ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
12 აპრილი, 2019


გა(და)შლილი ფრთები “კუზიანი ნატატოსათვის”

ნინო დარბაისელი  სტრონი

გა(და)შლილი ფრთები “კუზიანი ნატატოსათვის”
- - - -

    ,,საფოსტო ყუთები (არანორმატიული პოეზია)” - ეს ნატა ვარადას მეხუთე  წიგნია.
  იგი არ არის პოეტი, რომლის მოვლინებასაც  ქართველი მკითხველი საზოგადოება სულგანაბული ელოდა და რაწამს იხილა, აღტაცების  შარავადედიც დაადგა თავზე.
  სამაგიეროდ, იგი არის ავტორი, რომლის გამოჩენამაც ათ წელზე მეტია,  პოეზიის კრიტიკასა და თანამედროვე ქართულ პოეტურ გარემოსაც  იმთავითვე გასხვავებული საფიქრალი მოუტანა.
ჩვენი დროის საუკეთესო ავტორები,  დაწყებული როსტომ ჩხეიძით,  გივი ალხაზიშვილი და  ვანო ამირხანაშვილი,  თეიმურაზ დოიაშვილი და თქვენი მონა-მორჩილი,  ნანა კუცია და მარინა ტურავა,ნუციკო დეკანოზიშვილი და სოსო ჭუმბურიძე იმთავითვე  მსჯელობენ და წერენ  მასზე, როგორც სრულიად განსაკუთრებულ პოეტ ქალზე, იკვლევენ მას, ფოკუსში აქცევენ მისი პოეზიის ამა თუ იმ წახნაგს, ის კი,  ამდენი წარმატებული კვლევის მიუხედავად, მდინარეში მოხელთებული თევზივით ყოველ ჯერზე ხელიდან სხლტება.
    ამ სტრიქონების მხილველი  უეჭველად იფიქრებს, რომ სხვათა გამოცდილებაზე აპელირების შემდეგ თავად შევუდგები ჩვენი მკითხველს წინაშე  ამ პოეზიის სიღრმე-სიგანეთა განჭვრეტას და წინამორბედთაგან განსხვავებით,  ილუზიონისტური ოსტატობით, ამ თევზს არა მხოლოდ მოვიხელთებ, არამედ მწყობრი ანალიზის მშრალ ნაპირზეც  მივუჩენ  ადგილს, როგორც ძვირფას ნადავლს.
    ალბათ ვისურვებდი, ასეც ყოფილიყო, მაგრამ უნდა ვაღიარო, თავად მეც  ხელიდან მისხლტება, საშუალებას არ მაძლევს,  რაიმე მყარი  ნიშნის ღერძზე მისი პოეზიის კრიტიკული რე-მოდელირებისა და როგორც ვატყობ, უმჯობესია, ცალკეულ ასპექტებს დავჯერდე, -  შევუძღვე მკითხველს ამ წიგნში სათაურით ,,საფოსტო ყუთები” , რომლის ლექსებსაც  ჯერ სათითაოდ - ინტერნეტიდან,  მერე კი საკრებულედ შედგენილი ხელნაწერიდან ვიცნობ და რომელიც იქნებ გაუგებარი აღმოჩნდეს მისთვის, ვისაც მეტაფორული ხედვის განსაკუთრებული უნარი ან უკვე აღარა აქვს, ან არც არასოდეს ჰქონია, მიუხედავად სხვა მრავალი პიროვნული თუ შემოქმედებითი ღირსებისა.
    ამის გარშე კი ეს წიგნი, უბრალოდ, წაუკითხვადია.
      და ამას  თავისი ახსნა აქვს.
      აქ მოკლედ ვიტყვი.
გამოთქმის მთავარი გზა ამ პოეტისათვის - მეტაფორულობაა, ანუ არაპირდაპირი თქმა, რომელიც პირდაპირ , ასე ვთქვათ, “ბუკვლურ” ნათქვამამდე დაყვანის  შემთხვევაში  მეტაფორათა ჯაჭვს ერთ გაბმულ აბსურდად აქცევს.

***
  რაკი მეტაფორულობა  მაინც ყველაზე  არსებითი ნიშანია ნატა ვარადას პოეზიისა, ორიოდე სიტყვით აღვნიშნავ,  რომ არისტოტელეს “ პოეტიკა”  და  ,,რიტორიკა”, შექმნილი ანტიკურ სამყაროში, - არის დღემდე ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროები ლიტერატურის კვლევის სფეროში და  რაც უნდა დიდი მანძილი განვლოს  რომელიმე,  თუნდაც უ-თანამედროვესმა მკვლევარმა მისგან და იფიქროს,  რომ საბოლოოდ დისტანცირდა,  აღმოჩნდება, რომ უბრალოდ, წინამორბედებზე დიდი წრე შემოუხაზავს,  ამასობაში ისევ საწყის წერტილთან, არისტოტელესთან დაბრუნებულს. მისი ზუსტი ციტირებებით აქ თავს არ შეგაწყენთ, მოკლედ გაგახსენებთ, რომ იგი ტროპის სახეობათაგან ერთადერთს, მეტაფორას მიიჩნევს იმგვარად, რომლის შესწავლა-დაუფლებაც, მასში დაოსტატებაც შემოქმედისთვის შეუძლებელია და მისი ქმნა მხოლოდ ნიჭს ხელეწიფება.
    დღეს მეტაფორის თეორია იმდენად განვითარებულია, რომ  მოწადინების შემთხვევაში, მეტ- ნაკლები წარმატებით, რიგით მკვლევარს  შეუძლია, უკვე არსებული მეტაფორა ათასგვარად გააანალიზოს, ათას სქემას მოარგოს… მაგრამ სხვაა შესწავლა და სრულად სხვა - სხვადასხვა რიგის, ერთმანეთისგან დაშორებულ საგანთა და მოვლენათა, საკუთარ გრძნობა-ემოციათა უეცარი გადაკვეთის ერთადერთი წერტილი ლექსში მოიხელთოს და პოეტურ სახედ, ხატად აქციოს. ამ კრებულში  ჩაღრმავებული მკითხველი კი უთუოდ აღმოაჩენს, რომ მასში არათუ ორიგინალური მეტაფორული სახეები, არამედ  მთელი ურთიერთმიმდევარი, დინამიური ვირტუალური კადრებია.
  აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღეს, განსაკუთრებით ქართულ პოეზიაში, რომელსაც საუკუნეთა მანძილზე,  მართლაც,  მეტაფორული ხედვა-აზროვნების მწვერვალები  აქვს დაპყრობილი,  ნარატიულობა და ლამის ნატურალისტური აღწერილობა ჭარბობს და მეტაფორისთვის სულ უფრო და უფრო ნაკლებ სივრცეს ტოვებს.  ლექსის კომპოზირების წარმმართველ ხერხად კი უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენება რეფრენულობა, მთელი მისი მრავალსახეობით. ხსენებულ ტენდენციას იმ  მოტივით როდი აღვნიშნავ,  რომ ნატა ვარადა რაიმე, თავისი თაობის  სხვა წარმომადგენლებთან დაპირსპირებულ, უპირატეს  კონტექსტში მოვაქციო. ამ ხერხებით იგი თავადაც წარმატებით სარგებლობს, ისევე როგორც ფოლკლორული პოეზიის ფორმობრივი მახასითებლების გამოყენების გზით ახალი,  ინდივიდუალური ფორმობრივი ვარიაციების შექმნით. დღეს ეს თავისებური რეტრო-ხერხიც შეიძლება იყოს, თუ გავიხსენებთ, რომ  ამ მხრივ ქართულ პოეზიაში  ბაროკალური (ან იქნებ უფრო ადრეული პერიოდიდანაც)  მოყოლებული,  მას  მდიდარი, თუმცა ბოლო დროს მინავლული ტრადიცია  უკვე დახვდა).
  ტრადიციისა და ნოვაციების მიმართებათა საკითხი თანამედროვე ქართული პოეზიის შესახებ მსჯელობისას ერთ-ერთი მთავარია და ამ მხრივ , ვარადას პოეზია კარგ თვალსაჩინოებას წარმოადგენს.
    საბედნიეროდ, თითქმის ოცწლიანი ტრანზიციული კრიზისი ქართულმა ლექსმა წარმატებით გადალახა და ამის წყალობით  დღეს არაერთი ძველი თუ ახალთაობელი  საინტერესო და მნიშვნელოვანი ავტორი გვყავს, რომელმაც საკუთარი პოეტური იდიოლექტი მეტაფორისგან განსხვავებულ  სხვა საწყისებს დააყრდნო და წარმატებითაც.
  აქ მე იმ ძირეულ, განმასხვავებელ ნიშანზე  მსურს მკითხველის ყურადღების მიპყრობა, რაც ნატა ვარადაშვილს საკუთარ პოეტურ სახესა და ხმას, ანუ “ვარადობას” ანიჭებს.

***
    რას ნიშნავს და როგორ უნდა გავიგოთ ამ წიგნის სრული სათაური:
“საფოსტო ყუთები. არანორმატიული პოეზია”  და შუაში - ლათინურად მითითებული მოქმედი ინტერნეტ- მისამართი ავტორისა?
ჩემი ფიქრით, რაკი საფოსტო ყუთები არის ვირტუალური ადგილი, სადაც  შემოსული აუცილებელი თუ შემთხვევითი ინფორმაცია გროვდება, ხარისხდება,  არქივდება და იშლება ან მეტაფორულ ენაზევე ნაპასუხევი უბრუნდება გამომგზავნს,  ეს სათაური შეიძლება გავიაზროთ სიმბოლოდ პოეტის გრძნობად-შემეცნებით-ემოციურ  სადენთა და პოეტური ხსოვნა- გამოცდილების ერთობლიობისა,  რომელიც ლამობს, გაუმკლავდეს ყოველი მხრიდან ნიაღვარივით მომწყდარ ინფორმაციებს და ამ გზით, ყოფითი თუ პოეტური ტრადიციის,  ზეპირსიტყვიერებს, მითოსური ცნობიერების, სარწმუნოების ფესვებით ნასაზრდოებ პოეტში  პოეტი გადაარჩინოს.
  გარედან მომდინარე ინფორმაციის ძირითადი წყარო ვარადასთვის  -  ყოფითი რეალობაა, არცთუ იშვიათად, ახალი ამბების სააგენტოთა ცნობები, საერთაშორისო ,,ნიუსები’ , თავისი “ფეიკ- ნიუსებიანად"  და თვით, თანამედროვე კრიმინალური  ქრონიკებიც კი.  ვარადა არ არის პოეტი, რომელიც მწარე ყოფით რეალობას გაერიდება და საკუთარ სპილოს ძვლის კოშკში შეიყუჟება. (არადა, რა კარგია პოეტისთვის ამ კოშკში სუფევა!) იგი არა-თუ პოეტურ თვალს უსწორებს  იმ რეალობას, რომელშიც უწევს არსებობა, არამედ მის ზონდირებასაც ახდენს...ერთია მხოლოდ, შეაჩერებს თუ არა პოეტურ მზერას ამ  ინფორმაციაზე, დაძრავს თუ არა სიტყვას, მისი სათქმელი პირდაპირ მეტაფორათა ფეიერვერკებად ამოიფრქვევა.
      ვარადას  “შიდა” ინფორმაციაა - საქართველოს აღმოსავლეთში, კახეთში გატარებული ბავშვობა, რომელიც  90-იანი წლების დიდი დეპრესიის პერიოდს დაემთხვა და ახალგაზრდობაში “გათბილისელების”  ტკბილ-მწარე გამოცდილება დაერთო,  ამას დავუმატოთ ქართული ქალური პოეზიის ტრადიიული მოტივი - მამაკაცი,  რომელიც უყურადღებო, უგულო და წამსვლელი ან წასულია, ასევე, საკუთრივი - უნაყოფობის მძაფრი და მტკივნეული წინათგრძნობა და ვფიქრობ, შემოიწერება პირობითი კონტექსტი, რომელშიც მისი პოეტური ნატურა თავსდება.
    ვარადას პოეზიაში მოსალოდნელი უნაყოფობა-უშთამომავლობის მოტივმა, პირადად ჩემში,  თანაგანცდასთან ერთად, ერთი ფიქრიც აღძრა:  გურამიშვილიდან და  ბარათაშვილიდან,  ილია ჭავჭავაძიდან და გალაკტიონიდან,  ანა კალანდაძიდან  და ესმა ონიანიდან - წინამორბედთაგან  ვარადასთან ყველაზე ახლო მდგომი პოეტიდან  - დღემდე რაღაც, დამთხვევაზე მეტი, იქნებ კანონზომიერებასავით არსებობს, - თითქოს განგება ბიოლოგიური პირმშოს ნაცვლად, შემოქმედების გამორჩეულ უნარს ანიჭებს ამ პოეტებს, პოეტებიც -  შთამომავლობის სანაცვლოდ  ლექსებს გვიტოვებენ ამქვეყნად…  მაგრამ, როგორც ძველები იტყვიან, ნატა ვარადას - დიდი დღე  და ვიდრე  აქ ვინმე შემნიშავდეს, თავად ვიტყვი, რომ, საბედნიეროდ,  საპირისპირო მაგალითები კიდევ უფრო  მრავალია და ნურც მოგვკლებოდეს! 
    თუმცა  უმჯობესია, ისევ სათაურს, უფრო კონკრეტულად კი ქვესათაურს მივუბრუნდეთ. მასში მითითებული ლათინური მისამართი  - მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ინფორმაცისადმი ღიაობაზე, ავტორის  ხელმისაწვდომობაზე უნდა მოუთითებდეს. რაც შეეხება პოეზიის  “არანორმატიულობას”, განა  ნორმატიულობა - ნებისმიერი ღირებული პოეზიისთვის - უკან  მიდევნებული ლამპარი არ არის?  ის,  რაც ნორმაში ჯდება,  მუდამ არის არა ხელოვნების, არამედ ხელოსნობის სფეროს კუთვნილება.

***
  რაკი ლექსიკა ენის ყველაზე თვალხილული ნაწილია,  ამავე დროს, პოეტური ენის უფრო მაღალი შრეების გასაღებადაც ხშირად სწორედ იგი გამოიყენება, უნდა აღვნიშნო, რომ ამ წიგნის ლექსიკა  ძალზე მრავალფეროვანია, უფრო ზუსტად კი, ფართოდ ეკლექტიკური: აქ სალიტერატურო ქართულში შეზავებულია დიალექტიზმები, კალკები, ბარბარიზმები და ა.შ.  ალბათ სადღაც, წინა საუკუნის ბოლომდე ეს დიდ ნაკლადაც კი ჩაეთვლებოდა პოეტურ ტექსტს,  დღეს კი მდგომარეობა  სხვაგვარია,  - მასმედიის ენამ ტოტალური გავლენის ქვეშ მოაქცია  თანამედროვე პოეტური ენა და აზროვნება და ეს შესაძლოა,  დღევანდელი  პოეზიისთვის და ზოგადად, მხატვრული ლიტერატურისთვის  თავისებურ დროის  ნიშნადაც კი გავიაზროთ, თუმცა ამ ყოველივეს  აშკარად “არანორმატიული” სიჭარბით გამოყენება, მათ შორის, პოეტურ ენობრივ თამაშებში,  ირონიულ კონტექსტებში და ა.შ. - ვფიქრობ,  ნატა ვარადას პოეზიას უკვე ინდივიდუალურ ნიშნად უნდა ჩავუთვალოთ.

    ***
    არა  მხოლოდ ამ კრებულში, ზოგადად, ვარადას ლექსების ერთ წყებაში  არაერთგზის წავწყდომივარ თავისებურ პოეტურ-მისტიურ აქტს - იგი მარტო თავისი უღრმესი შრეებიდან კი არ ამოსცქერის სამყაროსა და საკუთარ თავს, არამედ  უკვე თითქოს  სხვა განზომილებაში გადანაცვლებული,  ზემოდან დასცქერის საკუთარსავე ფიზიკურ სხეულს, თავისივე არსების მატერიალურ პლანს. ასეთ მომენტებს უძღვის სიტუაციები, როცა, მაგალითად, მასში ერწყმის და  უპირისპირდება კიდეც ხორციელი,  მიწიერი მამა და მთავარი მამა, ანუ მამაზეციერი.
  ერთ  ლექსში “ კუზიანი ნატატო” სადაც ავტორი  საკუთარ სენზე გვამბობს, ირონიული და ამავე დროს ტრაგიკული  ფინალი ასე ჟღერს ,,სადილი არ დავამლაშო,  ლექსს მარილი არ მოვაკლო".
  ჩვენს ყოფით რეალობაში  ცოტა რამ თუ ჰგავს ფრთებს ისე, როგორც კითხვისას გადაშლილად დარჩენილი წიგნი, რომლის ფურცლებსაც  უცაბედი ქარი დაუბერავს  და აფრიალებს.  რამდენი წიგნი გვაქვს ყველა ჩვენგანს გარეგნულად იქნებ მეტისმეტად ლამაზიც,  თაროებზე ერთხელ ადგილმიჩენილს  არც არასოდეს  რომ აღარ ღირსებია ფრთების გაშლა, მაგრამ ხომ გვაქვს წიგნებიც, ბევრი კითხვისგან ფრთებად რომ გაიშლებიან კი არა და,  დაიშლებიან  კიდეც.
    ამ წიგნში არა მხოლოდ კუზიან  ნატატოს, არამედ  ყველას,  სააქაოსა თუ საიქიოს მყოფს, ვისი  ქომაგიც ნატა ვარადაა, მჯერა, მოელის  კიდეც ეს ფრთები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები