ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: სანდრო რუხი
ჟანრი: პროზა
15 აპრილი, 2019


მტვერი (თავი 2. ნაწილი 7-9)

                                                                                                                        7
ხარიპარია მზის ოქროსფერმა სხივებმა შთანთქა. ენკენისთვისთვის დამახასიათებელმა ამინდმაც არ დააყოვნა. როგორც კი ღამემ ლურჯი იაგუნდისფერი პირბადე გადაიხადა და ცარგვალი ჭვირმა დასერა, სიოც ნაზად ეამბორა ზენეათს, დაუსტვინა და ქალაქს გრილი ფრთებით შემოუფრინა. ჩიტების სიმღერა გარემოს მეტად ახალისებდა; საამურად ჟღურტულებდნენ. ფოთოლთა შრიალი კი მათ ჰანგებს ხმას უწყობდა.
ალიონის დადგომისთანავე, თავადმა მედროშემ საკუთარ მსახურთუხუცეს თეთრონი და რასხი ცხენების შეკაზმვა და ეტლის გამზადება დაავალა. არჩილი გზას უმალ შეუდგა, როგორც კი მწაფელმა მაკოროფალი  სასახლესთან მიიყვანა და ლაქიამ თავადს მოახსენა, რომ ყველაფერი მზად იყო. 

მედროშის ეტლი ზემოქალაქის ერთ-ერთი მდიდრული სახლის აშთის ჭიშკართან გაჩერდა. ჟანუნ-სოალეის სახლის შესასვლელი დაკეტილი იყო. მწაფელი გადმოვიდა, კარიბჭე გააღო, საკუთარ ალაგს მიუბრუნდა, ცხენებს გრძელი მათრახი შემოჰკრა და მაკოროფალი სასახლის კართან დააყენა.

არჩილს შესასვლელი კარი თვით ქალაქბრალმდებელმა გაუღო; იცოდა, თავადი  სტუმრობას აპირებდა და მისი დახვედრა არავის ანდო.
ლეო კალაისი ოდნავ ჩასუქებული, თუმცა ახოვანი აღნაგობის კაცი გახლდათ. სტუმარი თავაზიანად შეიპატიჟა და მისაღებ ოთახში შეუძღვა; სავარძლისკენ მიუთითა დაჯექიო, თვითონ საწერ მაგიდას მიუჯდა და პატარა ზანზალაკი ააწკრიალა.

რამდენიმე წამში სიფრიფანა აღნაგობის მოახლე ქალი შემოვიდა. თავზე ჩალმა ეხურა.

– რას ინებებთ თავადო? − თავაზიანად ჰკითხა ლეომ.
– ვერიოსული ლიკოს, თუ შესაძლებელი იქნება, – არჩილმა თავმდაბლად უპასუხა და გაუღიმა.
– ორი ვერიოსული ლიკო და დარული ზარაჰი მოიტანე! – ქალაქბრალმდებელს მბრძანებლური ხმაჟღერადობა ჰქონდა.

ქალი ოთახიდან მაშინვე გავიდა, როგორც კი ბრძანება მიიღო.

ჟანუნ-სოალეი არჩილს მიუბრუნდა და სასხვათაშორისოდ ჰკითხა:
– ზარაჰზე ხომ დამეწვევით, თავადო?!

არჩილმა ღიმილნარევად თანხმობის ნიშნად კვერი დაუკრა.

– აბა, რამ შეგაწუხათ, თქვენო ბრწინვალებავ? – ლეომ თავი მოიკატუნა, ვითამ არჩილის სტუმრობის მიზეზი არც კი იცოდაო.
– ჩემი ქალიშვილის, ელენის, საქმესთან დაკავშირებით გეახელით, თქვენო აღმატებულებავ, – თავადს ხმაში ბზარი შეეპარა, – სათხოვარი მაქვს,  – არჩილი შეყოვნდა.
– მთხოვეთ, თავადო, მთხოვეთ!  – ლეომ მზერა მედროშეს ქვებუდანად მიაპყრო, თითქოს კითხულობსო, – თუ შემეძლება, თქვენ სათხოვარს შევასრულებ.
– არ ვიცი, როგორ დავიწყო, – თავადი ფეხს ითრევდა, სათქმელს თავს ვერ აბამდა.
– მთხოვეთ, თავადო, მთხოვეთ! ხომ იცით, ნათქვამია: „თხოვნის შესრულება ღმერთებს მოსწონთო“!

არჩილმა იფიქრა, დროის გაწელვით არაფერი გამოვაო, და პირდაპირ უთხრა:
– ვიმედოვნებ, უკიდურეს სასჯელს არ მოითხოვთ...

მედროშემ სიტყვა ვერ დაასრულა, ლეომ შეურაცხყოფილი სახით, ეს რა მაკადრაო, გააწყვეტინა და მკვახედ მიმართა:
– არჩილ, კანონი კანონობს, ის ყველასთვის ერთია და ალჯანეულელის, ამ საზიზღარი ავსულების, სასჯელი სიკვდილია, წყალში დანთქმა, – ჟანუნ-სოალეის სახეზე აშკარა ზიზღი და სიძულვილი გამოეხატა, ჯადოქრებისადმი მისი ღვარძლიანი დამოკიდებულება ყვოველ სიტყვაში იგრძნობოდა.
– მესმის თქვენი, თქვენო აღმატებულებავ, კანონი კანონია, – არჩილმა ბოლო სიტყვები მრავლისმეტყველად წარმოთქვა, – მაგრამ ზენეათში ყველა ჯადოქარი სიკვდილით როდი დასჯილა, – მრავალმნიშვნელოვნად გახედა ლეოს, – მაგალითად მახსოვს, თქვენი ცოლისძმა. ის ხომ ქალაქიდან გააძევეს. სიკვდილით არ დაუსჯიათ... როგორც თქვენ თქვით, წყალში დანთქმის გზით!

ლეოს თავადის მინიშნება და იმის შეხსენება, რომ ჯადოქართან მოყვრობა ჰქონდა, არ ესიამოვნა. ღაწვებზე ჭარხლისფერი ლაქები დაეტყო – ყოველთვის, როცა ბრაზდებოდა, ქალაქბრალმდებელი პიმპილივით აწითლდებოდა ხოლმე – მაგრამ შეეცადა გაღიზიანება არ შეემჩნია.

– შოთა ჯადოძალის გამოყენების გამო არ დაუპატიმრებიათ, ის მჩხიბაობისთვის გაასამართლეს, – ლეომ თითქოს თავი იმართლა, – მისი დანაშაული ნაძვის წიწვებზე მკითხაობა იყო მხოლოდ. მეტიც, მისი უშუალო დანაშაული ვერ დადასტურდა... არ დამტკიცდა, რომ ჯადოძალას იყენებდა. მხოლოდ ჯადოქრობის სურვილი დადგინდა და არა ნიჭად ბოძებული წყევლა.
– რა თქმა უნდა, – უხალისოდ დაეთანხმა არჩილი, – მაგრამ, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, ელენიმ ზეჰის ტაძრის სამწყსო ნანგრევებში მოყოლისა და სიკვდილისგან იხსნა, – არჩილმა ჟანუნ-სოალეის საკუთარი ქალიშვილის დასაცავად თავადისასულის დამსახურება მტკიცე ხმაჟღერადობით შეახსენა.
– ეს შესაძლოა შემამსუბუქებელი გარემოება იყოს, თავადო. გეთანხმებით, ეს შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ამას ჩემი თანხმობა სჭირდება, – ლეომ სტუმარს მრავლისმეტყველად გადახედა და იქედნურად ჩაიღიმა.
– რა საკვირველია, თქვენო აღმატებულებავ, რა თქმა უნდა, – თავადმა სცადა, მეგობრულად გაეღიმა, – სწორედ, ამისთვის გეახელით, რათა თქვენი ნება სარაჰიტებში გამოვხატო, – არჩილმა პირდაპირ უთხრა.

ლეო თითქოს უხერხულად შეიშმუშნა, რაღაცის თქმას აპირებდა, როდესაც კარზე კაკუნი მოისმა. მოახლეს ხმამაღლა უთხრა, შემოდიო. ახალგაზრდა, სიფრიფანა ქალი ლანგრით შემოფარფატდა. ორი ვერიოსული ლიკო და დარული ზარაჰით სავსე თეფში შემოიტანა. მაგიდაზე ფრთხილად დაალაგა და ოთახიდან გველნაკბენივით, ხუსხუსით გავიდა.

ლეომ ლიკოიანი ჭიქა აიღო და ზარაჰი გადაიღო. თავადსაც შესთავაზა.

– ჩემი ნება იაფი არ ღირს, თავადო, – ქალაქბრალმდებელმა მტკიცედ მოუჭრა, არ დაუწყია თავის დაფასება და საქმეზე პირდაპირ გადავიდა.
– გასაგებია, თქვენო აღმატებულებავ, არც ჩემი ქალიშვილის სიცოცხლე ღირს იაფი. თქვენი ნების ფასი მითხარით, – არჩილს რაც კარგად გამოსდიოდა, ეს ვაჭრობა იყო, თუმცა ამ ვითარებაში ხვდებოდა, რომ შევაჭრებას აზრი არ ჰქონდა.

ქალაქბრალმდებლის პასუხის მოლოდინში, თავადმა ლიკო მშვიდად მოსვა. შეაჟრჟოლა, თუმცა სითხის მომჟავო-მოტკბო გემო ესიამოვნა.
არჩილს დარანა მაშინვე მოეკიდა, ვერიოსული სიმხურვალე მთელი სხეულით იგრძნო.

– ას ორმოცდათოთხმეტი სარაჰიტი საკმარისი იქნება, თქვენო ბრწყინვალებავ, – ლეომ მზაკვრულად გაიღიმა.

არჩილმა ზენეათის ჟანუნ-სოალეის სიხარბის შესახებ იცოდა, მაგრამ მაინც გაუკვირდა, ას ორმოცდათოთხმეტი სარაჰიტი მთელი თვის შემოსავლის ნახევარი იყო. თუმცა ხვდებოდა, რომ ვერაფერს გახდებოდა.

მედროშემ ქალაქბრალმდებელს უხალისო ხმაჟღერადობით მიმართა:
− კეთილი, მალე მიიღებთ საჩუქარს, – ზარაჰი მოკბიჩა, კვლავ მოსვა ლიკო, ფეხზე ფრთხილად წამოდგა, რათა არ წაბარბაცებულიყო. ლიკოიანი ჭიქა მაგიდაზე მორიდებით დადო  და თანხმობის ნიშნად ლეოს გაუღიმა, – გამიხარდა თქვენი ნახვა, თქვენო აღმატებულებავ, – არჩილმა გამოსამშვიდობებლად ხელი გაუწოდა.
– მეც ასევე, თქვენო ბრწყინვალებავ! – ლეო ფეხზე წამოდგა და შეთანხმების ნიშნად თავადის გამოწვდილ ხელს მკლავის ჩამორთმევით  უპასუხა.

მასპინძელმა სტუმარი გასასვლელ კარამდე მიაცილა.

– საუკეთესო ვერიოსული ლიკოა, უცილობლად უნდა მომცეთ დამზადების თქვენეული წურაფა , – არჩილმა ვითარება განმუხტვა სცადა და უხერხული თემიდან საუბარი სხვა საკითხზე გადაიტანა; თავადს უნდოდა, ლეოს ვიდრე საბოლოოდ დაემშვიდობებოდა, შეხვედრა უშუალო ურთიერთობით დაესრულებინა.
– აუცილებლად, თქვენო ბრწყინვალებავ, – უპასუხა მასპინძელმა, – გამოვატან მსახურს, მაგრამ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, – არჩილთან ახლოს მივიდა და ჩასჩურჩულა – არ უნდოდა ვინმეს გაეგო, მიუხედავად იმისა, რომ მარტონი იყვნენ, – თვით-ეს ლიკო ვერიოსიდანაა ჩამოტანილი, – საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიტანა, – ოღონდ არავისთან გამთქვა, კეთილო მეგობარო.

არჩილმა გასვლისას გამომშვიდობების ნიშნად გაუღიმა. გაღიმებითვე უპასუხა ქალაქბრალმდებელმა.

                                                                                                                          8
ენკენისთვისთვის ჩვეული თბილი ამინდის მიუხედავად დილეგში ციოდა. ციოდა, რადგან ჯურღმულში მდებარეობდა, სადაც მზის შუქი ისეთივე სანატრელი იყო, როგორც წყალი ურასის საერისთავოს უდაბნოში.

დილეგში ელენის მხოლოდ უსახო, დაობებული და სუსხიანი კედლები და უკუნეთი სიბნელე ეამხანაგებოდნენ. გრძნეული საკუთარ თავს უფლებას არ აძლევდა, ჯადოძალა გამოეყენებინა და თავი საპყრობილედან დაეხსნა. ციხე საგანგებოდ ალჯანეულის დატუსაღებისთვის იყო აგებული. ზენეათელები ფიქრობდნენ, რომ დილეგი ჯადოქრების ხანიდან მოყოლებულ ზებუნებრივ ძალას ფლობდა, რომელიც დარიელთა სამეფო გასაგისის მოსვლამდე მისნობა-მზმელობითვე მონუსხეს. თავადისასულმა კი კარგად იცოდა, რომ ეს არამზმელთათვის ცრუ ნუგეში იყო, სინამდვილეში მისნის დილეგში გამომწყვდევა შეუძლებელია, ჯადოქრობისგან კი თავს მხოლოდ ოჯახის გადარჩენის გულისთვის იკავებდა.

მიტტაზეჰური ფოლადის უზარმაზარმა კარმა, რომელიც ტუსაღს გაპარვის მცირე იმედსაც კი უკლავდა, დაიღრჭიალა და ელენის ურდულის გადაწევის ყრუ ხმა მოესმა, ისეთი კედლის მეორე მხრიდან რომ ისმის. ჯადოქარი მიხვდა, ვიღაც ეწვია.

დილეგში ჯერ ხელში ჩირაღდანმომარჯვებული ციხისმცველი შემოვიდა, მას გრძელი შავი მოსასხამი ეცვა, საგანგებოდ რკინის აბჯარში იყო გამოწკეპილი და წელზე ქარქაშჩაგებული ხმალი შემოერტყა. ბრგე კაცმა სანათი კარის გვერდით, კედელზე მიმაგრებულ საჩირაღდნე ღრიჭოში მოათავსა და ელენისკენ შებრუნდა.

– მნახველი გყავთ, – ტუსაღს ბოხი ხმით, უხეშად მიმართა.

გვერდით გაიწია და საკანში არჩილი შემოვიდა.

თავადს გონებაში ათასგზის წარმოსახული, ლანდად ქცეული ელენი თვალწინ აღუდგა. ძაძების ნაცვლად, თავადისასულს, დასვრილ-დაძონძილი სადღესასწაულო კაბა ემოსა. თმები აშლილი ჰქონდა და სახეზე დაღლილობა აღბეჭდვოდა.

არჩილმა მიიხედ-მოიხედა, საკანში მხოლოდ ერთი ჯორკო იდგა – არც საწოლი, არც საპირფარეშო – მხოლოდ ტაშტი. დილეგში აუტანელი ნესტის, შმორისა და განავლის სუნი იდგა. იქაურობა მოუვლელ ზოოპარკს, ქალაქის ღარიბთა უბანს მოგაგონებდა. ამის დანახვისას და შეგრძნებისას არჩილს გული შეუღონდა, თვალებში ცრემლი ჩაუდგა. ელენის დაძაბუნებული მზერა სტუმრის სხეულში ისარივით  იჭრებოდა და უბადრუკობის შეგრძნებას ამძაფრებდა.

– ერთი საათი გაქვთ, – ციხის მცველმა ორივე გააფრთხილა, – დროის ათვლა დაიწყო! – გავიდა და დილეგის კარი საგულდაგულოდ ჩარაზა.

მამა შვილს მიუახლოვდა და იგი მკერდზე მჭიდროდ მიიკრა. ელენის დასვრილი ტანსაცმლისა და გაზინტლული თმისთვის ყურადღება არ მიუქცევია. თავადმა, თითქოს სამყაროულ საიდუმლოებას ანდობსო, ყურში ჩასჩურჩულა:
– ჩემო საბრალო, – არჩილმა სიტყვებს ნაღველი ამოაყოლა, – ნუ გეშინია, ლეოსთან ვიყავი. საქმე მოვაგვარეთ, არ მოითხოვს სასიკვდილო განაჩენს, – სცადა ნუგეშისმიმცემი ხმაჟღერადობა ჰქონოდა.

ელენიმ მამას მკვეთრი მოძრაობით მოშორდა, ორი ნაბიჯი უკან გადადგა და განცვიფრებული სახით მიაშტერდა.

– მოისყიდეთ?
– არა, დავასაჩუქრეთ,  – თავადმა ისევ ჩუმად უთხრა და გაუღიმა.
− ჰო, გასაგებია,  – ელენი ჩაფიქრდა.

რამდენიმე წუთი ხმა არავის გაუღია. შემდგომ არჩილმა გაკვირვებული და მონატრებული ხმით ჰკითხა:
– რამ ჩაგაფიქრა?
– მე სიკვდილით დასჯის არ მეშინია, – მხნედ უპასუხა ელენიმ, – ქალაქბრალმდებლის მოსყიდვა საჭირო არ არის. შენც ხომ კარგად იცი, ლეო კალაისი როგორი ადამიანია, მზაკვარი და უსინდისო, – ელენის სახეზე ზიზღი დაეტყო.
– ვიცი! ეს მთელმა ქალაქმა იცის, მაგრამ მაინც ქალაქბრალმდებელია, – თავადი უსუსურობისაგან დაიჭმუხნა, – ცდა ბედის მონახევრეაო, ნათქვამია და მეც ვცადე.
– მადლობა, მაგრამ არ მინდა; ერთ ჩეჲსაც  არ იმსახურებს, – ელენის მამისადმი განაწყენება სახის გამომეტყველებასა და ხმაზე ეტყობოდა, – არ ენდო, მით უმეტეს, მე არაფერი მიჭირს, ჩემზე ნუ იღელვებთ, – მამის დამშვიდება სცადა.
– როგორ თუ ნუ ვიღელვებთ, – ხმას აუწია არჩილმა, ცოტა სიბრაზე და იმედგაცრუება დაეტყო, – სადაცაა თავს წაგაცლიან და თარეჰთან გაგისტუმრებენ. ჩვენ გულხელდაკრეფილები ვისხდეთ?! დედაშენი ცრემლებს ვერ იკავებს, გამუდმებით გოდებს, ალექსანდრემ კი დაბნეულობისგან აღარ იცის რა ჰქნას.
– ჯადოქრებს თავებს არ აცლიან, – ელენის მრავლისმეტყველი ღიმილი გამოესახა.

ასე იცოდა, როდესაც რაღაც ჩაფიქრებული ჰქონდა. არჩილს შვილის ეს გამოხედვა კარგად ჰქონდა შესწავლილი.

– რა ხდება, რამე ჩაიფიქრე?

ელენიმ თავი გააქნია და მშვიდი ხმით მიუგო:
– არაფერი ჩამიფიქრებია, მხოლოდ ვიხსენებდი, ბავშვობას, – ბოლო სიტყვა მკვეთრი ხმაჟღერადობით წარმოთქვა, მამას მიანიშნა, მეხსიერების ბანდილებში მნიშვნელოვანი რამ იპოვა, – გახსოვს, ბავშვობაში სარაჰის ამბებს მიყვებოდი, – არჩილმა შვილს მწარე ღიმილიანი სახით თავი დაუქნია, – ჰოდა, ,,კეთილი დების“ ამბავი გამახსენდა; თუ სწორად მახსოვს, ისინი ომში დაჭრილებსა და უსასოოთ ეხმარებიან, არა? – არჩილმა თავი დაუქნია. – კეთილ საქმეს სჩადიან უდავოა, თანაც ზოგჯერ მდუმარების აღთქმას დებენ, არ საუბრობენ, როგორც ამბობენ: „ჩვენივე სიკეთეს ჩვენივე ბაგენი არ იტყვიან“.
– მართალია, შვილო, – არჩილმა საკუთარ ხმაში მამობრივი სიყვარული ჩააქსოვა.

ჯადოქარმა ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო:
– ვერიოსელებთან პირველი ომის დროს შექმნილმა ადამიანთა ამ ერთობამ ფესვები კარგად გაიდგა, ომის დორს სოფელ-სოფელ დადიან და უფროს გოგოებს, რომლებიც ოჯახს არ მოსცილებიან მეფის სახელით ომისკენ ერეკებიან. ზოგჯერ მამები ქალიშვილებს ჰყიდიან, ჩუმად, მალულად, „კეთილი დების“ ოხრა  კი სარაჰიტებს არ იშურებს მათ საყიდლად. იცი, თვით-ეს ოხრა რატომ არის ესოდენ ძლიერი, ძლევამოსილი და დაუშლელი? იმიტომ, რომ ყველა მამისგან, რომელსაც არ სურს ქალიშვილის ომში გაგზავნა, ყველა დიდგვაროვნისგან და თავადისგან ქრთამს ღებულობს; ხელმწიფის საფარქვეშ უშიშრად ახორციელებს საკუთარ ზრახვებს. რაც მთავარია, ამას ჩვენ ვუწყობთ ხელს – ჩვენ გავაძლიერეთ, ჩვენი მოსყიდვებით, სარაჰიტების „ჩუქებით“, მოვალეობისგან თავის დაღწევით – ჩვენ შევქმენით „კეთილი დები“, რომელიც ნათელიცაა და ბნელიც.
– ამით რისი თქმა გინდა?
– არ მინდა ლეო კალაისი მოისყიდოთ, არ მინდა, ჩემს ხარჯზე ერთი სარაჰიტითაც მეტი ჰქონდეს, არ მინდა, ჩემი მიზეზით გავამდიდრო და ზენეათელები უფრო მეტად დაჩაგროს.
– მესმის შენი და ვიზიარებ კიდეც შენს სულისკვეთებას, – არჩილს ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს თავს იმართლებსო.
− კარგია, ჰოდა დაივიწყე რაც განიზრახეთ, − ელენის მტკიცე ხმა ჰქონდა.
−  ვერ დავივიწყებთ, მეტიც, ფული უკვე გადახდილი იქნება, კირკეს უნდა მიეტანა. თვითონ მოგვაწოდა ეს აზრი, ჩვენც დავეთანხმეთ.
– კირკემ? – ელენს შეცბუნებული გამომეტყველება ჰქონდა.
– კი კირკეს, – მტკიცედ დაუდასტურა თავადმა.
– უცნაურია, – თავადისასული ისევ ჩაფიქრდა.

მამა შვილს კარგა ხანი ხმაამოუღებელი უცქერდა. დუმილი კვლავ თავადმა დაარღვია  და ხალისიანი ხმით დაიწყო:
– ბავშვობაში, როდესაც ჩაფიქრდებოდი, შენგან, უცილობლად, რაღაცას ველოდებოდი, – სახეზე სევდანარევი ღიმილი დასთამაშებდა, – გაზაფხულის ბაღში შენი ოინი გახსოვს, როდესაც საწყალ ძიძას თავზე გოგრის წვნიანი გადაასხით?! – არჩილმა თავი გააქნია, – ეჰ, ალექსანდრემ კი დაიბრალა ეგ ხრიკი, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ შენ იყავი.
– საიდან იცოდი? – ელენისაც გაეღიმა.
– საიდან ვიცოდი?! – თავადმა შუბლი მოიფხანა, –  ვიდრე ძიძას ეს ამბავი შეემთხვეოდა, მანამდე ზუსტად ასეთი გამოხედვა და ჩაფიქრებული სახე გქონდა, – ელენის უპეებში ჩაგუბებული ცრემლით მიაშტერდა, – მეტიც, ალექსანდრეს არ აქვს იმდენი გამბედაობა, რომ ეს გააკეთოს. შენ ყოველთვის გამოირჩეოდი გულადობით, მხნეობითა და გამბედაობით, – თავადმა ჩაფიქრებული გამომეტყველება მიიღო, რაღაცას იხსენებდა, – გახსოვს, – მარცხენა საფეთქელი მოიფხანა, – ალექსანდრეს ხაფთანების ძაღლი რომ გამოედევნა? შენ იყავი, ვინც მედგრად დაუდგა „ბოროტ არსებას“, შენი ძმის შეჭმა რომ უნდოდა. თითქმის შენი სიმაღლის ცხოველს არ შეუშინდი, ესროლე ქვები და შეაშინე იგი. ალექსანდრე კი სახლში ატირებული დაბრუნდა,  – ვაჟიშვილის გახსენებაზე არჩილი მოიღუშა, – ელენი, ყოველთვის გქონდა გეგმა, ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე იდექი, ახლა რატომღა დაყარე ფარ-ხმალი?
– ფარ-ხმალი? – თავადისასულმა გაიღიმა, – ფარ-ხმალი არ დამიყრია, მამა, – უნდოდა ეთქვა მამისთვის, რომ ტრილონია მშობლების დაპატიმრებით ემუქრებოდა, მაგრამ ვერ ბედავდა, არ იცოდა, მამამისი რას მოიმოქმედებდა. კი, თავადი წყნარი იყო, მაგრამ თუ გაცხარდებოდა არავის ეპუებოდა.
– აბა, უმოქმედობა რას დავაბრალო? – არჩილმა გაკვირვებისგან ხელები გაშალა.
– არ ვარ უმოქმედოდ, – ელენიმ თავი იმართლა, – არ მინდა ამაზე საუბარი, ზედმეტ ტკივილს მაყენებს, – მამის მოტყუება სცადა, რათა ლიტონი საუბარი თავიდან აეცილებინა, – ერთს გთხოვ, ლეოს „ძღვენი“ არ აჩუქო, ფუჭი დანახარჯია. დამიჯერე, გთხოვ! – ელენის ხმაში გულწრფელი დარდი კრთებოდა.
– ხომ გითხარი, საქმე თითქმის მოგვარებულია, მალე კირკე საჩუქარს მიუტანს, ამას წყალი არ გაუვა, – გაჯიუტდა თავადი. გრძნობდა, ჟანუნ-სოალეის მოსყიდვით საკუთარ უსუსურობას სჯაბნიდა; უსუსურობას, რომელმაც სძლია და შვილის უბედურებას წინ ვერ აღუდგა.

ელენი არჩილს მიუახლოვდა. თვალებში ჩახედა. მკრთალი შუქის მიუხედავად, ჯადოქრის მზერაში გულწრფელობა და მშობლის ამდაგვარი გადაწყვეტილების გამო ნამდვილი წუხილი ირეკლებოდა. მამის მარცხენა ხელი გულთან მიიტანა და უთხრა:
– ვიდრე გული მიცემს, ყოველთვის  საკუთარი ოჯახის სადარაჯოზე ვიქნები. გრძნობ? ხომ გრძნობ, როგორ მუგვობით მიცემს?...

არჩილმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, თავისუფალი ხელით კი ცრემლი მოიწმინდა.

– ეს გული ისე ძგერს, რთული იქნება ამის გაჩერება. მომეცი პირობა, რომ ამ განზრახვისგან ხელს აიღებ. მომეცი პირობა, გთხოვ! – ელენი მამის დაყოლიებას მუდარის მზერით ცდილობდა.

თავადი კარგა ხანს ფიქრობდა, შემდეგ დინჯი და ლმობიერი ხმით უთხრა:
– რადგან შენ მთხოვ, – ცერა თითი უარყოფის ნიშნად გააქნია, – მე არ გეთანხმები, თუმცა... რადგან შენ ასე გსურს, დავყვები შენს თხოვნას, ავიღებ ხელს ამ საქმისგან, – შვილს ჭუჭყიანი ხელები დაუკოცნა.
– მადლობა, – ელენი მამას გადაეხვია, – მადლობა, მამა!

მამა-შვილი ერთმანეთს კარგა ხანს ესიყვარულებოდნენ. არჩილმა ელენი მკერდზე მჭიდროდ კვლავ მიიკრა, არ უნდოდა გაშვება. ეშინოდა, გრძნობდა, რომ თუ გაუშვებდა, საყვარელ ქალიშვილს სამუდამოდ დაკარგავდა. ელენიმ მშობელს ხელები მტკიცედ შემოჰხვია. 

– მომიყევი... კიდევ ერთხელ მითხარი, როგორ არიან, დედაჩემი, ალექსანდრე? – მკერდზე მიკრულმა ჯადოქარმა მამას დაბალი ხმით ჰკითხა.
– კარგად არიან, რომ გითხრა, მოგატყუებ...
– ჰაჰ, – ელენიმ ჩაიცინა და მშობლის მკლავებისგან თავი გაითავისუფლა, – მესმის...
– ალექსანდრე კი... – არჩილი ცოტა ხნით შეყოვნდა, არ უნდოდა ეგეონისა და ალექსანდრეს შესახებ ეთქვა, ამიტომ საუბრის სხვა თემაზე გადაეტანა სცადა, – იცოდი, რომ დედაშენის გვარში ჯადოქრები იშვიათი ხილი არ ყოფილა?
– კი, ვიცოდი, ამას დედა მე და ალექსანდრეს ზღაპრებად გვიყვებოდა, – ელენი ნელი ნაბიჯით ჩირაღდანთან მივიდა და ცეცხლს მიაშტერდა, – ხოლო როცა წამოვიზარდეთ ბებიამ სიმართლე გვითხრა კიდეც.
– ოჰო, ერთადერთი ვყოფილვარ ვინც არ იცოდა?! – არჩილს წყენა და მცირედი ბრაზიც დაეტყო, მკრთალ შუქზე არ ჩანდა, მაგრამ ელენიმ იცოდა, მამამისი გაწითლდა, რადგან სუნთქვას მოუხშირა, ეს კი აჭარხლებას ყოველთვის წინ უსწრებდა.
– რა გაეწყობა? – ელენის ჩაეცინა.

თავადმა ისე, რომ ქალიშვილს სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მკვირცხლად წარმოთქვა:
– დედაშენი, ალჯანეულის სიმტკიცით უმკლავდება ამ განსაცდელს და ისევ ღვინოს ეძალება, – ჩაიცინა, – ხომ იცი, ნანას როგორ უყვარს დარული ღვინო, მის ერთგულ სირაჯს  სასმელი რაჰიდან ჩამოაქვს. ხანდახან მეც ჩამომიტანია ხოლმე, როცა საქმეებზე წავსულვარ, მაგრამ ყოველთვის წუწუნებს და მეუბნება, ღვინოში ისე ვერკვევი, როგორც ქათამი სიბრძნისმეტყველებაშიო.
– კი, ვიცი, დარულს ეტანება მხოლოდ, – ელენი მამისკენ შემობრუნდა, თვალები უკმაყოფილოდ გადაატრიალა, არასდროს მოსწონდა, როცა დედამისი ბევრს სვამდა, –  ამასაც თავისი მიზეზი ექნება.
– კი აქვს, – თავადს ჩაეცინა, – დარანა უყვარს და მიჩვეულია დარულს...
– შესაძლებელია, – თავადისასული უხალისოდ დაეთანხმა. – ალექსანდრეზე რას მეტყვი? – გაკვირვებული სახით ჰკითხა, – რაც მოხვედი, მასზე სიტყვა არ დაგცდენია. ყველაფერი რიგზეა?
– ვერ ვიტყოდი, რომ ყველაფერი წესრიგშია. თუმცა ამის მოყოლას არ ვაპირებ. თავის დაზღვევისთვის ასე ჯობია, ეგ მხოლოდ შენ არ გეხება, შენს გამრუდებულ ძმასაც ეხება, – წაიჩურჩულა თავადმა.
– გამრუდებულს?  − ელენიმ მამას იჭვნეულად გახედა.
– დიახ, გამრუდებულს, – უკმაყოფილოდ წარმოთქვა არჩილმა, − არ დაიჯერებ... დროზე უნდა დავაქორწინო, სულ ერთია, ვინმე კეთილშობილ ქალზე, – არჩილმა საკუთარი ზრახვა ქალიშვილს გაუმხილა.
– ქვეიტაჰთან ისეთ ბაას შევესწარი, არ დაიჯერებ, – სიტყვები „არ დაიჯერებ“ აღელვებით წარმოთქვა.
– ქვეიტაჰთან? – ზურგი აქცია მამას, თვალი მოარიდა.
– დიახ, ქვეიტაჰთან, – არჩილმა ბოლო სიტყვა ზიზღით წარმოთქვა.
– შეხედე შენ, – ჩაიცინა ჯადოქარმა, – ალბათ, ტაძარში ეგეონს მაგიტომ იცავდა. უნდა მივმხვდარიყავი, – საკუთარი თავით იმედგაცრუებულმა ელენიმ დანანებით წარმოთქვა. ჯადოქარი, მამის გამომეტყველების დანახვისას, მიხვდა, რომ ხმამაღლა ფიქრობდა.
– უნდა მიმხვდარიყავი? – თავადმა საკუთარ ყურებს არ დაუჯერა, – რას ნიშნავს, „უნდა მივმხვდარიყავი“? – მკაცრად ჰკითხა.
– მე ყველაფერი ვიცი, ყველაფერი, – არჩილისკენ შემოტრიალდა, მიუახლოვდა და ყურში ჩასჩურჩულა,  – ვიცოდი, რომ ალექსანდრეს ვიღაც უყვარს და ვიცი, რომ Mis isto Thragon, Sarahiade rexvasilisyes rexisjenose grandile jenosnomotaden (თრაგონი ვარ, სარაჰის მეფეთა დინასტიის დიადი გვარიდან).

არჩილს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. კარგა ხანი ვერაფერს ამბობდა, თითქოს ენა გადაყლაპაო. ცოტა შეეშინდა კიდეც. ელენის ახალი სახე დაინახა, რომელსაც წლების განმავლობაში ვერ ამჩნევდა. თავადს შვილები უყვარდა, მაგრამ საკუთარი საქმის გამო  ქალაქიდან გასვლა და ოჯახის დატოვება ხშირად უხდებოდა; ეგონა, საკუთარ ნაგრემს იცნობდა, მათი ხასიათი და მისწრაფებები იცოდა, მაგრამ ბოლო დღეებში მომხდარმა ამბებმა, აშკარად დაანახა, რომ ცდებოდა და იმ გაცდენილი დროის გამო, რომელიც შვილებს მოაკლო, ინანა კიდეც. 

– ვერიოსული ენა საიდან იცი? ამ ენაზე სარაჰში თითქმის არავინ საუბრობს, – ცოტა არ იყოს თავადი შეშფოთდა.
– ეგ ენა მე თვითონ ვისწავლე, ვერ გეტყვი როგორ, – ელენიმ მამას მტკიცედ  მოუჭრა, როცა შეამჩნია, რომ არჩილი კამათს აპირებდა, – ეგ ჩემი საიდუმლოა.

უეცრად ურდულის ხმა ისევ გაისმა და მცველი შემოვიდა.

– დრო ამოიწურა, – ბრგე კაცს ისევ უხეში ხმა ჰქონდა.

ელენიმ შვებით ამოისუნთქა, რადგან მამასთან კამათი აღარ მოუწევდა.

არჩილმა შემოსულ დარაჯს მიუბრუნდა და უხეშადვე უპასუხა:
– გასაგებია, ერთი წუთით, გამოვემშვიდობები.

შვილს მიუახლოვდა, გადაეხვია. უნდოდა, დასამშვიდებლად, გასამხნევებლად, სანუგეშოდ რამე ეთქვა, თუმცა საჭირო სიტყვებს ვერ პოულობდა. სუნთქვა უჭირდა, თითქოს უჰაერო სივრცეში მოათავსესო, ამას კი მის სულში აბობოქრებული ქარიშხალი ერთვოდა, რომელიც ფეხებს უკვეთდა.

არჩილი გასასვლელად მოემზადა, როდესაც ანაზდეულად ელენიმ ჰკითხა:
– წერილი სახლიდან ვინ წაიღო?

თავადი თითქოს უჩინარმა კედელმა შეაჩერაო, დაიბნა – არ ელოდა. შემდეგ გაკვირვებული ხმით უპასუხა:
– ლეტას დისშვილმა, – არჩილს გაცბუნება სახეზეც აღებეჭდა – ვერ ხვდებოდა ამას რატომ ეკითხებოდა, – თვალს ვერ გვისწორებდა, ალბათ რცხვენოდა, როცა სახლის გადასატრიალებლად მოსულ მანდატურებთან ერთად მოვიდა, მაგრამ მაინც ვიცანი.
– ჰმ, გასაგებია, – მრავლისმეტყველად წარმოთქვა ელენიმ. შემდეგ, მსთუადად იცვალა გამომეტყველება, სცადა უშფოთველი ყოფილიყო, – კარგი, არ იღელვოთ, – ყველაფერი ისე შეასრულეთ, როგორც წესი მოითხოვს. ზედმეტი არაფერი მოიმოქმედოთ,  – მამას გამჭოლი მზერა ესროლა.

არჩილმა ელენის ხმაჟღერადობით იგრძნო, რომ იგი არ ხუმრობდა.

– და, გთხოვ, – ელენი მიმავალ მშობელს მოწყალების მზერითა და თხოვნის გამომეტყველებით მიაშტერდა, – ალექსანდრეს არ აწყენინო!
არჩილს ელენის ამდაგვარი გამოხედვა სულ რამდენჯერმე ენახა. ასეთი წყლიანი, თბილი და სათნო თვალები თავადისასულს მაშინ ჰქონდა, როდესაც ძმას ექომაგებოდა.

გამოსამშვიდობებლად მზმელი მამასთან მივიდა და ლოყაზე მაგრად აკოცა. გასვლისას ჯადოქარმა მამას თვალი გააყოლა, თუ საკნიდან როგორ გადიოდა, თუ როგორ წაიღო ციხისმცველმა ჩირაღდანი და სიბნელესთან და ცივ კედლებთან სამეგობროდ მარტო დატოვა. თავადისასული თითქოს შეეჩვია ნესტსა და სიცივეს, რომელიც ოთახში ქარბუქივით, მაგრამ უჩინრად დაჰქროდა და გოგონას ძვალსა და რბილში ატანდა. შეაჟრჟოლა – გააცნობიერა საკუთარი მდგომარეობის სიმძიმე; მამის ნახვამდე განსაცდელს მტკიცედ უმკლავდებოდა, მაგრამ თავადის სტუმრობამ ააღელვა, თუმცა ელენი სიკვდილს კი არ უშინდებოდა, არამედ ალექსანდრეზე უფრო ღელავდა; თავადისასულს ეშინოდა, რომ ეულად დარჩენილ ძმას დამხმარედ, მშველელად არავინ ეყოლებოდა და პატარა, უსუსური სანდრო მთელი ზენეათის პირისპირ მარტო აღმოჩნდებოდა. ელენიმ ხომ კარგად იცოდა, თავადიშვილი მეტად მგრძნობიარე ადამიანი იყო და მცირედიც კი საკმარისი იყო, რათა ყმაწვილს საკუთარი თავი უბედურებაში გაეხვია. 

                                                                                                          9
სასამართლო დარბაზი, რომელიც ქალაქის სამმართველო კოშკის მთავარ ოთახში მოეწყოთ, ხალხით იყო გადაჭედილი. ყველას ცნობისმოყვარეობის ჭია შესჩენოდა; უნდოდათ, ის მზმელი ენახათ, მყარმიწაზე ავსულების მოხმობასა და თარეჰის დაბრუნებას რომ ცდილობდა. ხალხისთვის ამ ამბის ეს ანდანერობა  იყო ცნობილი – ტრილონიას მცდელობა არ დაუკლია, რათა ელენი სასამართლოს დაწყებამდე მოეკლა; ლეტამ ელენი მოეკლა არა როგორც ისრით განგმირული შველი, არამედ სულიერად გაანადგურა: ზენეათელთა უმეტესობას ის დააჯერა რაც მას სურდა.

დარბაზი მაღალჭერიანი და სივრცითი იყო. ფანჯრები შემაღლებაზე გამოეჭრათ, რის გამოც შუქი ძუნწად ანათებდა, ამიტომ საკედლე სასანთლეები ყველა კუნჭულში გაწყობილიყო. ოთახის ჩრდილოეთის კედელი მსაჯულ-მოსამართლეთათვის მოეწყოთ. სხვა დროს აქ ქალაქის თავი, გამრიგე, ჯდება და მოქალაქეებთან ერთად ზენეათის საჭირბოროტო საკითხებს განიხილავს.

შემაღლებულ ალაგს ხუთი ადამიანი ისხდა – ხუთი მოსამართლე-მსაჯული. ტრილონიას შუაში, საკარცხლულზე  დაეკავებინა ადგილი. გვერდით, ხელმარცხნივ, შავ მაზარაში გახვეული ერთღმერთიანთა მთავარი ქურუმი და თეთრებით შემოსილი ქალაქისთავი ისხდნენ, ხელმარჯნივ – ჟანუნ-სოალეი და ჟანუბასსეთი.

სარაჰის კანონებისა და ჩვევა-ადათების მიხედვით, სასამართლო ორი სასულიერო პირისაგან, ორი კანონთმკითხველისა და გამრიგესგან შედგებოდა. ქალაქის თავი, როგორც ხელმწიფის სახე და წარმომადგენელი, ისე ესწრებოდა, რადგან კანონი მეფისა და სარაჰის სახელით სრულდებოდა.

გამრიგემ ხელი მაღლა აღმართა, რათა ბზიკების ბუდესავით მოზუზუნე მაყურებელი გაეჩუმებინა. ხმა თითქმის შეუმჩნევლად ჩაიწმინდა. მეტ-ნაკლებ სიჩუმეში კი ომახიანად გამოაცხადა:
– სარაჰის ხელმწიფის ალთიონ დარიელისა და სახელმწიფეოს სახელით, მე, რაჰნარ დრეპტატე, სასამართლო-სამეგობროს გახსნილად ვაცხადებ, – უხალისოდ გაიხედა ტრილონიასკენ და მედიდურად წარმოთქვა, – სასამართლოს გაუძღვება ზენეათის ზეჰის ტაძრის მთავარქურუმის ლეტა, ტრილონია! – გამრიგე დაჯდა და ბოქაულთ ხელით ანიშნა, რომ კარები გაეღოთ და ბრალდებული შემოეყვანათ.
მაღალი, უზარმაზარი შემოსასვლელი კარი ოდნავ შეაღეს და ხელბორკილდადებული, საგანგებოდ სასამართლოსთვის, ძაძებში ჩაცმული ელენი შემოიყვანეს. ბრალდებულს ქეშიკად ორი მანდატური წინ და ორიც უკან მოუძღოდა, რათა ტუსაღი ხალხისაგან დაეცვათ, ასევე მისი გაქცევა და, შესაბამისად, არასასურველი შედეგები თავიდან აერიდებინათ.

ელენის შემოსვლისთანავე ხალხი გაისუსა. მანამდე თუ ჩურჩულებდნენ მაინც, ახლა მტვრის დაცემასაც კი გაიგონებდა ადამიანი. დამსწრეთა თვალში შეუცნობელი შიში იკითხებოდა. მათ არ იცოდნენ, თუ რისი ეშინოდათ, მაგრამ დაზაფრულობა აშკარად ეტყობოდათ; ისეთი სახეები ჰქონდათ, თითქოს სასტიკად გაბრაზებულ, მშიერ ლომს გადაეყარნენო.

თავადისასული მისთვის განკუთვნილ ადგილას მშვიდი სვლით მივიდა და მოსამართლეების წინაშე წარსდგა.

ტრილონიამ წიკვინა ხმით დინჯად ჰკითხა:
– თქვენი სახელი და გვარი?
– ელენი მედროშე, არჩილისა და ნანას ქალიშვილი, – შეუდრეკლად უპასუხა ტუსაღმა.
– ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? – ჰკითხა ჟანუბასსეთმა, რომელსაც მკაცრი ხმაჟღერადობა ჰქონდა, თუმცა მის ხმაში მტრული განწყობა არ იგრძნობოდა.
– არ ვცნობ... დანაშაული არ ჩამიდენია! – ელენიმ ხმამაღლა განაცხადა.

თავადიშვილის განცხადებამ დამსწრეებში ჩოჩქოლი გამოიწვია; ყრუ ხმაურმა სასამართლო დარბაზი ტალღისებურად შემოირბინა, თითქოს რაღაც აშრიალდა, თითქოს ყველამ ერთად ათასი ფურცელი ჰაერში ერთდროულად ააფრიალაო. შეკრებილებმა ერთმანეთში ჩურჩული დაიწყეს, მათი შეშფოთებული ბგერები ოთახის ხან ერთი და ხან მეორე მხრიდან მოისმოდა.

ტრილონიამ მაგიდაზე რამდენჯერმე დააბრახუნა ბრტყელძირიანი, ნახევარსფეროსებრი მოსამართლის ჩაქუჩი, რომლის მომრგვალებულ ზედაპირს სახელური უერთდებოდა. ლეტას ქმედებამ საწადელს მიაღწია და ხალხიც დადუმდა.

სასამართლო-სამეგობროს ხელმძღვანელმა ელენის მიუთითა, დაეკავებინა ბრალდებულთათვის განკუთვნილი ადგილი. თავადისასულიც მსაჯულთა წინ, საგანგებოდ  შემოზღუდულ ხისგან ნაგებ პატიმრის უდეში  შევიდა და სკამზე მოკალათდა.

ელენი არ ღელავდა. დარბაზს, სადაც არა ერთხელ და ორჯერ ყოფილა, უშფოთველად ათვალიერებდა. მას არც ბრაზი ეტყობოდა და არც ჯავრობდა, მეტიც ის არ გრძნობდა სიძულვილს იმათ მიმართ, ვინც ჩურჩულით, ზოგი კი განგებ ხმამაღლა გასაგონად უკმეხი შეძახილებით ამკობდა − ავსულს, თარეჰის ხარჭას და უღირსს ეძახდა. თავადისასულს თითქოს გული ამოეკვეთა, თვითგანცდები  დაეხშო და ამაყი, საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებული, ლეო კალაისის შესავალს სიტყვას უსმენდა, რომელიც ზენეათელებს მთელი გზნებით უყვებოდა, თუ ელენი მედროშეს ბრალი რაში მიუძღოდა. 

– ...საშინელი რისხვა გვერგო მიტურსეთისგან, განსაცდელთა ღვთაებამ თვითნიშნებით მიგვითითა, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, რაღაც უბედურება გველის, – თავდაჯერებული ლეო ცდილობდა საკუთარ სიმართლეში სხვებიც დაერწმუნებინა, რაც კარგად გამოსდიოდა კიდეც – ხალხი თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა, – „შავი მზის“ დღესასწაულის დასასრულს მიტურსეთმა ზენეათს საშინელი მიწისძვრა მოუვლინა, – გადახედა ტრილონიას, – ლეტა დაგვეთანხმება, რომ ეს ზეჰის ნებითა და სურვილით აღსრულდა, – ტრილონია მდუმარედ დაეთანხმა და თავი ძლივსშესამჩნევად დააქნია, – განსასჯელმა... – ხმა აიმაღლა და საჩვენებელი თითი ელენისკენ გაიშვირა.

„ალბათ, მე ვარ დამნაშავე მიწისძვრაშიც“ – გაიფიქრა ელენიმ. საკუთარმა აზრმა ღიმილი მოჰგვარა, ამ ხნის მანძილზე გრძნობის გამომხატველი ნიშანი პირველად გამოესახა.

– თავადისასულმა, ელენი მედროშემ, – ჟანუნ-სოალეი მისთვის დამახასიათებელი ორატორული მიხვრა-მოხვრით განაგრძობდა, – საკუთარი ჯადოძალა გამოავლინა. ამით მთელ ქალაქს, დიდებულთ თუ მდაბიოთ, საკუთარი ჭეშმარიტი სახე აჩვენა, – პირჩოთნისეული დანანების გამოსახატად ქალაქბრალმდებელმა თავი ჩაქინდრა, – სამწუხაროა, რომ ზენეათის ახალგაზრდა ყვავილი ავსული, თარეჰის ქვეშევრდომი და მუბვირ-ფაქრავანის − არეულობის მოსურნეა, და შესაბამისად ჩვენი უმანკო და მშვიდობიანი ქალაქისთვის შეუფერებელი პიროვნებაა, – ლეომ ხალხს შიში შეატყო, ისინი მას დაზაფრული გამომეტყველებით უცქერდნენ. ჟანუნ-სოალეიმ ტუჩის კიდეებით ოდნავ გაიღიმა და თინჩი სახით, მტკიცე ხაფიხმით დაამატა:
– მე მას ადამიანსაც ვერ ვუწოდებ, ის ალქაჯია... 

ხალხი აყიჟინდა. თანხმობის ნიშნად, ისევ გაისმა საძაგელი შეძახილები: „თარეჰის ხარჭა, ავსული, უღირსი, სიკვდილის ღირსი“.

ელენიმ გაიფიქრა: „ალქაჯს მიწოდებენ, თუმცა ალქაჯები აქ ჩემსავით მშვიდად არ ისხდებოდნენ და ამ აბდაუბდას არ მოისმენდნენ“, – საკუთარი ქალაქის მიერ დატყვევებული ჯადოქარს ხალხის შეძახილებმა ლივზინეური ღიმილი მიჰგვარა.

ლეომ მედიდურად ჩაისუნთქა. მზაკვრული სახე იქედნურ ღიმში ეხლართებოდა. ისევ განაგრძო ჩვეული ხაფი ხმით:
– დიდება ზეჰს, დიდება მიტურსეთს, დიდება ღვთაებათა ლახვამს, – აღგზნებული ხმაჟღერადობითა და თინჯი სახით ხალხს შესცქეროდა.
ხალხიც იმეორებდა: „დიდება, დიდება, დიდება“,
– მათ ჩვენ განსაცდელი მოგვივლინეს, რათა ჩვენ შორის ბოროტება ამოგვეცნო, ამოგვეცნო სიბინძურე უბიწოების სახით. ვიცი, ზეციერნი თარეჰის დამქაშებისთვის საკადრისი პასუხის გაცემას ითხოვენ. ამიტომაც იძრა მიწა, ამიტომაც დაინგრა ტაძრები, – ლეომ ხმას დაუწია და მშვიდად განაგრძო, – ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა თავადისასულ ელენის ქმედება განვსაჯოთ. მან სარაჰის კანონი უტიფრად დაარღვია; სარაჰის სამეფოში ჯადოქრობა, გრძნება აკრძალულია და ისჯება სიკვდილით. ეს კანონი ურღვევია, აწ უკვე, სამასი წელიწადია და მუდამ ასე იქნება, – ჟანუნ-სოალეიმ თითი ელენისკენ ისევ გაიშვირა, რომელიც სიმშვიდეს ინარჩუნებდა და ცილისწამებას დაწყნარებული სახით უსმენდა, – განსასჯელს ბრალი ედება ჯადოქრობის გამოყენებაში. ამიტომაც სამეფოსა და მეფის სახელით, ვითხოვ დამნაშავის სიკვდილით დასჯას!
ლეო დაჯდა.

როგორც კი სიკვდილით დასჯის მოთხოვნა ქალაქბრალმდებელმა ხმაყიჟინით წარმოთქვა, არჩილს თითქოს გულმკერდში ცხელი, გავარვარებული ლითონი ჩაასხესო, თითქოს სახრჩობელაზე დაკიდეს, თითქოს მწველი მზისქვეშ გამოფიტული უდაბნოში  უწყლოდ დახეტიალებსო. ნანას თვალებში ცრემლი ჩაუდგა, თუმცა ამოუცნობი, შინაგანი რწმენის გავლენით იმედის ნაპერწკალი მასში მაინც ღვიოდა, ისეთი გრძნობა ჰქონდა, როგორც სიკვდილს გადარჩენილ ადამიანს. მხოლოდ კირკე და მატეა შეჰყურებდნენ ელენს აუღელვებლად.

თეთრებში გამოწყობილმა ქალაქმართველმა, რაჰნარმა განსასჯელს მიმართა:
– თავადისასულო, საკუთარი თავის გასამართლებლად სიტყვა გეძლევათ! ამ ბრალდების საწინააღმდეგოდ რას იტყვით?
– თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, სათქმელი ბოლომდე მათქმევინოთ და არ გამაწყვეტინოთ, – ელენი ტრილონიას უყურებდა.
– პირობას გაძლევთ, თქვენს სათქმელს ბოლომდე იტყვით. ვიდრე არ დაასრულებთ, ვერავინ შეგაწყვეტინებთ, ვერც სიტყვას წაგართმევენ, – დაუდასტურა გამრიგემ.
– კეთილი, – ელენიმ რაჰნარს თავი თავაზიანად დაუკრა, მადლობა გადაუხადა და ფეხზე წამოდგა, – მე ჯადოქარი ვარ და ჯადოქრობაში არ არის არც დანაშაული და არც ავსულთა ცოდვა...

ხალხი ისევ აჩოჩქოლდა; შემოდგომის ტყის ფოთლებივით აშრიალდნენ.

ელენის ხალხისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მხოლოდ მსაჯულებს უყურებდა.

– ყველა ადამიანი ზეჰის ნებითაა გაჩენილი. ყველა ადამიანს აქვს ზეჰის სულის მცირე ნაწილი – ადამიანთა სულები ხომ ქალღმერთმა მზისგან მოწყვეტილი სხივის ნაპერწკლისგან გამოძერწა, „მზე თვითონ ზეჰია და ზეჰი თვითონ მზეა“... – ელენიმ მაგალითი ზეჰთარეშიდან, ზეჰსეთების მთავარი წმინდა წიგნიდან მოიხმო.
– ნუ მკრეხელობ, – ხმამაღლა და უკმეხად მიმართა ლეომ, უნდოდა, ელენისთვის სიტყვა შეეწყვეტინებინა და გულის წადილის ბოლომდე წარმოთქმა არ დაენებებინა.
– გთხოვთ დააცადოთ სიტყვა, – რაჰნარმა ჟანუნ-სოალეი მკაცრად შეაჩერა, შემდეგ ელენის მიუბრუნდა და ლმობიერი ხმით მიმართა, – თქვენო ბრწყინვალებავ, გთხოვთ, განაგრძოთ!
– ...ადამიანი ღვთის ქმნილებაა როგორც ჩვენს რწმენაში, ასევე ერთღმერთიანთა მრწამსშიც, – ელენიმ შავმაზარიან ქურუმს გახედა, რომელმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა, – მაშინ, მე, როგორც ადამიანი, თუ ღვთის ქმნილება ვარ,  ზეჰიმ ავსული, ალჯანეულის ნაწილად რატომღა გამაჩინა, ქალღმერთს ხომ მისი ყველა ქმნილება უყვარს?..

ხალხი აჟრიალდა. ისინი სასულიერო საკითხებში ელენის ესეთ განსწავლულობას არ ელოდნენ.

– მაშ, ჩემი გამოაშკარავებისთვის ზეჰიმ მიტურსეთი ზენეათის ტაძრების გასაცამტვერებლად რატომ მოავლინა? – თავადისასული ხალხისკენ შეტრიალდა, – მე პატარა გოგო, ადამიანთათვის ასეთი საშიში ვარ? – ლივზინეური ხმა ჰქონდა, –  განა მე არ ვიყავი, რომელმაც ტაძრის ნგრევა შევაჩერე და სამწყსო გადავარჩინე? განა ამიტომ ვარ ავსული, სიბნელის მომხრე და თარეჰის მონა? – ელენიმ ჯერ ხალხს, შემდეგ მსაჯულებს თავი დაუკრა და დაჯდა.

ხალხი კვლავ აჩოჩქოლდა. ტრილონიამ, მათ დასამშვიდებლად მაგიდას ნახევარსფეროსებრი ჩაქუჩი ისევ დასცხო.

– შესანიშნავი სიტყვაა თავადისასულო, მაგრამ ეს მწვალებლობაა, – მოჩვენებითი აღელვებით მიმართა ტრილონიამ, – კი ზეჰთარეშში წერია „მზე თვითონ ზეჰია და ზეჰი თვითონ მზეა“, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზეჰი ადამიანებს თავისუფალ ნებას უთრგუნავს. ის მას თავისუფლებას ანიჭებს, როგორც მშობელი საკუთარ შვილს დაღვინების შემდეგ; არჩევანი კი ადამიანზეა, ქალღმერთისგან ნაბოძებ ძღვენს თუ როგორ გამოიყენებს. თქვენ კი, თავადისასულო, – ლეტამ ელენის გამჭოლი მზერა ესროლა, – ზეჰის მონიჭებული საჩუქარი, თავისუფალი ნება კანონის დარღვევისთვის გამოიყენეთ!

ელენიმ ტრილონიას მშვიდად გახედა. გრძნეულს ლეტას პირმოთნეობა ყელში ბურთივით ეჩხირებოდა, უნდოდა ჯადოძალა იქვე გამოეყენებინა და გაეჩუმებინა, მაგრამ თავს იკავებდა, სიბრაზეს იოკებდა.

– კანონი ამბობს, ჯადოძალის გამოყენება არის დანაშაული და არა თვითონ ჯადოქრად დაბადება. თქვენ კი მე ავსულად და თარეჰის მონად მრაცხავთ, – ელენიმ  ვერ მოითმინა და ტრილონიას უპასუხა, – ზეჰთარეშში არ წერია, ალჯანეული თარეჰის ქმნილებანი არიან. საერთოდ, იქ არსად წერია ჯადოქრებზე, გარდა ერთი მონაკვეთისა: „ზეჰიმ მოიხმო ყველა ქმნილება ადამიანნი, ალჯანეული, თვით ცხოველნიც კი და თარეჰის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა“, – სიტყვანაკვესი წმინდა წიგნიდან ზეპირად წარმოთქვა. – ზეჰთარეშში ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ალჯანეულია ნახსენები. მითხარით, – მიმართა ხალხს, – სად წერია, რომ ალჯანეული ავსულთა ერთობაა, ბოროტებაა, ცოდვაა?

დამსწრეებმა გაკვირვებული სახეები მიიღეს, რადგან უმრავლესობას მათი მრწამსის წმინდა წიგნები წაკითხული არც კი ჰქონდა.
ხალხის დაბნეულობას ლეტამ მოუღო ბოლო:
– წმინდა მამა კი ამბობს, – ტრილონიამ ელენის ნათქვამის გაბათილება სცადა, – „ალჯანეულის საძმომ, თარეჰის კარნახით, ბოროტება მოუვლინა ქვეყანას; იყო მუბვირ-ფაქრავანი და იყო სიბნელე, ვიდრე ზეჰიმ დედამიწა ავსულთაგან არ განკურნა“.
– მართალია, ესე ბრძანებს წმინდა მამა ილირიონი, რომელიც დარეთის მეფის, ფარტაძის მემატიანე იყო. ოღონდ თვით-ეს წმინდა მამა სამასი წლის წინ მეფის კარზე, დიდ განცხრომაში აღესრულა, – ელენის გაეღიმა.
– მკრეხელობთ! – გიჟივით დაიყვირა ლეომ, – დადუმდით, თორემ სასამართლოდან გაგაძევებთ!
– სასამართლოდან გაძევება თქვენი გადასაწყვეტი არ არის, თქვენი აღმატებულება, – მიმართა რაჰნარმა, – ეს თავმჯდომარის ხელისუფლებაა.
– დიახ, – გულგრილად წარმოთქვა და დაეთანხმა ლეტა, – ეს ჩემი შესაძლებლობაა და არ ვაპირებ, თვით-ამ უკიდურეს ხერხს მივმართო.

ტრილონიამ უხალისო სახით მაგიდიდან ის წერილი ააფრიალა, რომელიც მედროშეთა სახლიდან წამოიღეს. ბრალდებულისკენ იქედნურად გაიხედა და ჰკითხა:
– ამ წერილს ცნობთ, თავადისასულო?
– დიახ, – თავი დაუქნია ელენიმ, – ჩემი წერილია, რომელიც ვიდრე მსვლელობას შევუერთდებოდით „შავი მზის“ დღესასწაულზე მშობლებისთვის დავწერე.
– წერილში რა წერია? წაიკითხეთ! – ტრილონიამ  წერილი მდივანს მიაწოდა, რომელმაც თავადისასულს გადასცა.
ჯადოქარმა წერილი გაშალა. მისი მომრგვალო ნატიფი ხელწერა მარტივად იკითხებოდა. ელენიმ კითხვა საამო ხმით დაიწყო:

            „ძვირფასო დედა, ძვირფასო მამა, საყვარელო ალექსანდრე,

            მე ელენი მედროშე ვარ და ყოველთვის დავრჩები მედროშედ, თქვენი ოჯახის წევრად და გვარის ნაწილად. უსაზღვროდ მიყვარხართ,
            მაგრამ მსურს, ერთი საიდუმლო გაგიმხილოთ. იმედია, ამის შემდეგ ისევ გეყვარებით, როგორც ადრე. ჩემზე გულს არ აიცრუებთ,
            ტალახს არ მესვრით, ოჯახიდან არ გამკვეთ. არც თუ მარტივია ამის აღიარება – გამოუტყდე საკუთარ თავს იმაში, რაც სრულიად
            ყველასათვის მიუღებელია, დასაძრახი და სათაკილო. ამიტომაც გადავწყვიტე, თქვენთვის წერილით მეცნობებინა, მე ღვთისგან ნაბოძები
            ნიჭი, ჯადოძალა მაქვს. ეს კი მეტად უსიამო ვითარებას ქმნის და შავ ღრუბლებს კრებს მედროშეთა სახლზე.
            ამ საიდუმლოს ვერ დაგიმალავდით, რადგან ჩემი გული ასეთ ტვირთს ვერ იტევს. მინდა, იცოდეთ, მე ალჯანეულს ვეკუთვნი და ვამაყობ
            ამით.

            დღეს დღესასწაულია. ჩვიდმეტჯერ აღგვინიშნავს ერთად თვით-ეს ზადიკი. თქვენთან ერთად გატარებული ბევრი მხიარული და
            სიყვარულით აღსავსე დროება მახსოვს. თქვენი სიყვარულით ძგერს ჩემი გული და მხოლოდ ეს მასაზრდოებს, მმატებს ძალას.
          ძვირფასო მშობლებო და საყვარელო ალექსანდრე, მსურს, აგარიდოთ არასასიამოვნო კითხვებს, რომელზედაც პასუხები არ გექნებათ;
          აგარიდოთ ხალხის რისხვას, რომელსაც ჩემი ნიჭი პატრუქივით ააგიზგიზებს; აგარიდოთ სამართლებრივ დევნას, რომელსაც ჩვენი მეტად
          უმნიშვნელოდ მნიშვნელოვანი ლეო კალაისი დაიწყებს.
          ამიტომაც, ამ უდიდეს დღესასწაულის დასრულებისთანავე, ზენეათიდან წასვლა გადავწყვიტე.
          მივდივარ შორს, თუმცაღა იმედს ვიტოვებ, რომ ოდესმე ისევ გნახავთ.
          არ მეძებოთ!
          ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა თქვენთვის და ჩემთვისაც.

                                                                                                    გემშვიდობებით თქვენი,

                                                                                                                                    ელენი“.

წერილს ელენის გამორჩეული, განსხვავებული, იასამნისფერი მელნით შესრულებული ხელრთვა ამშვენებდა.

ელენიმ დაასრულა კითხვა, წერილი დაკეცა და ისევ მდივანს გადასცა. მდივანმა ჭილი ტრილონიას დაუბრუნა.

– თქვენ გინდათ თქვათ, რომ თქვენმა მშობლებმა თქვენი ნიჭის, ჯადოძალის შესახებ არაფერი იცოდნენ? – ჰკითხა შავმოსასხამიანმა ქურუმმა.
– არ იცოდნენ, – ელენიმ მსაჯულთა თავმჯდომარეს მრავლისმეტყველი მზერით გახედა, – ლეტა ტრილონიას შეუძლია ამის დადასტურება, წერილი მასთან უცილობლად გაუხსნელი ჩაბარდებოდა, რადგან ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, ჩემს მშობლებს დროც არ ექნებოდათ, ჩემს ოთახში შესულიყვნენ და წაეკითხათ.

ტრილონია უხერხულად შეიშმუშნა.

– მართალია, წერილი გაუხსნელი მივიღეთ, – ლეტამ ისე დაუდასტურა, რომ ელენისთვის არც კი  შეუხედავს. ტრილონიას მომრგვალო სახეზე სიწითლე შესამჩნევი გახდა. ბრაზობდა.
– კეთილი, – შავმაზარიანმა ქურუმმა კმაყოფილებით განაცხადა, – ადამიანის კეთილი სიტყვა ჩემი უფლისთვის საკმარისია.
– დიდი მადლობა, თომა, – ტრილონიამ თავაზიანად მიმართა ერთღმერთიანთა ქურუმს, შემდეგ ხელმარჯვნივ, ილიოსკენ შებრუნდა და უთხრა, – ჟანუბასსეთს ხომ არ აქვს სიტყვა სათქმელი?
– რა თქმა უნდა, – ამაყად წარმოთქვა ილიომ. – „ჟანუბასსეთის სახლს“ სურს, მსჯავრდებულის საქმეთა განსახილველად სასამართლოს წინაშე თვითმხილველები და მოწმეები მოიწვიოს, – ლეომ მსაჯულთა თავმჯდომარეს მცირე ქაღალდის ნაგლეჯი გადასცა.

ტრილონია ფეხზე წამოდგა და მჭექარე ხმით განაცხადა:
– სასამართლო, სარაჰისა და მეფის, ალთიონის სახელით, მოწმედ იწვევს ზეჰის ტაძრის ქვეიტაჰს.

სახელის გაგონებაზე ალექსანდრეს ჟრუანტელმა დაუარა; მიუხედავად იმისა, რომ არ ციოდა, პირიქით, ოთახში განსაკუთრებით ცხელოდა, შეაცივა. თავადიშვილი შიშმა აიტანა.

არჩილი უხერხულად შეიშმუშნა. მამა-შვილი შემოსასვლელი კარისკენ შებრუნდა, რომელიც ფართოდ გაიღო.

ეგეონი სასამართლო დარბაზის შუაწელისკენ ქურუმთა მოსასხამის შრიალით მოაბიჯებდა. დინჯი, თუმცა აღელვებული სახე ჰქონდა. თვალები ჩასწითლებოდა, ეტყობოდა, რომ მთელი ღამე თეთრად გაათენა.

ქვეიტაჰი ელენის პირდაპირ, ამაღლებულ ადგილას მოკალათდა, რომელიც წითელი ფერის ხისგან იყო ნაგები. ბიჯს  ბირკვილიანი ხარიხა ეკვროდა, ბოლომდე დაფარული არ იყო, შესაბამისად, ეგეონის ფელონის ბოლო კარგად მოსჩანდა.

– თქვენ ზეჰის ტაძრის ქვეიტაჰი, ეგეონ სატრაპოსი, ბრძანდებით? – მიმართა ლმობიერი ხმაჟღერადობით ჟანუბასსეთმა.
– დიახ, გახლავართ, – მოკლედ უპასუხა ეგეონმა.
– თქვენ იმყოფებოდით მიწისძვრისას ტაძარში და მთავარქურუმს ეხმარებოდით? – ჟანუბასსეთი მოვლენების თანმიმდევრობის აღდგენას ცდილობდა.
– დიახ, ჩემს მოვალეობას ვასრულებდი, – ეგეონმა ალექსანდრეს მორიდებით გახედა, მაგრამ მყისვე მიუბრუნდა მსაჯულებს.
– თუ შეგიძლიათ მოგვიყვეთ, თუ რა მოხდა? – ჟანუბასსეთმა ქაღალდებიდან თავი ამორგო და ეგეონს გაუღიმა.
– წესთაადათს  ვასრულებდით, როცა ყველაფერი დაიწყო. მთავარქურუმს, ატრეინის საკუთარი ქადაგება დასრულებული ჰქონდა, ზუსტად მაშინ მიტურსეთმა საკუთარი რისხვა გამოავლინა და მიწა იძრა, – ქვეიტაჰი მორიდებული ხმით ჰყვებოდა, – ტაძრის წინამძღოლი  და მე მუხლებზე დავემხეთ, რათა ზეჰისთვის შენდობა გვეთხოვა, მაგრამ ვითარება უარესდებოდა – მიწა, სულ უფრო და უფრო, ძლიერ იძვროდა, – ეგეონს ხმაში თრთოლვა შეეტყო, – ტაძარმა ნგრევა დაიწყო. ხალხი ერთმანეთში ჭიანჭველებივით, უწესრიგოდ აირია. ისეთი აურზაური იყო, ისეთი მუბვირ-ფაქრავანი დატრიალდა, რომ თარეჰს შეშურდებოდა, – ორივე ხელი ზეცას ააპყრო, თითქოს დედამიწა ხელით უჭირავსო, და ნახევრად ჩურჩულით წარმოთქვა, – დიდება ზეჰის!

ეგეონს ხალხიც აჰყვა, დარბაზს „დიდება ზეჰის“ და „დიდება სალვატირას“ ტალღისებურად მოეფინა.
ქვეიტაჰის ლოცვას მსაჯულებიც შეუერთდნენ. 

– განაგრძეთ, გთხოვთ! – ქვეიტაჰს რაჰნარმა მიმართა.
– დიახ, – ეგეონმა ხელები ჩამოსწია, მოაჯირს მიეყრდნო და განაგრძო, – მიწისძვრამ ტაძრის ჭერი დააზიანა და შემინული ჭერხო-გუმბათი დაიმსხვრა. ნამსხვრევები ტაძრის შუაწელისკენ გამოემართა. უეცრად გავიფიქრე, რომ ყველანი თარეჰის ლუკმა გავხდებოდით, მაგრამ თითქოს უკნიდან ვიღაცამ ხელი მკრა, შევწყვიტე ლოცვა, თვალები გავახილე და დავინახე, რომ სახურავის მოზრდილი ნატეხი ჰაერში ლივლივებდა. თავადისასული ელენი კი შუაგულ ტაძარში იდგა და ხელები მაღლა ჰქონდა აპყრობილი. შემდეგ ვიღაცას მიუბრუნდა და დაუყვირა ხალხი გაიყვანეო. გაოგნებული ხალხი, ჩემდა გასაკვირვად, გასასვლელისკენ დაიძრა...

ეგეონმა სიტყვა გაწყვიტა, რადგან განცვიფრებული თომა ჩაერთო:
– ცნობისაღმძვრელია, მეტად ცნობისაღმძვრელია, დიდება სალვატირას, – თავი მაღლა აღმართა, თუმცა მოწმეს მალევე მიუბრუნდა, – მაპატიეთ, მაგრამ, გთხოვთ, სასამართლოს მოახსენოთ, ჯადოძალა თავადისასულმა რა დროს, მიწისძვრამდე თუ მიწისძვრის შემდეგ გამოავლინა?
– ეჭვი არ არის, მიწისძვრის შემდეგ, – მტკიცედ განუცხადა ეგეონმა. – მიწისძვრა რომ არ ყოფილიყო, ვერც კი შევიტყობდით, რომ თავადისასული ალჯანეულის ნაწილია, – ქვეიტაჰმა თავი ჩაქინდრა.

მოწმის დაკითხვაში ამჯერად რაჰნარი ჩაერთო:
– ნგრევას თქვენ როგორ გადაურჩით? – გაკვირვებული ხმაჟღერადობით ჰკითხა.

ეგეონმა თითქმის ჩურჩულით უპასუხა:
– როდესაც ტაძრის ნგრევა შეწყდა და გონს მოვედი, მთავარქურუმი ატრეინი უკანა გასასვლელიდან გარეთ გავიყვანე და, – შეშფოთებით გახედა ტრილონიას, – შემდეგ უკან, ტაძარში მოვბრუნდი, რათა ლეტა გამეყვანა...

მოწმემ ღრმად ჩაისუნთქა, ისე როგორც ადამიანი ემზადება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად. რაჰნარსა და თომას გახედა და უნუგეშო ხმით, დინჯად წარმოთქვა:
–  ეს უცილობლად უნდა ითქვას, თორემ ზეჰი სამუდამო განსაცდელისთვის გამწირავს, – ცოტათი შეყოვნდა, თითქოს ფეხს ითრევსო, შემდეგ გამბედაობა მოიკრიბა და შემართებით განაგრძო, – როდესაც ლეტას დასახმარებლად უკან მოვბრუნდი, დავინახე, ტრილონია  ელენისთან მისულიყო. ეუბნებოდა, ავსული იყო და მისი საქმის განსასჯელად მსაჯულთა კრებას მოიწვევდა...
– გმადლობთ, საკმარისია თქვენი ჩვენება, – ტრილონიამ ეგეონს არ დააცალა სათქმელი ბოლომდე ეთქვა და მკაცრი და ჩვეული გამარჯვების  ხმაჟღერადობა შიშნარევი და გაბრაზებული ხმით შეეცვალა.
– უკაცრავად მთავარმსაჯულო, – მიმართა რაჰნარმა, – მაგრამ მოწმეს ჩემს კითხვაზე პასუხი ბოლომდე არ გაუცია. ამჯერად თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ ის დაითხოვოთ.
– მართალია, ბატონი რაჰნარ, – კვერი დაუკრა ჟანუბასსეთმა, – კანონი ითვალისწინებს, რომ მოწმემ მსაჯულთა ყველა კითხვას დაწვრილებით და სიმართლით ბოლომდე უნდა უპასუხოს.
– მეც მომხრე ვარ, რომ ქვეიტაჰს მოვუსმინოთ, – ჩაერთო სალვატირას ქურუმი, – ჩვენი უფალი ამბობს: „უნდა გვიყვარდეს დაცემულნი და მოვუსმინოთ სიტყვას; თუ შეგვიძლია ხსნა, უნდა ვიხსნათ“... ჩვენს უფალს ცოდვილნი ყველაზე მეტად ებრალება. ბოლომდე მოვუსმინოთ მოწმეს, ეგება ვიხსნათ თავადისასულის უკვდავი სული.

რაჰნარმა ეგეონს მიმართა და ხელით ანიშნა, რომ გაეგრძელებინა:
– გთხოვთ, დაასრულეთ!

ეგეონმა მსაჯულ-მოსამართლეებს  მადლობა თავაზიანად გადაუხადა და განაგრძო:
– თავადისასული ცდილობდა, ტაძრის ნგრევა შეეჩერებინა. რაღაცას ბუტბუტებდა. უეცრად ხელის მტევნები ღაჟღაჟა წითლად აუკიაფდა და შუქი მთელ შენობას მოედო, თითქოს წებოაო, წამით ნგრევა გააჩერა. ამ დროს ლეტამ ელენის ხელი სტაცა, ეუბნებოდა, ქალაქბრალმდებელთან გაჰყოლოდა, რადგან სასამართლოს მისი ავსულობა და ოჯახის ბრალეულობა განეხილა. ელენიმ ტრილონიას მშვიდი ხმით უთხრა, რომ შენობიდან გასულიყო, რადგან ჯადოძალა დიდხანს არ გასტანდა და თუ თვითონაც გავიდოდა, ტაძრის ნგრევას ვერავინ შეაჩერებდა. როგორც კი ტრილონია გარეთ გავიდა, ელენი მომიახლოვდა – არ ვიცი, როგორ შემნიშნა – თითქოს ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნაო და გონება დავკარგე. შემდეგი რაც მახსოვს, საკუთარი სახლის კედლებში გავახილე თვალი, – კვლავ გახედა ალექსანდრეს, – მსურს დავამატო, – თავადიშვილს თვალს არ აშორებდა, – ელენი მედროშის ჯადოძალა რომ არა, ზეჰის ტაძრის სამწყსო ზენეათს აღარ ეყოლებოდა.
ეგეონმა დაასრულა თხრობა. მსაჯულებს გახედა და მათგან პასუხს ელოდა.
– გმადლობთ, გულწრფელობისთვის, – მიმართა ჟანუბასსეთმა, – თავისუფალი ბრძანდებით!

ეგეონი გარეთ გავიდა. მთავარმსაჯულმა დანარჩენებს გადაუჩურჩულა. ყველამ თავი დაუქნია. ეტყობოდათ, რომ რაღაცაზე შეთანხმდნენ.
ტრილონია ფეხზე წამოდგა და დამსწრეთ მიმართა:
– სასამართლომ მოისმინა საქმის ვითარება და მზად არის საკუთარი განაჩენი თქვას. ყველა მსაჯული საკუთარ გადაწყვეტილებას თვითონ გამოაცხადებს. პირველი სიტყვა ეძლევა მის მნათობთმნათობს, სალვატირას ეკლესიის მთავარქურუმს, თომას, – ტრილონია დაჯდა.

თომა ფეხზე წამოდგა. მოხუცებული სახე ნაოჭებს დაეფარა. დახრილულ ღაწვებს გრძელი თეთრი წვერი  უფარავდა. უპეები ოდნავ შეშუპებული ჰქონდა.

– დიდება სალვატირას, დიდება მის მოვლინებას, დიდება მყარმიწაზე მნათობთმნათობის სასწაულებრივ გამოჩენას, – ხელები შეატყუპა და ლოცვა ჩუმად წაიბუტბუტა.

დარბაზიდან ისევ მოისმა დიდების შეძახილები.

– ჩვენი ღმერთი, სალვატირა, − განაგრძო თომამ, − მიტევებას ქადაგებს. ის ამბობს, რომ გიყვარდეთ სიცოცხლე და გიყვარდეთ ადამიანი. ის ამბობს, რომ ადამიანის სული შეიძლება განიწმინდოს და თავის გადარჩენის შესაძლებლობას გვაძლევს. მეორე მხრივ, ჩვენი უფლისთვის, ჯადოქრობა მომაკვდინებელი ცოდვაა და ამ ავთწყევლისაგან განწმენდა აუცილებელია. ჩვენი უფლის, სალვატირას სწავლების მიხედვით, ადამიანს უნდა მიეტევოს, თუ მისი სულის ხსნა შესაძლებელია. რადგანაც სასამართლომ გაარკვია, რომ თავადისასულმა საკუთარი ძალა ადამიანთა სიცოცხლის ხსნისთვის, არა ბოროტი განზრახვით გამოიყენა, ვფიქრობ, რომ თავადისასულის სულის ხსნა შესაძლებელია. ამიტომაც მე, მთავარქურუმი სალვატირას ეკლესიისა, უფლის, სარაჰისა და მეფის სახელით ვაცხადებ, რომ თავადისასულ ელენი მედროშეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩაიდინა დანაშაული და ცოდვა, მიეტევოს ჯადოძალის გამოყენება, განიწმინდოს საკუთარი რწმენის წესთაადათების მიხედვით და დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს იმ პირობით, რომ არ გამოიყენებს და განავრცობს ალჯანეულის ბოროტ ხელსაქმარს, – თომამ მოსამართლის ჩაქუჩი მაგიდას დაარტყა, რითაც დანარჩენებს ანიშნა, რომ განაჩენი გამოიტანა და დაასრულა.

სასამართლო-მდივანმა თომას ჭილის დაგრაგნილი ფურცელი მიუტანა. ქურუმმა ხმამაღლა განაცხადა – „ხელს ვაწერ საკუთარ განაჩენს“ – და როგორც კი ფურცელს საკუთარი ხელრთვა დაურთო, გრაგნილი მდივანს დაუბრუნა.

– შემდეგი, წესისამებრ ჟანუნ-სოალეი იქნება, მისი აღმატებულება ლეო კალაისი, – განაცხადა ტრილონიამ უკმაყოფილოდ.
ლეო წამოიმართა. ლეოს აღნაგობისთვის მსაჯულ-მოსამართლეთა უდე ვიწრო იყო; უჭირდა დგომა, მაგრამ შეეცადა, სასამართლოს წესი და რიგი დაეცვა.
– მე, – დაიწყო მტკიცე და მჭერვმეტყველური ხმით, – ლეო კალაისი, ზენეათის ჟანუნ-სოალეი და ქალაქის ბრალმდებელი, ვთვლი, რომ დაირღვა უწმინდესი კანონი, რომელიც ცხადად ამბობს, ჯადოძალის გამოყენება ისჯება სიკვდილით. სასამართლომ მოისმინა განსასჯელის აღიარება, რომელმაც თქვა, რომ ალჯანეულის ნაწილია; სასამართლომ მოისმინა ქვეიტაჰის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა თავადისასულის მიერ ჯადოძალის გამოყენება. ამიტომ მისი ბრწყინვალება ელენი მედროშეს,  ქვეყნის, მეფისა და კანონის წინაშე დამნაშავედ ვაცხადებ და აქვე ვითხოვ, სიკვდილით დასჯას.

ლეომაც მდივნის მიერ მიწოდებულ ჭილის ფურცელს ხელი ისე მოაწერა, როგორც ამას წესი ითხოვდა.

ტრილონია მიუბრუნდა რაჰნარს და მქისედ მიმართა:
– ქალაქისთავო,  თქვენი რიგია!

რაჰნარი წამოიმართა და, ისე რომ ტრილონიას გაბრაზებული სახისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ხმამაღლა დაიწყო:
– მე, რაჰნარ დრეპტატემ,  მოვისმინე მოწმის ჩვენება, სარაჰის, მეფის, ზენეათისა და კანონის სახელით ვაცხადებ, რომ თავადისასულის განზრახვა არის სუფთა, რამეთუ ელენი ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდა, ჯადოძალა კი აღმოჩნდა ერთადერთი საშუალება, რათა სამწყსო უბედურებისაგან დაეცვა, მათ შორის ლეტა ტრილონიასა და ეგეონ სატრაპოსის სიცოცხლე ეხსნა, რომლებიც იმ ტაძრის ქურუმები არიან, მიწისძვრამ რომ შთანთქა. მე ვერ ვხედავ, თავადისასულის ჯადოძალაში ბოროტ ზრახვებს, ანდა ავსულობას, რადგან, ეს რომ ასე ყოფილიყო, ის ზეჰის ქურუმებს არ გადაარჩენდა. ამიტომ ვადგენ, რომ ელენი ჯადოძალის გამოყენებაში დამნაშავედ გამოცხადდეს, თუმცა მიესაჯოს რაჰის ზეჰის მთავარ ტაძარში სულის განსაწმენდად ერთი წლის გატარება.

რაჰნარმა დაარტყა ჩაქუჩი, მდივნის მიწოდებულ ფურცელს ხელი მოაწერა და ტრილონიას ღვარძლიან სახეს გახედა.
ტრილონიამ ჟანუბასსეთი გამოიძახა.

ილიო ჩვეულებისამებრ წარსდგა და საკუთარი გადაწყვეტილების გამოცხადებას შეუდგა:
– მე, ქალაქის ჟანუბასსეთი, ილიო ნომოსლეი, სარაჰის, მეფისა და კანონის სახელით ვაცხადებ, სასამართლომ დაადგინა კანონის დარღვევა. თავადისასულმა ელენი მედროშემ, დაარღვია წერილობით დადგენილი წესი, როდესაც ჯადოძალა არა ერთგზის გამოიყენა. პირველად ეს ჰქნა, როდესაც ტაძრის ნგრევა შეაჩერა, ხოლო შემდგომ, როცა ქვეიტაჰი გადაარჩინა. შესაბამისად, ვადგენ, რომ თავადისასული ელენი მედროშე დამნაშავეა კანონის წინაშე, – დაარტყა ჩაქუჩი, დაჯდა და მდივნის მიერ მიწოდებულ ჭილის ფურცელს ხელი მოაწერა. 

ტრილონიას, როგორც სასამართლოს თავმჯომარეს, განაჩენის გამოცხადება ბოლოს უწევდა. საკუთარი სიტყვის სათქმელად  წამოიმართა, წელში გაიმართა, ხელები მუცელზე დაიწყო და სახეზე იქედნური ღიმილი გამოესახა, რადგან ხვდებოდა, ყველაფერი მის ხელში იყო.

– მე, ზეჰის ტაძრის ლეტა, ზეჰის, სარაჰისა და მეფის წინაშე ვაცხადებ სასამართლოს განაჩენს: რადგანაც ზეჰთარეშში ნათქვამია, რომ ავსულები მყარმიწაზე მოვლენილნი არიან მუბვირ-ფაქრავანის დასაბრუნებლად, ხოლო თარეჰი ცდილობს, თუალეჰს, საკუთარ სატუსაღოს, თავი დააღწიოს, რითაც ზესკნელზე სიბნელისა და განუკითხაობის შავი ღრუბელი დაისადგურებს, ბოროტღვთაება კი საკუთარ მიზნებს ავსულების მეშვეობით აღასრულებს, – ლეტამ თავადისასულ კმაყოფილებით გახედა, – ვთვლი, რომ ელენი მედროშე არის ავსული, ბოროტი ძალის დამქაში. მან გამოიყენა აკრძალული ძალა, ძალა ღვთაებისგან მოპარული. ამიტომ ვადგენ, თავადისასული ელენი მედროშე არის ცოდვადქმნილი არსება და მისი სული უნდა განიწმინდოს. ის ალჯანეულია, შესაბამისად, დამნაშავედ ვაცხადებ, – დაასრულა გამარჯვების გამომეტყველებით, საკარცხლულში ჩაესვენა, ჩაქუჩი დაარტყა და სასამართლო-მდივნის  მიერ რამდენიმე წუთში მიწოდებულ განაჩენის ჩანაწერს ხელრთვა დაურთო. 

სასამართლო-მდივანმა განაჩენის ხელმოწერილი ფურცლები შეაგროვა და მთავარმსაჯულს მიაწოდა. ტრილონიამ ჭილის ქაღალდები კოხტად დაალაგა, გადაათვალიერა და წამოდგა.

ერთ-ერთმა მანდატურმა დაიყვირა:
– სასამართლო საბოლოო განაჩენს აცხადებს, გთხოვთ ფეხზე წამოდგეთ!
ხალხი ხმაურით წამოიმართა.
– სასამართლოს დადგენილებით თავადისასული ელენი მედროშე ჯადოძალის გამოყენებაში დამნაშავეა. სასამართლო ადგენს, – ტრილონია საკუთარი წრიპინა ხმით განაგრძობს, – დამნაშავე დაისაჯოს სიკვდილით, წყალში დანთქმის გზით, როგორც ამას კანონი მოითხოვს. განაჩენი აღსრულდეს ზეგ, გამთენიისას, მზის პირველი სხივების ამოსვლისთანავე.

ლეტამ დაასრულა თუ არა, განაჩენის გამოტანის ნიშნად ჩაქუჩი ბოლოჯერ დაარტყა და კმაყოფილი სახით დაჯდა.
განაჩენის გაგონებისთანავე ნანას ცრემლები წასკდა. არჩილი ძლივს იკავებდა თავს, რათა არ ეტირა, არ უნდოდა სუსტად წარმოჩენილიყო. ალექსანდრე მტკიცედ იდგა, თუმცა ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს კოცონზე იწვისო.

ხალხი აშრიალდა. მანდატურებმა ელენი გაიყვანეს. ტრილონიამ საბოლოო განაჩენს ხელი მოაწერა და აღსრულებისთვის რაჰნარს გადასცა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები