიაო..

მე ვეღარ მიშველის ეგ რჩევები,
წრფელი და ამხანაგური
მწარედ მაქვს  გრძნობა არეული,
ფიქრები მაქვს  ახლა ნაგვური.

იქ, სადაც ვერ ხარობს ნარგავი,
ყვავილი - გარემოს მქარგავი,
სადაც ითელება წიხლებით,
პოეტი - არდასაკარგავი,
თუ გინდათ, იძახეთ სამოთხეაო,
ნაგავი იქნება, ნაგავი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები