 | ავტორი: ნია-კო ჟანრი: პოეზია 30 აპრილი, 2019 |
გველოდებიან ჩვენ-ჩვენი მკვდრები... ერთ წერტილს მიშტერებული მზერით გველოდებიან... უხმოდ, მოსალოდნელი სიხარულის გამო მიწას ღიმილად დააჩნდებიან მინდვრის ყვავილები... გველოდებიან... უტკივილოდ - ვერ: სევდისფერია მათი ტკივილი: უაქეთობის გამო სევდისფერი... მათ საფლავებზე პაწაწინა ნაფეხურებს დატოვებენ შვილიშვილები, გულზე წითელ კვერცხებს გადაუგორებენ და დასატოვებლად ვერ გაიმეტებენ: განსაკუთრებულად გემრიელია აღდგომის კვერცხი... კაცები ჯერ საფლავებზე დაასხამენ ღვინოს, მერე - დალევენ. დაილოცებიან... სასაფლაოც ეკლესიასავითაა აქ: სულ ლოცვა ისმის... იციან მკვდრები... მათაც უნდა გავუზიაროთ საყოველთაო სიხარული ქრისტეს აღდგომის... და აღარ არიან მკვდრები... ვგრძნობთ, გვგრძნობენ... და აღარაა მათი მზერა უტყვი და მშრალი: გვეფერებიან... და ჩვენ, აქაურებს, გვჯერა, რომ ქრისტე იქაურებისთვის უფრო აღდგა... და ვბრუნდებით შინ: სიმთვრალისგან ფეხარეულები, დაქანცულები, დასიცხულები და მაინც კმაყოფილნი: არ გავუმტყუნეთ მოლოდინი იმათ, იქითურებს... და როცა ჩვენი მზერაც გაშრება, ამ ერთ დღეს იქ ჩვენც მოლოდინად ვიქცევით... მომსვლელი, საფლავზე კვალის დამტოვებელი არ გამოგვილიო, უფალო!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|