ნაწარმოებები



ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2019


მარტოობის ელეგია

აი, ეს დღეც დადგა:
ყველა გავუშვი,
ვინც ჩემს დიდებულ მარტოობას ემუქრებოდა -
ნახევარ-სიხარულები,
ნახევარ-ადამიანები...
მთლიანი, საკუთარი ტკივილი სჯობს
სხვის მიერ ნაწილ-ნაწილ გამოზოგილ სიხარულს.

მოდით, მოფრინდით, სინანულებო,
ახლა მარტო ვარ, შეგიძლიათ დამინაწილოთ,
უფრო სწორად - დამანაწილოთ,
ფრაზებად, სიტყვებად, ამოოხვრებად:
“რატომ მოვუშვი…
რატომ გავუშვი…
რაში გავფლანგე ამდენი დრო...
ცოცხალს რატომ ვერ მივუსწარი...“

რამდენი ფრაზაა ასეთი,
თითოეულს სჭირდება თავისი წილი ყურადღება,
დროდადრო გამომზეურება,
რომ სადღაც, ჩუმად, გულის ძირში
არ მოგროვდნენ,
არ იკვებონ გაუმხელელი ტკივილებით,
არ გაიზარდონ
და ერთხელაც, ყველაზე შეუფერებელ დროს
აჩხავლებულ ყვავებად არ ამოფრინდნენ...

ჰოდა, გავუშვი ადამიანები,
ისინი, ვინც "მუდამ მზად არიან, მოგისმინონ“,
მაგრამ ვისი აზრითაც,
მაინც სჯობს ნაკლები ილაპარაკო,
მაინც სჯობს „ენას კბილი დააჭირო ხოლმე“,
შენთვისვე სჯობს, მათი აზრით,
ვინც არ იციან,
რამდენ რამეზე სდუმხარ.

ახლა კი ისე ვარ,
როგორც ნაგვის ურნაში გადაგდებული
ყოჩივარდების კონა,
ადამიანებსა და მარტოობას,
სიცოცხლესა და სიკვდილს შორის
გამოკერებული.

დიდი არაფერი,
კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ამაოებას,
კიდევ ერთხელ დაეკიდა ბეწვზე ცხოვრება,
ბეწვზე გადავრჩი...

მოდით, მოფრინდით, სინანულებო,
ახლა მარტო ვარ, შეგიძლიათ დამანაწილოთ
ფრაზებად, სიტყვებად, ამოოხვრებად…
და განაჩენიც გამომიტანოთ:
„ყველა შენი ტკივილი შენვე დაგბრალდება,
ყველა სიტყვა, ყველა გრძნობა და ემოცია,
გამოყენებული იქნება შენსავე წინააღმდეგ;
ამიტომ დუმილით, მხოლოდ დუმილით
შეგიძლია თავი დაიცვა.“

არა, ფეხზე ნუ წამოდგებით,
სასამართლო არსად არ გადის,
რადგან ისედაც ყველასთვის ნათელია,
დასაბამიდან გამოტანილი განაჩენი,
რომელიც საბოლოოა და
ცრემლებს არ ექვემდებარება.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები