ნაწარმოებები



ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პროზა
1 მაისი, 2019


ქარში ბაბუაწვერა დაიფანტა

ბიძია ალფრედი მხატვარი იყო. მხოლოდ მის მარინისტულ ტილოებზე მენახა ზღვა. უყვარდა გოლფის ბურთივით შეფუებული მთვარის დახატვა მარად სილურჯით შემოსილი და თავთუხივით აქოჩრილი ფუნჯის ბალნითა და ნიადაგ ალკოჰოლში მოტივტივე გონებით, რომელიც ვერცხლის მონეტასავით ბზინვარე მნათობის იგავმიუწვდენ იდუმალებაზე რომანტიკოსივით ასაუბრებდა ხელოვანს (ალბათ მაინც იყო გულჩათხრობილი რომანტიკოსი). უცნაურია, არც ბიძია ალფრედს ეხილა ოდესმე სიმინდისფერ სანაპიროსთან მოამბორე, ნახევარმთვარესავით მხრებმოხრილ ზვირთებში აბობოქრებული სილურჯე, რომელში გახეთქილი ჩოგბურთის ბურთივით ჩაძირული მზე ჰელიუმის ბუშტივით ამოფარფატებულ მთვარეს უნათებდა ბილიკს.
გავიდა ხანი, ბიძიას ზღვისფერი თვალები ლიბრით შეინისლა, გონება ფანტაზიადაოკებული ფიქრებით. ჩინდაკარგულ მხატვარს უდროოდ აუსრულდა ნატვრა, ის სანაპიროს ქვიშას დედას მონატრებული შვილივით ჩაეკონა. გამოძახილად ჩაესმა მხატვარს მირიადი თოლიას ყივილი, თვალმიმქრალი სულივით მოხეტიალე ქარისა და შფოთიერი ტალღების მდარე ჟღერადობა, წყალმცენარეებისა და პეტრიქორის ნელსურნელება მოაკმია ქვიშით შემოსილმა ჰაერმა. ვიცი, შემოდგომის ფოთოლივით მოცახცახე მოხუცს ელამუნებოდა ონავარი ზვირთების ნაზი თამაში, თითქოს ჭაობისფერი ლამინარიები ეხვეოდნენ ძალამილულულ ხელ-ფეხზე და იგავმიუწვდენი სიღრმისკენ ეძალებოდნენ, მაგრამ სახეზე ნეტარებაშეყინული ფერმწერის თვალები უკუნდაღვრილ სივრცეში ტივტივებდნენ, როგორც ბიძია ალფრედის უსულო სხეული, მისთვის უძვირფასესი ფერის უკიდეგანობაში.
მეორე წელი მიილია. ისევ არ ვიცი როგორია ზღვა. ჩემს საწოლთან გოფრებიანი და თვალამოვარდნილი უპესავით ამოცარიელებული ნიჟარა დევს, რომლიდანაც მუდამ აღმოითქმის ბობოქარი ზღვის შორეული გამოძახილი. ვხვდები, რომ ზღვა არ არის ისეთი ზღაპრული, როგორსაც ბიძია ხატავდა ელეგიურ ლექსებსა და სანდალოზის ლაქით შემოსილ ტილოებზე. ხანდახან ავიღებ ნიჟარას, მივუგდებ ყურს ზღვის მონოტონურ გულის ცემას, რომლიდანაც ბიძიას ხავერდოვანი, მაგრამ ხრინწშეპარული ხმა მესაუბრება, როგორც პირველ სტადიაზე მყოფ შიზოფრენიკს.
თითქოს ნიჟარის სიღრმიდან ვერმუტი მოწვეთავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს