ნაწარმოებები



ავტორი: აბრრაგი.
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2019


ლოცვა

(დალოცე ღმერთოო ეს ლხინის მაგიდა)
მე წყლიან თვალებით გიმზერ,
ეჰ, სიტყვა დამქონდა ვით იარაღი და
ვიდექი ვარსკვლავთა ქიმზე.

და მაინც პირამდე ცოდვების ბეღელი,
ავავსე არსობის ულუფით,
ვიყავი ავი და ისეთი მკრეხელი,
როგორიც ვიყავი გულუხვი.

ვალივით ვიხადე ქირა და იჯარით
ვუხნავდი ღვთისმშობელს მიწას,
ხან გადავიწერე მარცხნიდან პირჯვარი
ხან ჩემში უღმერთო ვიცან,

ვიარე, ვიგლოვე, ვიტირე, ვავედრე,
ჩემს გარდა იმდენი ვინმე..
ყმუილი ხანდახან ხმას გაახავერდებს
ხანდახან შეაფრთხობს ირმებს,

დავხვეწავ როგორმე "მანერებს ქუჩიდან"
ვინ მოსთვლის ნაქონს და ნანახს.
თუ ვინმეს უჭირდა თუ რამე უჭირდა
მიადგა ღმერთსა და ალახს.

ეს ერთი იდეა, ამ მრავალსახების,
და ჩემი ლექსივით ლოცვა.
რომ ღმერთო სხვაგვარი ვერ დაგენახები,
ვნანობ და ვტირივარ როცა,

მინახავს ჭუჭყიან ხელებს რომ იშვერენ
და ვერცხლის ითხოვენ ქისებს..
შენ ღმერთო მიშველე , შენ ღმერთო მიშველე,
მე როგორც მეკუთვნის ისე...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები