ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2019


ჩრდილის სიმაღლე



თავკომბალები ისხდნენ ნაპირთან,
სიცილის გუბე ყარდა ხმაურით.
იწელებოდნენ ჩრდილები ღელვით
არა უმეტეს ჩემი ტანისა.
ადამიანის თვალების ფსკერი
ბლანტია როგორც ზიზღის საფლობი
და ზედაპირზე ლივლივებს სევდად
მოჩვენებითი შემწყნარებლობა.
თავკომბეალები ვერაფრით ხსნიან,
რა ემართებათ ციცინათელებს,
გაცრუებული იმედებივით
რომ ქრებიან და იფანტებიან.
აქ სანამ ღამეს ხელებივით დაუწვრილდება,
სუნთქვა შეკრული სხეულიდან დღის წანაზარდი,
სანამ მზის უკან ძილის ღმერთი გაიხიზნება
და ბოლო სხივსაც გამოაძევებს,
რომ მიაბჯინოს მოქუფრულ კისერს,
როგორც დათოვლილ ციცაბოს შიში,
მანამ ვიდგები მოხრილი წყალთან.
ძაფზე დავკიდებ გამბედაობას,
კბილს და მეზობლის კარის სახელურს
ტკივილის გამო რომ გამოვაბი.
არ გავიხსენებ რამდენ ხანს მქონდა
ლოდინი ვინმე დამკაკუნებლის,
რომელმაც აღარ ჩამოიარა.
რა იცით იმის შესახებ როგორ
გამოვაკარი ოთახის კედლებს
ეპითელური ქსოვილის აპკი,
რომ აებურცა ბუსუსებად ყვითელ ზედაპირს,
მთელი გულ-გვამის ფუყე სანგარში,
ერთ დროს ნასწავლი ღიმილის კვალი,
როგორც ნოტიო შლამით ნაჟღენთი,
რომ მოჟონავდა, რა ხანია გამოიფიტა.
არავის უკვირს ამ მასალით როგორ შევძელი
უფორმო ჩრდილის შეკოწიწება.
თავკომბალები შესხდნენ კამეჩზე,
წყალში ჩამხრჩვალი კამეჩის ლეშზე.
და გავიფიქრე რომ შეირხას - კუდი კამეჩის,
წვერი თხისა და თვალი კაჭკაჭის,
ჩემს შორი ახლოს რომ გატრუნულან?...
ან ეს ჩრდილები ქიცინმა რომ გადაიყოლოს,
რაღა დარჩება ჩემი ქანციდან?
თუ საბოლოოდ ისე გაქრა რომ აღარ მეყოს
- თავზე წაყრილი ნაცრის საჩიჩქნად,
წყალში გამდნარი ღამის სადევნად,
ყელში ჩაღვრილი თმენის სატირლად,
გულში ჩაღვრილი ღვარძლის საფხეკად,
ცაში გამქრალი ლოცვის სამხილად.
რა მოჟამული დღეა ბავშვობის
პერიოდივით უხსენებელი.
გავმართე ტანი, სილუეტმა იგრძნო სიმაღლე.
გამოვუხშირე ფერდებს ჰაერი.
ის ბუდეები ავიფარე თვალებზე, წეღან
ქარმა ნაპირთან რომ მოაგორა
და გავაგრძელე ყურება გუბის,
უღიმღამობის გამოსატოპად.
არ მახსოვს როდის გამომესარჩლა
ბოლო ჯერ ჩრდილი;
უკანასკნელად როდის ვნახე ბაყაყის ხმებით
გაბეზრებული მთვრალი მეთევზე,
ხელმოცარული რომ ახვევდა ბადეს ფიქრივით,
პირიქით - ფიქრის ბადის შიგნით როგორ ჩათვლიმა
და ამოღველფა უპეებზე მთელი ლოდინის,
მთელი თმენის, მთელი ქოშინის უხმაურობა.
წყალმა გაბერა კამეჩის ლეში.
თავკომბალები გამორიყა ნაპირისაკენ,
ჩემსავე თმებზე ჩამოსახრჩობად
და წყალი დაშრა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები